ქრისტიანობა და მსოფლიო რელიგიები
ქრისტიანობა და მსოფლიო რელიგიები
28. ინდუიზმი
ინდუიზმი არ არის მონოლითური რელიგია. ამ მიმდინარეობას არ ჰყავს დამფუძნებელი და არ წარმოადგენს ერთიან სისტემატიზებულ მოძღვრებას. შესაძლოა სწორედ ამიტომ შეძლო ინდუიზმმა, რამდენიმე ათასწლეულის მანძილზე თავის თავში სხვადასხვა სწავლება, რელიგიური გადმოცემა, ღვთისმსახურების სახეობები და ღმერთის შესახებ წარმოდგენები გაეერთიანებინა.

ისტორიული წყაროები
ძვ.წ. დაახლოებით 1500 წელს იწყება ინდუიზმის ისტორია. ეს თარიღი უკავშირდება იმ პერიოდს, როდესაც არიული ტომები დასახლდნენ ინდოეთში. ამ დროს დაიწყო ვედების წიგნის ჩამოყალიბება, რომელმაც გადამწყვეტი მნიშვნელობა მოახდინა ინდოელების სახე-ცხოვრებაზე. ვედები ("ვედა" ნიშნავს ცოდნას) ინდოელთა უძველესი საღმრთო წიგნებია. ისინი მოიცავენ სწავლებას სამყაროსა და ღმერთების წარმოშობის შესახებ, ღვთისმსახურების ტექსტებს და ა.შ.

ძვ.წ. დაახლოებით 1000 წელს ბრაჰმანებმა - ინდუისტების ქურუმებმა - შექმნეს ოთხი კასტის სისტემა, რომლის მიხედვითაც დაიყო საზოგადოება. კასტები მორწმუნეებს - ბრაჰმანებად, მეომრებს - ქშატრიებად, ვაჭრებსა და ხელოსნებს - ვაიშიებად და გლეხებს შუდრებად წარმოადგენენ.

ძვ.წ. 800-600 წლებში დაიწერა ვედების ფილოსოფიური განმარტებები, რომლებსაც უპანიშადები ეწოდა. ისინი ასევე ითვლება ინდუიზმის წმინდა წიგნებად. უპანიშადებში ჩამოყალიბებულია ინდუიზმის საკვანძო ღირებულებები და ფასეულობები.

ძვ.წ. VI საუკუნეში ინდუიზმს გამოეყო რელიგიური მიმდინარეობები - ბუდიზმი და ჯაინიზმი.

ძვ.წ. 400-200 წლებში დაიწერა ვრცელი პოემები მაჰაბჰარატა (დიდი ბჰარატა) და რამაიანა. მაჰაბჰარატას ნაწილად ითვლება ბჰაგავადგიტა - ინდუისტების ერთ-ერთი საყვარელი სასულიერო წიგნი.

VIII-XVI საუკუნეებში ინდოეთზე გაიზარდა ისლამის გავლენა, ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა უძველესმა რელიგიურმა მიმართულებამ, რომელსაც ბჰაკტი ეწოდება. ეს მიმდინარეობა ასწავლის, რომ მორწმუნემ თავისი თავი ერთ რომელიმე ღმერთს უნდა მიუძღვნას და ამ ღმერთის დახმარებით იგი მიიღებს თავისუფლებას. დღესდღეობით ბჰაკტი მონოთეისტურ რელიგიად ითვლება.

ისლამის შემოჭრამ, ერთი მხრივ, ბევრი მორწმუნე დააშორა ინდუიზმს, ხოლო მეორე მხრივ შექმნა ინდუისტური მოძღვრების განახლებისა და გააქტიურების კანონზომიერება. XV საუკუნეში ისლამის ელემენტებით გაჯერებულმა ჩრდილოეთ ბჰაკტის ერთ-ერთმა მიმართულებამ გამოიწვია ახალი - სიკხების რელიგიის ჩამოყალიბება.

სწავლება
ყველა არსებაზე მაღლა დგას აბსოლუტური რეალობა, რომელსაც ბრაჰმანი ეწოდება. ბრაჰმანი არა ღმერთ-პიროვნებაა, არამედ უპიროვნო სულიერი საწყისია. ინდუისტური პანთეონის ღმერთები იმისათვის არსებობენ, რომ მორწმუნე ადამიანის მიერ სამყაროს შეცნობის შესაძლებლობის მიღმა მყოფი ბრაჰმანის შემეცნებისკენ მიმართონ. იმ გაგებას, ბრაჰმანი რომლის მიხედვითაც შედის სამყაროში, ხდება მისი სული და ქვეყნიერების მამოძრავებელი ძალა, ჰქვია ატმანა. ასევე, ბრაჰმანი იმდენად გარდაიქმნება სულად და მოქმედი სამყაროს მიზეზად, რამდენადაც ის შემოდის სამყაროში და ამას ატმანი ეწოდება. ეს ატმანი იმყოფება ადამიანში, განსაზღვრავს მის პიროვნულობას და პიროვნული "მე" არის ატმანი.

სამყარო მუდმივად მოძრაობაშია და მისი ისტორია ყოველთვის წრიულად განმეორებადია. ყველაფერი, რაც მასშია, დროებითი და ილუზიურია. ამ ილუზიურობას ინდუისტები "მაიას" უწოდებენ. ადამიანი მოკვდავია და ის უსასრულოდ კვლავდაბადებისათვის, ანუ სულის სხეულიდან სხეულში გადასახლებისათვის არის განწირული. სულის გადასახლება კარმის კანონის მიხედვით ხდება, იმის შესაბამისად, ადამიანი განვლილ ცხოვრებაში ბოროტებას ემსახურებოდა თუ სიკეთეს. ეს მუდმივი წრებრუნვა ინდუისტებისათვის შიშის მომგვრელია და ისინი მისგან გათავისუფლებას მთელი მონდომებით ცდილობენ. ამ მიზნის მიღწევის ერთადერთი საშუალება კარმის განადგურებაა. კარმისაგან თავის დაღწევა (მოკშა) ადამიანის ილუზიისა და ყალბი სამყაროსაგან გათავისუფლებას და მის უპიროვნო ბრაჰმასთან შერწყმას ნიშნავს. ბრაჰმასთან შერწყმის შემდეგ, როგორც წყლის წვეთი ოკეანეში, ადამიანიც კარგავს თავის პიროვნულობას და ბრაჰმანის ნაწილად იქცევა.

რელიგიური ცხოვრება
ამ რელიგიის ყველა პრაქტიკული საშუალება მიმართულია იქითკენ, რომ ადამიანი მიიყვანოს მოკშამდე. ამის გაკეთება შესაძლებელია სხვადასხვა გზებით: შემეცნებით, რომელიმე ღმერთისადმი საკუთარი თავის მიძღვნით ან რელიგიურობის უმაღლესი გამოვლინებით - ასკეტიზმით. ადამიანის ილუზიური სამყაროსაგან გასათავისუფლებელი ტექნიკური საშუალება არის იოგა.

რელიგიურ ცხოვრებაში არსებობს მსხვერპლშეწირვისა და დღესასწაულების სხვადასხვა სახის რიტუალები, რომლებიც ხორციელდება წმინდა ადგილებზე და ტაძრებში. ასეთი ადგილები ინდოეთში საკმაოდ ბევრია.

თანამედროვე ინდუისტებს სწამთ უმაღლესი ძალების და თაყვანს სცემენ:

* ღმერთებს, ქალღმერთებს და ეპოსის განღმერთებულ გმირებს;

* ბრძენ ადამიანებს (რიში), რომელთა საშუალებითაც იქნა გაცხადებული ღვთის ნება;

* წინაპართა სულებს;

* ნახევარღმერთებსა და სულებს;

* ცხოველებს, განსაკუთრებით: ძროხას, მაიმუნს, კობრასა და გველის მჭამელ ფრინველ გარუდუს;

* მდინარეებს;

* მცენარეებს;

* ქვებს.

ლოცვის დროს ინდუისტები ამ ჩამონათვალიდან თითქმის ყველას იხსენიებენ. ითვლება, რომ ყველაზე დიდი ძალა ლოცვებში მაშინ ვლინდება, როდესაც წმინდა მდინარეების ნაპირების მოლოცვა აღესრულება.

ინდუიზმის ღმერთები
ინდუისტები პირველ რიგში ღმერთებს და ქალღმერთებს ეთაყვანებიან. თითქმის ყველა მათგანს თავისი სახელობის ტაძარი აქვს. მსხვერპლშეწირვის რიტუალი სისხლიანიდან უსისხლომდე მუდმივად ევოლუციას განიცდიდა, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში დღესაც ადგილი აქვს სისხლიან მსხვერპლშეწირვას.

ინდუისტური პანთეონის მთავარი ღმერთები არიან ბრაჰმა, შივა და ვიშნუ. ისინი ინაწილებენ სამ: შემოქმედის, მნგრეველისა და შემნარჩუნებლის ფუნქციას. მართალია ბრაჰმა სამყაროს შემოქმედად გვევლინება, მაგრამ ინდოელებში იგი მაინც არ არის ძალიან პოპულარული. მის სახელზე არ არის აღმართული ტაძრები და ყოველდღიურ ღვთისმსახურებაში იგი თითქმის არ იხსენიება. შივა - იოგების მფარველი ღმერთი ნგრევის სიმბოლოდ გვესახება, ის პერიოდულად მთელ ქვეყნიერებას ანადგურებს და მას ბრაჰმა კვლავ თავიდან ახორციელებს. შივას მახაკალასაც (დიადი სიშავე) ეძახიან. რაც შეეხება ვიშნუს, ის ამ სამყაროში მზის სახით გვევლინება, მისი მთავარი დანიშნულება ბოროტებასთან ბრძოლა და მასზე გამარჯვებაა. ვიშნუს თაყვანისცემასთან არის დაკავშირებული კრიშნა შავი ღმერთი-მწყემსის კულტი, რომლის შესახებაც მოგვითხრობს მაჰაბჰარატა. სახელი კრიშნა სიტყვასიტყვით ნიშნავს "შავს, ბნელს, მუქ ლურჯს". მოძღვრება გვასწავლის, რომ კრიშნა იყო ისტორიული პიროვნება, მუქკანიან ხალხთა დიდგვაროვანი, რომელთაც შეხვდნენ არიელები. ის გვესახება როგორც ვიშნუს ავატარი (ამქვეყნიური გამოვლინება) და საკმაოდ პოპულარულია ინდოეთში.

ინდუიზმი დღეს
თანამედროვე ინდუისტი მოაზროვნეები, თეორიულად ასაბუთებენ რელიგიურ პრაქტიკას და რელიგიურ სწავლებას ფილოსოფიურად განმარტავენ. მაგალითისათვის შეგვიძლია გავიხსენოთ ცნობილი ინდოელი პოლიტიკური და სულიერი მოღვაწე მაჰატმა განდი (1869-1948). ის იყო ტრადიციული რელიგიურობისა და ინდუიზმის ერთგული და ძირითადი პრინციპებიდან ძალადობის უარყოფა, ბუნებრივი ცხოვრების წესი, უბრალოება და შინაგანი ჭვრეტა შეითვისა.

განდის სწავლებამ და საქმიანობამ, ისევე როგორც სხვა მოაზროვნეებისა (როგორებიც იყვნენ რაბინდრანათ თაგორი (1861-1941); შრი აუდობინდო (1872-1950); სარვეპალი რადჰაკრიშნანი (1888-1975)) ინდუიზმზე დადებითი გავლენა მოახდინა და განაახლა იგი. უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე ინდუიზმი გახდა ბევრად უფრო ცნობილი და ეს მისი რელიგიური მოძრაობებისა და წარმომადგენლების დამსახურებაა. ისინი მისიონერული ხერხებით ავრცელებენ და თავიანთი რელიგიის მთავარ ჭეშმარიტებებს არგებდნენ, გასაგებს ხდიდნენ დასავლელი ხალხისათვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი მოღვაწეობა ამჯერად უკვე ძირითადად ორგანიზატორების კომერციულ ინტერესებს ემსახურება.

დღეისათვის ინდუიზმს მსოფლიოში 800 მილიონამდე მიმდევარი ჰყავს.
ბეჭდვა
1კ1