უცნობი ბერის წერილი
უცნობი ბერის წერილი
თუ რაიმეს შენს საწინააღმდეგოდ ვიტყვი, ძალიან გთხოვ, მტრად ნუ მიმიჩნევ
"წერილი შეცთომილ ძმას", - ასე დაასათაურა კალამონის სავანის უცნობმა ბერმა ერში მცხოვრები ქრისტიანებისთვის გამოგზავნილი წერილი , რომელიც ბევრი ფიქრითა და ადამიანებზე უდიდესი სიყვარულითა და მზრუნველობითაა დაწერილი.

"შევეცდები, პირდაპირ გითხრა სათქმელი. თუ რაიმეს შენს საწინააღმდეგოდ ვიტყვი, ძალიან გთხოვ, მტრად ნუ მიმიჩნევ", - ასე იწყება წერილი, რომლის ადრესატიც, შესაძლოა, ყოველი ჩვენგანი იყოს, ის, ვინც დაინტერესდება უცნობი ბერის გულისტკივილითა და სიყვარულით გამთბარი რჩევებით, შეეცდება, ღრმად ჩასწვდეს და გულისხმიერებით მოეკიდოს მის ყოველ სიტყვას.

მონასტრულ მყუდროებაში განმარტოებული ბერი თავისი სულიერი გამოცდილებით განმარტავს, რომ ყოველი ადამიანის მტერი მისივე "მე" არის და ჩვენთვის მთავარი მტერიც და მოკეთეც საკუთარი თავია: "დამიჯერე, შენს "მე"-ზე მეტად მე მინდა შენი სიკეთე. თავად გამომიცდია, როცა ჩემი სული რაიმე ცოდვით არის დაბნელებული, მაგალითად, თავის სიბრალულით, განაწყენებით, სიძულვილით, მაშინ ჩემი თავი, იგივე ჩემი "მე", ჩემთან საეშმაკო ერთობით შეკრული, მზაკვრობას რომ არ მივუხვდე, ვითომ ღმერთთან მეპატიჟება. სინამდვილეში კი ეშმაკთან ჩასახუტებლად ნაბიჯ-ნაბიჯ მივყავარ, ამ დროს ჩემთვის შავი ღრუბლის მიღმა დაფარული მწარე სიმართლე ვინმემ რომ განმიმარტოს და ამიხსნას, არ მოვუსმენ, თუმცა მშვიდი ბუნებით განსჯისას ამაზე კარგი რა უნდა იყოს, მაგრამ შფოთით მოცულს გული გეტყვის, არ დაუჯერო, შენს საწინააღმდეგოს გელაპარაკებაო".

უცნობი ბერის განმარტებით, ღმერთმა გულზე მაღლა გონება დააყენა, ამიტომ მოგვიწოდებს, ყოველივე გონებით განვიხილოთ და არ მივენდოთ გულის კარნახს. "ჩვენს სინდისს მოვუხმოთ, რომელსაც ღვთის ხმა ეწოდება. ასე თუ მოვიქცევით, ჩვენს კეთილისმყოფელსა და მამხილებელს კი არ გავუნაწყენდებით, არამედ ნამდვილ მტერს ეშმაკს და მასთან შეთანხმებულ ჩვენს "მე"-ს მოვიძულებთ", - გვწერს უცნობი ბერი და გვირჩევს, ღვთის გულისათვის ვაიძულოთ საკუთარი თავი, დაიჯეროს ეს მწარე სიმართლე, მოვიძიოთ ჩვენი მძიმე სულიერი მდგომარეობის მიზეზი, გავიგოთ, რა ტანჯავს მას, რომ ამ ტანჯვისაგან გათავისუფლების წამალი მოვძებნოთ. "წმინდა იოანე კიბისაღმწერელი ხომ ამასვე გვასწავლის: "მსწრაფლ მოიძიე, თუ რომელი მიზეზით დაკარგა სულმა მხურვალება, რადგან მხოლოდ იმ კარით შევიტანთ მას უკან, რომელი კარიდანაც გამოვიდაო".

"თავს უფლებას ვაძლევ, ყველაფერი დაუფარავად გითხრა, რადგან ჩემი ძმა ხარ და შენდამი დიდი სულიერი, ქრისტესმიერი სიყვარული მაქვს, რაკი განსაცდელში ხარ. აღარ მინდა ადამიანურ წყენას შევუშინდე, ჩემთვის მთავარია, შენ ღმერთი შეგეწიოს და ეშმაკის მახეებს დაუსხლტე" - როცა ამ სტრიქონებს ვკითხულობთ, ისეთი გრძნობა გვეუფლება, რომ შორეული უცნობი, მაგრამ ჩვენთვის მზრუნველი სულიერი ძმა საიმედო მყუდრო სანაპიროზე გასულა, მონასტრის შორეული სავანიდან ცდილობს, დანარჩენებს ხმა მოგვაწვდინოს, რომ როგორმე დავაღწიოთ თავი ცხოვრების მღვრიე, აბობოქრებულ წამლეკავ ტალღებს, რომელიც ყოველწამს შთანთქმას გვიპირებს.

"ვხედავ, შენი სული საფრთხეშია, ზოგჯერ ეს საფრთხე ღვთის გზაზე შედგომილთათვის ჩვეულებრივი რამ არის", - გვწერს უცნობი, გვირჩევს, არ შევშინდეთ და თავისი ცხოვრებისეული გამოცდილებითა და სულიერი მჭვრეტელობით ცდილობს, დაგვარწმუნოს, რომ ეშმაკს სხვა საქმე არა აქვს, მისი ერთადერთი საზრუნავი ადამიანის დაღუპვაა, ის ყველას უგებს მახეს და სხვადასხვა ხერხით ებრძვის ადამიანებს, მაგრამ მისი ყოველგვარი ძლიერება დაირღვევა და დაიხსნება, თუ კაცი მხოლოდ თავის მოიმედე არ დარჩება, მოიძულებს თავის პირად "მე"-ს, როგორც მტერს, და გულმოდგინედ შეეცდება, სინამდვილე მართლმადიდებლი ეკლესიის წიაღში ეძიოს...

სულიერი სავანის მკვიდრი იმასაც შეგვახსენებს, რომ განსაცდელის დროს დამხმარედ ღმერთმა სულიერი მოძღვარი დაგვიდგინა და წრფელი მორჩილების შემთხვევაში იგია ჩვენი პირველი შემწე და სწორი გზის მაჩვენებელი, მოძღვრის მორჩილება ყველასთვის სავალდებულოა, - აღნიშნავს უცნობი ბერი და ცხოვრებისეულ სიძნელეებს შეჭიდებულ ადამიანებს იმასაც გვითვალსაჩინოებს, რომ ძნელია საკუთარი "მე"-ს უარყოფა, რადგან "საკუთარ თავთან პირისპირ შეჯახების პროცესი პიროვნებაში არარაობის განცდას ბადებს და ამძაფრებს მასში დარდსა და უხასიათობას, თუმცა ეს განცდა იმდენად მძლავრად არის გამოვლენილი სხვადასხვა ადამიანში, რამდენადაც ძლიერად არის მათში გამჯდარი პატივმოყვარეობის დამანგრეველი ვნება - პატივმოყვარეობით ვართ დაავადებულნი და იგი განსაკუთრებით მაშინ მძვინვარებს, როცა პირისპირ ვეჯახებით ჩვენს უღირსებას. ამ დროს თუ მოძღვარი ცდილობს დაგვანახოს სიმართლე, ანუ გვითხრას ის, რითაც პატივმოყვარეობას ვერ დავიკმაყოფილებთ, მაშინ გვგონია, რომ შეურაცხგვყვეს და მოძღვრის მიმართ ქვეცნობიერად ჯერ უნდობლობა, შემდეგ კი უსიყვარულობა გვიჩნდება, რადგან ჩვენ, ჩვენი გონებისა და სინდისის უარმყოფელნი, მხოლოდ ჩვენს გულსა და გრძნობებს ვუსმენთ და ვთვლით, რომ ვერ გაგვიგო მოძღვარმა და ისევ თავის გასამართლებლად და პატივმოყვარეობის დასაამებლად ვიწყებთ თავის ამაღლებას და ახალი მოძღვრის ძებნას".

წერილში დიდი ადგილი ეთმობა მოძღვრისა და სულიერი შვილის ურთიერთობას. "სულში მოძღვრის მიმართ უნდობლობის შემოშვება ის საცდურია, რომელიც ანგრევს ერთობას და აძლიერებს მტერს, აქ საუბარია უხილავ მტრებზე, რომლებიც უამრავ ხრიკს მიმართავენ მოძღვართა და მოწაფეთა შორის ურთიერთობის გასაციებლად", - წერს უცნობი და ამის დასტურად მაგალითი მოჰყავს ათონელი ბერების, კერძოდ, დანიელ კატუნაკელის ცხოვრებიდან. მამისა და სულიერი შვილის ურთიერთობა უდიდესი და უფაქიზესი საიდუმლოა. უტკბესია ეს ურთიერთობა მანამ, სანამ მასში ერთგულება და თავგანწირვაა, მაგრამ თუ გამწარდა, მასზე მტანჯველი სიმწარეც არ არსებობს, - აღნიშნავს უცნობი და გვირჩევს, თუკი მსგავსი რამ ჩვენც შეგვემთხვევა, დროულად შევიცნოთ დანაშაული, სიმდაბლით ვითხოვოთ შენდობა მოძღვრისაგან, რათა კადნიერება უფრო არ გამძაფრდეს, ცოდვა უფრო არ დამძიმდეს და არ გაქრეს ჩვენი გულიდან მოძღვრისადმი ნდობა და სიყვარული - ცოდვით დაცემის პირველ ეტაპზე კაცს ჰგონია, რომ არაფერი დაუშავებია, მერე რა, თუ სიყვარულით გაკადნიერდა მამის წინაშე, მერე რა, თუ შეეპასუხა, ან ცოტა ურჩობა გამოიჩინა, თუმცა სწორედ ურჩობით ირღვევა მორჩილების საიდუმლო, აქედან უხეშდება სიფაქიზე, იბილწება სიყვარული და იშვება თვალთმაქცობა, რაც მამისგან გაუცხოებას იწვევს, ასეთ შემთხვევაში სინდისი ისევე ცდილობს დამალვას, როგორც ადამი ემალებოდა უფალს ცოდვით დაცემის შემდეგ - ამიტომ მორჩილებისა და სიმდაბლისაკენ მოგვიწოდებს, რადგან ჭეშმარიტი სიმაღლე სიმდაბლეში ვლინდება. თავმდაბალი ადამიანი ღვთის მადლით მოქმედებს, იგი გარკვევით ხედავს ყველაფერს, სწორად აფასებს საკუთარ თავსაც, მოძღვარსაც და სამყაროსაც, ამაყ, პატივმოყვარე ადამიანს, რომელსაც ჰგონია, რომ სწორი ის არის, რასაც თავად მიიჩნევს მართებულად. სინამდვილეში ჭეშმარიტების აღქმის უნარი დაბნელებული აქვს და მხოლოდ იმას ხედავს, რასაც ეშმაკი საცდურით წარმოუსახავს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ უცნობი ქვეყნისკენ მივემართებით, იმ ქვეყნისაკენ მიმავალი გზები დახლართულია და მცოდნე და სანდო მეგზურის გარეშე იმ ქვეყნის დედაქალაქამდე ვერ მივაღწევთ. თუ გზის გაკვალვას დამოუკიდებლად მოვინდომებთ, აქ გზამკვლევი, შემწე და მფარველი მოძღვარია, რომელიც აღთქმული ქვეყნისკენ მიგვიძღვება და უფლის წინაშე წარგვადგენს... დაბოლოს: მოძღვრის ბრალისა და შეცდომების ძიებას სწორედ ჩვენი პატივმოყვარეობა, საკუთარი თავის ნუგეშის, თავის გამართლების დაუოკებელი სურვილი წარმოშობს და უნდა ვიცოდეთ, რომ ამ საშიში სენისაგან მხოლოდ საკუთარი თავის გულმოდგინე განხილვა, თავის მაამებელი სირცხვილის უკუგდება და დროული აღსარება გვიხსნის, - შეგვაგონებს კალამონის სავანეში მოღვაწე უცნობი ბერი, რომლის ღვთივსულიერი დარიგებები, ვფიქრობთ, სულიერად წაადგება და დიდად დაეხმარება ყოველ მართლმადიდებელ ქრისტიანს შობის მარხვის პერიოდში, რომელიც სულ ახლახან დაიწყო.

ბეჭდვა
1კ1