ქრისტიანობა და მსოფლიო რელიგიები
ქრისტიანობა და მსოფლიო რელიგიები
13. დაბადება
კითხვა ქვეყნიერების შექმნის შესახებ ყველა დროის ხალხს აწუხებდა. ადამიანები მხოლოდ საკუთარი გონებრივი შესაძლებლობების გამოყენებით ცდილობდნენ გაერკვიათ, საიდან მოვიდა ყველაფერი , რაც მათ გარშემო იყო, როგორ არის სამყარო მოწყობილი და ვისი წყალობით შეიქმნა ყოველივე. დროთა განმავლობაში მეცნიერება ფარდას ხდის სხვადასხვა საკითხს და, როგორც ჩანს, უახლოვდება მთავარ კითხვას, მაგრამ ჯერ-ჯერობით ეს კითხვა პასუხგაუცემელი რჩება.

არც ისე დიდი ხნის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეცნიერება ეთანხმება ბიბლიას, რეალურად უთანხმოება ბიბლიასა და მეცნიერებას შორის არ უნდა არსებობდეს, რადგან ისინი სხვადასხვა საკითხს ემსახურებიან. ბიბლიის მიზანი მდგომარეობს შემდეგში - აჩვენოს ხალხს, ვინ არის ღმერთი, რა მიმართებაშია იგი ქვეყანასთან და რა მიზანს ემსახურება ადამიანი. ყველა ეს კითხვა არ შეიძლება იყოს მეცნიერების კვლევის საგანი. გალილეო გალილეიმ სრული სიმართლე თქვა: "ბიბლიის მიზანია - გვამცნოს არა ის, თუ როგორ არის ზეცა მოწყობილი, არამედ ის, თუ როგორ მოვხვდეთ მასში". რა თქმა უნდა, გალილეი გულისხმობდა ორ სხვადასხვა რეალობას: ფიზიკურ და სულიერ ზეცას. მეცნიერება კი მხოლოდ ფიზიკურ ზეცაზე გვესაუბრება, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეულ ცოდნას ბიბლიაც გვაწვდის. იგი იუწყება, რომ ეს უკანასკნელი ღვთის ხელით არის შექმნილი და ამ მოვლენის შესახებ ვკითხულობთ ბიბლიის პირველ თავში. ჩვენ წავიკითხავთ მას და შემდეგ გავუკეთებთ კომენტარებს (დაბ. 1:1-31).

1. თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა.

2. მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ.

3. თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი.

4. და ნახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო, და გაჰყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი.

5. ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს ღამე. იყო საღამო, იყო დილა - პირველი დღე.

6. თქვა ღმერთმა: იყოს წყალთა შორის მყარი და გაჰყაროს წყლები.

7. გააჩინა ღმერთმა მყარი და გაჰყარა ერთმანეთისგან წყალი, რომელიც არის მყარს ქვემოთ, და წყალი, რომელიც არის მყარს ზემოთ. და იქმნა ასე.

8. მყარს ღმერთმა უწოდა ცა. იყო საღამო, იყო დილა - მეორე დღე.

9. თქვა ღმერთმა: შეგროვდეს ერთგან ცისქვეშეთის წყალი და გამოჩნდეს ხმელეთი. და იქმნა ასე.

10. ხმელეთს ღმერთმა უწოდა მიწა და შეგროვილ წყალს უწოდა ზღვა. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

11. თქვა ღმერთმა: აღმოაცენოს მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი, თესლოვანი ნაყოფის მომტანი მიწაზე თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე.

12. წარმოშვა მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი თავისი გვარისდა მიხედვით, და ხე, თესლოვანი ნაყოფის მომტანი, თავისი გვარისდა მიხედვით.

13. იყო საღამო, იყო დილა - მესამე დღე.

14. თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დროჟამის აღმნიშვნელად - დღეებისა და წელიწადებისა;

15. იყვნენ მანათობლებად ცის მყარზე, რომ გაანათონ მიწა. და იქმნა ასე.

16. გააჩინა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი - დიდი მნათობი დღის განმგებლად და მცირე მნათობი ღამის განმგებლად, და ვარსკვლავები.

17. დასხა ისინი ღმერთმა ცის მყარზე, რომ გაენათებინათ მიწა.

18. განეგოთ დღე და ღამე, გაეყარათ ნათელი და ბნელი. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

19. იყო საღამო, იყო დილა - მეოთხე დღე.

20. თქვა ღმერთმა: აფუთფუთდეს წყალში სულდგმული, მცურავი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, რაც კი წყალში ფუთფუთებს, და ყველა ფრთოსანი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

21. შექმნა ღმერთმა დიდი თევზები და ყოველი სულდგმული, მცურავი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, რაც კი წყალში ფუთფუთებს, და ყველა ფრთოსანი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

22. აკურთხა ღმერთმა ისინი და თქვა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ზღვები.

23. იყო საღამო, იყო დილა - მეხუთე დღე.

24. თქვა ღმერთმა: წარმოშვას მიწამ სულდგმული თავ-თავისი გარისდა მიხედვით - პირუტყვი, ქვემძრომი და მიწის მხეცები თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე.

25. გააჩინა ღმერთმა ნადირი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, საქონელი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით და ქვემძრომი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

26. თქვა ღმერთა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. უპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს.

27. შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.

28. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზებს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს.

29. თქვა ღმერთმა: აჰა, მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა, და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი. ეს იყოს თქვენი საზრდო.

30. მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყველა ქვემძრომს, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას, მწვანე ბალახი ჰქონდეს საჭმელად. და იქმნა ასე.

31. დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო. იყო საღამო, იყო დილა – მეექვსე დღე.


კომენტარები
1. პირველ რიგში, ბიბლია გვამცნობს, რომ ქვეყნის არსებობას აქვს დასაწყისი. ის არ არის მარადიული. ქვეყანა შექმნილია არაფრისგან, ისევე როგორც მის შექმნამდე არაფერი იყო, იყო მხოლოდ ღმერთი, მაგრამ ღმერთისგან ქვეყანა თავისთავად არ შექმნილა, იგი არც ნაწილია მისი და არც გაგრძელება. ამიტომ არ იქნება მართებული ითქვას, რომ ქვეყნის ბუნება ღვთაებრივია. დრო და სივრცე სამყაროსთან ერთად არის შექმნილი, რადგან სიტყვა "მდე" დროს ეხება, ამიტომ შეკითხვა იმის შესახებ, თუ რა იყო ამ ყველაფრამდე, უაზრობაა.

2. ადამიანს აქვს მოთხოვნილება იპოვოს ღმერთი და რადგან ქმნილებას ჰყავს შემოქმედი, ადამიანისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, შექმნილი და შემოქმედი ერთმანეთისგან გაარჩიოს. ყოველი პიროვნება იმის პოვნას ცდილობს, ვისაც შეიძლება თაყვანი სცეს და ვისგანაც შეიძლება დახმარება ითხოვოს. იმ დროს, როდესაც მოსე წერდა ათ მცნებას მისი ხალხი მსხვერპლს სწირავდა და თაყვანს სცემდა ბუნების ძალებსა და კერპებს. ქვეყნიერების შექმნის შესახებ არსებული ბიბლიური ისტორიის საშუალებით ამგვარი შეცდომებისაგან ადამიანები თავისუფლდებიან.

3. "თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა" - საუბარია პირველ დღეს ხილული და უხილავი - მატერიალური და ანგელოზების სამყაროს შესახებ. მთელი შემდგომი დღეები კი მატერიალურ სამყაროს შექმნას ეხება.

4. "და თქვა ღმერთმა" - გვეუბნება, რომ სამყარო შექმნილია არა ზოგადი მატერიალური ძალებით, არამედ პიროვნულად შემოქმედის მიერ. ღმერთი უვლის და პატრონობს თავის შესაქმეს, ეხმარება ადამიანებს და იმედოვნებს, რომ მისი მთავარი ქმნილება - ადამიანი სწორი და ჭეშმარიტი ცხოვრებით შეუერთდება მას.

5. ყოველი შემოქმედებითი დღის დამთავრებისას მეორდება ერთი და იგივე სიტყვა: "და დაინახა ღმერთმა, რომ ეს კარგია" - ეს მიგვანიშნებს, რომ სამყაროც და მისი შემოქმედიც კარგი და მშვენიერია. აღმოსავლური რელიგიური შეხედულებებისაგან განსხვავებით, ქრისტიანობისთვის თავისთავად მატერია არ წარმოადგენს ბოროტებას და არ განაშორებს ადამიანს ღმერთისაგან, პირიქით, მატერიის შემოქმედებით სილამაზეში შეგვიძლია დავინახოთ ღვთის სახე.

6. მნიშვნელოვანი აზრი დევს შემდეგ სიტყვებში: "და იხილა ღმერთმა ყოველივე, რაც შექმნა, და აჰა, კარგია ძლიერ", ანუ ღმერთს არ შეუქმნია ბოროტება, ბოროტების გაჩენის მიზეზზე მოგვიანებით ვისაუბრებთ.

7. ქვეყნის შექმნა სრულდება ადამიანის შექმნით. ადამიანი შექმნილია ქმნილების გვირგვინად. მთელი ქვეყანა ადამიანის ხელთაა, ადამიანია მისი პატრონი, მან უნდა მოუაროს და შეავსოს იგი. სიტყვა "შეავსოს", გარდა მისი უშუალო მნიშვნელობისა, აქვს ასევე სულიერი მნიშვნელობა: აღავსოს ქვეყანა ღთაებრივობით და იყოს გამაერთიანებელი ძალა ღმერთსა და ქვეყანას შორის.

8. ადამიანის შექმნა სპონტანურად არ ხდება, ის წინასწარ არის ჩაფიქრებული: "შევქმნათ კაცი ჩვენი ხატებისამებრ და ჩვენი მსგავსებისამებრ"; შემდეგ ვკითხულობთ: "და შექმნა ღმერთმა კაცი ღვთის ხატისამებრ", ესე იგი ღვთის ხატი ადამიანში თავიდანვე ჩაიდო, ხოლო მსგავსება - ეს ის მიზანია, რისთვისაც ადამიანი გაჩნდა და რისი მიღწევაც მას, თუ მოისურვებს, შეუძლია ღვთის დახმარებით. ღვთის ხატი ადამიანში გულისხმობს იმას, რომ ამ უპიროვნო სამყაროში იგი არის ერთადერთი პიროვნული არსება და ადამიანი არის ერთადერთი ხატი ღმერთის პიროვნებისა. ყველაზე უკეთ ადამიანის ღვთაებრიობა ვლინდება მის გონიერებაში, თავისუფალ ნებასა და სიყვარულის უნარში.
ბეჭდვა
1კ1