ვინც თავის ხილვებზე დამშვიდებულად საუბრობს და ასკვნის, რომ ისინი ღვთისგანაა, უეჭველად ცდება
ვინც თავის ხილვებზე დამშვიდებულად საუბრობს და ასკვნის, რომ ისინი ღვთისგანაა, უეჭველად ცდება
ხიბლის სათავე ამპარტავნების ცოდვაა. ხიბლში ყოფნა სულის ყალბი, მოჩვენებითად ეკლესიური მდგომარეობაა , როდესაც ადამიანი თავს სულიერ ნიჭთა სიმრავლეს მიაწერს და ჰგონია, რომ განსაკუთრებულია. ხიბლიდან ფანატიზმამდე, შეიძლება ითქვას, რომ ერთი ნაბიჯია. ზოგჯერ ხიბლში მყოფი ადამიანი გარეგნულად დიდ ღვაწლს იღებს საკუთარ თავზე, გაძლიერებულად მარხულობს, ლოცულობს, ხშირად ხიბლში მყოფი იწყებს წარმოსახვას იმისა, რომ ხედავს უფალს, ღვთისმშობელს, ანგელოზებს, თავში მოსდის ერთი შეხედვით შთამბეჭდავი იდეები და ჰგონია, რომ ღმერთი კარნახობს. მიიჩნევს, რომ თვით შემოქმედმა აირჩია ის, რათა ადამიანებს მისი პირით ამცნოს ჯერ უთქმელი. სწორედ ამაზე ამბობს წმინდა ათანასე გრიგორიატელი: ,,ვინც თავის ხილვებზე დამშვიდებულად საუბრობს და ასკვნის, რომ ისინი ღვთისგანაა, უეჭველად ცდება".

ფანატიზმი (ლათ. ფანატისმუს) - გახელებული, უკიდურესობამდე მიყვანილი მიმდევრობა რაიმე რწმენისა ან შეხედულებისა; ნებისმიერი სხვა, მაგალითად, რელიგიური მოსაზრებების შეუწყნარებლობა. ფანატიზმი საკუთარ თავზე ორიენტირებული სულიერი სიამაყეა, რწმენა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი აზრის მართებულობისა და არა ჭეშმარიტებისა.

რელიგიის მიმართ შინაგანად გულგრილი ადამიანები, რომლებიც ქრისტიანობას მხოლოდ ტრადიციულად მიეკუთვნებიან, წმინდა მართმადიდებლობის ურყევ მხარდამჭერებს აღიქვამენ ფანატიკოსებად. არ შეიძლება ჭეშმარიტ მორწმუნეს "ფანატიკოსი" ვუწოდოთ. "ფანატიკოსი" თავის თავს მიენდობა, ჭეშმარიტი მორწმუნე ნებას თავის თავს არასოდეს მიანდობს: "ფანატიკოსი" ყველას იძულებს გარდა თავისი თავისა, ჭეშმარიტ მორწმუნეს კი ყველა უყვარს; "ფანატიკოსი" ყოველ ადამიანში ცუდის დანახვას ცდილობს, ჭეშმარიტი მორწმუნე კი ყოველ ადამიანში ღვთის ხატებას ხედავს.

ქრისტიანობა გვასწავლის: სიყვარული არს ღმერთი. სიბრძნის გარეშე სიყვარული ფანატიზმია, ხოლო სიბრძნე სიყვარულს გარეშე ბოროტებაა. თუ სიყვარული და სიბრძნე ჰარმონიულია, მაშინ რწმენა თავისთავად შემოდის მასში. ღმერთის სიყვარული გულში ბადებს ეჭვიანობის გრძნობას. ღმერთის გამო ეჭვიანობა არის უსიამოვნების, მწუხარების გრძნობა. თუ გვესმის ღვთის სახელის ძაგება, ის არის მისწრაფება იმისკენ, რომ ღვთის დიდება გავრცელდეს ადამიანებში, ის არის სიხარული, რომელსაც განვიცდით ღვთის წინაშე ჭეშმარიტი მოწიწების ხილვისას. რელიგიურ ეჭვს არა აქვს ისეთი მძიმე ზემოქმედება სულზე, როგორიც ხორციელ ეჭვიანობას. ეს უკანასკნელი შურისა და ღვარძლის შედეგია, პირველი კი მოყვასის კეთილდღეობისაკენ მისწრაფებაა. მაგრამ, სამწუხაროდ, რელიგიური ეჭვიანობა შეიძლება შეცდეს, ისევე როგორც ცდება ადამიანის ყველა სხვა გრძნობა, მხოლოდ იმ დამღუპველი შედეგით, რომ ამ გრძნობის შერყვნა ხშირად ბადებს სულში საშინელ მოვლენას - ფანატიზმს. ფანატიზმი არ შეიცავს თავის თავში არაფერს ისეთს, რაც ჭეშმარიტ ქრისტიანულ გრძნობათა მსგავსია. საერთოდ, მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა).

როგორც ხედავთ, ხიბლმა შესაძლოა ისეთ უკიდურესობამდეც კი მიგვიყვანოს, როგორიც ანტიმართლმადიდებლობაა.

დაბოლოს, გვახსოვდეს, ნუ ვუწოდებთ ბრმად "ფანატიკოსს" იმ ადამიანს რომელიც მორწმუნეა, ნუ შეგვშურდება მისი რწმენისა, ნუ შევაფასებთ მის რწმენას, მხოლოდ ღმერთმა უწყის მისი რწმენის სიმართლე.
ბეჭდვა
1კ1