არსებობს მშვენიერი უთანხმოებაც და არსებობს დამღუპველი ერთსულოვნებაც
არსებობს მშვენიერი უთანხმოებაც და არსებობს დამღუპველი ერთსულოვნებაც
მშვიდობა - მადლია ღვთისა. თითქმის ყველა ლოცვაში მშვიდობას გამოვითხოვთ უფლისგან. ყოველი დიდი კვერექსი - წირვაზეც, მწუხრზეც და ცისკარზეც ამ სიტყვებით იწყება:

* "მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ".

* "ზეგარდამო მშვიდობისა და ცხოვრებისათვის სულთა ჩუენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ".

* "მშვიდობისათვის ყოველისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ".

ამის გამო დიდ კვერექსს ხშირად მშვიდობიანსაც უწოდებენ. მისგან განსხვავებით "მცირე კვერექსი" სულ 2 ან 3 მცირე ლოცვისაგან შედგება, თუმცა მშვიდობისაკენ ისიც დასაწყისშივე მოგვიწოდებს: "მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ".

ცისკრის ლოცვის დაწყებისთანავე იკითხება საგალობელი, რომელიც ანგელოზებმა ქრისტეს დაბადებისთანავე გვიგალობეს: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება". ეს ნიშნავს, რომ ყოველთვის ჩვენ, ადამიანებს შორის მშვიდობა უნდა იყოს. მაცხოვარი ქვეყნად იმიტომ მოვიდა, რომ ადამის მოდგმა ღმერთთან შეერიგებინა. იესო ქრისტემ ღმერთსა და კაცს შორის მშვიდობა დაამყარა.

დღეს ხშირია ადამიანთა შორის გაუცხოება, გულითადი კავშირების გაწყვეტა, ურთიერთნდობისა და გულწრფელი კეთილგანწყობის დაკარგვა. თვით ოჯახის წევრებს შორისაც კი შეიმჩვევა განცალკევების, გამიჯვნის, საკუთარი კუთხის ქონის სურვილი. ეს იმიტომ ხდება, რომ ოჯახის თითოეულ წევრს არ მოეპოვება შინაგანი ჰარმონია, რათა ამ შინაგანი მშვიდობის საფუძველზე ეძიოს და აშენოს სამყარო თავის ახლობლებთან და, საერთოდ, სხვა ადამიანებთან ერთად.

წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს, რომ ყოველნაირი მშვიდობა როდია საღმრთო მშვიდობა! რამეთუ არსებობს მშვენიერი უთანხმოებაც და არსებობს დამღუპველი ერთსულოვნებაც, წარმწყმედელი ერთიანობა. უნდა გვიყვარდეს მხოლოდ ჭეშმარიტი მშვიდობა და ჭეშმარიტი ერთიანობა, კეთილმიზანდასახული და ღმერთთან მიმყვანებელი. რადგან როცა საქმე აშკარა უკეთურებასთან გვაქვს, მაშინ ცეცხლში შესვლასაც არ უნდა მოვერიდოთ....

მხოლოდ მაშინ აღდგება გულში შინაგანი მშვიდობა, როდესაც ადამიანები იესო ქრისტეში გაერთიანდებიან.

მაცხოვარმა უთხრა თავის მოწაფეებს: "მშვიდობასა ჩემსა მოგცემ თქვენ" (იონ. 14,27). ჩვენც სწორედ ეს, ქრისტესმიერი მშვიდობა უნდა გამოვითხოვოთ უფლისაგან.
ბეჭდვა
1კ1