სიმშვიდე ცოდვისგან დამცხრალი სულის მშვიდი ნავსაყუდელია, რომელშიც მისი მომნიჭებელი უფალი მკვიდრობს
სიმშვიდე ცოდვისგან დამცხრალი სულის მშვიდი ნავსაყუდელია, რომელშიც მისი მომნიჭებელი უფალი მკვიდრობს
სიმშვიდე სასუფევლისეული ნეტარი მდგომარეობაა შინაგანი კაცისა , რომლით აღვსილი სული ყველგან და ყველაფერში ტოვებს თავის მაცხოვნებელ კვალს. გამარჯვებულ ბრძოლას მშვიდობა ადგამს გვირგვინს, ვნებათა დამარცხებას კი - სიმშვიდე. როგორც მშვიდობა არ უსწრებს წინ ბრძოლის დამთავრებას, ასევე სულის სიმშვიდეც შედეგია ვნებებსა და საკუთარ თავზე გამარჯვებისა.

სულიერი ცხოვრება დაუსრულებელი ბრძოლაა საკუთარ თავთან. ყველაზე მეტად ჩვენივე შინაგანი სულიერი სამყარო გვეწინააღმდეგება და გვმტრობს. უამრავი შინაგანი სისუსტე, არამდგრადობა, მერყეობა დაუსრულებელ საცთურთა კვალს ტოვებს ჩვენში. ამ ნაკვალევს კი ჩასაფრებული მტერი კაცობრიობისა – ეშმაკი მიჰყვება, ამსოფლიურ საცდურთა ხიბლით შეიარაღებული. როგორც დაჭრილი ცხოველის ჭრილობიდან დაღვრილი სისხლის წვეთები ტოვებს კვალს და იზიდავს ნადირს, ასევე ჩვენი ცოდვები, რომლითაც დაჭრილნი ვართ თითოეული, ტოვებს ნაკვალევს, რაც იხმობს მტერს ჩვენს გასანადგურებლად. იარებით დაზიანებული ვერ მოიპოვებს სიმშვიდეს სულისას, მანამ საკუთარ წყლულებზე ფიქრსა და მკურნალობას არ დაიწყებს. როდის იწყებს ადამიანი ყოველივე ამაზე ფიქრს, როდის გრძნობს, რომ ძალიან უჭირს და შველა სჭირდება? მაშინ, როდესაც მასში იღვიძებს რწმენა და სასოება უფლისა, როდესაც იგი იწყებს საკუთარ თავზე დაკვირვებას, სულის სიღრმისეული სამყაროს შესწავლასა და მასთან დაახლოებას. საოცარია, მაგრამ სამწუხარო სინამდვილეა, რომ ჩვენ საერთოდ არ ვიცნობთ ჩვენს თავს, ძალიან შორს ვართ მისგან. გვიჭირს ჩვენს თავთან სიახლოვე, მეგობრობა და ხშირად გავურბივართ კიდეც მას. თითქოს ამით ვცდილობთ, თვალი მოვუხუჭოთ სიმართლეს, იმ რეალობას, რომელშიც ვცხოვრობთ. ამით თითქოს ბრმა და ყრუ კეთილდღეობისა და ცრუ სიმშვიდის მოპოვებას ვცდილობთ, თითქოს თავს ჩავაგონებთ, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ რასაც არ და ვერ ვამჩნევთ, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ იგი შეუმჩნეველი და დაფარულია სხვისგანაც.

როგორ გინდა დაძლიო მტერი, რომელიც გაცილებით უკეთესად გიცნობს, ვიდრე შენ იცნობ საკუთარ თავს, მეტად უფიქრია და იცის შენი წყლულები, ვიდრე შენ გიფიქრია მათზე? შენ თვალს ხუჭავ და თავს იბრმავებ სულიერი ხედვისთვის, მისი თვალები კი მარად ახელილი და მღვიძარეა შენს დასაღუპად. მტერი რომ დაამარცხო, პირველ რიგში უნდა იცოდე შენი საკუთარი თავი, ფლობდე და იმორჩილებდე მას და ასევე შენი თავივით უნდა იცნობდე და შესწავლილი გყავდეს ისიც, ვისაც ებრძვი. ჩვენი მასწავლებელი კი მხოლოდ ღმერთი და ჩვენივე ცხოვრებაა. შეუძლებელია საკუთარი თავისა და მტრის ცოდნა უფლის გარეშე. ვინც უფალს უარყობს, იგი უარყოფს საკუთარ თავსაც და ძალაუფლებას აძლევს მტერს საკუთარ თავზე უბრძოლველად გამარჯვებისა. დავუკვირდეთ გულის განცდებს, გონების მიერ წარმოშობილ აზრებს, ზრახვებს. მათი ზემოქმედების მიხედვით ვიცვლებით და ვრეაგირებთ როგორც ჩვენი თავის მიმართ, ასევე გარესამყაროსთან მიმართებით. ბნელ, ბოროტ ზრახვებს სიბნელე, შფოთი, მოუსვენრობა შემოაქვს ჩვენში, აღამღვრევს ჩვენს შინაგანს. ამას ხილული თვალით ვერ ვხედავთ, მაგრამ ხომ ვგრძნობთ, გრძნობა კი გაცილებით ძლიერი ზემოქმედების მქონე და დაღის დამსმელია, ვიდრე თვალით დანახული და აღთქმული რეალობა. აქედან გამომდინარე უნდა მივხვდეთ და შევიმეცნოთ, რომ სულიერი სამყარო შეგრძნებადია, განცდადია. ის არ იხილება ხორციელი თვალით, მას ვერ შეეხები, მაგრამ ის მთლიანად გვფლობს და მოგვიცავს. ზრახვებისა და განცდების ჩვენზე ზემოქმედების მიერ შეგვიძლია შევიგრძნოთ სიხარული, სიმსუბუქე სასუფევლისა და სიმძიმე და მწუხარება ჯოჯოხეთისა. ამიტომაც გვასწავლის უფალი სახარებაში: სასუფეველი თქვენშია, თქვენ შორისაა, ნუ ეძებთ მას სხვაგან და სხვაშიო. ადამიანი გონიერი არსებაა, რომელიც გულითა და გონებით მოქმედებს. ზრახვა, აზრი უხილავია, მაგრამ განა იგი არაა წარმართველი ჩვენი თითოეული ქმედებისა? არ ჩანს აზრი, განწყობა, მაგრამ ჩანს ქმედება და ნაყოფი მისი. ასევე სული და სულიერი სამყარო უხილავი და დაფარულია, შემოსილია ხორცით, მაგრამ თავადაც ვიცით, რომ ყოველივეს წარმმართველი და გამგებელი სულია ჩვენში. სიკვდილი მხოლოდ ხორცს ართმევს ადამიანს, სული კი კიდევ მეტად გაფაქიზებული და მგრძნობიარე წარდგება მარადიული სამყაროს განცდების დაუსრულებელ წიაღში.

მოვუსმინოთ, ყური დავუგდოთ ჩვენი სულის შინაგან ზრახვებს. დავაკვირდეთ ჩვენს თითოეულ ქმედებას და მისგან გამომდინარე განცდებს, რადგან ამით საკუთარი სული გვესაუბრება, მას სხვანაირად შეიძლება სულის ენაც კი ვუწოდოთ. ჩვენს ყოველ ქმედებას შესაბამისი განწყობა უძღვის წინ, თითოეულ განწყობას კი შესაბამისი ზრახვები. შევეცადოთ, ჩვენში გზა გავუხსნათ უფლისგან მომავალ კეთილ ზრახვებს და უფლითვე შევაჩეროთ, ჩავხერგოთ ის სადინარი, არხი, რომლიდანაც ბოროტება მოედინება. უფლისმიერი ზრახვები სიცოცხლისა და ბედნიერების გრძნობით აღავსებს ჩვენს გულს. გვაძლევს ძალასა და შემართებას სათნოების აღსასრულებლად. სათნოების აღსრულებას კვლავ კეთილი განწყობა და ზრახვა მოჰყვება (თუ ამპარტავნებითა და თვითკმაყოფილების გრძნობით არ იქნება მიტაცებული ჩვენგან), რაც უჩუმრად და ჩვენგან შეუმჩნევლად ასაზრდოებს და ზრდის ჩვენს რწმენასა და სიყვარულს როგორც უფლისა, ასევე ადამიანებისა. სიყვარულის ძალით წვეთწვეთობით ვეზიარებით გემოს სიმშვიდისას, საუფლო მშვიდობისას, რითაც კიდევ უფრო ძლიერდება სურვილი მისკენ სწრაფვისა, მასში დამკვიდრებისა.

სიმშვიდე უფლის სახლში მკვიდრობაა, როგორც ამას დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს: "დამკვიდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა" (ფს. 26,4). სულში რომ უფალი დამკვიდრდეს, აუცილებელია მომზადებული და სუფთა იყოს ჩვენი სულის სახლი უფლის მისაღებად, მასში მის დასამკვიდრებლად. სიმშვიდე ხომ ცოდვით ამღვრეული სულის განწმენდა და დაყუდებაა ვნებების მძაფრი ქარტეხილისგან. სულის გაწმენდა კი მხოლოდ ჩვენს შინაგან კაცში შეღწევით, მისი შემეცნებითა და გათავისებითაა შესაძლებელი, რომლის ძალასაც თავად უფალი გვანიჭებს. უფლის სიახლოვისა და ერთგულების დასტური მასზე გამუდმებული ფიქრი და მცნებათა აღსრულებაა, მასთან სიახლოვის ძიებაა, როგორც მადლში ყოფნისას, ასევე განსაცდელისას, რადგან იგია ერთადერთი ჭეშმარიტი სიმშვიდე და მხსნელი ჩვენი ცოდვილი სულებისა - მამა, ძე და სულიწმინდა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ბეჭდვა
1კ1