ქრისტიანობა და მსოფლიო რელიგიები
ქრისტიანობა და მსოფლიო რელიგიები
არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ: "ჩვენ ვცხოვრობთ მხოლოდ ბიბლიით, ის ღვთისგანაა და ყველაფერი, რაც ეკლესიაშია - მღვდლების მიერ არის მოგონილიო". მართლაც, თუ ბიბლიაში არის ყველაფერი, რაც ადამიანისთვის აუცილებელია, მაშინ რაღა საჭიროა ეკლესია? ასეთი მოსაზრება შეძლება გარკვეული თვალსაზრისით სწორადაც მოგვეჩვენოს, რადგან არ ვიცით კარგად, თუ რა დაგვიტოვა იესო ქრისტემ.

რა დაგვიტოვა იესო ქრისტემ
ხალხი, რომელიც თვლის, რომ გადარჩენა შესაძლებელია მხოლოდ ბიბლიური ცხოვრების წესით, ფიქრობს, რომ ქრისტემ მათ მხოლოდ თავისი სწავლება დაუტოვა, რომელიც შეადგენს კიდეც წმინდა წერილს. მხოლოდ წმინდა წერილით ცხოვრება არ ნიშნავს, რომ ადამიანი ჭეშმარიტი ქრისტიანია.

ადამიანი, რომელიც მთელი თავისი არსით ეკლესიურად ცხოვრობს, ძალიან კარგად აცნობიერებს, რომ ქრისტეს ჩვენთვის მხოლოდ სწავლება არ დაუტოვებია, ქრისტემ დაგვიტოვა განსაკუთრებული ცხოვრების წესი - ცხოვრება სულიწმინდის მადლით. ქრისტეს მიერ გადმოცემულ მადლს შეუძლია ადამიანი ღმერთამდე აამაღლოს (უფრო კონკრეტულად ამ თემაზე საუბარია მომდევნო თავში). ვერც ერთი სწავლება ვერ მისცემს ადამიანს ახალ ცხოვრებას, ეს შესაძლებელია მხოლოდ იმიტომ, რომ ეკლესია ინახავს წმინდა გადმოცემას და იესო ქრისტეს მიერ დამკვიდრებულ ცხოვრებას თაობიდან თაობას გადასცემს.

წმინდა გადმოცემა - ცხოვრება იესო ქრისტეში
იმას, თუ როგორ და რა სახით გადაეცემა თაობიდან თაობას ახალი ცხოვრება, უწოდებენ წმინდა გადმოცემას. წმინდა გადმოცემაში ეკლესია გულისხმობს იმას, რაც მიღებულია იესო ქრისტესა და მოციქულებისგან და თაობებით გადაეცემა შთამომავლობას. ეს გადმოცემა არის იესო ქრისტეში ცხოვრება.

საეკლესიო გადმოცემა შეიძლება შევადაროთ ადამიანის კულტურას, რომელიც გადაეცემა მომავალ თაობებს აღზრდისა და ყოველდღიური ცხოვრების წესის საშუალებით. ადამიანი, რომელიც სრულიად მოკლებულია ამ კულტურას, არ ითვლება სრულყოფილად. ასევე ის, ვინც გაიგებს ქრისტეზე მხოლოდ წიგნებიდან (თუნდაც ბიბლიიდან) და სხვისი მონათხრობიდან და არ გაიცნობს ქრისტეს როგორც ცოცხალ ეკლესიას, შეუძლებელია იყოს ქრისტიანი.

როგორ გადაიცემა წმინდა გადმოცემა
ჩვილი დაბადებისთანავე ექცევა იმ განსაკუთრებული ყოფითი კულტურის ატმოსფეროში, რომელიც განსხვავებულია ცხოველურისგან, ის თავისდაუნებურად შეიმეცნებს, რომ ადამიანია. ასევეა წმინდა საეკლესიო გადმოცემაც, რომელიც ეხმარება ადამიანს, თავისი ცხოვრებითა და აზროვნებით გახდეს ქრისტიანი - იყოს ღმერთისგან ხელდასხმული და თავისი ყოფიერებით განსხვავდებოდეს სხვა ადამიანებისაგან.

ძნელია ჩამოთვალო ყოფითი კულტურის ყველა ის ელემენტი, რომელსაც ჩვილი ითვისებს მშობლებისგან თუ საზოგადოებისგან და რომელიც ეხმარება მას გახდეს საზოგადოების სრულყოფილი წევრი, პიროვნება. ასევე რთულია წმინდა საეკლესიო გადმოცემაში განსაზღვრო ყველა მისი შემადგენელი ელემენტი.

კულტურის გადაცემის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საშუალება არის ენა, ამიტომაც მნიშვნელოვანია ბავშვმა ისწავლოს მეტყველება და საუბრის აღქმა, ეს ეხმარება მას სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში. საზოგადოდ, პიროვნება მაშინ არის სრულფასოვანი, როდესაც საზოგადოებასთან ურთიერთობით იმკვიდრებს თავს. ასევეა წმინდა გადმოცემაც, ის ცოცხლობს იმ ურთიერთობაში, რომლის მოქმედი გმირებიც არიან ადამიანები და ღმერთი, ასეთი ურთიერთობა ხორციელდება ლოცვის დროს, ამიტომაც წმინდა გადმოცემის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ლოცვის გამოცდილების გაზიარება.

წერილობითი და ზეპირი გადმოცემა
კულტურაში განასხვავებენ დაწერილ (სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურა, მატიანე, კანონები და ა.შ.) და დაუწერელ ნორმებს (ქცევის, ჩაცმულობის, ტრადიციისა და ა.შ.). ასევეა დაწერილი და დაუწერელი გადმოცემები. დაწერილ გადმოცემებს განეკუთვნება უპირველეს ყოვლისა ბიბლია - წმინდა წერილი, აგრეთვე: მრწამსი, მსოფლიო და ადგილობრივი კრებების გადაწყვეტილებები, ტექსტები, რომლის მიხედვითაც ვლოცულობთ შინ თუ ტაძარში, წმინდა მამების წერილები და ა.შ. დაუწერელ გადმოცემებს განეკუთვნება საეკლესიო წეს-ჩვეულებები და ტრადიციები, ღვთისმსახურებისა და ქრისტიანული ცხოვრების წესები, საეკლესიო ხელოვნება, საგალობლები, ხატწერა, სატაძრო არქიტექტურა და ა.შ.

ყველაზე მთავარი, რაც გადაეცემა თაობიდან თაობას და რაც არ შეიძლება იყოს ჩაწერილი, ეს არის მადლი და ღმერთთან და ღმერთში მადლმოსილი ცხოვრება.

წმინდა გადმოცემა
წმინდა გადმოცემა არის მხოლოდ ის, რაც წარმოიშვა უფლისა და ადამიანების ურთიერთობით. ასეთი თანაზიარობის ნაყოფი მადლმოსილია და შთაგონებულია სულიწმინდისგან, ამიტომაც წმინდა მამების წერილები, ღვთისმსახურება, ხატები და ყველაფერი ის, რაც ჭეშმარიტი გადმოცემაა, მადლშესხმულია და გადმოსცემს ეკლესიის არსს.

როდესაც ადამიანი თვითნებურად ქმნის რაიმეს ღმერთის შესახებ, თვითონვე სწამს ამის და შემდეგ მის კვალს რამოდენიმე ქრისტიანიც გაჰყვება, იქმნება წმინდა გადმოცემიდან გამოყოფის საშიშროება. ადამიანების ამგვარ ქმედებას ერესი ეწოდება. მოციქული პავლე წერს: "მაგრამ ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს" (გალ. 1:8).

წმინდა გადმოცემა მხოლოდ ერთია
აქედან ხდება ნათელი, რომ გადმოცემა საუკუნეების მანძილზე არ იცვლება. ის თავის არსში არ ირღვევა, არ იზრდება და არ მცირდება. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ თავად ღმერთია უცვლელი. წმინდა გადმოცემა გარეგნულად მრავალფეროვანია, სისრულეა და სავსებაა, ეს არის წმინდა მამების წერილები, კავშირი ნაციონალურ თავისებურებებთან და ისტორიასთან მიმართებით საეკლესიო ტრადიციებისა და ხელოვნების ცვალებადობა. ყველაფერი ეს მეტყველებს იმაზე, რომ წმინდა გადმოცემის შინაარსი (ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობა) შესაძლოა გამოვლინდეს სხვადასხვა ფორმაში. ყოველ ჯერზე ეკლესია თავის შინაარს გადმოსცემს კონკრეტულ დროში და კონკრეტული ხალხისთვის გასაგებ ენაზე.

ეკლესიას სწამს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაქრება ბიბლია და ქრისტიანობის ყველა წიგნი, ის არ დადგება გამოუსწორებელი კატასტროფის წინაშე, რადგან სულიწმინდის დახმარებით, რომელიც ეკლესიაში სუფევს, კვლავ შეიქმნება ყველაფერი, რაც აუცილებელია და ეს შესაძლებელია განსხვავებული სიტყვებით იყოს დაწერილი, მაგრამ შინაარსობრივად იგივე იქნება.

გადმოცემა და ეკლესია
ეკლესიის შესახებ მრწამსში ნათქვამია "მრწამს... ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკელესია". ეკლესია ერთია, რადგან ერთია ქრისტე და ერთია ზიარება. ქრისტიანული საზოგადოებები, რომლებიც არ მონაწილეობენ ერთიან ზიარებაში, იმყოფებიან ეკლესიის გარეთ. ეკლესია წმინდაა, რადგან ის არის ქრისტეს წმინდა სხეული.

ეკლესია კრებითია და საზოგადოა, რადგან ყველა ქრისტიანულ თემში ეკლესია თავისი სისრულით არის წარმოდგენილი, რამეთუ მასშია ღმერთი, რომელიც არც მეტი შეიძლება იყოს და არც ნაკლები. ეკლესია არის სამოციქულო, რამეთუ მასში დაუნჯებული მადლი ხელდასხმის საშუალებით გადაეცემა.

ეკლესიის ყველა ეს თავისებურება ახასიათებს წმინდა გადმოცემასაც. წმინდა გადმოცემა ერთია, რადგან მისი შინაარსი არ იცვლება. ის წმინდაა, რამეთუ მადლიანი და უცოდველია, ის საყოველთაოა, რადგანაც თითოეული ადამიანი სრულად ხედავს ღვთაებრივ ცხოვრებასა და ჭეშმარიტებას. მოციქულთა გადმოცემის საწყისად მიჩნეულია ის, რაც ქრისტესგან მიიღეს და გადმოგვცეს მოციქულებმა.
ბეჭდვა
1კ1