ლოცვაში ვევედრებოდი უფალს, აეხილა ჩემთვის სულიერი თვალი
ლოცვაში ვევედრებოდი უფალს, აეხილა ჩემთვის სულიერი თვალი
რწმენა ახლოს დგას შემეცნებასთან. ბრმა, ფანატიკური რწმენა ქრისტიანობისთვის მიუღებელია. როცა უფალი ამბობს, - შეიცან თავი შენი, განჩხრეკას გვირჩევს საკუთარი სულისა. ყველას გამოგვიცდია, რაოდენ ძნელია, ბრმა სულისკვეთებით მიხვიდე უფალთან, იგი ხომ მარადიული სიფხიზლისკენ მოგვიწოდებს.

გიორგი (32 წლის): - მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიურად ვიზრდებოდი, ვერ შევძელი ბოლომდე გამეთავისებინა ის, რაც ოჯახში, ეკლესიაში მესმოდა. ბევრ რამეში ეჭვიც მეპარებოდა, რაღაცაში ორაზროვნებასაც ვხედავდი. ლოცვაში ვევედრებოდი უფალს, აეხილა ჩემთვის სულიერი თვალი. სრულიად მოულოდნელად, ერთი ახლობელი ახალგაზრდა კაცი მღვდლად აკურთხეს. ეს ჩემთვის იყო მოულოდნელი, თორემ თვითონ დიდი ხანი ემზადებოდა საამისოდ. ეკლესიას, სადაც ის მსახურობს, დიდი მრევლი არ ჰყავს და მოძღვრებსაც სხვებთან შედარებით სცალიათ სალაპარაკოდ. მივედი, მივულოცე და მერე გულწრფელად ველაპარაკე. არაფერი გაჰკვირვებია, მაგრამ მე გამიკვირდა ის, რომ სრულიად ბუნებრივად აღიქვა ის, რაც მე გაუგონარი მკრეხელობა მეგონა და ეს განცდა კი არ მაახლოებდა უფალთან, პირიქით, მაშორებდა. მირჩია, უპირველესად, წირვა-ლოცვაზე იარე, აღსარება თქვი და ეზიარე და უფალი ნელ-ნელა შემოვა შენშიო. რწმენით ყველაფრის დაძლევა შეიძლება და ის, რაც ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყო, მართლაც გახდა გასაგები. არ მინდა ყველაფერი ვთქვა, რადგან ამ აზრების გამეორება და გახსენება წუთიერად მაინც დამაბრუნებს წარსულთან.

თამილა (60 წლის):
- სახარებისა და საღვთო რჯულში, რასაკვირველია, ყველაფერი გასაგები არ არის, მაგრამ დაკვირვება და წვდომა სჭირდება. რწმენა ამისთვის აუცილებელია. პირდაპირი მნიშვნელობითაც ძნელია ბევრი რამის სწორად გააზრება. ხშირად კამათობენ, რას ნიშნავს, თუ მარცხენაში დაგარტყამენ, მარჯვენა მიუშვირეო. კარგი, მე მივუშვირე და კეთილი ვარ, მაგრამ იმ მეორეს, რომელმაც უნდა დაგარტყას, რატომ აცდუნებ? ჩვენ ხომ ერთნაირად ვუყვარვართ უფალს და ასე გამოდის, რომ ერთის გადარჩენა უნდა და მეორის ცოდვაში ჩაგდება. თუ ამ საკითხს რწმენით მიუდგები, ყველაფერი სხვანაირადაა: ის მეორე, თუკი ღვთის სიყვარული აქვს და, შესაბამისად, მოყვასისაც, თქვენი ასეთი მორჩილების შემდეგ პირველქმნილ ცოდვას ალაგმავს, უფრო ზუსტად, სიბრაზეს დაიოკებს და შესაძლოა, პატიებაც ითხოვოს. თქვენი მორჩილების შედეგად გამოჩნდება უფლისადმი მისი დამოკიდებულება და რწმენა. გონების და შემეცნების უნარის წყალობით ადამიანი გამოირჩევა ღვთისგან შექმნილ სხვა არსებათაგან და სწორედ ასე უნდა მოვახერხოთ უფლის ნათქვამის სწორად გაგება, თუ ჩვენი გონება ვერ იაზრებს რაიმეს, არსებობს წმინდა მამათა სწავლებანი, განმარტებები და იმას დავეყრდნობით.

თინათინი (38 წლის): - ჩემი მშობლები ეკლესიაში არ დადიან, თავს იმართლებენ, - ცუდ დროში მოგვიწია ცხოვრებამ, ღმერთი გვწამს, მაგრამ ღვთისმსახურების არ გვჯერაო. ღვთისმსახურიც ადამიანია, მათაც აქვთ სინანული და აღსარებასაც ამბობენ და ეზიარებიან-მეთქი, მაგრამ ვერაფრით გავაგებინე - მათთვის ღმერთთან მისასვლელი გზა ეკლესიაზე არ გადის. სწორედ ამას მოჰყვება ცოდვების ვერდანახვა და მერე თავის კიდევ ერთხელ მართლება - არცოდნა არცოდვააო. არ მინდა მათი მსაჯული ვიყო, მაგრამ ეს მაწუხებს და ჩემი უსუსურობაც მაშფოთებს. ეტყობა, გასაგებად ვერ ვუხსნი.

მაყვალა (59 წლის):
- ჩემი ცხოვრების გამო არაერთხელ წარმკვეთია სასო, უფლის მოწყალებაშიც დავეჭვებულვარ. ერთხელ, გამწარებულმა, ისიც კი გავიფიქრე, უფალს არ ვუყვარვარ-მეთქი, მაგრამ ასეთ წუთებში ისევ ღმერთი მეხმარება, ძალას მაძლევს ლოცვისათვის. ჩვენს გონებას ბნელი ძალა ებრძვის, ლოცვის დროსაც ყოველთვის ვერ შეიმეცნებ ღვთის ნებას, ხან გონება გეფანტება და ისე, მექანიკურად იმეორებ სიტყვებს. არადა, წვდომაა საჭირო და მაშინ მივა უფალთან ჩვენი ნაფიქრი და სურვილი.

ბეჭდვა
1კ1