ქრისტიანობა და მსოფლიო რელიგიები
ქრისტიანობა და მსოფლიო რელიგიები
20. ადამიანისა და სამყაროს მომავალი
ხვალინდელი დღის საიდუმლო
რა გველის მომავალში? რა ელის სამყაროს? ეს კითხვები ყოველთვის აწუხებდა ადამიანს. იმისთვის, რომ გააზრებულად ვიცხოვროთ და ვიმოქმედოთ დღეს, ჩვენთვის აუცილებელია ვიცოდეთ, ჩვენ და ჩვენს საქმიანობას რა მოელის ხვალ, რომ არ ვიყოთ დარწმუნებული იმაში, რომ ხვალინდელი დღე გათენდება, არ გავაკეთებდით იმის დიდ ნაწილს, რასაც ჩვეულებისამებრ ვაკეთებთ. და მაინც, ხვალინდელი დღე ყველასთვის არ თენდება, ადამიანების ნაწილი ყოველდღიურად ტოვებს სიცოცხლეს. ყველა ცივილიზაცია და ყველა ხალხი ცდილობდა ჩასწვდომოდა სიკვდილის საიდუმლოებას: სად მიდის ადამიანი და როგორ ემზადება ამ წასვლისთვის. მხოლოდ თანამედროვე ცივილიზაციის ტიპური წარმომადგენელი, რომელიც მთელ ენერგიას ხარჯავს იმისთვის, რომ კომფორტულად იგრძნოს თავი ამ ქვეყანაზე, იგნორირებას უკეთებს სიკვდილის თემაზე საუბარს და ისეთ პოზიციას იკავებს, თითქოს სიკვდილი საერთოდ არ არსებობდეს.

სიკვდილის შიშისგან თავის დაღწევის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშუალება არის - რეინკარნაციის რწმენა, ანუ რწმენა უკვდავი სულის გადასახლების შესახებ. ასეთი რწმენის ფესვები მოდის ინდუიზმიდან. ამ რელიგიის თანახმად, ადამიანის გარდაცვალების შემდეგ მისი სული ახალ სხეულში გადასახლდება და უსასრულოდ განაგრძობს ცხოვრებას. ერთ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ადამიანის სხეული, ხოლო სხვა შემთხვევაში - ცხოველის ან რაიმე საგნის. ინდოელებისათვის ასეთი პერსპექტივა შიშის მომგვრელია, მაგრამ რაც არ უნდა საოცარი იყოს, ამქვეყნიურ ყოფას მორგებული ევროპელებისათვის ეს პერსპექტივა სასურველი გახდა.

ქრისტიანობა ამბობს, რომ ადამიანი ცოცხლობს მხოლოდ ერთხელ და არანაირი სულის რეინკარნაცია არ არსებობს. პავლე მოციქული წერს: "...ადმიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი, მერე კი განკითხვა" (ებრ. 9:27). სულის გადასახლების რწმენა დაგმობილ იქნა V მსოფლიო კრების მიერ.

ქრისტიანთათვის გარდაუვალი სიკვდილის ტრაგიკული განცდა უცხოა. რწმენის სიმბოლოში ნათქვამია: "მოველი აღდგომასა მკვდრეთით: და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნესა" (ანუ მომავალი ცათა სასუფევლის დასამკვიდრებლად).

ქრისტეს აღდგომა - ჩვენი აღდგომის საწინდარია
როდესაც იესო ქრისტე ჯვარზე გაკვრის შემდეგ გარდაიცვალა, მისი სული ჩავიდა ჯოჯოხეთში, სადაც ადამის ცოდვის დაცემის შედეგად ყველა ადამიანი ხვდებოდა, რადგან მათთვის სამოთხის კარი დაკეტილი იყო. ჯოჯოხეთმა ვერ აიტანა ღვთის შვილის იქ ყოფნა და განადგურდა. ყველა ის ადამიანი, რომელიც სიხარულით შეხვდა იესო ქრისტეს, გათავისუფლდა ჯოჯოხეთისგან. სწორედ ამ მიზეზით მოკვდა იესო ქრისტე, რომ შებრძოლებოდა სიკვდილს და დაემარცხებინა იგი, ხოლო როდესაც დაამარცხა სიკვდილი, იესო აღსდგა. მან დედამიწაზე მხოლოდ კვართი დატოვა. მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე, იმის დასტურად, რომ ის არ იყო მოჩვენება, ხშირად ეცხადებოდა თავის მოწაფეებს, მათთან ერთად ტრაპეზობდა და ნებაც კი დართო მოციქულ თომას, ხელით შეხებოდა მას, რათა საბოლოოდ დაერწმუნებინა მასწავლებლის, ღმერთის აღდგომაში.

იესო ქრისტეს მეშვეობით სიკვდილი დამარცხდა, ამიტომაც ყოველი ჩვენგანი აღსდგება ისევე, როგორც ის და სამარადჟამოდ ვიცხოვრებთ მასთან ერთად მომავალ ცხოვრებაში. ეს გაცხადდა ქრისტიანთათვის, ეს შეიცნეს მათ ქრისტეში და ამის რწმენა აქვთ სამარადჟამოდ.

მოგონება სიკვდილის შესახებ
საყოველთაო აღდგომის მოლოდინში ქრისტიანები საჭიროდ თვლიან, არ დაივიწყონ სიკვდილიც. სიკვდილის, სულის სხეულისგან განცალკევების და შემდეგ მის ღმერთთან შეხვედრაზე ფიქრი ეხმარება ადამიანს ნაკლებად იფიქროს იმ საკითხებზე, რომლებიც განაშორებს ღვთისგან.

სულის შეხვედრა მასთან, ვისი შემეცნებაც და სიყვარულიც ამ ცხოვრებაში ადამიანს არ უნდოდა, არ მოუტანს მას სიხარულს. ხოლო სხეულთან განშორება, თუ სული მხოლოდ მისი მატერიალური კეთილდღეობისთვის ცხოვრობდა, მას ტანჯვას მოუტანს. ქრისტიანთათვის სიკვდილისთვის მომზადება ნიშნავს ღვთის წინაშე წარსადგომად მომზადებას, მაგრამ თუ ჩვენ ჭეშმარიტად გვიყვარს უფალი, მაშინ ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ მასთან შესახვედრად.

მეორედ მოსვლა
როდის მოხდება საყოველთაო აღდგომა? ეს მოხდება იმ წამსვე, როდესაც იესო მეორედ მოვა დედამიწაზე. ამჯერად - მთელი თავისი ღვთაებრივი ბრწყინვალებით. ქრისტე ამბობს: "...მოვა დრო, როცა ყველა, ვინც წევს საფლავში, მოისმენს მის ხმას. და ამოვლენ კეთილის მოქმედნი აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს სიცოცხლე, ბოროტის მოქმედნი კი - აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს განკითხვა" (იოან. 5:28-29), ხოლო მოციქული პავლე იმის შესახებ, რაც მისთვის გაცხადებული იყო ღვთისგან, ამბობს: "ვინაიდან თვით უფალი, მბრძანებლური სიტყვით, მთავარანგელოზის ხმობითა და ღვთის საყვირის ხმით, გადმოვა ზეცით, და პირველნი აღდგებიან ქრისტეში განსვენებულნი. შემდეგ კი ჩვენც, ცოცხლად შთენილთაც, აგვიტაცებენ ღრუბლებს ზემოთ, რათა ჰაერში შევეგებოთ" (1 თეს. 4:16-17).

KARIBCHE


ამ ყველაფერთან ერთად რწმენის სიმბოლოში განცხადებულია: "მრწამს... ერთი უფალი იესო ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა... რომელი ჩვენთვის, კაცთათვის, და ჩვენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმინდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა. და ჯუარს ეცვა ჩუენთვის კაცთათვის პონტოელისა პილატესზე და ივნო, და დაეფლა. და აღსდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა. და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა. და კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევასა არა არს დასასრულ... მოველი აღდგომასა მკუდრეთით. და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ". იესო ქრისტეს თანამედროვენი ფიქრობდნენ, რომ მეორედ მოსვლის ჟამი იქნებოდა მათ ცხოვრებაში, თუმცა უფალს სურდა, რომ თავდაპირველად მის შესახებ შეეტყო მთელ ქვეყანას, რათა მათ ჰქონოდათ თავისუფალი არჩევანის საშუალება. იესო ქრისტე წინასწარმეტყველებს: "და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელ ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული" (მათ. 24:14).

ქვეყნიერების აღსასრული
იესო ქრისტემ ჩვენი დიდი სიყვარულიდან გამომდინარე განგვიცხადა, თუ რა ბედი ეწევა კაცობრიობას და მთელ ქვეყნიერებას. ამ სამყაროს აქვს დასასრული. ეს სამართლიანია, რადგან ამ ქვეყანაზე სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს უფალს - ქრისტეს - და ამ ქვეყანაზე ყოველ წუთს ურიცხვი ადამიანი თავისი საქციელით უარყოფს ღმერთს. იესო ქრისტეს მიმართ გამოტანილი განაჩენით ამ ქვეყანამ საკუთარ თავს გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი. როგორ შეძლებს კაცობრიობა არსებობას, თუ უარყოფს სიცოცხლის წყაროს - ღმერთს?

დროთა განმავლობაში ეს უარყოფა უფრო და უფრო აშკარა ხდება. ხალხს მეტად უყვარდება ბოროტება, ცოდვა. ის, რაც თავის დროზე ცოდვად ითვლებოდა, თანდათან მისაღებია და ცხოვრების ნორმად იქცევა. "და ურჯულოების მომრავლების გამო მრავალში განელდება სიყვარული", - ამბობს იესო ქრისტე (მათ. 24:12).

როგორც ჩანს, ქვეყნის დასასრულის წინაპირობა მსოფლიოს ყველა ქვეყნის პოლიტიკური გაერთიანება იქნება. ხოლო შემდეგ ადამიანები მოინდომებენ რელიგიურ ერთიანობასაც, თუმცა არა ღმერთში. ერთი იდეის ან პიროვნების გარშემო კაცობრიობის სულიერი გაერთიენების მცდელობები ისტორიის მანძილზე არაეთხელ მომხდარა: "მრავალი ცრუწინასწარმეტყველი აღდგება და აცდუნებს მრავალს" (მათ. 24:11).

ანტიქრისტე
ქვეყნიერების აღსასრულის წინ იქნება ეშმაკის ბოლო მცდელობა - რაც შეიძლება მეტი ხალხი განუდგეს ღმერთს. მოციქული პავლე წერს, რომ ისეთი ადამიანის გამოჩენა, რომელიც საკუთარ თავს ღმერთს უწოდებს და ამავე დროს მოახდენს სატანის დახმარებით სასწაულებს, იმისათვის, რომ გაუჩინოს ხალხს თავისი რწმენა - იქნება ქვეყნიერების აღსასულის მოახლოების ნიშანი. ასეთ ადამიანს ბიბლიაში ანტიქრისტეს უწოდებენ, იგი თავს ქრისტედ გაასაღებს.

იმისათვის, რომ ადამიანებმა გამოიცნონ ანტიქრისტე და არ გაჰყვნენ მას, ქრისტე აფრთხილებს თავის მოწაფეებს: "მაშინ თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან კიდევ იქო, ნუ ერწმუნებით. რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი, და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშნებს, რათა აცდუნონ, თუკი შეძლეს, თვითონ რჩეულნიც. აჰა წინასწარ გაუწყეთ თქვენ. ასე რომ, თუ გეტყვიან: აჰა, უდაბნოშიაო, ნუ გახვალთ; და, აჰა, თავის სენაკშიაო, ნუ ერწმუნებით. ვინაიდან როგორც ელვა იელვებს აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც" (მათ. 24:23-27).

მეორედ მოსვლის ჟამი
მიუხედავად იმისა, რომ იესო ქრისტემ ზედმიწევნით აღწერა და მიუთითა მეორედ მოსვლის ჟამის ნიშნები, მას არ დაუკონკრეტებია ზუსტი დრო, თუ როდის მოხდება ეს. მეტიც, მან თქვა, რომ "...ის დღე და ის საათი არავინ იცის: არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ" (მათ. 24:36).

უფალს ასევე არ დაუზუსტებია ქვეყნის აღსასრულის დღე, რადგან როგორც სიკვდილი შეიძლება ყოველ წამს ეწვიოს ადამიანს და ეს მისთვის ამქვეყიური ცხოვრების დასასრული იქნება, ისე ნებისმიერ წუთს შეიძლება მოხდეს ქვეყნიერების აღსასრული, ამიტომ თითოეული ჩვენგანი ყოველთვის სულიერად მომზადებული უნდა იყოს ამისთვის. ზუსტად უნდა გვახსოვდეს, რომ ბიბლიაში არსად არ არის მითითებული ქვეყნიერების აღსასრულის თარიღი. ყველა ის ადამიანი, ვინც შეეცდება გამოიკვლიოს ზუსტი დრო და თარიღი, ან ყური დაუგდოს სხვადასხვა ჭორს და მით უმეტეს თვითონ შეატყობინოს სხვას ეს თარიღი, არღვევს ღვთის ნებას, რომელიც განუცხადებელია ჩვენთვის ქრისტეს მეორედ მოსვლამდე. ჩვენ ამ დღისთვის ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ. ამის შესახებ უფალი ამბობს: "მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი. ესეც გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, ფხიზლად იქნებოდა და ძირს არ გამოათხრევინებდა თავისი სახლისათვის" (მათ. 24:42-43).

საშინელი სამსჯავრო
იესო ქრისტეს მეორედ მოსვლას საშინელ სამსჯავროს ეძახიან, რადგან საბოლოოდ გაირკვევა, ვის უყვარდა ჩვენ შორის უფალი და ვის - არა. მასთან შეხვედრა, ვინც გიყვარს, ყოველთვის სასიხარულოა, მაგრამ არ იქნება ეს შეხვედრა სასიხარულო იმ ხალხისთვის, ვინც ბოროტებით, უსამართლობით, ეგოიზმით იცხოვრა, ვინც არ გაუხსნა თავისი გული უფალს სიყვარულისთვის, სამართლიანობისთვის, ჭეშმარიტებისათვის. სამსჯავროს შესახებ იესო ქრისტე ამბობს: "სასჯელი კი ისაა, რომ ნათელი მოვიდა ქვეყნად, მაგრამ ხალხმა უფრო შეიყვარა ბნელი, ვიდრე ნათელი, ვინაიდან ბოროტნი იყვნენ მათი საქმენი. რადგანაც ყველა ბოროტმოქმედს სძულს ნათელი და არ მიელტვის ნათელს, რათა არ გამჟღავდნენ მისი საქმენი. სიმართლის მოქმედი კი მიელტვის ნათელს, რათა გაცხადდნენ მისი საქმენი, ვინაიდან ღმერთში არიან ქმნილნი" (იოან. 3:19-21).

სამწუხაროდ, ისინი, ვინც აირჩია ბნელი, ვერ შეძლებს ნათელთან ზიარებას, მაშინ როდესაც ის მოეფინება მთელ სამყაროს და სამუდამოდ დაამარცხებს ბნელს. ბნელეთის მსახურნი ვერსად შეაფარებენ თავს, რადგან ყველგან გამეფდება ქრისტეს ნათელი და ეს ცხოველისმყოფელი და მარადიული ნათელი სამუდამო მტანჯველი იქნება დაღუპულთათვის, მათ ნებით თქვეს უარი ქრისტეს სიყვარულზე და იესო ქრისტე თავის სიყვარულს არავის მოახვევს თავს.


სამყაროს აღსასრულისა და მეორედ მოსვლის ნიშნებია:
* მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი იქნება წმინდა წერილი

* ანტიქრისტე დაეპატრონება მსოფლიოს



იესო ქრისტეს მეორედ მოსვლისას:

* იქნება ელვა, რომელსაც დაინახავს ყველა დედამიწაზე მცხოვრები ადამიანი

* დამთავრდება ანტიქრისტეს ბატონობა

* აღდგება ყველა მიცვალებული და იმ დროისათვის ყველა ცოცხალი ადამიანის სული გარდაისახება

* მთელი მსოფლიო შეიცვლება ახალი მიწითა და ახალი ცით

* დაიწყება საშინელი სამსჯავრო



მეორედ მოსვლის შემდეგ იწყება ახალი ცხოვრება, ღვთის სასუფეველი, რომელშიც მამა ღმერთთან, ძე ღმერთთან და სულიწმინდასთან ერთად იცხოვრებს ყოველი, ვისაც მიიღებს კვლავ მოვლენილი სამართლიანი და მოწყალე მხსნელი, "რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ".

შენიშვნა: "კარიბჭის" წინა ნომერში სტატიაში "ქრისტიანობა და მსოფლიო რელიგიები" შეცდომით იყო ციტატა მათეს სახარებიდან. ეს ციტატა უნდა იკითხებოდეს ასე: "ვინაიდან უღელი ჩემი ამოა და ტვირთი ჩემი - მსუბუქი" (მათე 11.30). შენდობას ვითხოვთ ამ შეცდომისთვის.
ბეჭდვა
1კ1