როგორ ვებრძოლოთ ბოროტ გულისთქმებს
როგორ ვებრძოლოთ ბოროტ გულისთქმებს
მაკარი დიდი ამბობს: "სული და გონება ისევე უნდა დავიცვათ უწმინდური, გარყვნილი ზრახვებისაგან, როგორც სხეული - ხილული ცოდვებისაგან, რადგან სული ქრისტეს სასძლოა".

ცოდვის სათავე გულისთქმაა, რითაც იღუპება მოაზროვნე სული, ხოლო ცხონებისა და ცათა სასუფევლის სათავე სულისთვის სიყვარულია (წმინდა ანტონი დიდი).

ადამიანში გულისთქმების შემოტევას ბოროტი აღძრავს. მას შეუძლია, მკრეხელური აზრებით, ბილწი გულისთქმებით შეგვაძრწუნოს. ასე მოსდის ერისკაცსაც და მონაზონსაც. ბოროტი ცდილობს, შეგვაძრწუნოს იმის წარმოსახვით და აკვიატებით, რაც არ მოგვწონს, არ გვსიამოვნებს, რასაც ორგანულად ვერ ვიტანთ, არ შეესაბამება ჩვენს ზნეობრივ საზომებს და გულისთვისაც უცხოა. ასეთი გზით უკეთური ცდილობს, გააბას საუბარი ადამიანის სულთან და გახადოს მართვადი. ამის საშუალებას მას ხშირად ჩვენ თვითონ ვაძლევთ შეუნანებელი ცოდვებით, დაუდევარი დამოკიდებულებით საკუთარი სულის მიმართ, ვნებებისადმი მორჩილებით...

ქრისტიანს, არცთუ იშვიათად, ღვთის მგმობი აზრებიც ეწვევა ხოლმე. ბევრ ქრისტიანს გამოუცდია მათი შემოტევა. წმინდა მამათა თხზულებებშიც ხშირად არის ამაზე საუბარი. მათ მკრეხელური (ანუ ღვთისმგმობი) აზრები ეწოდება.

ადამიანი ლოცულობს, მის სულში სიმშვიდეა, ამ დროს, მოულოდნელად, ცნობიერებაში ისარივით ეჭრება ღვთის შეურაცხმყოფელი რომელიმე აზრი, ან ეჭვი ჭეშმარიტებისადმი, რომელიც ადამიანს იმდენად აცდუნებს, რომ უჩნდება უნდობლობა ღვთის არსებობისადმი, უჩნდება ეჭვი უფალი იესო ქრისტესადმი, როგორც კაცობრიობის მხსნელისადმი.

წმინდა მამები ასეთ ზრახვებზე ამბობენ, რომ ისინი ეშმაკისაგან მოვლენილი საცდურებია. ზოგიერთ ადამიანს ეს უნებლიე აზრები სასოწარკვეთილებაში აგდებენ, ისინი დამნაშავედ თვლიან თავს. წმინდა მამები ამბობენ, რომ ასეთ დროს ადამიანს ბრალი არ მიუძღვის. ღვთისმგმობ აზრებს ადამიანს ეშმაკი ახვევს თავს, პასუხსაც ის აგებს მათზე.

მამათა ცხოვრებაში ერთი ასეთი ამბავია მოთხრობილი: რომელიღაც ღვთისმოშიში ბერი საშინელი ღვთისმგმობი აზრებისგან იტანჯებოდა. ეშმაკმა იგი სასოწარკვეთილებაში ჩააგდო. ბერმა იფიქრა, რომ წარწყმდა. სხვა მოსაგრეებსაც მიმართავდა რჩევისათვის, მაგრამ ისინი ვერაფრით ეხმარებოდნენ.

ერთხელაც დიდი სულიერი გამოცდილების მქონე ბერთან მივიდა, მაგრამ შერცხვა, მოეთხრო მისთვის იმ მკრეხელურ აზრებზე, რომლებიც ეხებოდა ღმერთს, მარიამ ღვთისმშობელსა და ღვთის წმინდა საიდუმლოს. ამიტომ ეს აზრები წერილობით გადასცა ხუცესს.

ხუცესმა ისინი წაიკითხა, ბერს მხარზე დაადო ხელი და უთხრა: "ნუ გეშინია, შვილო, ეს შენი ბრალი არაა, დამნაშავეა ეშმაკი. ამ აზრებზე პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ".

ბერმა შვებით ამოისუნთქა.

ადამიანი დამნაშავეა იმ შემთხვევაში, როცა ამ გულისთქმების მიმართ გულგრილობას ავლენს, არ ებრძვის, ან უარეს შემთხვევაში იწყნარებს მათ.

მართალია, ჩვენში აღმოცენებული უნებლიე აზრების გამო პასუხს არ ვაგებთ, მაგრამ თუ ამ აზრებმა კვალი დატოვა ჩვენს სულიერ სამყაროზე, რაღაც დოზით შედეგიც გამოიღო, შესაძლოა, ძალზე საშიშნი აღმოჩნდნენ ჩვენთვის. ადამიანს ცოდვაში ვერ ჩაითრევს ვერცერთი გარედან შემოჭრილი უკეთური აზრი, თუ მის გულში ამ აზრისადმი თანაგრძნობა არ წარმოიშვა.

ერთ-ერთ მონასტერში ცხოვრობდა ბერი, რომელსაც ასეთი უცნაურობა შეატყვეს: როცა ის მარტო მიდიოდა, დროდადრო მოტრიალდებოდა მარცხნივ და ამბობდა; "უარვყოფ".

ბერს ჰკითხეს, რას ნიშნავდა მისი საქციელი. მან უპასუხა: "თავში ცუდი აზრები ხშირად მომდის, რომლებსაც ჩემი გული უარყოფს. არ მინდა, მაცდურისაგან დათესილი ამ აზრების გამო ვზღო და ამიტომ ღვთის წინაშე უარვყოფ მათ".

ბოროტი გულისთქმებთან საბრძოლველად ღმერთის გამუდმებული ხსოვნაა საჭირო. ღირსი ისააკ ასური სწორედ ამაზე ამბობს: "გონება, რომელსაც ღმერთი არ ეხსომება და ამქვეყნიურ მოგონებებში იხეტიალებს, უწყლოდ დარჩენილი თევზის მდგომარეობაში აღმოჩნდება".

ერთ-ერთ ბერს, რომელიც გამუდმებით იესოს ლოცვას წარმოთქვამდა, ჰკითხეს, თუ ვინ ასწავლა მას ასეთი ლოცვა. ბერმა უპასუხა - ავსულებმა, და განმარტა: "უკეთური აზრები ხშირად მაწუხებდნენ. როგორც კი ისინი მეწვეოდნენ, უმალვე იესოს ლოცვას ვიწყებდი. ასე მექცა იგი ჩვევად".

გულისთქმების შემოტევის არ უნდა შეგვეშინდეს. მოთმინება და სულგრძელობა გვმართებს. არ უნდა ველოდოთ, რომ უცებ, ლოცვის პირველი დღეებიდანვე გავთავისუფლდებით. ღვთის ნებაა, როდის გვიშველოს, ჩვენი საქმე კი მის მიმართ ვედრებაა და მზადებაა იმისთვის, რომ გული უფლის ტახტად ვაქციოთ. წმინდა პიმენი წერს: "ბოროტი გულისთქმები, რომელთაც ეშმაკი აღმოაცენებს, მოთმინებით განგვეშორება".

წმინდა მამები მკრეხელური აზრებისაგან თავდაცვის უებარ საშუალებად თვლიდნენ ქრისტეს წმინდა საიდუმლოებებთან ხშირ ზიარებას. განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევებში ყოველდღიურად ზიარებას ურჩევდნენ.

უფალს უნდა შევთხოვოთ დაემკვიდროს ჩვენში და განაგოს ჩვენი აზრი, გონება, გული, ბაგე და ყოველი მოქმედება.

ბეჭდვა
1კ1