მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან
მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან
"მშვიდობა ყველასთვის სასურველია, მაგრამ მისი მიღწევა იოლი არ არის. ჩვენს გარშემო და ჩვენს სულშიც მშვიდობა რომ სუფევდეს, მშვიდობისმოყვარე სული უნდა გვქონდეს" , - ბრძანებს უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.

სიმშვიდე იმდენად მნიშვნელოვანი სათნოებაა ქრისტიანობაში, რომ მასზე მაცხოვარი პირდაპირ შეგვაგონებს: ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა. ეს მესამე ნეტარებაა უფლის მიერ ჩვენთვის გადმოცემულ ცხრა ნეტარებას შორის და მას წინ უსწრებს ნეტარება მგლოვარე გულის მქონეთა შესახებ: ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნენ; რატომ ხდებიან მშვიდი ადამიანები ღირსნი ნეტარებისა მგლოვარეთა შემდგომ? იმიტომ, რომ სიმშვიდე არის ნაყოფი და შედეგი ჩვენი ცოდვების გამო სინანულისა. თუ ჭეშმარიტი სინანული ვერ მოვიპოვეთ, სიმშვიდე ჩვენი სულისგან შორს იქნება. ხანდახან თითქოს სათანადო სინანულიც გვაქვს, მაგრამ მაინც ბევრი გვიკლია სიმშვიდემდე.

აი, ავიღოთ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. სიმშვიდის ნაცვლად ჩვენში დაბუდებულია მუდმივი გაღიზიანება, რასაც ხშირად თანამედროვე ყოფასა და პრობლემებს უფრო მივაწერთ, ვიდრე ჩვენს სულიერ მდგომარეობას, თუმცა პირველი მეორეს განსაზღვრავს ხოლმე. გვაღიზიანებს ყველა და ყველაფერი, ჩვენი გული მოცულია შფოთით. დილით, თვალის გახელისთანავე, იმის ნაცვლად, რომ ვთქვათ: "დიდება შენდა, უფალო, გმადლობთ, რომ არ დამღუპე ჩემი ცოდვების გამო და მაჩუქე სიცოცხლის კიდევ ერთი დღე!", გაბრაზებული წამოვწევთ თავს ბალიშიდან და ვწუწუნებთ, რომ ვერ გამოვიძინეთ; შინაურების, თვით მოყვარული მშობლების თუ ოჯახის სხვა წევრების მცირე შენიშვნაც კი გვაღიზიანებს და ვშფოთავთ მათი რაიმე საქციელის გამო; სახლიდან გასულებსაც ყველაფერი გვაღიზიანებს ტრანსპორტში, ქუჩაში, სამსახურში...

ტაძარშიც კი, სადაც სალოცავად მოვდივართ... აღსარების ან ზიარების მოლოდინშიც არ გვტოვებს გაღიზიანება... ასე გადის მთელი დღე მუდმივ დაძაბულობაში, ეს გაღიზიანება ფეთქებადი ნივთიერების მსგავსია და ერთი ნაპერწკალიც კმარა, რომ რისხვაში გადაიზარდოს.

მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან, - ამბობს წმინდა სერაფიმ საროველი. მერედა როგორ?! განა ასე ადვილია მისი მოპოვება?! - ვკითხულობთ ჩვენ. განა სულ ამას არ ვცდილობთ, თუმცა უშედეგოდ. გამოდის რომ არასწორად ვცდილობთ, ან ძალისხმევას ვაკლებთ. ან იქნებ ჩვენი მცდელობაა ერთჯერადი?!

გავიხსენოთ წმინდა წერილი, სიმშვიდეს უფალი მას ჰპირდება, ვინც პატიოსნად იღვწის ღვთის სადიდებლად, საკუთარი სულისა და მოყვასის საცხოვნებლად. "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ" (მათე 11, 28).

მუდმივი სულიერი სიმშვიდის მოსახვეჭად ქრისტეს უღელი უნდა დავიდგათ ანუ მივდიოთ მაცხოვრის სწავლებას, დავიცვათ მისი მცნებები და ვისწავლოთ მისგან თავმდაბლობა და მორჩილება. ტვირთმძიმეებად იგულისხმებიან ცოდვიანი ცხოვრების სიმძიმისაგან დამაშვრალნი, რომელთაც მოუწოდებენ სხვა, ახალი უღლის აღებას, რომელიც არის ქრისტეს უღლის დაცვა. "აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსვენება სულთა თქუენთა" (მათე 11, 29).

მაშასადამე, სიმშვიდე ეძლევა ადამიანს არა რომელიმე ერთი კარგი საქციელისა არამედ მთელი რიგი კეთილი საქმეებისთვის, თანაც არა ერთბაშად, როგორც რაიმე ნივთი რამ, არამედ როგორც ყოველგვარი ცოდნა: ნელ-ნელა, თანდათანობით. სწორედ ამას გვასწავლის უფალი, როცა გვიბრძანებს, სიმშვიდეს ცოდნით (სწავლით) მიაღწიეთო. "ისწავეთ ჩემგან..." თავდაპირველად გადაწყვიტეთ აღასრულოთ ქრისტეს მცნებები, ისწავლეთ მისგან თავმდაბლობა და მორჩილება და მხოლოდ მაშინ მოიპოვებთ სიმშვიდეს. რატომ არის აუცილებელი სულიერი სიმშვიდისათვის თავმდაბლობა და მორჩილება? იმიტომ, რომ ამ ორ უდიდეს თვისებას უკავშირდება ყველა სათნოება, მათგან მოიხვეჭება სიმშვიდე.

ანტონი დიდი ამბობდა:

- ერთხელ ვიხილე ეშმაკის ყოველგვარი მახე, დედამიწაზე დაგებული, და შეძრწუნებულმა ვიკითხე:

- არის ვინმე, ვინც ამათ გადაურჩება?

მაშინ შემომესმა ხმა:

- მხოლოდ თავმდაბალნი და მშვიდნი.

სტატიას ისევ უწმინდესის სტყვებით დავასრულებ: "შეურიგდით ღმერთს", - მოგვიწოდებს პავლე მოციქული. აი, გასაღები მშვიდობისა და სიყვარულისა. ამიტომაც წერს წმინდა იოანე ოქროპირი: "ქრისტიანი სხვებისაგან განსხვავებით მრავალი კეთილი თვისებით ხასიათდება, მაგრამ მათ შორის ყველაზე დიდი და საუკეთესოა – უნარი ჭეშმარიტი ურთიერთსიყვარულისა და გამორჩეული სიყვარული მშვიდობისა".

ბეჭდვა
1კ1