ქრისტიანობა და მსოფლიო რელიგიები
ქრისტიანობა და მსოფლიო რელიგიები
23. ათეიზმი: ფოიერბახი და მარქსი
შესავალი
ათეიზმი (ბერძ. a - უარყოფა და theos - ღმერთი) - ფილოსოფიური სისტემა ან მეცნიერებას მიმსგავსებული თეორიაა , რომელიც ცდილობს დაამტკიცოს ღმერთის არარსებობა. ძველად ათეისტებს უწოდებდნენ მათ, ვინც უარს ამბობდა საზოგადოების მიერ აღიარებული ღმერთების მსახურებაზე. მაგალითად, სოკრატე ქადაგებდა ათენელთათვის უცხო ღმერთს, მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, როგორც ათეისტს. მსგავსად ათეისტებისა ისჯებოდნენ ქრისტიანებიც, რომლებიც კერპებს მსხვერპლს არ სწირავდნენ. მხოლოდ მოგვიანებით ათეიზმის როგორც ტერმინის მნიშვნელობა გავრცელდა საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელიც უარყოფდა ღმერთის არსებობას. დროთა განმავლობაში ზოგიერთ ტოტალიტარულ ქვეყანაში ათეიზმი ოფიციალურ იდეოლოგიად დამკვიდრდა და სასწავლებლებში მისი სწავლება სავალდებულო გახდა. დღეისათვის ადამიანთა გარკვეული ნაწილი ცდილობს დაინახოს ათეიზმი, როგორც თავისუფალი ცხოვრების წესი. იმის საფუძველზე, რომ ათეისტურ აზროვნებას სერიოზული გავლენა აქვს ადამიანების პირად ან საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, აუცილებელია ობიექტურად გამოვიკვლიოთ და პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ მას.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ:

* რაზე ამბობენ ათეისტები უარს: ცოცხალი ღმერთის არსებობაზე თუ მის შესახებ ჩვენს წარმოდგენაზე? ღმერთზე, რელიგიაზე თუ ერთდროულად ორივეზე?

* რაში მდგომარეობს ათეიზმის საფუძვლები?

ათეისტური სწავლების ისტორიაში ღმერთი და რელიგია ნაჩვენებია, როგორც გონის, ბუნების, ადამიანის თავისუფლების შემზღუდველი სოციალური ბოროტება. შესაბამისად, ათეიზმისათვის ეს თეზა განიხილება ფილოსოფიურ, მეცნიერულ, საზოგადო და ასევე პირადულ ჭრილში. პიროვნული მიზეზებიდან გამოიყოფა: ეგოიზმი, უმეცრება, უზნეო ცხოვრების წესი. ამ მიზეზებიდან გამომდინარე ათეისტური აზროვნება თავისი მოძღვრების განსამტკიცებლად აყალიბებს საჭირო არგუმენტებს.

* რა შედეგი მოაქვს ათეიზმს პირად და საზოგადო ცხოვრებაში? როგორია ქრისტიანობის პასუხი?

იმისათვის, რომ ვუპასუხოთ ამ კითხვებს, საჭიროა გავეცნოთ ოთხ შედარებით პოპულარულ ათეისტურ მიმდინარეობას. ისინი წარმოიქმნა XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის პირველ ნახევარში და გარკვეულწილად დღესაც არ კარგავს აქტუალობას.

ესენია:

* ჰუმანისტური ათეიზმი – მისი მთავარი წარმომადგენელი იყო ლუდვიგ ფოიერბახი

* სოციალურ-პოლიტიკური ათეიზმი – კარლ მარქსი

* ანტიმორალური ათეიზმი – ფრიდრიხ ნიცშე

* ფსიქოანალიტიკური ათეიზმი – ზიგმუნდ ფროიდი

ფოიერბახის ჰუმანისტური ათეიზმი
მოკლე ბიოგრაფია
ლუდვიგ ფოიერბახი (1804-1872) ახალი დროის ათეიზმის დამფუძნებლად და ბევრი თანამოაზრის, მათ შორის: მარქსის, ფროიდისა და ნიცშეს სულისჩამდგმელად ითვლება. ფოიერბახი, ცნობილი გერმანელი იურისტის შვილი, მონათლული იყო კათოლიკურად, თუმცა აღიზარდა პროტესტანტული პრინციპებით. სურდა გამხდარიყო მოძღვარი და 1823 წელს ქალაქ ბონში შეუდგა ღვთისმეტყველების შესწავლას. მომდევნო წელს გადავიდა ბერლინში, სადაც გაიტაცა ჰეგელის ნაშრომებმა და გადაწყვიტა საფუძვლიანად შეესწავლა ფილოსოფია. საბოლოოდ ფოიერბახი ჩამოყალიბდა როგორც რელიგიის კრიტიკოსი, ათეისტი. მან დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და ერლანგენის უნივერსიტეტში ფილოსოფიის პედაგოგი გახდა, თუმცა მალევე მისი ფილოსოფიურ-რევოლუციური იდეების გამო აღნიშნული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ფოიერბახი სიკვდილამდე ამ იდეების ერთგული დარჩა.

ფოიერბახის სწავლება ღმერთის, რელიგიისა და ქრისტიანობის შესახებ
ღმერთისა და ქრისტიანობის უარყოფის შემდეგ ფოიერბახის ინტერესის ცენტრში ადამიანი მოექცა. სწორედ ამიტომაც თვლიან მას ჰუმანისტად. მისი იდეები ლაკონიურად ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: ფილოსოფიის ამოსავალი წერტილი არის ადამიანი, მაგრამ არა განმარტოებული, არამედ როგორც მთლიანობის ნაწილი, ერთიანი, რეალური, მთელი თავისი სხეულითა და გრძნობებით. ფოიერბახის აზრით: "ღვთის შემეცნება ადამიანის თვითშემეცნებაა". ყოველი ჩვენი სიტყვა ღვთის შესახებ (თეოლოგია) სინამდვილეში სიტყვაა ადამიანის შესახებ (ანთროპოლოგია). პიროვნების ღმერთზე შეხედულებები ასე ყალიბდება: "ის, რაც არ გააჩნია ადამიანს, არის ღმერთი; ის, რაც ადამიანს სურს რომ იყოს, წარმოუდგენია ღმერთად". საწყისი, ცენტრი და სასრული ყოველი რელიგიისა თავად ადამიანია.

რელიგია არის ადამიანის მიერ საკუთარი თავის თაყვანისცემა, მაგრამ ეს თაყვანისცემა მიმართულია საკუთარი პროექციის გარეთ. ამის შედეგი ადამიანის სიღატაკე და უუნარობაა. როდესაც პიროვნება ხდება რელიგიური, იგი გამოეყოფა თავის ჭეშმარიტ არსს და ამ არსს ღმერთს მიაკუთვნებს. ასე ქმნის ადამიანი მდიდარ ღმერთს და თვითონ შინაგანად გამოფიტული და გაძარცული ხდება.

კითხვაზე: "რა უნდა გავაკეთოთ?" – ფოიერბახი გვპასუხობს: "ღმერთი და ადამიანი უნდა გახდეს ერთარსი, ანუ მხოლოდ ადამიანი. ამავე დროს ფოიერბახი თვლიდა, რომ რელიგია მაინც საჭიროა და გვთავაზობდა, ადამიანური სიყვარული რელიგიად გვექცია. "ადამიანისათვის ადამიანი არის ღმერთი" - ამიტომაც ზოგიერთი მკვლევარი მის სისტემას ანთროპოთეიზმს უწოდებს.

ფოიერბახის შეხედულებათა შეფასება
ფოიერბახის მოსაზრებები რელიგიის შესახებ არადამაჯერებელია. სინამდვილეში ადამიანისათვის ბუნებრივია, თავისი მისწრაფება და მოთხოვნილება რწმენაში გამოხატოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ამტკიცებს ღმერთის არსებობას ან არარსებობას, ჩნდება კითხვა: რომელ ლოგიკაზე დაყრდნობით უარყოფს ფოიერბახი ღმერთს, ანუ იმას, რისკენაც ადამიანი ისწრაფვის და რაზედაც ორიენტირებს? სხვაგვარად რომ ვთქვათ: თუ ადამიანს არ სწამს ღმერთი, ეს არ ნიშნავს, რომ ის არ არსებობს.

ზოგიერთი ადამიანი სხვადასხვა პირადული მიზეზის გამო უარყოფს ღმერთს. რატომ არ შეიძლება ფოიერბახის ლოგიკის გამოყენებით ჩაითვალოს, რომ ათეიზმი მხოლოდ ამ ადამიანთა სურვილის გამოხატულებაა და სინამდვილეში დავასკვნათ, რომ ღმერთი არსებობს?

გარდა ამისა, ფოიერბახი არ გვაძლევს დამაკმაყოფილებელ პასუხს კითხვაზე: თუ არ არსებობს არანაირი ღვთაებრივი ძალა, მაშინ საიდან გაუჩნდა ადამიანს წარმოდგენა მის შესახებ და მისი არსებობის მოთხოვნილება? ელემენტარული ლოგიკის გამოყენებით, ფოიერბახის სქემა ასე გამოიყურება: "ღმერთი და რელიგია ადამიანის სურვილების და მიზნების პროექციაა" - გვესახება დაუსაბუთებელ განცხადებად, რომელიც არ წარმოადგენს ათეისტური აზროვნების სისწორის მტკიცებულებას.


ბეჭდვა
1კ1