სიყვარულის წერილები...
სიყვარულის წერილები...
სრულიად ახალგაზრდები იყვნენ გალაკტიონ ტაბიძე და ოლია ოკუჯავა, როცა ერთმანეთი გაიცნეს და ვიდრე დაქორწინდებოდნენ, მრავალი დაბრკოლების გადალახვა მოუხდათ. არც შემდეგ არგუნა მათ განგებამ ტკბილი ცხოვრება. ოლია ორჯერ გადაასახლეს პოლიტიკური მოსაზრებით: პირველად - 1929-1932 წლებში შუა აზიაში, ხოლო მეორედ - 1937 წელს. ამჯერად უკან აღარ დაბრუნებულა, გადასახლებაში დაასრულა სიცოცხლე - 1941 წლის 11 სექტემბერს დახვრიტეს ორიოლიდან 10 კმ-ის დაშორებით, მედვედევის ტყეში. ამ ფაქტმა სულიერად გატეხა გალაკტიონი.

საარაკო იყო მათი სიყვარული. ოლია უაღრესად განათლებული, პოეტური ქალი გახლდათ, შესანიშნავად იცოდა გალაკტიონის ფასი, როგორც პოეტისა და პიროვნებისა.

ეს ოლიას უკანასკნელი წერილია:

"ჩემო ძვირფასო, ჩემო უგონო სიყვარულო!

აი, მიიღე ჩემგან ეს მინდვრის ყვავილები. ისინი ნორGებია და უტყვი, მაგრამ მაინც თავდავიწყებით მოისწრაფვიან შენსკენ.

ჩემო ძვირფასო, ყოველდღიურად გადავცემ შენს მოკითხვებს ჰაერის ტალღებს. გესმის?

ხო, მე არ ვიღებ შენს წერილებს. ო, მე მიყვარს დუმილი, მაგრამ რარიგ ძნელია მთელი სიცოცხლე ესაუბრო დუმილს. არ გსაყვედურობ. არ არის საჭირო. მაინც მოგწერ და მოგწერ ბარათებს, სანამ ცხოვრების ქარიშხალი სამუდამოდ არ დამიხუჭავს თვალებს.

ო, დღევანდელი დილა იყო ვარდისფერი, ვარდისფერი. მზემ სისხამზე ვარდებით მოფინა თოვლი, თოვლიც ვარდისფერი იყო. ასეთი დიდებული ვარდისფერი ჯერ არ მინახავს არც ბუნებაში, არც ხელოვნებაში.

ამ ვარდისფერ ტონებში გაბრწყინდა, აკიაფდა ვარდისფერი ფიქრები. მომაგონდა შენი "იისფერი თოვლი". ოი, როგორ ფეიერვერკებად ტრიალებენ, ეხვევიან ერთურთს ოცნებათა ვარდისფერი და იისფერი ტონები. და როგორ ეწვიოს მათ ადამიანის სულის სწრაფვა, ადამიანის ფიქრი, გრძნობა იმისა, დიადი და მიუწვდომელი რომ აქციოს მისაწვდომი, ხელშესახები, რათა დამკვიდრდეს მთელ ქვეყანაზე ბედნიერება, რამეთუ ადამიანი იმსახურებს ამას!

ჩემო ძვირფასო, ძვირფასო გალკ!

ირგვლივ ყინულის ლოლუები ბრჭყვიალებენ და ალმასებად იცრემლებიან. მაშ, ახლოა გაზაფხული!

გაზეთში წავიკითხე, რომ მანდ, შენთან, საქართველოში, თბილა. 20-25 გრადუსია სითბო. თესვა დაიწყო, აყვავდა ნუში და ა.შ.

დამიკოცნე მაგ გაზაფხულის ფერადოვანი შემობიჯება!

ჩემო ძვირფასო! ტიტანური ძალით მინდა, რომ მოგეხვიო. ეხ, შეგხვდები კი ოდესმე?! მაგრამ შორს ეს ფიქრები - ეს დემონი ჩემი სულისა!

ძვირფასო ჩემო, ნაღვლობენ, დარდობენ, ხელობენ ოცნებანი შენზე.

შინ ყოფნა მინდა, მორჩა და გათავდა!!!

თითქოს დავკარგე ყველაფრის იმედი.

ძვირფასო გალკ, გული მეწურება, გული მძვინვარებს - უნდა შეიტყოს შენი ჯანმრთელობის, შენი ცხოვრების ამბავი, გკოცნით, გკოცნით შენ და შენს ქმნილებებს.

ვიგონებ რიონს, რომლის ნაპირზეც არაერთხელ გვისაუბრია მდინარის ნაზ GურGულში, რომელიც ერთვოდა მთვარის სხივების ციმციმს, ტალღებს...

ძვირფასო, უკვე მიჭირს წერილის მოწერა. რა ვქნა? ძალიან მიჭირს, მშვიდობით!

შენი ოლია
მას შენ გაგიჟებით უყვარხარ!
1 მარტი, 1941"
ბეჭდვა
1კ1