"ნუ ზრუნავ ხვალისათვის"
"ნუ ზრუნავ ხვალისათვის"
მეორე-მესამე საუკუნეებში ხშირად იხსენებიან მოღვაწენი, რომელთაც სიქალწულე შეინარჩუნეს და ცხოვრება უფალს მიუძღვნეს. მესამე საუკუნიდან სათავე დაედო მონაზვნობასა და განმარტოებულ ცხოვრებას. იმპერატორ დეკიუსის მიერ ქრისტიანთა დევნისას მრავალი გავიდა უდაბნოში. მათ შემდგომ ბედზე აღარაფერი ვიცით, მაგრამ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ცხოვრება, პავლე თებაიდელის მსგავსად, უდაბნოშივე დაასრულეს.

პავლე თებაიდელი (ზედწოდება იმ უდაბნოსაგან მიიღო, რომელშიც მოღვაწეობდა) ეკლესიის ისტორიაში პირველ მეუდაბნოედ ითვლება, მაგრამ მონაზვნობის ფუძემდებლად მიიჩნევა დიდი მეუდაბნოე ანტონი, რომელიც მესამე საუკუნეში მოღვაწეობდა.

წმინდა ანტონი 251 წელს დაიბადა ეგვიპტეში, ქრისტიანულ ოჯახში. ოცი წლის იყო, როცა მშობლები გარდაეცვალა და მდიდარი მემკვიდრეობა მიიღო. ქრისტიანი მშობლების აღზრდილმა ყრმობიდანვე შეიყვარა ცოდვისა და სიკვდილის ტყვეობისგან ადამის მოდგმის გამოხსნისთვის ჯვარცმული ღმერთი. ერთხელ, ეკლესიაში მიმავალი, მოციქულებისა და იმ პირველი ქრისტიანების ღვაწლზე დაფიქრდა, ღვთის სიყვარულით მდიდრულ ცხოვრებაზე ხელს რომ იღებდნენ და თავიანთ ქონებას გლახაკებს ურიგებდნენ. წმინდა ანტონი მხურვალედ ლოცულობდა გულში და უფალს ევედრებოდა, ენიშნებინა, როგორ მოქცეულიყო. ამგვარი სულიერი განწყობილებით შევიდა იგი ტაძარში და პირველი, რაც გაიგონა, მაცხოვრის სიტყვები იყო, რომელიც მან მდიდარ ჭაბუკს უთხრა: "უკეთუ სრულყოფილება გსურს, წადი, გაყიდე შენი ქონება და ღარიბებს დაურიგე, და გექნება საუნჯე ცათა შინა, და მოდი და შემომიდექი მე". ეს იმას ნიშნავდა, რომ ღმერთმა მისი ვედრება შეისმინა და კითხვაზე, როგორ მოქცეულიყო, პირდაპირი პასუხი გასცა.

წმინდა ანტონმა, სახარებისეული მდიდარი ჭაბუკისგან განსხვავებით, სიხარულით მიიღო ღმრთის მოწოდება - თავისი ქონება გაყიდა, ღარიბებს დაურიგა და თავისთვის მხოლოდ აუცილებელი დაიტოვა, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ეკლესიაში მოისმინა წმინდა წერილის ეს სიტყვები: "ნუ ზრუნავ ხვალისათვის", - ისიც გაყიდა და გლახაკებს განუბოძა, თავისი მცირეწლოვანი და ღმრთისმოსავ ქალებს ჩააბარა, თვითონ კი გადაწყვიტა, თავი უფლისთვის მიეძღვნა. იპოვა მოხუცი, რომელიც მკაცრი მარხვითა და ლოცვით მარტო ცხოვრობდა და მის ახლოს დამკვიდრდა, შემდეგ კი სრული განმარტოება მოისურვა, უკაცრიელ ადგილას წავიდა და მიტოვებულ აკლდამაში დასახლდა. ეგვიპტეში აკლდამებს კლდოვან მთებში კვეთდნენ, ასე რომ, ადამიანთა საზოგადოებას მოკლებულს, ნუგეშს ვერც ბუნება სცემდა, ამიტომ, ყოველივე მიწიერი რომ დაევიწყებინა და მხოლოდ ღმრთისაკენ მისწრაფებით ეცხოვრა, დღედაღამ ლოცულობდა.

ამასობაში უდაბნო, სადაც წმინდა ანტონი ცხოვრობდა, აივსო ქრისტიანებით, რომელნიც წარმართული ქალაქებიდან გამორბოდნენ, რათა განმარტოებულებს ღვთის დიდებაში გაელიათ დღენი. ზოგიერთი მათგანი წმინდა მამას აკითხავდა და რჩევა-დარიგებას სთხოვდა. პირველ ხანებში წმინდა ანტონი მათ უხალისოდ იღებდა, გარეთაც კი არ გამოდიოდა და გამოქვაბულიდანვე ელაპარაკებოდა, რადგან დუმილი და განმარტოება მისთვის უკვე არსებობის ერთადერთ ფორმად ქცეულიყო, მაგრამ მომსვლელთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდებოდა და წმინდა მამაც მიხვდა, რომ ღვთის ამგვარ სამსახურზე უარის თქმის უფლება არ ჰქონდა. კარჩაკეტილი ცხოვრება მიატოვა და ყველას, ვინც ნუგეშისცემისათვის აკითხავდა, სიყვარულით იღებდა. ასე შეიკრიბა მის გარშემო მრავალი მეუდაბნოე. ზოგი ერთად ცხოვრობდა, ზოგი - ცალ-ცალკე, გამოქვაბულებში. ასე დასახლდა მონაზვნებით თებაიდის მკაცრი უდაბნო.

მამა ანტონს შორს გაუვარდა სახელი. მისი მაღალი ქრისტიანული სიბრძნის მოსასმენად უკვე შორეული მხარეებიდანაც მოდიოდნენ.

ანტონის გარშემო შემოკრებილმა ბერებმა მონასტრები დააარსეს. თავდაპირველად წინამძღვარს მათთვის კანონები არ მიუცია, რადგან წესდება მერე, თანდათანობით უნდა ჩამოყალიბებულიყო, როცა ასკეტთა ერთად ცხოვრების პრაქტიკა მის შესაქმნელად გამოცდილებას მოიტანდა. ბერების ძირითადი საქმიანობა ლოცვა და შრომა იყო. ლოცვისაგან თავისუფალ დროს ისინი პალმის რტოებისგან კალათებსა და ჭილოფებს წნავდნენ და მახლობელ ქალაქებში პურსა და აუცილებელ ნივთებზე ცვლიდნენ. თავიანთი ჯაფით თავსაც ირჩენდნენ და ღარიბებსაც ეხმარებოდნენ, რადგან თვითონ მცირედიც ჰყოფნიდათ: მკაცრად მარხულობდნენ, ყველაზე უბრალო სამოსს ატარებდნენ და, რა თქმა უნდა, საკუთარი არაფერი გააჩნდათ.

წმინდა ანტონი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ცოდნას, მაგრამ მიაჩნდა, რომ მის შესაძენად, გარდა წმინდა წერილის შესწავლისა, ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება და ერთმანეთის დარიგებაც საჭირო იყო. მორწმუნეებს იგი ხშირი ლოცვისაკენ, დილით, შუადღესა და საღამოს ფსალმუნების გალობისა და წმინდა წერილის ყოველდღე კითხვისაკენ მოუწოდებდა. ასევე აუცილებლად მიაჩნდა წმინდანთა ღვაწლის გახსენება; ასწავლიდა, რომ მარადიული ცხოვრების წყარო მორჩილება და თვინიერებაა და ენის მოთოკვასაც ურჩევდა - ეს საუკეთესო საშუალებაა, რომ ადამიანს ავი სიტყვა არ დასცდესო.

წმინდა ანტონი, ისევე როგორც სხვა ცნობილი მეუდაბნოე მამები, მოწაფეებს ყველაზე ხშირად თავმდაბლობის - მორჩილების სიკეთეს შეაგონებდა, რადგან იცოდა, რომ მოღვაწისათვის ყველა ცდუნებაზე საშიში სულიერი სიამაყეა. ეს საშიშროება ერისკაცებზე მეტად ბერებს ემუქრებოდათ - რაკი ყოველივე ამქვეყნიური ქრისტეს შესწირეს, ადვილად შეეძლოთ წარმოედგინათ, რომ მხოლოდ ამითაც კი ბევრი რამ გააკეთეს და თავიანთი ღვაწლით, როგორც დამსახურებით, ისე მოეწონებინათ თავი.

მეოთხე საუკუნის მიწურულს თებაიდის უდაბნოში უკვე 50 მონასტერი იყო, რომლებშიც ექვსი ათასამდე ბერი ცხოვრობდა. ერთ-ერთი პირველი მათ შორის, ვინც ამ უდაბნოში მოღვაწეობდა, ამონი იყო, მდიდარი და წარჩინებული მშობლების ძე. ამონს მეუდაბნოეობის სურვილი ახალგაზრდობიდანვე ჰქონდა, მაგრამ დედ-მამის სურვილს ანგარიში გაუწია და დაქორწინდა. საბედნიეროდ, მეუღლესაც სულიერი მოღვაწეობა იზიდავდა, ამიტომ როცა მშობლები გარდაიცვალნენ, სახლში ქალწულთა საზოგადოება შექმნა, თვითონ ამონმა კი დატოვა მშობლიური კერა და ნიტრიის უდაბნოში დამკვიდრდა. შემორჩენილია მისი ზოგიერთი შეგონებაც. აი ერთი მათგანი: "უკეთუ ვინმემ შეურაცხგყო და გრძნობ, რომ მწუხარებამ და რისხვამ მოგიცვა, იყუჩე და მანამ ნურაფერს იტყვი, ვიდრე გულს ლოცვით არ დაიმშვიდებ; მხოლოდ ამის შემდეგ დაელაპარაკე ძმას". ამონი ანტონი დიდზე ადრე გარდაიცვალა. ამ უკანასკნელმა კი იხილა, როგორ ადიოდა წმინდა მამის სული ზეცად.

ნიტრიის უდაბნოში ცხოვრობდნენ სხვა დიდი სულიერი მოღვაწენიც: მაკარი ალექსანდრიელი, სერაპიონი, პაფნუტი, პამვა, პიორი, ქრონიუსი.

წმინდა ამონის გარდაცვალების შემდეგ საგრძნობი გახდა, რომ მონაზვნური ცხოვრების ზოგიერთი წესის გადმოცემა და ძმებისათვის წინამძღვრის დადგენა უკვე აუცილებელი იყო.

ზედამხედველობის გასაადვილებლად ბერები ათეულებად და ასეულებად დაიყვნენ. უფროსი მონაზონი, რომელსაც მამას, ამბას უწოდებდნენ, ანგარიშს მთავარ ამბას აბარებდა. წესები მარტივი და მცირერიცხოვანი იყო: საერთო ლოცვისა და შრომისათვის განსაზღვრული დრო იყო გამოყოფილი, ძირითად საქმიანობას კალათებისა და ჭილოფების დაწვნა წარმოადგენდა; გარდა ამისა, ბერები მეზობელ მემამულეებთან ქირითაც მუშაობდნენ. საკუთარი ქონება არავის ჰქონდა. შუადღის სამ საათამდე მონასტრებშიც და ცალკეულ სენაკებშიც ბერები დროს ლოცვაში, კითხვასა და ხელსაქმეში ატარებდნენ. სამი საათის შემდეგ საერთო ლოცვისათვის იკრიბებოდნენ, რის შემდეგაც ამბა მათ სწავლებას სთავაზობდა. ამას მოჰყვებოდა საერთო ტრაპეზი: ბერები სხდებოდნენ სუფრასთან, იხმევდნენ პურს, ხილსა და ბოსტნეულს, დიდ მარხვაში კი მხოლოდ პურსა და წყალს, და ამავე დროს ამბასაგან სწავლებას ისმენდნენ. წესისამებრ, ყოველდღე რაღაც ახალი უნდა შეესწავლათ წმინდა წერილიდან. მოგზაურის მიღება ბერების წმინდა მოვალეობად ითვლებოდა, ამიტომ უდაბნოში ძალიან მალე მოაწყვეს მოგზაურთა მიმღები სახლები, ხოლო თვითონ მონასტრებთან - საავადმყოფოები.

ცნობილია მაკარი ეგვიპტელი, მაკარი დიდად წოდებული, რომელმაც სკიტის უდაბნოში დააფუძნა მონაზვნობა. იგი ამბობდა: "ცუდი სიტყვა კეთილსაც ბოროტად აქცევს, კეთილ სიტყვას კი ავის კეთილად ქცევა შეუძლია".

წმინდა ანტონის მოღვაწეობის ჟამს ზემო თებაიდაში პახუმი დიდმა მრავალი ბერი შემოიკრიბა გარშემო და ბერმონაზვნური ცხოვრების პირველი წესდება შექმნა. როცა ბერების რიცხვი საკმაოდ გაიზარდა, წინამძღვარმა საკმაოდ მკაცრი წესდება დაწერა, რომლის მიხედვითაც მონაზონს უწინარეს ყოვლისა საკუთარი ნების სრული უარყოფა მოეთხოვებოდა.

ბერები სხვადასხვა მონასტერში იყვნენ განაწილებულნი. რამდენიმე წლის შემდეგ მონასტრების რიცხვმა ცხრას მიაღწია, ხოლო ბერებისამ ათი ათასს გადააჭარბა. ყოველ მონასტერს თავისი უფროსი ჰყავდა, მაგრამ ყველანი პახუმს ემორჩილებოდნენ, რომელიც მათ მორიგეობით აკითხავდა.

ყველა სამუშაოს, რაც კი მონასტრებს სჭირდებოდა, ბერები ასრულებდნენ, რომელნიც ამისთვის სხვადასხვა ხელობას სწავლობდნენ; მუშაობისა და ტრაპეზის დროს მათ დუმილი და შინაგანი ლოცვა ან წმინდა წერილის რომელიმე გამონათქვამზე ფიქრი ევალებოდათ. საერთოდ, წმინდა წერილს განსაკუთრებული გულმოდგინებით სწავლობდნენ. არც ერთ ბერს არ შეეძლო გამხდარიყო მღვდელი, რათა სხვებთან შედარებით რაიმე უპირატესობა არ ჰქონოდა. პახუმი სხვებისგან გამორჩევას არც თვითონ ცდილობდა, თავს დიდად ცოდვილად მიიჩნევდა და წინამძღოლობას ისე უყურებდა, როგორც სხვათა სამსახურის მოვალეობას. უფალმა მას სნეულთა კურნებისა და იდუმალ ზრახვათა გამოცნობის ნიჭი მისცა.

მკაცრი მონაზვნური ცხოვრება ქალებსაც იზიდავდა. ღმრთის სამსახურის სურვილით შთაგონებულნი, ისინი სოფელს სიხარულით ტოვებდნენ და სულიერი მოღვაწეობის გზას ადგებოდნენ. ამონის მეუღლემ, ანტონისა და პახუმის დებმა ქალთა სავანეები დააარსეს; უამრავი ქალწული უდაბნოს სენაკებში მოღვაწეობდა. მრავალი ქალი, რომელიც ბიწიერსა და უზნეო ცხოვრებას ეწეოდა, ქრისტიანობაზე მოქცევის შემდეგ თავისი ცოდვების გამოსყიდვას ცდილობდა.

ქალთა მონაზვნობის ფუძემდებლად მაინც წმინდა სვინკლიტიკია ითვლება, რომელიც ალექსანდრიაში მდიდარსა და ცნობილ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მშვენიერი გარეგნობით შემკულს, არაფერი აკლდა, რათა ამქვეყნიური ბედნიერებით დამტკბარიყო, მაგრამ ყრმობიდანვე ყველასა და ყველაფერზე მეტად ქრისტე შეიყვარა. მსახურებით სავსე სასახლეში მუდამ საქმეს ეძებდა, განუწყვეტლივ ლოცულობდა და მკაცრად მარხულობდა. მშობლების სიკვდილის შემდეგ მთელი ქონება ღარიბებს დაურიგა, ხუცესი იხმო, ამა სოფლისგან განშორების ნიშნად თმა მოიკვეცა და თავის უსინათლო დასთან ერთად საფლავზე აგებულ სახლაკში დაბინავდა.

მისი მიბაძვა მრავალმა ღვთისმოსავმა ქვრივმა და ქალწულმა მოისურვა და მის ახლოს დამკვიდრდა. ისინი სვინკლიტიკიას წინამძღვრობას სთხოვდნენ; ქალწული თავდაპირველად უარზე იდგა და ურჩევდა, წმინდა წერილით, სიბრძნისა და მადლის ამ ერთადერთი წყაროთი ეწინამძღვრათ, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა, დათანხმებულიყო. დებს ისე ექცეოდა, როგორც დედა შვილებს და ღმრთისაკენ მიმავალ გზაზე მათ განმტკიცებას სულისთვის სასარგებლო შეგონებებით ცდილობდა.

მონაზვნობა არსად ისე სწრაფად არ გავრცელებულა, როგორც ეგვიპტეში. ვრცელი თაკარა უდაბნოების ძველი აკლდამები, გამოქვაბულები და ქვის სამტეხლოები ასკეტმა მოღვაწეებმა აავსეს. საკერპოთა ნანგრევები და საფლავზე აგებული ძეგლები სავანეებად იქცა. იმ ადგილებში, სადაც წინათ კერპთაყვანისმცემელთა ადათები სრულდებოდა, ახლა განდეგილნი ფსალმუნებს გალობდნენ. ლიბიის მთებისა და ქალაქების - მემფისის, არსინოეს, კანოპის, ლიკოპოლისის და ალექსანდრიის შემოგარენში ან მონასტრებში, ან კიდევ განმარტოებულ სენაკებში ურიცხვი ბერ-მონაზონი ცხოვრობდა. ქალაქ ოქსირინქოში რუფინუსმა ათი ათასამდე ბერი და ოცი ათასამდე ქალწული დათვალა. და ეს - იმ ქვეყანაში, სადაც ცოტა ხნის წინ ცხოველებს, მცენარეებსა და მდინარეებს აღმერთებდნენ. ეგვიპტეს მკაცრი ასკეტური მოღვაწეობით თითქოს ამ ცოდვის გამოსყიდვა სურდა. და თუმცა ასკეტი მოღვაწენი თავიანთ ღვაწლს გულმოდგინედ მალავდნენ, მათი მაგალითი საზოგადოებაზე ძლიერ ზეგავლენას ახდენდა. ეს ზეგავლენა ქრისტიანობის გავრცელებას ისევე უწყობდა ხელს, როგორც პირველ საუკუნეებში წამებულთა მაგალითი. მათი ცხოვრების შემყურე ხალხი რწმუნდებოდა, რომ ქრისტიანისთვის ღმერთთან სიახლოვეზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, ხოლო ამ ძნელ გზაზე მავალთ უფალი ისევე შეეწევა, როგორც წამებულთ.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1