"დაარღვიეთ ეს ტაძარი და მე მესამე დღეს აღვადგენ მას"
"დაარღვიეთ ეს ტაძარი და მე მესამე დღეს აღვადგენ მას"
წმინდა წერილი მოგვითხრობს, რომ როდესაც თავისი მქადაგებლობის დასაწყისში იესო ქრისტე პირველად ავიდა იერუსალიმში, მოახლოებული იყო პასექის დღესასწაული. ტაძარში შესულმა მაცხოვარმა ნახა, რომ მოვაჭრეებს დიდი ვაჭრობა ჰქონდათ გამართული ღვთის სახლში. ჰყავდათ გასაყიდი ხარები, ცხვრები, მტრედები და ა.შ. სხვები ცვლიდნენ უცხოურ ფულს ებრაულში. უამრავი გადამყიდველი, მაგიდები ფულით, შესაწირი პირუტყვები, ვაჭრობა, კამათი, მოტყუება, უთანხმოებები... ყოველივე ეს სოლომონის ტაძრის სტოას ამსგავსებდა ხმაურიან ბაზარს. იესომ გააკეთა საბლის შოლტი და ყველანი ტაძრიდან გამორეკა ხარებითა და ცხოველებითურთ; ფულის დამხურდავებლებს დახლები წაუქცია და ფული დაუფანტა. მტრედების გამყიდველებს უთხრა: "გაიყვანეთ ესენი აქედან და სახლსა მამისა ჩემისასა ნუ აქცევთ სავაჭრო სახლად" (ინ. 2.16). იერუსალიმის ტაძარში ქრისტემ იმგვარი სიმკაცრე გამოავლინა, როგორსაც არასდროს აჩენდა - მაშინაც კი, როდესაც შეურაცყოფდნენ, ლანძღავდნენ. მან უბრალო სიტყვებიც კი არ იკმარა, არამედ შოლტით განდევნა ისინი. იუდეველები კი ბრალს სდებდნენ და არ ინდობდნენ იესოს მაშინაც კი, როდესაც იგი სიკეთეს სჩადიოდა; ხოლო აქ, როდესაც ისინი თითქოსდა უნდა განერისხებინა მის ამგვარ საქციელს, სხვაგვარად ეპყრობიან: არც გმობენ და არც შეურაცხყოფენ.Aრამედ რას ამბობენ? "რა სასწაულით დაგვიმტკიცებ ჩვენ, რომ შენ გაქვს უფლება, ასე მოიქცე?" (ინ. 2.18) ანუ იუდეველები სასწაულს სთხოვენ იესოს, მოითხოვენ, რომ მან სასწაულთა აღსრულებით დაამოწმოს, რომ ამგვარი მოქცევის უფლება აქვს. ეს კი დიდი უგუნურებაა! მათ სასწაული სჭირდებათ იმისთვის, რათა ავ საქმეს დაეხსნან და ღვთის სახლის შეურაცხყოფა შეწყვიტონ! მაგრამ იესო მათ სასწაულს არ აჩვენებს, მხოლოდ ეუბნება: "დაარღვიეთ ეს ტაძარი და მე მესამე დღეს აღვადგენ მას". იგი ბევრ რამეს ამბობდა ისეთს, რაც მაშინდელი მსმენელისთვის გაუგებარი რჩებოდა და მხოლოდ მომავალში შეიძლებოდა გამხდარიყო გასაგები. იესო ქრისტე ამბობდა თავისი სხეულის ტაძარზე, ესე იგი, როცა თქვენ მომკლავთ, დაარღვევთ ჩემს სხეულს (ღვთის ტაძარს), მე მესამე დღეს აღვდგებიო. განსაკუთრებით ამაში ჩანს ქრისტეს ღვთაებრივი ძალა. გაკვირვებულმა იუდეველებმა ვერ გაიგეს მისი სიტყვები და მიუგეს, ეს ტაძარი 46 წელი შენდებოდა და სამ დღეში როგორ აღადგენო. მაცხოვარს არ განუმარტავს ნათქვამი. მაშინ არც მოწაფეებმა იცოდნენ, მკვდრეთით რომ უნდა აღმდგარიყო იგი. ეს იმიტომ, რომ მათზე ჯერაც არ გადმოსულიყო სულიწმინდის მადლი, ამიტომაც მხოლოდ ერთმანეთში განსჯიდნენ იესოს სიტყვებს. მაცხოვრის აღდგომის შემდეგ კი მოციქულებს გაახსენდათ იერუსალიმის ტაძარში ნათქვამი სიტყვები და მაშინღა ჩასწვდნენ მის არსს.
ბეჭდვა
1კ1