ქრისტიანობა და მსოფლიო რელიგიები
ქრისტიანობა და მსოფლიო რელიგიები
16. ბოროტების პრობლემა და მისგან თავის დაღწევა
ბოროტება, როგორც შედეგი, ცოდვით დაცემის შემდეგ კონკრეტულად პიროვნებისა და საზოგადოების ცხოვრებაზე აისახა.

ადამიანთა ბოროტმოქმედებანი
წმინდა ავგუსტინე ამბობს, რომ პირველი ადამიანების მიერ უფლის მცნების დარღვევამ ყველა სახის ბოროტმოქმედება მოიცვა: ამპარტავნება - ეს იმის მიზეზია, რომ ადამიანს გაუჩნდა სურვილი, უფრო მეტად საკუთარი თავის კუთვნილება გამხდარიყო, ვიდრე ღმერთისა; ღვთის რწმენის დაკარგვით ადამიანმა სიწმინდე შეურაცხყო; მან ჩაიდინა მკვლელობა, რადგან საკუთარი თავი მოკვდავად აქცია; ეშმაკთან ურთიერთობითა და მოლაპარაკებით ჩაიდინა ღალატი, ქურდობა და ანგარება, რადგან შელახა ადამიანის სპეტაკი სული.

შუღლის გაჩენა ადამიანებს შორის
ცოდვით დაცემამ, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ღვთისგან განშორებაა, ადამიანებს ურთიერთსიძულვილი და უფლის შიში მოუტანა. გავიხსენოთ, რომ ცოდვით დაცემის შემდეგ ადამი მაშინვე შეეცადა თავისი დანაშაული ევასთვის გადაებრალებინა. მოგვიანებით კი მათმა ერთ-ერთმა შვილმა მოკლა მეორე. მთელი კაცობრიობის ისტორია ნათლად ასახავს ადამიანების ურთიერთსიძულვილს. ღმერთთან განშორებამ ადამიანებს დააკარგვინა ერთიანობა და აიძულა, თავიანთ ინდივიდულიზმში ჩაკეტილიყვნენ. წმინდა ამბა დოროთემ ჩამოაყალიბა ეს ყველაფერი სქემის სახით: ღმერთი - არის წრის ცენტრი და რაც უფრო ახლოს არიან ადამიანები ამ ცენტრთან, მით უფრო მეტად ხდებიან ერთმანეთის ახლობლები, და პირიქით, რაც უფრო შორს არიან ღმერთისგან, უფრო მეტად სცილდებიან ერთმანეთს.

ქვეყნის მიმართ გაჩენილი სიძულვილი
შემოქმედთან განშორებამ ადამიანს, რომლის საქმეც ყოველი ხილულის ღმერთთან დაკავშირება იყო, შეაძულა ქვეყანა და იგი თვითონვე აღმოჩნდა მტრულ გარემოში. ადამიანი იძულებული შეიქნა საკუთარი თავის გადარჩენისათვის ბუნებასთან ბრძოლა დაეწყო. სწორედ ამ ბრძოლის შედეგად გაჩნდა თანამედროვე ტექნოკრატიული ცივილიზაცია. ასეთ ცივილიზაციამდე ადამიანი მიიყვანა სურვილმა, შეევსო თავისი ცარიელი, ღვთისგან განშორებული და ცოდვებით დამძიმებული სული. მეცნიერულ-ტექნიკური ცივილიზაციის გავლენის ქვეშ მცხოვრები თანამედროვე ადამიანი კარგავს თავის ინდივიდუალურ სახეს და ხდება მარიონეტი - დიდი საზოგადოებრივი მანქანის ნაწილი.

ბოროტებისაგან თავის გამოხსნის შეუძლებლობა
გასულ საუკუნეებში, როდესაც იწყებოდა მეცნიერულ-ტექნოლოგიური რევოლუცია და იქმნებოდა სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური თეორიები, ადამიანებმა დაიწყეს იმის დაჯერება, რომ საზოგადოება ტექნიკითა და მასში განხორციელებული პროგრესით დაამარცხებდა ბოროტებას და სამომავლო ცხოვრება იქნებოდა ბედნიერი.

ბოლო ასი წლის განმავლობაში მეცნიერებამ და ტექნიკამ მიაღწია ისეთ წამრატებებს, როგორზეც წინა საუკუნეში ვერც კი იოცნებებდნენ, მაგრამ ამაში ყველაზე მოულოდნელი ის იყო, რომ ტექნიკის საშუალებით ადამიანი უბედურების შეგრძნებისაგან ვერ გათავისუფლდა, პირიქით, სხვადასხვა სახის ტექნიკური მიღწევა კატასტროფების მიზეზადაც იქცა.

გაირკვა, რომ მატერიალური კათილდღეობის ზრდამ ადამიანთა ოჯახურ თანაცხოვრებაზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა. გაიზარდა დანგრეული ოჯახების რაოდენობა. მეცნიერება მიმართულია საბრძოლო და საომარი საშუალებების განვითარებისაკენ. ამან მსოფლიო განადგურების საშიშროების წინაშე დააყენა. თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიები (უპირველეს ყოვლისა ტელევიზია) გამოიყენება ადამიანის გონების მანიპულიატორად, მისი საშუალებით ძლიერდება ზეგავლენა ხალხის გემოვნებაზე, მოთხოვნილებებზე, აზროვნებასა და ცხოვრების მიზანზე. ბუნების განადგურებამ კაცობრიობა გლობალურ ეკოლოგიურ კრიზისამდე მიიყვანა. მედიცინის წარმატებები ვერ უმკლავდება დამღუპველ დაავადებებს, სიბერეს და რაც ყველაზე მთავარია - სიკვდილს.

შეიძლება კი ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვიფიქროთ, რომ ბოროტება დაუმარცხებელია? მისცა კი ღმერთმა ადამიანს რაიმე იარაღი მის დასამარცხებლად?

ათი მცნება - ბოროტებასთან ბრძოლის იარაღი
ქრისტეს შობამდე ბოროტებასთან საბრძოლველად ყველაზე ძლიერი იარაღი მოსეს კანონმდებლობა იყო. ეს გახლავთ ათ მცნებაზე აგებული ის კანონები, რომელიც სინას მთაზე მოსესათვის იქნა გაცხადებული:

1. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტელთა ქვეყნიდან, მონობის სახლიდან. არ გაიGინოთ Gემს გარდა სხვა ღმერთები.

2. არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ. არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო...

3. არ დაიფიცო ფუჭად უფლის, შენი ღვთის სახელი, რადგან დაუსჯელი ვერ გადაურGება მისი სახელის ფუჭად მოფიცარი.

4. გახსოვდეს შაბათი დღე, რომ წმინდა ჰყო იგი. ექვს დღეს იმუშავე, და აკეთე შენი საქმეები; მეშვიდე დღე კი უფლის, შენი ღვთის შაბათია, არა საქმე არ გააკეთო...

5. პატივი ეცი მამასა და დედას, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელიც უფალს, შენს ღმერთს მოუცია შენთვის.

6. არა კლა.

7. არა იმრუშო.

8. არა იქურდო.

9. არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი თვისტომის წინააღმდეგ.

10. არ ინდომო შენი თვისტომის სახლი, არ ინდომო შენი თვისტომის ცოლი, არც მისი ყმა, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი, არც არაფერი მისი ქონებიდან (გამ. 20:2-17).

კანონი პირველ რიგში იმ საზღვრებს მიუთითებდა, რომელისთვისაც ადამიანს არ უნდა გადაებიჯებინა, თუ, რა თქმა უნდა, ბოროტებისგან გათავისუფლება სურდა. ამ კრიტერიუმებით ადამიანის ცხოვრება კეთილისა და ბოროტის არა მისი პირადი შეხედულებების მიხედვით გარჩევას, არამედ ღვთის რწმენასა და სიყვარულში ყოფნას ნიშნავდა.

მეორე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია: ყველა ადამიანი, რომელიც ცდილობდა ზემოხსენებული მცნებების შესრულებას, გრძნობდა, თუ რამდენად იყო შელახული მისი სულიერება. ლაპარაკია იმ ფაქტზე, რომ უჭირდა სიკეთე და ადვილად ეგუებოდა ბოროტებას.

სინდისი - კანონი ყველასათვის
ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლის იარაღი ჩადებული იქნა ყველა ადამიანში, განურჩევლად სარწმუნოებისა და კანონების ცოდნისა. ყველა ნორმალურ ადამიანს აქვს რაღაც, რაც ეხმარება ცუდისა და კარგის გარჩევაში. ჩვენი სინდისი ყოველთვის გვიბიძგებს სიკეთისკენ და გვამცნობს ბოროტების შესახებ. მოციქული პავლე წერს: "...ვინაიდან როცა რჯულის არამქონე წარმართნი ბუნებრივად ასრულებდნენ რჯულს, მაშინ რჯულის არმქონენი თვითონვე არიან თავიანთი თავის რჯული. ისინი გვიჩვენებენ, რომ რჯულის საქმე გულისფიცარზე უწერიათ, რასაც მოწმობენ მათი სინდისი და მათი აზრები, რომლებიც ხან ბრალს სდებენ, ხან კი ამართლებენ ერთმანეთს" (რომ. 2:14-15).

მაგრამ არც სინდისს, არც კანონს არ შეეძლო ადამიანის გადარჩენა მთავარი ბოროტებისაგან - უკვე ცოდვილი სულის ხრწნადობისაგან. ადამიანების რწმენა, რომ მათ დამოუკიდებლად შეუძლიათ ებრძოლონ და დაამარცხონ ბოროტება, თავი დააღწიონ სიკვდილს, ძალიან ჰგავს ზღაპარს ბარონ მიუნჰაუზენის შესახებ, როდესაც მან საკუთარი თავი თმით ამოიყვანა ჭაობიდან.

მათთვის, ვინც ცდილობდა შეესრულებინა ღვთის მცნებები და გაჰყოლოდა სინდისის ხმას, ნათელი გახდა, რომ ადამიანის დახმარება მხოლოდ ღმერთს შეუძლია.
ბეჭდვა
1კ1