"ვიდრე წარმოგიდგენიათ, იმაზე გაცილებით ადრე ახდება გამოცხადების წიგნის სიტყვები: "აი, მე ვდგავარ კართან და ვაკაკუნებ..."
"ვიდრე წარმოგიდგენიათ, იმაზე გაცილებით ადრე ახდება გამოცხადების წიგნის სიტყვები: "აი, მე ვდგავარ კართან და ვაკაკუნებ..."
უფლის წინაშე ლოცვა შესაძლებელია, თუ ჩვენი შინაგანი სამყარო მტკიცეა და ღვთის პირისპირ შინაგანი თანხმობით ვდგავართ. ეს გაგვათავისუფლებს დროის შეგრძნებისაგან, ოღონდ არა ობიექტური დროისა, რომელსაც მივდევთ, არამედ იმ სუბიექტური შეგრძნებისაგან, რომ დრო მიდის და რომ ჩვენ დრო არ გვრჩება.

არ არის საჭირო ცდილობდე, დროს დაეწიო. ის ჩვენგან არ გარბის, ჩვენკენ მოედინება. მოუთმენლად ელოდებით მომავალ წუთებს თუ საერთოდ არ აცნობიერებთ მათ - ისინი მაინც მოდიან. მომავალი, როგორც არ უნდა იქცეოდე მასთან მიმართებით, უეჭველად აწმყოდ იქცევა და რა აუცილებელია, აწმყოდან მომავალში გადახტომა? შეგიძლია, მის დადგომას ელოდო. აი, ამ გზით შეგიძლია, იყო აბსოლუტურად მდგრადი და ამავდროულად დროს მიჰყვებოდე, იმიტომ, რომ დრო თავისით მიდის. თქვენ იცით, თუ რა ხდება, როდესაც ავტომობილში ან მატარებელში ზიხართ: ზიხარ და ფანჯარაში იყურები, შეიძლება ფიქრობდე, შეიძლება კითხულობდე, ისვენებდე. მატარებელი კი მიდის და რაღაც მომენტში ის, რაც მომავალი იყო, შემდეგი სადგური თუ შენი ბოლო გაჩერება აწმყო გახდება. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი, შეცდომა, რომელსაც ხშირად ვუშვებთ ჩვენს შინაგან ცხოვრებაში: წარმოგვიდგენია, რომ თუ ვიჩქარებთ, მომავალში უფრო სწრაფად მოვხვდებით, იმ ადამიანივით, რომელიც ბოლო ვაგონიდან პირველში იმის იმედით მირბის, რომ ლონდონიდან ედინბურგში უფრო ჩქარა ჩავა. ამ მაგალითის მიხედვით ვხედავთ, რამდენაც აბსურდულია ეს ყოველივე, მაგრამ როდესაც გამუდმებით იმის მცდელობაში ვართ, როგორ გავუსწროთ საკუთარ თავს თუნდაც ერთი გოჯით, ამ აბსურდულობას ვერ ვამჩნევთ. ამასთან, სწორედ ეს არ გვაძლევს საშუალებას სრულად განვიცადოთ ახლანდელი წამი, აწმყო, სადაც, როგორც უკვე ვთქვი, სინამდვილეშიც ვიმყოფებით. იმიტომ რომ, როგორც არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ საკუთარი თავისა და დროის გასწრება შეგვიძლია, ეს ასე მაინც არ იქნება. ერთადერთი, რაც აქედან გამოდის, არის ის, რომ ჩვენ ვჩქარობთ, მაგრამ წინ უფრო სწრაფად ვერ მივიწევთ.

მსურს, ჩემი გამოცდილების შესახებ გიამბოთ, რომელიც ძალიან გამომადგა. საფრანგეთში გერმანული ოკუპაციის დროს ვმონაწილეობდი წინააღმდეგობის მოძრაობაში. ერთხელ მეტროში ჩავდიოდი. პოლიციამ შემიპყრო. ესაა ჩემი ერთ-ერთი ყველაზე უფრო საინტერესო გამოცდილება, რომელსაც უფრო ფილოსოფიურ მიმართებაში გადავიყვან, დროსთან მიმართებაში: იმ წუთებში მქონდა წარსული და მქონდა მომავალი. ერთიდან მეორეში გადავდიოდი და მეტროს კიბეზე მხნედ მივაბიჯებდი. უეცრად ვიღაცამ მხარზე ხელი დამადო და მითხრა: - შეჩერდით, მაჩვენეთ თქვენი საბუთები! პირველ რიგში, მე დავიწყე ფიქრი ძალიან სწრაფად, შეგრძნებები გახდა ძალიან ინტენსიური, ხოლო სიტუაციის გაცნობიერება - იმდენად რელიეფური და მკვეთრი, როგორიც არასოდეს განმეცადა მეტრო "ეტუალის" სადგურის უკანასკნელ საფეხურებზე. მეორე: უცებ გავაცნობიერე, რომ არ მაქვს წარსული, რეალური წარსული ხომ ისეთი იყო, რის გამოც დახვრეტა მელოდა. ასე რომ, ეს წარსული მეტად აღარ არსებობდა. ცრუ წარსული, რომლის შესახებაც უნდა მეამბა, მათთვის ასევე არ არსებობდა. მე ვგავდი იმ ხვლიკს, რომელიც დაიჭირეს, მაგრამ გაიქცა და ხელში კუდი შეატოვა. ასე რომ, იქ, სადაც იყო კუდი, ხვლიკი უკვე აღარ იყო. შემდეგ თანდათანობით ვხვდებოდი ერთ საინტერესო რამეს (თუმცა იმ წუთებში დროის ფილოსოფიის კუთხიდან ამ საკითხისთვის არ შემიხედავს): მომავალი იმდენად არსებობს, რამდენადაც შეგიძლია განსაზღვრო, თუ რა იქნება შემდეგ, რამდენიმე წუთით ადრე, ვიდრე ის მოხდებოდეს ან ერთი გოჯით წინ, ვიდრე მას მიაღწევდე და არაფერი არ ხდება, იმიტომ რომ წარმოდგენა არა გაქვს, რა შეიძლება მოხდეს, შენ იმ ადამიანს ჰგავხარ, რომელიც უცნობ ოთახში წყვდიადში დგას. დგახარ და ირგვლივ მხოლოდ სიბნელეა, რომელიც თვალებზე გეფარება: შეიძლება, შენს წინაშე არაფერია, შეიძლება, მთელი უსასრულობაა - სულ ერთია. შენ ზუსტად იქ მთავრდები, სადაც სიბნელე იწყება. ასე რომ, აღმოვაჩინე, რომ არც მომავალი მქონდა!.. აი, სწორედ მაშინ გახდა ჩემთვის აშკარა, რომ ცხოვრება, თუნდ წარსულში და თუნდ მომავალში, არარეალურია. აღმოჩნდა, რომ მე სწორედ აწმყოს წამში ვარ ჩაკეტილი და ყველაფერი, რაც შეიძლება მოხდეს, ამ წამთანაა დაკავშირებული, რომელიც ინტენსიურობით და სიმკვეთრით არსებობს. და ამან, საბოლოო ჯამში, თავისუფლება შემანარჩუნებინა. რაც შეეხება დროს... წვრილმანებს აღარ გამოვეკიდები და გეტყვით: არსებობს ცხოვრებაში წუთები, როდესაც გრძნობ, რომ აწმყო აქ არის, წარსული უკანმოუბრუნებლად წავიდა და მხოლოდ იმდენად აქვს მნიშვნელობა, რამდენადაც აწმყოზე მოქმედებს. მომავალს კი საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა იმიტომ, რომ ის შეიძლება დადგეს ან არ დადგეს. ეს მაშინ ხდება, მაგალითად, როდესაც ავარიაში მოხვდებით, ან ისეთ წუთებში, როცა მეყსეული მოქმედებაა საჭირო, ასეთ დროს წარსულიდან აწმყოში სასეირნოდ აღარ გცალიათ, თქვენ მოგეთხოვებათ იყოთ იმდენად აწმყოში, რომ მთელი თქვენი ენერგია, მთელი თქვენი არსება შეიკრიბოს სიტყვაში "ახლა". და მაშინ ძალიან საინტერესო ხდება იმის აღმოჩენა, რომ შენ ერთიანად ამ "ახლაში" ხარ მოქცეული. თქვენ იცით, რომ არსებობს თხელი სიბრტყე, რომლის შესახებ გეომეტრია გვასწავლის, რომ მას სისქე არა აქვს. ეს აბსოლუტურად სისქის უქონელი გეომეტრიული სიბრტყე, რომელსაც "აწმყო" წარმოადგენს, დროის საზღვარზე მერყეობს, უფრო სწორად, დრო გადარბის მასზე და "ახლა" მოაქვს თქვენთვის ყველაფერი ის, რაც მომავალში გჭირდებათ. ეს მდგომარეობა ჩვენ უნდა შევისწავლოთ და უნდა შევისწავლოთ გაცილებით მშვიდობიან ვითარებაში. ვფიქრობ, უნდა ვივარჯიშოთ იმაში, რომ დროის გაჩერება შევძლოთ იმ "ახლაში", რომელიც არის ჩემი ჭეშმარიტი აწმყო და რომელიც ამავე დროს არის მარადიულობის და დროის გადაკვეთის წამი.

რა შეიძლება გავაკეთოთ ამისთვის? აი, პირველი, თუ როგორ შეგიძლიათ ვარჯიში, როდესაც გასაკეთებელი სრულიად არაფერი გაქვთ. როდესაც არც უკან გექაჩებათ რაიმე და არც წინ გიბიძგებთ. როდესაც შეგიძლიათ სამი ან ხუთი წუთი, ან სულაც ნახევარი საათი დაუთმოთ მოცალეობას, უქმად ყოფნას. დაჯექით და საკუთარ თავს უთხარით: "მე ვზივარ, არაფერს ვაკეთებ, უახლოესი თხუთმეტი წუთის განმავლობაში არც ვაპირებ, რაიმე გავაკეთო". თანაც გააცნობიერეთ: "მე აქ ვარ, ღმერთის პირისპირ, საკუთარი თავის პირისპირ - წყნარად და უშფოთველად, არსად ვჩქარობ". და კიდევ ერთი: თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რომ იმ ორი თუ ხუთი წუთის განმავლობაში, რომელიც საკუთარი თავისთვის გამოყავით, ამ მდგომარეობიდან ვერ გამოგიყვანთ ვერც ტელეფონის ზარი, ვერც კაკუნი კარზე, არც ენერგიის მოზღვავება, იმაზე ფიქრი, რომ დაუყოვნებლივ გააკეთოთ რაღაც საქმე, რომლის დაწყებას ბოლო ათი წელია ასე აყოვნებთ. უბრალოდ იჯექით და თქვით: "ეს მე ვარ" და თქვენ ხართ!.. თუ თქვენ ამ სავარჯიშოს მოცლილობისას შეასრულებთ, მაშინ, როცა ისწავლით, რომ შინაგანად კი არ შფოთავდეთ, არამედ სრულ სიმშვიდესა და აუღელვებლობას ინარჩუნებდეთ, იყოთ წყნარი და მტკიცე, ეს ყველაფერი რამდენიმე წუთით გააგრძელეთ, შემდეგ კვლავ დაუმატეთ დრო. რა თქმა უნდა, დადგება წუთი, როდესაც რაღაცით თავის დაცვა დაგჭირდებათ, იმიტომ რომ, შეიძლება მაშინ, როცა ტელეფონი რეკავს, ან ვიღაც აკაკუნებს, იქნებ ორი წუთით მშვიდადაც შევხვდეთ ამას, მაგრამ თუ ეს ყველაფერი მეტისმეტად დიდხანს გაგრძელდა - თხუთმეტი წუთი ან ნახევარი საათი, უკვე გადაჭარბებული აღმოჩნდება როგორც ტელეფონისთვის, ისე მისთვის, ვინც კართან დგას. მაშინ უთხარით საკუთარ თავს: სახლში რომ არ ყოფილიყავით, კარს ხომ ვერ გააღებდით და ვერც ტელეფონს უპასუხებდით?!. ან თუ მეტად გამბედავი ხართ ან მეტად დარწმუნებული იმაში, რასაც აკეთებთ, შეგიძლიათ ისე მოიქცეთ, როგორც მამაჩემი აკეთებდა ამას. კარზე მას პატარა ბარათი ჰქონდა, რომელიც იუწყებოდა: "ნუ გაირჯებით და ნუ დააკაკუნებთ. სახლში ვარ, მაგრამ კარს არ გაგიღებთ". ეს გაცილებით ეფექტურია, იმიტომ, რომ ადამიანები მაშინვე იგებენ ყველაფერს. მაგრამ თუ მათ ეტყვით: "თუ შეიძლება ხუთი წუთით დამიცადეთ", მათი თავაზიანობა ორ წუთში ამოიწურება. მას შემდეგ, რაც ასე მდგრადობას და უშფოთველობას შეისწავლით, დროის გაჩერება უნდა ისწავლოთ. არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ის გაწელილია, ანდა თავისთავად შეჩერებულია, არამედ მაშინაც, როდესაც გაუჩერებლად მიჰქრის და თქვენს წინაშე მოთხოვნებს აყენებს. ეს ასე ხდება: თქვენ რაღაც სასარგებლოს აკეთებთ. ისეთი გრძნობა გაქვთ, რომ ამას თუ არ გააკეთებთ, მთელი სამყარო უფსკრულში გადაიჩეხება. თუ ასეთ შემთხვევაში რომელიღაცა წუთში იტყვით: "მე ვჩერდები!", რამდენიმე რამეს აღმოაჩენთ. ჯერ ერთი, აღმოჩნდება, რომ სამყარო უფსკრულში არ ვარდება და თქვენ წარმოიდგინეთ: მთელ ქვეყნიერებასაც შეეძლება ხუთი წუთით დაცდა, მანამდე - ვიდრე თქვენ მას დაუბრუნდებოდეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია! იმიტომ, რომ საკუთარ თავს ვატყუებთ ხოლმე, როდესაც ვამბობთ: "ეს მე აუცილებლად უნდა გავაკეთო, ეს კეთილი საქმეა, ეს მოვალეობაა. მე არ შემიძლია, შუა გზაზე მივატოვო". ამავდროულად, მხოლოდ და მხოლოდ სიზარმაცის გამო გასაკეთებელს ტოვებთ ამ საქმეს გაცილებით ხშირად, ვიდრე ის ხუთი წუთია - საკუთარ თავს რომ დაუნიშნეთ ახლა. ასე რომ, პირველ რიგში, გააკეთეთ ის, რომ თქვით: "რაც არ უნდა მოხდეს, ახლა მე შევჩერდები". ყველაზე უბრალო საქმეა, გააკეთო ეს მაღვიძარას საშუალებით. მომართე მაღვიძარა და თქვი: "ვიმუშავებ, ვიდრე არ დარეკავს". ეს ძალიან მნიშვნელოვანია; ერთ-ერთი რამ, რაზეც აუცილებლად უნდა ვთქვათ უარი, ესაა გამუდმებული ცქერა საათზე. ვიდრე მაჯის საათს დაჰყურებთ, ვერ შეძლებთ, იაროთ ისე სწრაფად, როგორც მაშინ ივლიდით, სულ წინ რომ იყურებოდეთ, თუ გეცოდინებოდათ, რომ დააგვიანეთ შვიდი წუთით, ან ხუთით, ან სამით - ამას მნიშნველობა არა აქვს. ყველა შემთხვევაში დაგვიანებული ხართ. ასე რომ, სჯობს ადრე გახვიდეთ, რათა ადგილზე დანიშნული დროისთვის იყოთ. ხოლო თუ მაინც გაგვიანდებათ, იარეთ რაც შეიძლება სწრაფად. საათზე მაშინ დაიხედეთ, როდესაც უკვე კართან იქნებით, რათა იცოდეთ, თუ რა ხარისხის სინანული უნდა გქონდეთ სახეზე აღბეჭდილი, როდესაც მას გაგიღებენ. ამგვარად, როდესაც მაღვიძარა დარეკავს, თქვენ იცით, რომ მომდევნო ხუთი წუთის განმავლობაში სამყარო არ არსებობს და ადგილიდან ნუ დაიძვრებით. ეს პირადად ღმერთის დროა და ამ დროის განმავლობაში სიმშვიდე, უშფოთველობა და სიწყნარე შეინარჩუნეთ. ნახავთ, როგორ გაგიჭირდებათ ეს. თავიდან თქვენ მოგეჩვენებათ, რომ აუცილებელია, მაგალითად, დაამთავროთ წერილის წერა ან ბოლომდე წაიკითხოთ ეს აბზაცი წიგნში. სინამდვილეში ძალიან ჩქარა აღმოაჩენთ, რომ მშვენივრად შეიძლება გადადოთ ეს სამი, ხუთი და ათი წუთითაც კი და ამის გამო არაფერი მოხდება, ხოლო თუ თქვენ აკეთებთ რაღაცას, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, მაშინ ნახავთ, რამდენად კარგად გამოგივათ ის სამი, ხუთი ან ათი წუთის შემდეგ.

ასე რომ, თუ თავიდან იმაში ივარჯიშებთ, რომ გააჩეროთ დრო, რომელიც არ იძვრის, შემდეგ დრო - რომელიც მიჰქრის და თუ შეაჩერებთ მას და ეტყვით - "არა", აღმოაჩენთ, რომ წამი, როცა შინაგანი დაძაბულობა, შინაგანი "ხმა" გადალახეთ, გადალახეთ შფოთი და ფორიაქი - დრო თავისუფალ დინებას იწყებს. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ერთი წუთის განმავლობაში გადის მხოლოდ ერთი წუთი?! ეს ხომ სწორედ ასეა. ეს უცნაურია, მაგრამ ნამდვილად ასეა! ჩვენმა საქციელმა შეიძლება ვინმეს აფიქრებინოს, რომ ხუთი წუთის გასვლა ოცდაათ წუთშია შესაძლებელი... მაგრამ სინამდვილეში ხომ ასე არ არის! თითოეული წუთი იმავე ხანგრძლივობისაა, რაც მომდევნო, ყოველი საათი ასევე თანაბარი ხანგრძლივობისაა. არაფერი კატასტროფული არ ხდება! თქვენ შეიძლება, იკითხოთ: "მერე მოვასწრებ, დრო ყველაფრისთვის მეყოფა?" მე კი ამაზე გიპასუხებთ: "თუ ადრე არ მოკვდი, დრო გეყოფა. თუ მანამდე მოკვდი, ვიდრე ამას გააკეთებ, მაშინ რაღაცის გაკეთებაა საჭირო". არსებობს კიდევ ერთი ამგვარი გამოთქმა, რომელიც შეგიძლიათ სამომავლოდ დაიმახსოვროთ: "სიკვდილი ნუ გაღელვებს, თუ სიკვდილი მოვიდა, შენ უკვე აღარ ხარ, ხოლო ვიდრე აქ ხარ, სიკვდილი არ არსებობს". ეს იგივე პრინციპია! რატომ უნდა გაღელვებდეს რაღაც, რაც თავისთავად გადაწყდება. ისწავლე, რომ არ ცქმუტავდე და არ ბორგავდე, შეგიძლია გააკეთო, რაც გინდა, როგორი ტემპითაც გინდა, როგორი გულმოდგინებითაც გინდა, როგორი სისწრაფითაც გინდა... და ამასთან, არ გრძნობდე, რომ დრო გაგირბის. შეგიძლია, იყო სწრაფი ან ნელი - დროის ყოველგვარი შეგრძნების გარეშე. იმიტომ, რომ აკეთებ იმას, რასაც აკეთებ და მიზანმიმართულების დაძაბულობა არ არსებობს. მაშინ ნახავ, რომ ლოცვა შეიძლება ნებისმიერ ვითარებაში, რომ არ არსებობს ვითარება, რომელსაც ლოცვისთვის ხელის შეშლა შეუძლია. ლოცვისას ჩავარდნა შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც გრიგალი დაგეუფლება, თუ საკუთარ თავში ქარიშხალს შეუშვებ, იმის მაგიერ, რომ ის გარეთ მოიტოვო.

გაიხსენეთ სახარებისეული ამბავი ქარიშხლის შესახებ გალილეის ზღვაზე. ქრისტეს ნავში სძინავს, ირგვლივ ქარაშოტი მძვინვარებს, თავდაპირველად მოციქულები იბრძვიან დაძაბულად და იმედით, იბრძვიან საკუთარი სიცოცხლისათვის! მაგრამ რომელიღაც წუთებში ისინი სულით ეცემიან და ქარიშხალი გარედან მათ შიგნით აღწევს. ქარიშხალი მათშიც მძვინვარებს, შფოთი და სიკვდილი უკვე უბრალოდ მათ გარშემო კი არ ტრიალებს, ისინი მათ სულებში შეიჭრნენ. მოციქულები შებრუნდებიან ქრისტესკენ და იქცევიან ისე, როგორც ჩვენ ვიქცევით ხშირად. ტრაგედიისა და დაძაბულობის წუთებში მივაპყრობთ თვალებს ღმერთს და გულისწყრომა გვიპყრობს, რომ ის ასე მშვიდადაა.

სახარებისეული თხრობა ხაზს უსვამს ამას: - ხოლო თავადსა ეძინა. ეს ხომ უსაზღვროდ შეურაცხმყოფელია!.. ისინი იღუპებიან, მას კი სძინავს!.. ზუსტად ამასვე განვიცდით ხშირად ჩვენც ღვთისადმი: - როგორ ბედავს იგი, იმყოფებოდეს თავის ნეტარებაში, როგორ ბედავს, იმყოფებოდეს ასეთ სიმშვიდეში, როდესაც მე განსაცდელში ვარ?!. და მოწაფეები იქცევიან სწორედ ისე, როგორც ვიქცევით ჩვენ. იმის მაგიერ, რომ მიმართონ ღმერთს და თქვან: "შენ თავად ხარ სიმშვიდე, შენ, უფალო!.. თქვი სიტყვა და მსახური ჩემი განიკურნება, თქვი სიტყვა და ყველაფერი თავის ადგილს დაიკავებს". ისინი უცერემონიოდ, ბიძგით აღვიძებენ და ეუბნებიან: "ნუთუ არაფრად გიღირს, ჩვენ რომ ვიღუპებით?" სხვაგვარად რომ ვთქვათ, "თუ რამის გაკეთება არ შეგიძლია, ნუ გძინავს მაინც!.. რამე უკეთესს თუ ვერ იზამ, ჩვენთან ერთად დაიტანჯე და დაიღუპე მაინც". ქრისტე ეხმაურება ამას, იგი დგება და ამბობს: "ჰოი, მცირედ მორწმუნენო!.." განეშორება მათ, მიუბრუნდება ქარიშხალს და თითქოს მასში ჩაღვრის თავის შინაგან სიმშვიდეს, თავის ჰარმონიას და მშვიდობას და ეუბნება: "დამშვიდდი, დაყუჩდი!" და ყოველივე მშვიდდება.

ჩვენ შეგვიძლია, ეს გავაკეთოთ და უნდა შეგვეძლოს ამის გაკეთება, მაგრამ ეს ხომ სისტემატურ გონიერ ვარჯიშს მოითხოვს. ზუსტად ისევე, როგორც ვარჯიშობ მაშინ, როცა სხვა რაღაცის გაკეთებას სწავლობ. ისწავლე დროის ფლობა და რასაც არ უნდა აკეთებდე, როგორი დაძაბულიც არ უნდა იყო - ქარიშხლის თუ ტრაგედიის დროს, ან იმ ქაოსში, რომელშიც ჩვენ გამუდმებით ვცხოვრობთ, შეძლებ იყო მშვიდი, შეძლებ, მოცემულ წუთებში უძრავად იდგე უფლის პირისპირ ან მდუმარედ, ან ესაუბრებოდე მას.

თუ სიტყვებს გამოვიყენებთ, შეგიძლიათ ღმერთის წინაშე მიიტანო ყველაფერი, რაც ირგვლივაა, მთელი გარსმოხვეული ქარიშხალი. თუ ჩუმად ხარ, შეგიძლია, ციკლონისა და ქარიშხლის იმ ცენტრში იდგე, სადაც სიმშვიდე მეფობს. საშუალება მიეცი ქარიშხალს, იბობოქროს შენს ირგლივ, ვიდრე შენ ღმერთთან ხარ, აბსოლუტური მდგრადობის ამ ერთადერთ წერტილში. თუმცა ეს აბსოლუტური მდგრადობის წერტილი ის წერტილი არ არის, სადაც არაფერი ხდება. ამ წერტილში შემხვედრი, ურთიერთსაწინააღმდეგოდ მოქმედი ძალები გაწონასწროებულია და ისინი ღმერთის ძლიერ ხელს უპყრია.

ჭეშმარიტი უშფოთველობა არის რაღაც უსაზღვროდ ინტენსიური, ის ფლობს სისქეს, სიმჭიდროვეს, ის რეალურია, ის ნამდვილად ცოცხალია. მახსენდება ეპიზოდი მეუდაბნოე მამათა ცხოვრებიდან. ერთ ძმას სთხოვეს, ეთქვა სამოძღვრო სიტყვა იმ ეპისკოპოსის პატივსაცემად, რომელსაც სტუმრად ელოდნენ. ბერმა მიუგო: "არა, მე არაფერს ვიტყვი. თუ მას არაფერს ეუბნება ჩემი მდუმარება, არც სიტყვები ეტყვის რაიმეს". უნდა შევეცადოთ, ბევრი რამ შევიტყოთ ასეთი სახის მდუმარებისაგან და მისი სწავლა დავიწყოთ.

ოცდახუთი წლის წინ, ძალიან მალე მას შემდეგ, რაც მღვდელი გავხდი, მსახურებისათვის მოხუცებულთა სახლში გამგზავნეს. იქ ერთი მოხუცი ქალი იყო, რომელიც შემდეგ ას ორი წლის ასაკში გარდაიცვალა. პირველი მსახურების ბოლოს იგი მომიახლოვდა და მითხრა: "მამაო ანტონი, მინდა გთხოვოთ, რომ ლოცვასთან დაკავშირებით მომცეთ რჩევა". მე შევთავაზე: "მაშინ, აი, ამა და ამ მოძღვარს მიმართეთ". მან კი მომიგო: "მთელი ამ წლების განმავლობაში სულ ვეკითხებოდი იმ ადამიანებს, ვისაც, ითვლება, რომ ლოცვის შესახებ აქვთ გარკვეული ცოდნა, მაგრამ დამაკმაყოფილებელი რჩევა არავისგან მიმიღია. და ვიფიქრე, რომ თქვენ, ვინც ალბათ ჯერ არაფერი იცით, შესაძლოა, შემთხვევით რაღაც გამოსადეგი მითხრათ". ეს ძალიან უიმედო დასაწყისი იყო! მაშინ ვკითხე: "რაში მდგომარეობს თქვენი პრობლემა?" მან მომიგო: "აი, უკვე თორმეტი წელია, გამუდმებით ვიმეორებ იესოს ლოცვას და ღვთის მყოფობა არასოდეს განმიცდია". და მე მაშინ ნამდვილად სრული უბრალოებით ვუპასუხე ის, რაც გავიფიქრე: "თუ თქვენ გამუდმებით იმეორებთ, ღმერთმა სიტყვის ჩართვა როდისღა მოასწროს?!" "აბა, როგორ მოვიქცე?" - კვლავ მკითხა მან და მე მივუგე: "დილით, ნასაუზმევს მიბრძანდით თქვენს ოთახში, დაალაგეთ ის, სავარძელი მოხერხებულად დადგით, ისე, რომ მის ზურგს უკან დარჩეს ყველა ბნელი კუთხე, რომელიც ყოველთვის არის ხანშიშესული ქალის ოთახში და სადაც უცხო თვალისაგან მიმალული საგნებია მიყრილი. აანთეთ კანდელი ხატის წინ და შემდეგ ოთახში მიმოიხედეთ. ურბალოდ იჯექით, ირგვლივ იყურეთ და შეეცადეთ, დაინახოთ, სად ცხოვრობთ, იმიტომ რომ, დარწმუნებული ვარ, თუ თქვენ ბოლო თოთხმეტი წლის განმავლობაში გამუდმებით ლოცულობთ, დიდი ხანია, თქვენს ოთახს ვეღარ ამჩნევთ. შემდეგ აიღეთ საქსოვი და თხუთმეტი წუთის განმავლობაში ქსოვეთ ღვთის წინაშე, მაგრამ ლოცვის თუნდაც ერთი სიტყვის წარმოთქმასაც კი გიკრძალავთ და შეეცადეთ, დატკბეთ თქვენი ოთახის სიჩუმით".

მან იფიქრა, რომ ეს დიდად ღვთისმოსაური რჩევა არ იყო, მაგრამ გადაწყვიტა - ეცადა. რამდენიმე ხნის შემდეგ მოვიდა ჩემთან და მეუბნება: "იცით, გამომდის!" მე ვკითხე: "რა გამოგდით?" ძალიან მაინტერესებდა, როგორ იმუშავა ჩემმა რჩევამ. იგი ამბობს: "გავაკეთე ისე, როგორც მითხარით: ავდექი, დავიბანე, დავალაგე ოთახი, ვისაუზმე, დავბრუნდი, დავრწმუნდი, რომ ირგვლივ არაფერია ისეთი, რაც ამაღელვებს, შემდეგ სავარძელში მოვეწყვე და ვიფიქრე: ოჰ, რა საოცარია! ჩემს წინაშე მთელი 15 წუთია, როდესაც არაფერი არ უნდა გავაკეთო და ამის გამო თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ! შემდეგ ირგვლივ მიმოვიხედე და პირველად, მრავალი წლის განმავლობაში, აღმოვაჩინე, რა მყუდრო ოთახი მქონია. სარკმელი ბაღში იყურება, ოთახი მოსახერხებელია, საკმაოდ ფართოა ჩემთვის და იმ ნივთებისთვის, წლების მანძილზე რომ დამიგროვდა... და მე ისეთ სიმშვიდეს განვიცდიდი, იმიტომ, რომ ოთახი ასე წყნარი იყო. საათი წიკწიკებდა, მაგრამ მისი ხმა არაფერს უშლიდა, მხოლოდ ხაზს უსვამდა სიწყნარეს. ცოტა ხნის შემდეგ გამახსენდა, რომ ღვთის პირისპირ უნდა მექსოვა, საქსოვი ავიღე და სულ უფრო და უფრო მეტად შევიგრძნობდი სიწყნარეს. ჩხირები სავარძლის სახელურებთან შეხებაზე ჩხაკუნობდა, საათი მშვიდობიანად წიკწიკებდა, არაფერი ასაღელვებელი და დამძაბველი არ იყო. და მე თანდათანობით მივხვდი, რომ ეს სიჩუმე უბრალოდ ხმაურის არარსებობა კი არ არის, არამედ (როგორც მან თქვა) მას "სიმკვრივე აქვს". ანუ სიჩუმეს ჰქონდა სიმკვრივე, შემცველობა და მან თანდათან ჩემში ჩაღვრა დაიწყო, გარსშემორტყმული სიჩუმე ჩაედინებოდა ჩემში და იქ არსებულ სიჩუმეს უერთდებოდა". და ბოლოს მან თქვა რაღაც ძალიან ლამაზი, რასაც მოგვიანებით ფრანგ მწერალ ჟორჟ ბერნანოსისთან შევხვდი: "უცებ მე ვიგრძენი, რომ ეს სიჩუმე არის ვიღაცის მყოფობა; და ამ სიჩუმის გულისგული არის იგი, ვინც თავადაა სიჩუმე, თავადაა მშვიდობა, თავადაა ჰარმონია".

ამის შემდეგ მან კიდევ ათიოდე წელი იცხოვრა და ამბობდა, რომ ყოველთვის შეუძლია იპოვოს სიჩუმე, როდესაც თვითონაა ჩუმი და მშვიდი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მან ლოცვა მიატოვა, არამედ იმას, რომ მან შეძლო, გარკვეული ხნის განმავლობაში შეენარჩუნებინა ეს ჭვრეტითი უშფოთველობა. შემდეგ მას უკვე გონება ეფანტებოდა და ისევ სიტყვიერ ლოცვას მიმართავდა, ვიდრე გონება კვლავ სიმშვიდესა და მდგრადობას მოიპოვებდა და მაშინ იგი კვლავ ჩვეულ უშფოთველობას უბრუნდებოდა. ძალიან ხშირად შეიძლება, ეს ჩვენც გამოვცადოთ, თუ იმის მაგიერ, რომ ვიფაციფუცოთ და რაღაც "ვაკეთოთ", შევძლებთ, უბრალოდ ვთქვათ: "აქ, ჩემთან ღმერთი იმყოფება. რა სიხარულია! მოდი, გავჩუმდები".

ერთი ფრანგი კათოლიკე მღვდლის ცხოვრებაში არის ასეთი მონათხრობი: მოხუცი გლეხი უძრავად ზის ეკლესიაში მთელი საათების განმავლობაში. მღვდელი ეკითხება: "რას აკეთებ ამდენ ხანს?" და იგი პასუხობს: "მე ვუცქერ მას, ის კი - მე... და ისე კარგად ვართ ერთად!"

ამას შეიძლება მიაღწიო, მაგრამ რაღაც დონეზე სიჩუმე უნდა შეგეძლოს. დაიწყე სიტყვიერი მდუმარებიდან, ემოციების დამშვიდებიდან, უშფოთველი აზრებიდან და ხორციელი სიმყუდროვიდან. მაგრამ დიდი შეცდომა იქნება, თუ წარმოვიდგენთ, რომ ძალა შეგვწევს, დავიწყოთ უმაღლესი წერტილიდან - გონებისა და გულის უშფოთველობიდან.

ენის გაჩუმებით უნდა დაიწყოთ, სხეულის უშფოთველობიდან - უნდა ისწავლოთ, რომ იყოთ უძრავად, დაუძაბავად, ოცნებასა და უძლურებაში არ ჩავარდეთ, არამედ, ერთი წმინდანის სიტყვით რომ ვთქვათ, გამუდმებით ვიოლინოს სიმებივით იყოთ, ისე აწყობილი, რომ სწორი ხმა გამოსცეთ: არც იმდენად დაჭიმული, რომ უეცრად გაწყდეთ და არც ისეთი მოშვებული, რომ მხოლოდ ზუზუნს გამოსცემდეთ.

და როდესაც ამით დაიწყებთ, თქვენ უნდა უსმენდეთ სიჩუმეს, სრულ სიმშვიდეში იმყოფებოდეთ; და შეიძლება, ვიდრე წარმოგიდგენიათ, იმაზე გაცილებით ადრე ახდეს გამოცხადების წიგნის სიტყვები: "აი, მე ვდგავარ კართან და ვაკაკუნებ"...

ანტონ სუროჟელის წერილის მიხედვით
ბეჭდვა
1კ1