ქრისტიანობა და მსოფლიო რელიგიები
ქრისტიანობა და მსოფლიო რელიგიები
12. სულიწმინდის შესახებ
მრწამსში გამოხატულია სულიწმინდის რწმენა და ნათქვამია: "და სული წმიდა, უფალი და ცხოველს მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყვანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ". ასე ამბობენ ქრისტიანები წმინდა სამების ერთ-ერთ პირზე, რომელიც გვევლინება ჭეშმარიტ და სრულქმნილ ღმერთად. სულიწმინდის მისიას ამქვეყნიურ ცხოვრებაში იესო ქრისტემდე მორწმუნეების მიყვანა და მასთან გაერთიანება წარმოადგენს.

იესო ქრისტე სულიწმინდის შესახებ
საიდუმლო სერობის დროს მაცხოვარმა, რომელმაც წინასწარ იცოდა თავის მოწაფეებთან განშორების შესახებ, მათ უთხრა: "ვთხოვ მამას და მოგივლენთ სხვა ნუგეშინისმცემელს, რათა იყოს თქვენთან უკუნისამდე, ჭეშმარიტების სულს, რომელსაც ვერ შეიწყნარებს ქვეყანა, რადგანაც ვერ ხედავს და ვერ იცნობს მას, ხოლო თქვენ იცნობთ, ვინაიდან თქვენთანაა და თქვენში იქნება... ხოლო როდესაც მოვა ნუგეშინისმცემელი, რომელსაც მოგივლენთ მამის მიერ, - ჭეშმარიტების სული, რომელიც გამოდის მამისაგან, ის იმოწმებს ჩემთვის" (ინ. 14:16-17; 15-26). იესო ქრისტეს ამ სიტყვებს ეყრდნობა მართლმადიდებლული რწმენა იმისა, რომ სულიწმინდა გამოდის მამა ღმერთისაგან და სულიწმინდა ყოველთვის ცოცხლობს ეკლესიაში.

ახალი აღთქმა - აღთქმა მამა ღმერთისა, ძე ღმერთისა და სულიწმინდისა
იესო ქრისტე აღდგომის შემდეგ ეუბნება თავის მოწაფეებს: "მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამისა და ძისა და სულიწმინდის სახელით" (მათ. 28:19) და რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ყველანი ერთად შეიკრიბნენ იერუსალიმში, "ანაზდად იგრგვინა ზეცით, თითქოს გრიგალი აგუგუნდაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი ისხდნენ. და მოევლინა მათ ენები, თითქოს ალისანი, და სათითაოდ მოეფინა ყოველ მათგანს. ყველანი აღივსნენ სულიწმინდით და სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ, როგორც სული ამეტყველებდა მათ" (საქ. 2:2-4). ასე შეიქმნა ქრისტიანული ეკლესია. ხოლო ეკლესიაში მცხოვრები სულიწმინდა ინახავს მასში ჭეშმარიტებას და იცავს მას შეცდომებისაგან.

დროდადრო ჩნდებოდა სწავლებები, რომელებიც ამტკიცებდნენ, რომ თავიდან იყო ორი აღთქმა: ძველი - მამა ღმერთთან და ახალი - ძე ღმერთთან და ახლა მოდის შემდეგი ჟამი, ჟამი შემდეგი აღთქმისა - სულიწმინდისა. ეკლესიის თვალსაზრისით ეს ერესია. ორმოცდამეათე დღეს სულიწმინდა გადმოვიდა ეკლესიაზე, მას შედეგ ცოცხლობს მასში, არასოდეს მიუტოვებია იგი და ეს არის სულიწმინდის სრული თანაარსობა იესო ქრისტესთან. ეკლესიისთვის ახალი აღთქმა - ეს არის აღთქმა მამა ღმერთთან, ძე ღმერთსა და სულიწმინდასთან.

სულიწმინდის საქმე
სულიწმინდა აცოცხლებს ყველაფერ სულიერს, ის "სიცოცხლის მომცემი" და "სიკეთის საგანძურია" ძველ აღთქმაში, გველაპარაკებოდა წინასწარმეტყველთა ბაგეებით და ახლა მის მადლს იღებს ყველა ადამიანი, ვინც ქრისტიანად ინათლება. ყველაფერი, რაც ხდება ეკლესიაში, ხდება სულიწმინდის თანხლებით: ყველა საიდუმლო (ნათლობა, ზიარება, აღსარება, მღვდლობა, ჯვრისწერა) ყველაზე მთავარ საიდუმლოსთან - ადამიანის ხსნასთან ერთად.

თავად სულიწმინდა გადადიოდა ძველი და ახალი აღთქმის ავტორებზე, ამიტომაც ეწოდება ამ წიგნებს ღვთივშთაგონებული წიგნები.

სულიწმინდის მეშვეობით არის შთაგონებული ეკლესიის მიერ აღიარებული საეკლესიო კრებების ყველა გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილებები იწყება სიტყვებით, რომლებიც იყო წარმოთქმული პირველ კრებაზე, "ვინაიდან მართებულად მიიჩნია სულიწმინდამ და ჩვენც..." (საქ. 15:28). სწორედ სულიწმინდა აძლევს ადამიანს ღმერთის შემეცნებასა და მასთან ურთიერთობის საშუალებას: "...ვერც უფალს უწოდებს იესოს თუარა სულიწმინდით" (1 კორ. 12:3), ანუ იესო ქრისტეში ღმერთის ხილვა შეუძლია მხოლოდ მას, ვინც სულიწმინდის დახმარების ღირსი იქნება.

ის, ვის შესახებაც იცოდა მხოლოდ რამდენიმე მოწაფემ, სულიწმინდის მადლით მთელი ქვეყნიერებისთვის გახდა ცნობილი.

სულიწმინდის თანადგომით, ჩვეულებრივი ადამიანი ხდება წმინდანი. ღვთისგან წამოსული ყველა ქმედება: სასწაულების მოხდენა, ადამიანის განკურნება - ხდება მისი საშუალებით. იგი ვლინდება ყველა ღვთიური უნარის: მშვიდობის, თავშეკავების, მოთმინების, თავმდაბლობის, სიხარულის, რწმენისა და სიყვარულის წყაროდ.

მადლი
სულიწმინდის მოქმედება განსაკუთრებით მაშინ იგრძნობა, როდესაც ეკლესია ემზადება ღვთისმსახურებისთვის. ყველაფერი, რაც არის და რაც ხდება ეკლესიაში: ხატი, გალობა, ღვთისმსახურება, ლოცვა - მადლია, ეს ყველაფერი ეკლესიაში სულიწმინდის ღვაწლით ხდება.

სულიწმინდის მიერ მონიჭებულ ჯილდოს მადლი ჰქვია. XIV საუკუნეში ეკლესიის შესახებ აღიძრა დავა, კამათის თემას მადლის რაობა წარმოადგენდა. იყო თუ არა ის ღვთის მიერ შექმნილი? ისინი, ვისაც ჰქონდა მიღებული მადლი, ამტკიცებდნენ, რომ - სულიწმინდა არ არის ქმნილი ძალა. ყველაზე კარგად და ნათლად ეს აზრი ჩამოაყალიბა და განმარტა დიდმა მართმადიდებელმა ღვთისმეტყველმა წმინდა გრიგოლ პალამამ, მან თქვა, რომ სულიწმინდის მადლი - "ეს არის - თვით ღმერთის ენერგია ან მოქმედება. ღმერთის არსებობა მისი მოქმედებისა და ენერგიების გარეშე წარმოუდგენელია". ღვთის ენერგიები ყოველთვის, თვით სამყაროს შექმნამდეც არსებობდა, ეს გამოდის მისი შეუცნობელი არსისაგან, როგორც სინათლე გამოდის მზისგან, მაგრამ გამოსვლის მიუხედავად ის მას არასოდეს განეყრება. ამ უბრალო მსჯელობით და წმინდანების გამოცდილებიდან გამომდინარე, წმინდა გრიგოლ პალამამ მადლის უქმნელობა დაასაბუთა. თავის წიგნებში მადლს ის ხშირად უწოდებს ღვთაებას. ღმერთი განუყოფელია და ამიტომ მადლში წმინდა გრიგოლი სრულ ღმერთს გულისხმობს. ეს რწმენა კრებებზე ეკლესიამ გაითავისა და იგი დღეს მართმადიდებლობის ერთ-ერთ უმთავრეს განმასხვავებელ თავისებურებას წარმოადგენს.

სულიწმინდის მიღება - ქრისტიანული ცხოვრების მიზანი
სერაფიმ საროველის სწავლების მიხედვით, ქრისტიანული ცხოვრების მიზანი მადლის მოხვეჭაა. რამდენად კარგიც არ უნდა იყოს ლოცვა, მარხვა, მღვიძარება და სხვა ქრისტიანული საქმენი, ამაში მაინც არ მდგომარეობს ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრების მიზანი, თუმცა სწორედ ესენია მთავარ მიზნამდე მისვლის საშუალებები. ამრიგად, ვინაიდან მთავარი მიზანი სულიწმინდის მოპოვებაა, ლოცვა, მარხვა და ზოგადად კეთილი საქმის კეთება საშუალებებია სულიწმინდის მონაგრებისა.

სერაფიმ საროველის მოსაზრება გასაგები იქნება ჩვენთვის, თუ გავიხსენებთ, რომ - ცათა სასუფეველი ღმერთთან ურთიერთობაა. როდესაც სულიწმინდა ცხოვრობს ადამიანში და ამავე დროს ადამიანიც სულიწმინდაშია - ეს არის სამოთხე, გადარჩენა, სწორედ ეს არის ქრისტიანული ცხოვრების მიზანი.
ბეჭდვა
1კ1