გაექეცი მიზეზს დაბრკოლებისას და დაბრკოლება თავად გაიქცევა შენგან
გაექეცი მიზეზს დაბრკოლებისას და დაბრკოლება თავად გაიქცევა შენგან
ყოველი ცოდვა მახეა ადამიანისთვის, რამდენი ცოდვაც აქვს ადამიანს, იმდენი ორმოა გათხრილი მისი სულისთვის. აქედან გამომდინარე, ცოდვილი სული მარად მახეშია გაბმული და მოკლებულია თავისუფლებას, რაც თავისთავად ბორკილები და დაბრკოლებაა მისთვის. სწორედ რომ თითოეული დაბრკოლების მიზეზი თავად ჩვენშია და რამდენადაც არ ვიცნობთ საკუთარ თავს, იმდენად მოკლებულნი ვართ მართებული შემეცნებისა და აღქმის უნარს. უძლურნი ვართ გავაანალიზოთ მიზეზი ჩვენი სულიერი შეკრულობისა, ვნებებზე მიჯაჭვულობისა. რამდენი ვნებაცაა ჩვენს შინაგან კაცში, იმდენი საცდურისა და დაბრკოლებისკენ ვართ მიდრეკილნი. ჩვენ ძალზე ხშირად გარე სამყაროსა და სხვებში ვხედავთ და ვეძებთ დაცემის მიზეზსა და, აქედან გამომდინარე, გამართლებას, მაგრამ თავიდათავი ჩვენი ვნებებისადმი მორჩილებისა საკუთარი უძლურება, სიკეთისაგან სიშორე და ამპარტავნებაა. ამპარტავანს სხვის მიერ აღსრულებული ყველაზე მცირე დანაშაულიც კი აკვირვებს, განკითხვისა და დამცირების საბაბს აძლევს. გულით მდაბალი და სიწმინდის მოყვარული სული კი მხოლოდ საკუთარ თავში ხედავს დაცემულობის მიზეზსა და შედეგს, ამიტომაცაა დიდსულოვანი სხვათა მიმართ, მიმტევებელი და მანუგეშებელი. ამპარტავანი სული მოჩვენებით, არარეალურ სამყაროში ცხოვრობს, რადგან საერთოდ არ იცნობს საკუთარ თავს, ამიტომ მისთვის თავად რეალობა და ჭეშმარიტებაა დაბრკოლება. რამდენადაც მომთხოვნია ადამიანი საკუთარი თავის მიმართ, იმდენად მოწყალე და მიმტევებელია სხვათა მიმართ. ცოდვილი სულის კიდევ ერთი ძალზე საოცარი თვისება ისაა, რომ ის დაუნდობელი და სასტიკია მასავით ცოდვილის მიმართ. რაც უფრო დასნეულებულია ადამიანი სულიერად, მით მეტად აბრკოლებს სხვისი დაცემულობა, ამიტომ უჭირს მიტევებაც და პატიებაც, რითაც კიდევ უფრო ისასტიკებს ხვედრს საკუთარი ყოფირებისა.

ჩვენ თავად ვართ მიზეზი ჩვენივე დაბრკოლებისა, სულიერი წინსვლის შეფერხებისა და დაცემულობისა. ძალზე ხშირად გვავიწყდება ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომები, უარეს შემთხვევაში კი მას საერთოდ არც მივიჩნევთ შეცდომად, უზნეობად და უწესობად. მხოლოდ შედეგი გვაკვირვებს და არ მოგვწონს, გავურბივართ მას, მაგრამ ვერსად დაემალები, რადგან მისი არსებობის მიზეზს თავად ატარებ, ყველგან დაგაქვს და არც კი ცდილობ მის მოკვეთას შენგან. გაექეცი მიზეზს დაბრკოლებისას და დაბრკოლება თავად გაიქცევა შენგან. თავი აარიდე საბაბს ცოდვისას და ცოდვა აღარ იმეგობრებს შენთან. სანამ საკუთარი უზნეობა, არასწორი ყოფა და ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომები არ შეგვაწუხებს, სინანულს არ მოგვგვრის, მანამ არ გამოილევა ჩვენთვის მიზეზი შეფერხებისა და განსაცდელისა. ძალიან ძნელია, გერქვას ნამდვილი ქრისტიანი შენი ცხოვრებით, რადგან ეს ნიშნავს ამაღლდე საკუთარ თავზე, მართო იგი უფლის შემწეობით, რომ მან თავად არ გმართოს შენ მისი სურვილებისამებრ. ქრისტიანობა ხომ დაცემული სულის აღდგინება და ხელახალი შობაა. ჩვენი რწმენა ხომ სწორედ დაბრკოლებული სულის განკურნებასა და გაჯანსაღებას ემსახურება. იმდენად გვწამს უფალი, რამდენადაც ვიკურნებით წყლულებისაგან და, პირიქით, რამდენადაც ვიკურნებით, იმდენად გვწამს. მართლმადიდებლობა მიუწვდომელი სიღრმეა და სანამ ის ჩვენი სულის სიღრმეში არ შეაღწევს, არაფერი ვიცით მის შესახებ. მხოლოდ სმენით გვესმის, მაგრამ ვერ ვაცნობიერებთ, სიტყვით წარმოვთქვამთ, მაგრამ თავად არ გვჯერა მისი. სულის სიღრმეში რწმენის შეღწევას კი მთელი ცხოვრება სჭირდება, მაგრამ არა უქმად გატარებული, არამედ დაუღალავი შრომით, შეცდომებსა და განსაცდელებში მარად უფლის ძიებით. ზოგჯერ სიკეთესა და ლოცვებში ვხედავთ უფალს, ზოგჯერ კი ცოდვებსა და განსაცდელებში. ხან დაცემულნი უფრო ახლოს ვართ ღმერთთან, ხან კი ფეხზე მდგარნი გავურბივართ მას. ძალზე ხშირია, როდესაც გვგონია, რომ ახლოს ვართ უფალთან და ვუერთგულეთ მას, სინამდვილეში შეიძლება იმ დროს ყველაზე მეტად შორს ვიყოთ მისგან. მიუწვდომელია უფალი და გამოუკვლეველია მასთან მიახლების გზები, მაგრამ ყველაზე საკვირველი ის არის, რომ ცხონების გზა ძალზე ახლოსაა ჩვენთან, ის ჩვენს გულსა და გონებაზე გადის, მარადიულად მასზე რეკს. საჭიროა, მოვუსმინოთ, ყური დავუგდოთ ჩვენი შინაგანი კაცის რჩევას, კარნახს. დავაკვირდეთ, რას გვირჩევს იგი - ღვთისთვის სათნოს თუ პირიქით... შევადაროთ ჩვენი ცხოვრება უფლის სიტყვას და რაც ეწინააღდეგება მას, შევეცადოთ ამოვძირკვოთ ჩვენგან ღვთის დახმარებით. ქრისტეს ერთგულებას მხოლოდ ჩვენი ცხოვრებით ვსწავლობთ, ყველაზე კარგი მასწავლებელი ჩვენთვის ჩვენივე ცხოვრებაა, იგია სარბიელი, სასწავლებელი და საწვრთნელი ჩვენი სულისა. ეკლესია გვაკურთხებს, მადლსა და ძალას გვაძლევს, ცხოვრება კი გვასწავლის, როგორ გამოვიყენოთ იგი. ცხოვრებაში არ იგულისხმება მხოლოდ დროში განვლილი და მას მიყოლებული სიცოცხლე, რადგან მხოლოდ ამგვარად არათუ ვსწავლობთ და ახალს ვიძენთ, არამედ იმასაც ვკარგავთ, რაც უფლისგან მოწყალებით დაუმსახურებლად მივიღეთ. ცხოვრებაში იგულისხმება მართებულად გონიერად გამოყენებული ის ძვირფასი წუთები, რაც ძალზე მცირეა ნებიერი, უზრუნველი, განცხრომით სავსე ყოფიერებისთვის, ხოლო სრულიად საკმარისი ცხონებისა და უფლის ერთგულებისთვის. ვინც ცხოვრებას სულიერსა და ფიზიკურ ღვაწლში ატარებს, მისთვის სიცოცხლის დღენი საკმარისზე მეტად გრძელი და ხანგრძლივია, რადგან ვინც წუთის ფასი იცის, მისთვის თვე და წელიწადი საუკუნეა. ამიტომ მორწმუნე ადამიანისთვის არასდროს არის გვიან გამოსწორება, შეცდომების დანახვა და აღიარება. მორწმუნეს სწამს, რომ უფალი აუცილებლად მისცემს ამის დროს, თუკი მისი გული ახალი სიცოცხლისა და სიწმინდის მოყვარული ცხოვრებისკენ იქნება მიმართული, რადგან განახლება ჩვენს შიგნით იწყება და გარეგანში აისახება. უფალი გულისგან აღვლენილსა და მისგან შეწირულს იწყნარებს მისთვის ბოძებულ მსხვერპლად. უფალი იესო ქრისტე თავად არის ჩვენი ხსნისა და განწმენდისთვის გაღებული მსხვერპლი, რომელიც მარად ჩვენთან არის მამასთან და წმინდა სულთან ერთად აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ბეჭდვა
1კ1