ქრისტიანობა და მსოფლიო რელიგიები
ქრისტიანობა და მსოფლიო რელიგიები
14. ადამიანი მისი საწყისი დიდებულებით
ადამიანი ყველაზე ამოუცნობი არსებაა მთელ დედამიწაზე. ბუნების შემეცნებაზე მეტად მას საკუთარი თავის შეცნობა აინტერესებს. ამას სხვადასხვა ხალხი ფილოსოფიის, მეცნიერების, ხელოვნებისა და რელიგიის დახმარებით აკეთებდა. კაცობრიობისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორიტეტი XIX საუკუნის მეცნიერება გახდა. ჩვენს დროში მეცნიერული კვლევები გარკვეულ საზღვრებამდე მივიდა, მაგალითად: მეცნიერება ვერ ხსნის და ვერ აზუსტებს, რა არის თავისუფლება, სიყვარული და ა.შ. ეს კითხვები XIX საუკუნეში არ იყო მეცნიერების კვლევის საგანი, უფრო ზუსტად, ეს მეცნიერული ინტერესების საზღვრებს მიღმა იყო დარჩენილი. ჩარლზ დარვინმა, ცალკეული პალეონტოლოგიური კვლევების საფუძველზე, შექმნა ევოლუციის თეორია და გამოთქვა ვარაუდი, რომ ადამიანები გაჩნდნენ მაიმუნებისაგან. იმ დროინდელ საზოგადოებაში დამკვიდრდა მოსაზრება, რომ ამ "აღმოჩენამ" შეარყია ხალხის რწმენა იმის შესახებ, რომ ადამიანი ღმერთის მიერაა შექმნილი, მაგრამ შესაძლებელია კი, როგორიც არ უნდა იყოს მეცნიერული თეორია, უარვყოთ ის, რაც ადამიანს ღმერთისგან აქვს ბოძებული?

თუ გვგონია, რომ მეცნიერება და ბიბლია ერთმანეთის წინააღმდეგია, ეს უნდა ნიშნავდეს ორიდან ერთს: ან მეცნიერება ეხება იმას, რაც მის საზღვრებში არ შედის, ან ჩვენ არასწორად გვესმის ბიბლია.

გავეცნოთ ბიბლიის მეორე თავს ადამიანის შექმნის შესახებ (დაბადება 2:1-25):

1. გასრულდა ცა და მიწა მთელი მათი მორთულობითურთ.

2. გაასრულა ღმერთმა მეექვსე დღეს თავისი საქმე, რაც გააკეთა, და დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისაგან, რაც გააკეთა.

3. აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმინდაჰყო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა ღერთმა ყოველი საქმისაგან, რასაც ქმნიდა ღმერთი და აკეთებდა.

4. ასეთი იყო ცისა და მიწის დაბადება მათი შექმნისას, როცა ქმნიდა უფალი ღმერთი მიწას და ცას.

5. ჯერ კიდევ მინდვრის ბუჩქიც არ იყო დედამიწაზე, ერთი ღერი ბალახიც არ იყო აღმოცენებული, რადგან არ უწვიმებია უფალს ღმერთს დედამიწაზე და კაცი (ადამი) არ იყო, რომ მიწა დაემუშავებინა.

6. ორთქლი ადიოდა მიწიდან და რწყავდა მიწის პირს.

7. გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად.

8. უფალმა ღმერთმა ბაღი გააშენა ედემში, აღმოსავლეთში, და დასვა იქ ადამი, რომელიც გამოსახა.

9. აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველი ხე, სანახავად საამო და საჭმელად ვარგისი, შუაგულ ბაღში კი ხე სიცოცხლისა და ხე კეთილის და ბოროტის შეცნობისა.

10. მდინარე მოედინება ედემიდან ბაღის მოსარწყავად, მერე იტოტება და იქმნება ოთხი ნაკადი.

11. ერთის სახელია ფიშონი; იგი გარს უვლის ხავილას ქვეყანას, სადაც ოქროა.

12. კარგია იმ ქვეყნის ოქრო. იქ არის ანთრაკიც და ზურმუხტის ქვაც.

13. მეორე მდინარის სახელია გიხონი; იგი გარს უვლის მთელს ქუშის ქვეყანას.

14. მესამე მდინარის სახელია ხიდეკელი; იგი ჩაუდის აშურს. მეოთხე მდინარეა ფერათი.

15. აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა და დაასახლა ედემის ბაღში მის დასამუშავებლად და დასაცავად.

16. გააფრთხილა უფალმა ღმერთმა ადამი, უთხრა: ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში.

17. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდები.

18. თქვა უფალმა ღმერთმა: არ ვარგა ადამის მარტო ყოფნა. გავუჩენ შემწეს, მის შესაფერს.

19. გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ველის ყველა ცხოველი და ცის ყველა ფრინველი და მიჰგვარა ადამს, რომ ენახა, რას დაარქმევდა. რომელ სულდგმულს რას დაარქმევდა ადამი, მისი სახელიც ის იქნებოდა.

20. დაარქვა ადამმა სახელი პირუტყვს, ცის ფრინველს და ველის ყველა ცხოველს. მაგრამ ადამს არ გამოუჩნდა შემწე, მისი შესაფერი.

21. უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო.

22. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა.

23. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხოცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული.

24. ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ.

25. შიშველნი იყვნენ ორივენი, ადამი და მისი დედაკაცი, და არ რცხვენოდათ.

კომენტარები
1. "და გამოსახა ღმერთმა კაცი, მიწის მტვრისაგან" - ადამიანი იქმნება იმისგან, რაც უკვე არსებობდა დედამიწაზე, ის არ არის ღმერთის ნაწილი. მეცნიერება ფლობს სრულ თავისუფლებას გაარკვიოს, თუ როგორ მოხდა "მიწის მტვრის" გადაქცევა ადამიანად. ბიბლია კი პირდაპირ ლაპარაკობს იმის შესახებ, რა ძალამ აქცია მიწიერი მტვერი ადამიანად. ეს ძალა იყო ღმერთი.

2. "და შთაბერა მის პირს სიცოცხლის სული" - აქ ლაპარაკია სულიწმინდის ადამიანში შესვლაზე, ამის გარეშე ადამიანი არაფრით განსხვავდებოდა ცხოველისაგან: ყველა განსხვავება იქნებოდა რაოდენობრივი და არა არსობრივი.

3. "და შეიქმნა ადამიანი ცოცხალ სულად" - სულის შთაბერვის შემდეგ ადამიანი გახდა უკვდავი, ღვთისხატოვანი არსება. მას გაუჩნდა შესაძლებლობა მიმსგავსებოდა ღმერთს.

4. ადამიანის შექმნის ამბავი არ გვაძლევს იმის საბაბს, ვიფიქროთ, რომ მისი სული სხეულის გაჩენამდე არსებობდა. ზოგიერთ რელიგიასა და ფილოსოფიურ სისტემაში არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანი შეიქმნა სულის ზეციდან ჩამოვარდნის და მისი მატერიასთან შერწყმის შემდეგ. ზეცაში დაბრუნება (ხსნა) მათ წარმოდგენაში აღიქმება როგორც სულის გათავისუფლება მატერიალური სხეულისაგან. ბიბლია ამის შესახებ შემდეგნაირად მოგვითხრობს: სხეულიცა და სულიც შექმნილია ერთდროულად და შექმნილია ღვთის ხელით. ადამიანი მხოლოდ მაშინ ვლინდება სრულყოფილ არსებად, როდესაც მას აქვს: სხეული, სული და სამშვინველი. ამაზეა დაფუძნებული ქრისტიანული რწმენა მკვდრეთით აღდგომის შესახებ: როდესაც დადგება შესაბამისი დრო, ყველა დროის ადამიანთა სულები შეუერთდებიან თავიანთ სხეულებს და სწორედ ასე წარდგებიან ღვთაებრივ სამსჯავროზე. ადამიანის სხეული თავად ღმერთმაც - იესო ქრისტემაც არ უარყო, როდესაც განკაცდა. ADAM

5. ღმერთი ათავსებს ადამიანს სამოთხეში ორი ხის შუა: ხე სიცოცხლისა და ხე შემეცნებისა კეთილისა და ბოროტისა. ეს ორი ხე ორი რეალობის სიმბოლოა: პირველი - ღვთაებრივი ცხოვრებისა და მეორე - შანსი ღვთაებრივი ცხოვრების დაკარგვისა.

6. ღმერთი ადამიანს აძლევს მცნებას, არ მიიღოს კეთილისა და ბოროტების შეცნობის ხის ნაყოფი. შეცნობა, ჩვეულებისამებრ, ბიბლიისთვის გაიგება როგორც არა რაიმე ინფორმაციის, არამედ არსის რეალურად მიღება და გათავისება.

ნიშნავს კი ეს იმას, რომ ადამიანს ჯერაც არ შეუცნია სიკეთე? არა, ადამიანმა იცოდა ღმერთი და შესაბამისად იცოდა სიკეთე. მაგრამ მან არ იცოდა ბოროტება, რადგან ბოროტება ღვთისაგან განშორების შედეგად წარმოიქმნება, ეს განშორება ჯერ კიდევ არ იყო მომხდარი.

ჭეშმარიტი ურთიერთობა ღმერთთან შესაძლებელია მხოლოდ სიყვარულით, მაგრამ სიყვარული უნდა იყოს თავისუფალი და არა იძულებითი. ეს ნიშნავს, რომ ადამიანს ჰქონდა შესაძლებლობა ჰყვარებოდა ან უარი ეთქვა ღმერთის სიყვარულზე.

ღმერთმა ადამიანი თავისუფალ არსებად შექმნა, მაგრამ გააფრთხილა, რომ თუ მოისურვებდა ბოროტების შეცნობას, უარი უნდა ეთქვა ღმერთზე და "სიკვდილით მოკვდებოდა". იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი არ მოინდომებდა ბოროტების შემეცნებას, უკვდავად დარჩებოდა. დაცემის შემდეგ ადამიანი მოკვდავი გახდა.

7. "და თქვა უფალმა ღმერთმა: არ არის კარგი კაცის მარტო ყოფნა" - ღმერთი სიყვარულია, სიყვარული იბადება ურთიერთობაში: ღმერთს ეს კავშირი სამი სახის აქვს: მამა, ძე, სულიწმინდა. ადამიანის შექმნისას ღმერთი არ შემოიფარგლა ერთი პიროვნებით. ადამიანების სიყვარულის წინასახეა სიყვარული, რომელიც სუფევს წმინდა სამებაში.

8. "გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ველის ყველა ცხოველი და ცის ყველა ფრინველი და მიჰგვარა ადამს, რომ ენახა, რას დაარქმევდა. რომელ სულდგმულს რასაც დაარქმევდა ადამი, მისი სახელიც ის იქნებოდა" - ეს ფაქტი ნიშნავს, რომ ადამიანი დედამიწაზე მეფური დიდებულებითაა შემოსილი. ხოლო ბატონობა მოვლასა და გაფრთხილებას და არა განადგურებასა და მოსპობას გულისხმობს. ცოდვით დაცემის შედეგად ადამიანის მეფური დიდება გარკვეული თვალსაზრისით დაკარგული იქნა.

9. "და იყო ორივე შიშველი, ადამიც და მისი ცოლიც, და არა რცხვენოდათ". სირცხვილი - ეს არის ადამიანის სისუსტის განცდა. ტანსაცმელი აძლევს მას დაცულობის შეგრძნებას, ღმერთთან ურთიერთობისას ადამიანს არაფრის ეშინია, არ აქვს საფრთხის შეგრძნება, ყოველი ადამიანი ღია და თავისუფალია სხვა ადამიანების მიმართ, ამ წვრილმანების დახმარებით ჩვენ ვგებულობთ, რომ ადამიანების ჰარმონიული დამოკიდებულება მის გარემომცველ სამყაროსთან დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მას ღმერთთან.
ბეჭდვა
1კ1