ქრისტიანობა და მსოფლიო რელიგიები
ქრისტიანობა და მსოფლიო რელიგიები
იუდაიზმმა თავისი ხანგრძლივი და საინტერესო ისტორიის მანძილზე მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. მიუხედავად იმისა, რომ ეს რელიგია ქრისტეს შობამდე დიდი ხნით ადრე გაGნდა, მაინც სამართლიანია ითქვას, რომ იუდაიზმში იგულისხმება ებრაელი ხალხის სარწმუნოება უკანასკნელი ორი ათასი წლის მანძილზე.

რჩეული ხალხის წარმოქმნა
ებრაელი ხალხის მამამთავარი იყო აბრაამი, რომელმაც ღვრთის რწმენითა და შეწევნით მიღებული საკუთარი სულიერი გამოცდილება თავის შთამომავლობას, ისრაელს გადასცა და დაუტოვა. ერთხელ აბრაამი უფალზე ფიქრით იყო გატაცებული და მას ხმა ჩაესმა: "უთხრა უფალმა აბრამს: წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ. გაქცევ დიდ ხალხად, გაკურთხებ და განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნები. ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს; კურთხეული იქნება შენში მიწიერთა მთელი მოდგმა" (დაბადება 12:1-3). აბრაამმა აღასრულა ღვთის ნება. იგი მუდამჟამ გულისყურით უსმენდა უფალს და მისი სიტყვის შესაბამისად იქცეოდა. უფალიც, თავის მხრივ, აბრაამს დანაპირებს ყოველთვის უსრულებდა.

აბრაამმა თავის შთამომავლებს ღმერთთან ურთიერთობის გამოცდილება გადასცა. აბრაამის შთამომავლობისგან გაჩნდა ხალხი, რომლებმაც მამამთავარ აბრაამის რწმენა თაობებს შემოუნახეს. იმ დროისათვის ეს მსოფლიოში ერთადერთი მონოთეისტური (ერთღმერთიანი) რელიგია იყო. ხალხი თაყვანს სცემდა ერთიან, პიროვნულ ღმერთს, ქვეყნის შემოქმედს, ხოლო მას შემდეგ, რაც მათ სინას მთაზე უფლისაგან მოსეს ხელით ცხოვრების კანონი (ათი მცნება) მიიღეს, ღმერთთან ცოცხალი კავშირი დამყარდა და ხალხს "ღვთის ხალხი" ეწოდა.

ძველი აღთქმა
უფლისა და ებრაელი ხალხის ურთიერთობის ისტორია წინასწარმეტყველთა მიერ, ღვთის სიტყვის გაცხადებით, საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა და წმინდა წერილის სახე ეძლეოდა. სწორედ ეს ისტორიები შეადგენენ ძველ აღთქმას. იუდაიზმში ამ წიგნებს ეწოდება თანახი, რაც კანონებად (თორა), წინასწარმეტყველებად და წერილებად იყოფა.

ძველ აღთქმაში მოთხრობილია, რომ აბრაამის შთამომავლები ეგვიპტელთა უღელქვეშ აღმოჩნდნენ. ღმერთმა დაავალა მოსეს ეს ხალხი ფარაონის მონობიდან დაეხსნა და იმ აღთქმულ მიწაზე მიეყვანა, რომელიც უფალმა აბრაამს აღუთქვა. გზად ეგვიპტიდან აღთქმულ მიწამდე უფალმა ხალხს ურთიერთთანაცხოვრებისა და ღმერთისადმი დამოკიდებულების კანონები დაუდგინა. ახალ მიწაზე თავდაპირველად უშუალოდ უფალი მართავდა რჩეული ხალხის ცხოვრებას, მაგრამ დროთა განმავლობაში ადამიანებს დაავიწყდათ წარსული, ღვთაებრივ მოწოდებებს ზურგი შეაქციეს და ჩვეულებრივი, მეზობელი ქვეყნების სადარი მიწიერი მმართველი - მეფე მოისურვეს. რიგით მესამე მეფემ, სოლომონმა, ააშენა იერუსალიმის ტაძარი. იმ დროიდან ღვთისმსახურება მხოლოდ ამ ტაძარში ტარდებოდა ღმერთთან ურთიერთობის ძირითად ფორმად ცხოველთა მსხვერპლშეწირვა მიიჩნეოდა.

ისრაელი - (სიტყვასიტყვით: ღმერთი იბრძვის) - ღვთისგან ბოძებული იაკობის წოდებაა (დაბ. 35,10,20; 43,8; 50,2), რომლის 12 შვილთაგანაც ებრაელი ხალხი წარმოიშვა და იაკობ პატრიარქის წოდება ისრაელი დაერქვა.

ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა (604-562 წწ. ქრ.შ-მდე) დაანგრია იერუსალიმის ტაძარი და ებრაელი ხალხი ტყვედ წაასხა. ტყვეობისას ებრაელებს სოლომონის ტაძარში შეკრებისა და უფლისათვის მსხვერპლის შეწირვის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. მათ ისღა დარჩენოდათ, რომ უფლის კანონებზე ეფიქრათ და შეძლებისდაგვარად დაეცვათ ისინი. ქრ.შ-მდე 538 წელს სპარსეთის მთავარმა პირმა ნება დართო ებრაელებს დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში. შინ დაბრუნებულმა ებრაელებმა დანგრეულის ადგილზე ახალი ტაძარი ააშენეს. ქრ.შ-მდე IV ს-ში ებრაელები ბერძნებმა დაიპყრეს, ხოლო ქრ. შ-მდე I ს-ში მათ რომაელები დაეუფლნენ.

I ს-ში ებრაელთა შორის საკმაოდ მოჭარბებული მესიანური მოლოდინები შეინიშნებოდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ მესია ძლიერი მიწიერი მეფის სახით მოევლინებოდა და მთელ ქვეყანაზე მათ სიძლიერესა და დიდებას აღადგენდა. სწორედ ამიტომაც იყო, რომ ებრაელებმა ვერ მიიღეს იესო ქრისტე, რომლის "...მეუფება არ არის ამქვეყნიური; ამქვეყნიური რომ იყოს, ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ ხელში არ ჩავვარდნოდი იუდეველებს. მაგრამ აწ ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური" (იოან, 18:36).

იუდაიზმის ჩამოყალიბების ეტაპები
ქრისტეს ჯვარცმიდან 37 წლის შემდეგ რომაელმა მხედართმთავარმა ტიტუსმა ტაძარი დაანგრია, რის შემდეგაც ებრაელი ხალხი მთელ დედამიწაზე გაიბნა.

მიუხედავად ამისა, ებრაელი ხალხის ისტორია ძველ აღთქმას, როგორც ღვთაებრივ გამოცხადებას, მჭიდროდ უკავშირდება. ბაბილონის ტყვეობიდან მოყოლებული (ქრ. შ-მდე VI ს.) ებრაელების რელიგიურ სისტემაზე გარკვეული ზეგავლენა მოახდინა სპარსეთის რელიგიურმა დუალიზმმა, ელინისტურმა ფილოსოფიამ და ა.შ. ელინიზმის ეპოქაში ალექსანდრია წარმოადგენდა იუდეური ფილოსოფიის ერთ-ერთ უძლიერეს ცენტრს. ფილონ ალექსანდრიელი, რომელმაც იუდეური სარწმუნოება შეაკავშირა ბერძნულ ფილოსოფიასთან, უდიდეს იუდეველ ფილოსოფოსად მოიხსენიება.

იუდაიზმში ჩნდება ფარისევლის (განყენებული) ფიგურა - რომელიც სიბრძნისა და რელიგიური ადათ-წესების მასწავლებელია. ქრ. შ-ის შემდეგ 70 წელს იერუსალიმის უკანასკნელი ტაძრის დანგრევა რაბინისტული იუდაიზმის საწყისად იქნა მიჩნეული. აღნიშნულისთვის დამახასიათებელია სინაგოგაში ერთობლივი ლოცვა და რაბინის ხელმძღვანელობით თორას ტექსტების ერთობლივად შესწავლა. ამიერიდან ებრაელების მთავარი ლოცვა ტაძრის აღდგენას, ებრაელთა კვლავ "ღვთის რჩეულ" ერად მოქცევას, მეფე-მესიის თაოსნობით და სამართლიანი პოლიტიკურად გამართული სახელმწიფოს შექმნას შეეხებოდა. ლოცვა ერთგვარი მსხვერპლშეწირვა იყო დროებით არარსებულ ტაძარში.

დაიწყო "ძველი აღთქმის" დეტალური კომენტირება, რომელიც მიმართული იყო ყოველდღიური ცხოვრების რეგლამენტირებისა და "თორასთან" შესაბამისობაში მოყვანისათვის. თავდაპირველად შეიქმნა მიშნა - საკრალური სტატუსის მატარებელი კანონებისა და ნორმატივების კრებული. IV-V სს-ში გაჩნდა იერუსალიმური და ბაბილონური თალმუდები - მიშნას დეტალური ახსნა-განმარტებები. მომდევნო საუკუნეებში რაბინების განმარტებითი მუშაობა არ შეწყვეტილა. საქმიანობის მიზანს თორას არასრულყოფილების დასაბუთება და მისი მუდმივი სრულყოფის, "ამაღლებულთა" მიერ მისი კვლავ განმარტების აუცილებლობა წარმოადგენდა, სინამდვილეში კი ეს თითოეული იუდეველის ცხოვრების მრავალი მარეგლამენტირებელი ნორმით შემოეფარგვლის მცდელობა იყო (სულ 613). ამ ნორმების შემოღება ერში მოსეს კანონების სიწმინდეს ვერ იცავდა, მაგრამ საჭირო გახდა იმისათვის, რათა ხელი შეშლოდა ებრაელი ხალხის სხვა ხალხებთან აღრევის პროცესს. ძირითადი მოთხოვნები იყო შაბათის - როგორც ღმერთისადმი მიძღვნილი, ლოცვებითა და სიმშვიდით აღსავსე დღის - სიწმინდის შენახვა, ებრაელებისა და ღმერთის კავშირის სიმბოლოს - წინდაცვეთის წესის დაცვა, "სუფთა საკვების" (კაშრუტის) მიღება და ა.შ. გალახის წესების დამცველი კეთილშობილების ნიმუშად აღიქმებოდა. მასორეტი კომენტატორების არენაზე გამოსვლამ VII-XI სს-ში გამოიწვია რაბინული ბიბლიის გაჩენა, რომელიც ასევე მრავალგზის იყო კომენტირებული და განმარტებული.

შუა საუკუნეებში იუდეიზმის განსაკუთრებული აღმავლობა ესპანეთში შეინიშნებოდა. იუდაიზმის იმ პერიოდის წარმატებული წარმომადგენელი იყო მოშე ბენ მაიმონი ან მაიმონიდი (1135-1204), მან იუდეული ფილოსოფია არისტოტელეს ფილოსოფიის საფუძველზე განავითარა.

მაიმონიდის ფილოსოფიური ხედვების საფუძველზე ტანახის ტექსტებში ორი დონე გამოიკვეთა: ერთი ბუკვალური - უმრავლესობისათვის და მეორე ფილოსოფიური - რჩეულთათვის. დროთა მანძილზე საქმე იქეთკენ წავიდა, რომ რაბინებმა თორაში დაფარული იდეების არსებობის შესახებ გამოაცხადეს. დაიწყო ამ იდუმალების ამოცნობის სხვადასხვა მეთოდებზე ფიქრი და მუშაობა. მათ შორის იყო მედიტაცია, სხვადასხვა მაგიური ხერხები, ბოლოს ეს ყველაფერი ოკულტურ სწავლება - კაბალაში გაერთიანდა. კაბალა წარმოადგენს იუდაიზმის, გნოსტიციზმის და ნეოპლატონიზმის ნაზავს. მის საკრალურ ტექსტში - ზოხარის წიგნში იყო დაუნჯებული. ის XIII ს-ში პორტუგალიაში გამოიცა და იუდაიზმის მონოთეისტობიდან დაშორების ნიმუშის სახე მიიღო. ზოხარის წიგნი სამყაროს პანთეისტურ შესაქმეზეა მოთხრობილი, სადაც სამყარო ღმერთის ემანაციას წარმოადგენს.

XV ს-ის შემდეგ, როდესაც ესპანურმა ინკვიზიციამ ებრაელების დევნა დაიწყო, ბევრი მათგანი ოსმანეთის იმპერიაში, იტალიაში, გერმანიაში, პოლონეთში გადაიხვეწა, ხოლო უკვე XX ს-ის დასაწყისისათვის მათი დიდი უმრავლესობა რუსეთში ცხოვრობდა.

XVIII საუკუნეში პოლონეთისა და უკრაინის ტერიტორიაზე ებრაელებს გამოეყო გარკვეული ჯგუფი და წარმოიშვა ახალი - ღვთისმოსავი ხასიდების მოძრაობა. მისი დამაარსებელი ელ ბენ ელიეზერი (1700-1760) იყო, ის არ უარყოფდა თალმუდს, ებრაული კულტურის ათასწლოვან ტრადიციებსა და რიტუალებს, მაგრამ თვლიდა, რომ შესაძლებელია, მათ გარეშეც აღმოაჩინოს ადამიანმა ღვთის ნაპერწკალი, რომელიც მეტ-ნაკლებად თითოეულ პიროვნებაში მოიძებნება. ხასიდიზმში მნიშვნელოვანი ადგილი ქარიზმატულ მასწავლებლებს ცადიკებს უკავიათ, რომლებიც მორწმუნეთა ღმერთთან შუამავლობის პრეტენზიას აცხადებდნენ.

1897 წელს თეოდორ ჰერცლიმ ორგანიზება გაუკეთა პირველ სიონისტურ ყრილობას, დაწერა წიგნი "ებრაელთა სახელმწიფო", რითაც ფაქტობრივად სიონიზმის მამა გახდა. 1947 წლის 14 მაისს ფაშიზმის კოშმარის დასრულებისთანავე, რომელსაც მილიონობით ებრაელი ემსხვერპლა, შეიქმნა დამოუკიდებელი სახელმწიფო ისრაელი. ბევრი თვალსაზრისით ეს ახალი სახელმწიფო უჩვეულოა. მოსახლეობის დიდი ნაწილის ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები: დაბადება, ქორწინება, გარდაცვალება და ა.შ. რაბინების ზედამხედველობით ხორციელდება. სიონიზმის მიზანია მსოფლიოში გაბნეულ ებრაელთა ისრაელის სახელმწიფოში თავმოყრა. ისრაელი განვითარების საშუალებას აძლევს იუდაიზმის ყველა ტიპის მიმდინარეობას, რომლებიც სხვადასხვა დიასპორაში ჩამოყალიბდა: როგორც ორთოდოქსებს, ისე რეფორმატორებს. რეფორმატორული მიმდინარეობები ამერიკელ ებრაელებში ჩამოყალიბდა, მისი მიზანია იუდაიზმის თანამედროვე დასავლურ ღირებულებებთან ინტეგრირება.

იუდაისტური სარწმუნოების ძირითადი თავისებურებანი
* ღმერთი ერთია. მან შექმნა სამყარო და ყველა სირთულის დაძლევაში ისრაელის რჩეულ მამებს ღმერთი ეხმარებოდა

* უფალი უსაზღვროა, მას არ აქვს სახე, ის მიუწვდომელია და მიუხედავად ამისა თავს მუდმივად ახსენებს ყველაფერ ცოცხალს

* უფალი ადამიანებს წინასწარმეტყველთა საშუალებით ესაუბრებოდა, მათგან უდიდესი იყო მოსე, მოსეს მიეცა ყველა კანონი და არ იქნება სხვა კანონები

* რწმენა პირველ რიგში კანონების მორჩილებაში ვლინდება, ხოლო შემდეგ კეთილ საქმეებში

* ბოროტება იმდენად ვრცელდება, რამდენადაც მას უფალი დაუშვებს. უფალი აჯილდოებს მართლმორწმუნეს და სჯის უკეთურს

* უფალმა შექმნა ადამიანი, ქმნილება, რომელიც სხვა უფლის ქმნილებებისაგან გამოირჩევა. ადამიანს აქვს სული და სხეული.

* იუდაიზმს ქრისტიანობისაგან განსხვავებით არ მიაჩნია, რომ ადამიანის ცოდვით დაცემის შემდეგ მისი ბუნება დაზიანდა, მან დაკარგა უკვდავება

* ისრაელის რჩეული ხალხის გარდა არსებობს სხვა ხალხებიც. მათი გამართლება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ისინი იუდაიზმის ჭეშმარიტებას აღიარებენ

* თემის ცხოვრების ცენტრს სინაგოგა წარმოადგენს (სინაგოგა - ბერძ. კრებული)

* მცნებების შესრულებისათვის ჯილდოს არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანი ღებულობს, არამედ ეს მოქმედებს ერის ცხოვრებაზეც

* დროთა სასრულისას უფალი თითოეულს საქმეთა მიხედვით განსჯის

ღვთისმსახურება
ამჟამად იუდაისტური ღვთისმსახურება რელიგიურ დღესასწაულებზე სინაგოგაში საერთო მსახურებით შემოიფარგლება. დღესასწაულებს ავსებს საოჯახო შეკრებები, რომლებიც ასევე რელიგიურ ხასიათს ატარებს. თუმცა არსებობს ინდივიდუალური ლოცვებიც. შაბათი, როგორც სადღესასწაულო, უქმე დღე, რელიგიური ცხოვრების ცენტრს წარმოადგენს. სხვა დღესასწაულებია:

1. როშ ჰაშანა (ახალი წელი) – "წლის საწყისი", განჭვრეტისა და სიმშვიდის დღე

2. იომ კიპურ (მოწყალების დღე) - გასული წლის უკანასკნელი დღე, განვლილი წლის გააზრების დღე, მარხვა

3. სუკოტ (ქუში) – 8 დღის მანძილზე სიხარულით იხსენებენ ეგვიპტიდან გამოსვლას

4. ხანუკა (განახლება) - მღვდელმსახური მატაფიას აღასრულებს სოლომონის ტაძრის შეურაცხმყოფელი სირიელების წინააღმდეგ ამბოხების გასახსენებლად

5. პურიმ - აღინიშნება გაზაფხულზე და უკავშირდება ბაბილონის ტყვეობიდან ესთერის მიერ ებრაელების გამოხსნას

6. ფესახი (გამოსვლა) - ყველაზე დიდი დღესასწაული, უკავშირდება ებრაელების ეგვიპტიდან გამოსვლის გახსენებას

7. შავუოთი (გამოსვლიდან ორმოცდამეათე დღე) - თორის მიღების დღესასწაული

8. სადღეისოდ იუდაისტური ღვთისმეტყველება სინაგოგების ხელმძღვანელი და კანონების მასწავლებელი რაბინების მიერ ვითარდება.
ბეჭდვა
1კ1