მნიშვნელოვანია ის სულიერი განწყობილება, რითაც თავად მოწყალება აღესრულება
მნიშვნელოვანია ის სულიერი განწყობილება, რითაც თავად მოწყალება აღესრულება
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.

ღმერთმა გაკურთხოთ, გაგაძლიეროთ!

განვაგრძოთ ცხრა ნეტარების შესახებ საუბარი. ოთხ ნეტარებაზე უკვე ვისაუბრეთ.

ვინც ნეტარების ოთხივე პირობა აღასრულა და ნეტარების მეხუთე მუხლამდე ამაღლდა, მაშინ იგი უფლისაგან წყალობის მიღებასთანაც ძალიან ახლოს დგას: "ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალენ" (მათ. 5:7).

დღეს სწორედ ღმერთისაგან ჩვენი შეწყალების პირობაზე - მოწყალებაზე ვისაუბროთ. ვნახოთ, რას მოიცავს იგი, როგორ განიმარტება წმიდა წერილში მოწყალების არსი, რათა ეს ყოველივე გავითავისოთ, გავითვალისწინოთ და ჩვენი მოწყალება ამ სულიერი პრინციპის მიხედვით აღვასრულოთ.

წმიდა წერილში მოწყალების შესახებ მრავალი მითითება გვაქვს. მოწყალების ყველაზე დიდი ნიმუში და მაგალითი თავად მაცხოვარია. იგი მოწყალებას ყველა მთხოვნელისადმი უხვად გასცემს: ფიზიკურ თუ სულიერ სნეულს კურნავს, გაჭირვებულს აპურებს და მიცვალებულებსაც კი აღადგენს. მისთვის, როგორც ღმერთისთვის, შეუძლებელი არაფერია. ყველაფერს სითბოთი და სიყვარულით გასცემს. ჩვენ არ ვართ ღმერთნი, მაგრამ მოწოდებულნი ვართ მისი მსგავსებისკენ, ამიტომ უნდა ვეცადოთ, მოწყალებაშიც მივემსგავსოთ უფალს.

რა არის თავად მოწყალება? რას მოიცავს იგი? მოწყალება შეგვიძლია ორ ნაწილად დავყოთ: გარეგნულ - ფიზიკურ და შინაგან - სულიერ მოწყალებად.

ფიზიკური მოწყალების მნიშვნელობასა და სახეს თავად იესო ქრისტე გვასწავლის; საყოველთაო განსჯისას ზეციური მეუფე ამგვარად მიმართავს მის მარჯვნივ მყოფ ცხვრებს: "მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქუენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაით. რამეთუ მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და მასუთ მე; უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ, და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ, და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ, და მოხუედით ჩემდა" (მათ. 25:34-36). მართალ ადამიანებს გაუკვირდებათ და ჰკითხავენ: "როდის გნახეთ ასეთ მდგომარეობაში?" ის კი მათ პასუხობს: "რაოდენ უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ" (მათ. 25:40).

განა ქრისტეს სჭირდება ჩვენი წყალობა? ან როდის არის შიშველი, მწყურვალი და სნეული? იგი ამ სიტყვებით მიგვანიშნებს, რომ ჩვენი წყალობა ჩვენსავე მსგავს ადამიანებს სჭირდებათ; როდესაც თქვენსავე მსგავსს ამა თუ იმ სიკეთეს აღუსრულებთ, მაშინ ჩემთვის აკეთებთო.

სულიერი მოწყალება უფრო სიღრმისეულია და ადამიანთათვის სულიერი სარგებლის მინიჭებას გულისხმობს. წმიდა წერილი სულიერი მოწყალების სახეებსაც წარმოგვიდგენს: ურწმუნოს მოქცევა და მისი ღმერთის გზაზე დაყენება: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი" (მათ. 28:19); ჭეშმარიტებისაგან შემცდარი ქრისტიანის მობრუნება: "ძმანო, უკუეთუ ვინმე თქუენ შორის შესცთეს ჭეშმარიტებისაგან და, თუ ვინმე მოაქციოს იგი, უწყოდენ, რამეთუ რომელმან მოაქციოს ცოდვილი გზისაგან საცდურისა მისისა, იხსნეს სული თვისი სიკუდილისაგან და დაფაროს სიმრავლე ცოდვათაი" (იაკ. 5:19-20); მწუხარეთა ნუგეშინისცემა: "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და განგისუენო თქუენ" (მათ. 11:28); ასევე, სულიერი მოწყალების სახეა სხვისი ბოროტების დავიწყება და ბოროტების წილ სიკეთის მიგება. ჯვარცმული მაცხოვარი ამის მაგალითს გვაძლევს: "მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან" (ლუკ. 23;34); კიდევ ერთი, განსაკუთრებული სახე სულიერი მოწყალებისა მოყვასისთვის ლოცვაა: "ამისთვის ჩუენცა, ვინაით დღითგან გუესმა, არა დავსცხრებით თქუენთვის ლოცვითა და თხოვითა, რაითა აღივსნეთ მეცნიერებითა ნებისა მისისაითა, ყოვლითა სიბრძნითა და გულისხმის-ყოფითა სულიერითა" (კოლ. 1:9).

ამრიგად, გარეგნული და შინაგანი მოწყალების მრავალი განსხვავებული სახე არსებობს. მათი დაწვრილებით ჩამოთვლა და განხილვა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც ის სულიერი განწყობილება, რითაც თავად მოწყალება აღესრულება.

ამ საკითხს ნათელს მოჰფენს სახარებისეული კეთილი სამარიტელის იგავი. გახსოვთ ქრისტეს მიერ მოთხრობილი ეს იგავი, როდესაც სამარიტელი კაცი გზაზე ავაზაკებისაგან გაძარცვულ და ნაცემ ადამიანს ნახავს. მანამდე ამ გზაზე მღვდელმა და ლევიტელმა გაიარეს, მათ კი ყურადღება არ მიაქციეს მას. სამარიტელებს არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა იუდეველებთან, მან დაინახა, რომ დაუძლურებული კაცი იუდეველი იყო და მიუხედავად ამისა წამოაყენა, ზეთითა და ღვინით უმკურნალა, თავის სახედარზე შემოსვა, უახლოეს სასტუმროში წაიყვანა, დააბინავა, სასტუმროს პატრონს ფულიც გადაუხადა და უთხრა, თუ კიდევ რამე დასჭირდეს, ყველაფერი მოახმარე და იმასაც გადაგიხდიო. ამის შემდგომ ეს სამარიტელი კაცი წავიდა და განეშორა მათ. ალბათ ისინი აღარც შეხვდებოდნენ ერთმანეთს. ამ იგავით მაცხოვარი ნამდვილი სიკეთისა და მოწყალებას სახეს გვიჩვენებს. მოწყალე ადამიანს უკან მიღების, დაბრუნების მოლოდინი აღარ უნდა ჰქონდეს. ვისაც დაბრუნების მოლოდინი აქვს, ის შინაგანად შფოთავს, რითაც დიდ უხერხულობას ქმნის.

ამრიგად, მოწყალების წესი - ყოველგვარი მიწიერი მოლოდინის გარეშე აღსრულებაა. ჩვენ სხვანაირად ვიქცევით: სიკეთეს მას ვუკეთებთ, ვისაც ჩვენს მიმართ აქვს აღსრულებული. თუ მოწყალებას პირველნი ჩვენ გავცემთ, მაშინ ვფიქრობთ, ახლა მან უნდა დამიბრუნოსო; თუ არ დაგვიბრუნებს, ვშფოთავთ, მე დავეხმარე, გაჭირვებაში ხელი გავუწოდე, თვითონ კი არ უნდა სიკეთის წილ სიკეთე მომაგოსო. ეს არ არის მოწყალება.

მაცხოვარი სხვა ადგილას გვასწავლის: "ხოლო შენ რაჟამს ჰყოფიდე ქველის საქმესა, ნუ სცნობნ მარცხენა შენი, რასა იქმოდის მარჯვენა შენი, რაითა იყოს ქველის საქმე ფარულად, და მამაი შენი, რომელი ხედვიდეს დაფარულთა, მიგაგოს შენ ცხადად" (მათ. 6:2-4). როგორც ვხედავთ, სიკეთე დაფარული უნდა იყოს სხვისთვისაც და თავად ჩვენთვისაც, ანუ უნდა დავივიწყოთ, რათა დაიფაროს.

წმიდა წერილი, გარდა კეთილი სამარიტელის მაგალითისა, მრავალ სხვა დარიგებასაც გვაძლევს მოწყალებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მათგანია იგავი უმადურ მოვალეზე: ერთ ადამიანს მეფის დიდძალი ვალი ემართა, რომლის გადახდაც არ შეეძლო. მეფე მიხვდა, რომ ვერ შეძლებდა იგი ვალის დაბრუნებას, აპატია და დაუსჯელად გამოუშვა. მეფისგან წამოსულს გზაზე თავისი მოვალე შეხვდა, რომელსაც ძალიან მცირე ვალი ჰქონდა მისი, მაგრამ უაღრესად ღატაკი იყო და ვერ ახერხებდა დაბრუნებას. იმის მაგივრად, რომ ამ ღარიბი ადამიანის მიმართ მასაც სიკეთე გამოეჩინა, საპყრობილეში გამოკეტა. ეს რომ მეფის მოხელეებმა გაიგეს, ყველაფერი მეფეს მოახსენეს. მეფე ძალიან განრისხდა, მოაყვანინა უმადური მოვალე და საკადრისი სასჯელი დააკისრა. ამ იგავს მაცხოვარი შემდეგი სიტყვებით ასრულებს: "ეგრეთცა მამამან ჩემმან ზეცათამან გიყოს თქუენ, უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცად-კაცადმან ძმასა თვისსა ყოვლითა გულითა თქუენითა ცთომაი მათნი" (მათ. 18:35).

ჩვენც ხშირად ვიქცევით ამგვარად; ტაძარში მოვდივართ, ღმერთისგან აურაცხელი ცოდვების შენდობას ვითხოვთ, ერთმანეთს კი არაფერს ვპატიობთ. ვიცოდეთ, ღმერთი მოყვასისადმი უპატიობის გამო დაგვსჯის, რადგან ის იქნება შეწყალებული, ვინც თავად არის მოწყალე.

როგორც ვხედავთ, მოწყალებას ცხონების თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ნეტარების ამ ცხრა სულიერ მარგალიტში მოწყალების საკითხი ზუსტად შუაში აღმოჩნდა. ის ერთგვარი საპირწონეა. ვინც ამ სათნოებას შეიძენს, შემდგომში გულის სიწმინდე და ღმერთის ხილვა (მე-6 ნეტარება) ელის, ხოლო ვინც ამ სულიერ კიბეს ვერ გადალახავს, იგი არ იქნება შეწყალებული, ვინაიდან მანამდე მაცხოვრის სწავლება საკუთარი თავის შეცნობას, მისგან გამოწვეულ მგლოვარებას, სხვისადმი განუკითხველობასა და სიმართლის ძიების წყურვილს შეეხება. მაგრამ თუ თავად არ გავხდით მოწყალენი, ზემოთ აღნიშნული სულიერი საფეხურები შეწყალების პირობას მაინც ვერ გვაძლევს.

აი, ღმერთის ბრძნული კანონი; რაოდენ დამაფიქრებელი და ჭკუის სასწავლებელია; როგორ ფაქიზად და ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ ამ სათნოებას. მასზეა დამოკიდებული ჩვენი მარადიული ხვედრი. ამიტომ შევეცადოთ, კიდევ უფრო ღრმად ჩავწვდეთ მის შინაარს. მოწყალეა ის, ვინც თავისას და თავისგან გასცემს: ქონებას, სითბოს, ყურადღებას, მზრუნველობას; ვინც სხვისთვის იმეტებს და თავის თავს აკლებს ან არც აკლებს; ვინც თავმოყვარეობას, ამ ყოველგვარი ცოდვისა და ვნების სათავეს, უარი განუცხადა და სხვისადმი სიყვარულს მიელტვის. ადამიანები ხომ ასე ვფიქრობთ: ყველაფერი ჩვენთვის გვინდა, სხვისთვის არ გვემეტება, მხოლოდ ვინც გვიყვარს, იმას ვეხმარებით. მაგრამ ძირითადად შვილების მიმართ ვართ მოწყალენი, რადგან გვიყვარს ისინი. შვილს უკან არაფერს ვთხოვთ. თუკი სხვას ვეხმარებით, მაშინ სამაგიეროს ვითხოვთ. ადამიანი, რომელიც მოწყალებას სწავლობს, ამავდროულად სიყვარულსაც იძენს, რადგან თუ არ გვიყვარს, ვერც გულით მოწყალებას შევძლებთ.

ასე რომ, მოწყალებასა და სიყვარულს მჭიდრო კავშირი აქვთ. მოწყალე ადამიანი ნელ-ნელა მოსიყვარულეც ხდება.

კიდევ ერთი მაგალითი მოვიშველიოთ წმიდა მამათა ცხოვრებიდან, საიდანაც ნათლად ჩანს, რამხელა ძალა აქვს მოწყალებას. მაკარი დიდის დროს ალექსანდრიაში ცხოვრობდა ქალწული, სახელად მანონი. იგი ძალიან მდიდარი ოჯახიდან იყო. მართალია, შემდეგში მონაზონი გახდა, მაგრამ ფულის შეგროვება მაინც უყვარდა, რაც ჰქონდა, იმაზე მეტს ეძებდა. მაკარი დიდმა გადაწყვიტა, მისთვის გამოცდა ჩაეტარებინა და ასეთი რამ უთხრა:

"მე ორი დიდი ძვირფასი ქვა მომიტანეს, მათი ღირებულება ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ხუთას ოქროს მოითხოვენ. ვფიქრობ, ბევრად ძვირი უნდა ღირდეს ის ქვები".

ვერცხლისმოყვარე მანონი ფეხებში ჩაუვარდა წმიდა მაკარი დიდს, შეევედრა, მისთვის ეს ქვები მიეყიდა და ხუთასი ოქრო მისცა. მანონმა გაიფიქრა, თუ უფრო ძვირი ღირს, მოგება დამრჩებაო. გავიდა რაღაც ხანი. წმიდა მაკარი ბუმბერაზი პიროვნება იყო, ამიტომ მონაზონი ვერ უბედავდა, ქვების ამბავი მოეკითხა. ბოლოს, ერთი ხელსაყრელი შემთხვევისას, ჰკითხა ქვების შესახებ. წმიდა მამამ უპასუხა, რომ შეიძინა და მათი ნახვაც შესთავაზა. მანონი სიხარულით დაეთანხმა და გაჰყვა ბერს. მაშინ წმინდანმა ქალი მისივე ფულით მოწყობილ ჯერ ერთ თავშესაფარში მიიყვანა, სადაც ხეიბარი, ბრმა და დავრდომილი მამაკაცები ცხოვრობდნენ, შემდეგ ქალთა თავშესაფარში და უთხრა:

"თუკი შენთვის სასარგებლოა ჩემი ნამოქმედარი, ყველაფერი ასე დარჩეს, თუკი არა, წაიღე უკან შენი ფული".

მონაზონს გული შეუწუხდა, მაგრამ ბერს ვერაფერი უთხრა. იგი ისე დასევდიანდა, ლოგინად ჩავარდა და სასტიკად დაავადდა. ამ დროს თავად უფალმა მოიყვანა იგი გონს. მას ნათლით მოსილი ადამიანი გამოეცხადა და ცოდვილთა ჯოჯოხეთური სატანჯველები აჩვენა. მანონი შეძრწუნდა. მაშინ ნათლითმოსილმა უთხრა:

"ნუ გეშინია, ამ სატანჯველისაგან წმიდა მაკარიმ მაშინ გიხსნა, როდესაც ორი ძვირფასი ქვა გიყიდა, ისინი ხომ შენც იხილე?"

ამის შემდეგ მანონი გამოჯანმთელდა და არაჩვეულებრივად მოწყალე გახდა ღარიბთა მიმართ. ამრიგად, ეს მაგალითი მიგვითითებს, თუ რამხელა ძალა აქვს მოწყალებას. მოწყალე ადამიანი სულიერ საგანძურს აგროვებს ზეციურ სასუფეველში.

აი, ასეთია მოწყალების თვისება, საკმაოდ საინტერესო ახსნა აქვს მას, არა ჩვენეული, არამედ ღვთიური. ვინც გასცემს, უკან აღარ ელოდოს; ნურც დაიმახსოვრებს სიკეთეს, არამედ დაივიწყოს.

ასე რომ, ვეცადოთ, მოწყალენი ვიყოთ. ვინაიდან ღმერთი, რომელიც გვპირდება, ითხოვეთ და მოგეცემათო, ყველაფერს მოგვცემს. მაგრამ თუ მოწყალებას არ გამოვიჩენთ, სხვა რაც არ უნდა მოგვეცეს ღმერთისგან, ჩვენი შეწყალება - ზეციური სასუფეველი არ მოგვენიჭება, როგორც უმადური მოვალის იგავმა გვაჩვენა.

ღმერთმა გაკურთხოთ და გაგაძლიეროთ! ვიყოთ ისეთი მოწყალენი, როგორიც კეთილი სამარიტელი: "ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ".

ჩვენთან არს ღმერთი!
ბეჭდვა
1კ1