ქრისტიანობა და მსოფლიო რელიგიები
ქრისტიანობა და მსოფლიო რელიგიები
10. "რას ამბობს ხალხი, ვინ ვარ მე?"
ჩვეულებრივი გაუგებრობა
ერთ-ერთი მოგზაურობის დროს, გზად ფილიპეს კესარიის სოფელში, იესო ქრისტემ ჰკითხა თავის მოწაფეებს: "რას ამბობს ხალხი, ვინ ვარ მე?" მისმა მოწაფეებმა დაიწყეს იმ მოსაზრებების ჩამოთვლა, რომლებიც მათ სმენოდათ: "ერთმა უთხრა: იოანე ნათლისმცემელიო. სხვები ამბობდნენ: ელიაო, სხვები: ერთ-ერთი წინასწარმეტყველიო" (მრკ. 8:27-28). სახარების ამ მონაკვეთში ჩანს, რომ ხალხის უმრავლესობას იესო ქრისტეზე მცდარი წარმოდგენა ჰქონდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ ქრისტე იყო ძველი აღთქმის ერთ-ერთი სახე. ურწმუნოება და არასწორი მსჯელობა არ აძლევდა ხალხს საშუალებას, დაენახა მისი ღვთიური ღირსებები.

ძირითადი ერესები
პირველი ღვთისმეტყველური სისტემა, რომელიც უარყოფდა იესო ქრისტეს როგორც ღმერთს, ჩამოყალიბდა ალექსანდრიელი ხუცესის არიოზის მიერ (IVს). იგი ამბობდა, რომ სამების მეორე პირი ძე ღვთისა (იესო ქრისტე) როგორც პიროვნება დასაბამიდან არ არსებობდა, რომ ის ყველა ქმნილებაზე ადრე მამა ღმერთმა არაფრისაგან შექმნა და შესაბამისად ის არ არის ერთარსი მამისა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძე ღვთისა იესო ქრისტე არ არის ჭეშმარიტი ღმერთი, ამ სიტყვის სრული გაგებით. იესო ქრისტეს ღმერთად აღიარების უარმყოფელი მეორე ღვთისმეტყველური სისტემა - ნესტორიანობა ასწავლიდა ხალხს ქრისტეზე, როგორც უმაღლეს საფეხურზე მდგომ ჩვეულებრივ ადამიანზე, რომელიც ღვთისაგან უდიდესი ნიჭით იყო დაჯილდოებული. მესამე უდიდესი ერესი, რომელიც ჩამოყალიბდა არქიმანდრიტ ევტიქის მიერ კონსტანტინოპოლში (V ს) - მონოფიზიტობა (ერთი ბუნება), გამოხატავს მცდარ მოსაზრებას, რომ იესო ქრისტე იყო მხოლოდ ღმერთი, ადამიანის ბუნებამ შეწყვიტა მასში არსებობა ღმერთთან შერწყმის შემდეგ. მონოფიზიტობიდან გამომდინარე უნდა გვეფიქრა, რომ ქრისტე არაერთსულოვანია ჩვენთან, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა შეერწყას ღმერთს. ყველა ჩვენ მიერ განხილული ცდომილება შეიძლება გავაერთიანოთ ერთ-ერთ მათგანში. ამ ცდომილების მიზეზი ყოველთვის იყო და დღესაც რჩება ადამიანის სურვილი, დაიყვანოს ეს საკითხი თავისი გონებისთვის გასაგებ დონეზე.

ახალი დროის ძიებანი
იესო ქრისტეს პიროვნების კვლევის ახალი ეტაპი დაიწყო განმანათლებლობის ეპოქაში (XVIIIს). განმანათლებლები ფიქრობდნენ, რომ ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი საშუალება ადამიანის გონებაა. ისინი თავისი რაციონალისტური აზროვნების საფუძველზე ცდილობდნენ ქრისტიანული რწმენის ყველა ჭეშმარიტება კრიტიკულად გაეანალიზებინათ. იესო ქრისტესა და ქრისტიანული რწმენის შესახებ მათმა ფილოსოფიურმა და ისტორიულმა კვლევებმა საზოგადოების დიდ ნაწილზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა, ბევრი ადამიანი განუდგა კიდეც ქრისტიანობას.

უკანასკნელ პერიოდში პროტესტანტულ ქვეყნებში ეს ტენდენცია ქრისტეს ისტორიულობისა და ქრისტესადმი რწმენის გაყოფაში გამოვლინდა: ერთი მხრივ, ქრისტე როგორც ისტორიული მოღვაწე და მეორე მხრივ, როგორც რწმენის ობიექტი. ამ თეორიის ავტორის, ბულტმანის მიხედვით, ის ქრისტე, რომელიც სწამთ ქრისტიანებს, განსხვავდება რეალური ისტორიული პიროვნების - იესო ქრისტესაგან, მაგრამ ქრისტე, რომელიც ადამიანებს სწამთ, იდეის სახით ზეგავლენას ახდენს კაცობრიობის ისტორიაზე.

განვიხილოთ უფრო დაწვრილებით იესო ქრისტეს შესახებ განმანათლებლობის ეპოქიდან ჩვენს დრომდე არსებული შეხედულებები: რეიმარუსის აზრით (XVIIIს.), ქრისტე იყო უბრალო მასწავლებელი, რომელიც ასწავლიდა ცათა სასუფეველს, როგორც მიწიერ რეალობას, როგორც ადამიანური ურთიერთობების ახალ სინამდვილეს. იგი მიიჩნევდა, რომ ჯვარზე გაკვრისას სიტყვებით: "ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?" - ქრისტემ გამოამჟღავნა სასოწარკვეთილება იმის გამო, რომ შეუძლებელია ისეთი სუფევა დედამიწაზე, როგორიც მას წარმოედგინა.

მე-19 საუკუნეში დევიდ შტრაუსი (1808-1874) ამტკიცებდა, რომ ყველაფერი, რაც კი ვიცით იესოს შესახებ - მითია. მიუხედავად ამისა, ქრისტე რჩება მუდმივ ჭეშმარიტებად. ისტორიულობის უარყოფა არ ამცირებს რელიგიური ჭეშმარიტების მნიშვნელობას. იგავები და ამბები სასწაულებზე შტრაუსისთვის მხოლოდ ქრისტიანული ლეგენდები იყო. შტრაუსი არ აღიარებდა ისტორიულ წყაროდ იმ ხალხის შთაბეჭდილებებსა და გამოცდილებას, ვინც იესო ქრისტესთან ურთიერთობდა და მის გვერდით ცხოვრობდა.

ერნესტ რენანი (1823-1892) ქრისტიანობის ყველაზე დიდი კრიტიკოსი გახლდათ. მისთვის ქრისტე იყო ადამიანი, რომელ-საც თავი ღვთის შვილად წარმოედგინა და ხალხისაგან ითხოვდა მონანიებას. მის სწავლებაში მთავარი იყო სიყვარული. რელიგიური მმართველების წინააღმდეგობის გამო ის ნელ-ნელა სიყვარულის მქადაგებლიდან რევოლუციონერ მესიად გადაიქცა. ბოლოს იგი გასცეს და ჯვარს აცვეს. რენანმა უგულებელყო სახარებისეული ჭეშმარიტება და შექმნა იესო ქრისტეს რომანტიკული სახე.

იდეოლოგიური შტამპი
ქრისტეს პიროვნების გარშემო გაჩნდა დიდი რაოდენობის არასაღვთისმეტყველო ლიტერატურა. ეს მასალა ასახავს იმ იდეოლოგიურ მიმდინარეობებს, რომელთა გავლენასაც ცალკეული მწერლები განიცდიდნენ. გარდა ამისა, ავტორთათვის დიდი როლი ითამაშა მათმა უარყოფითმა დამოკიდებულებამ ისეთი ქრისტიანობისადმი, რომელსაც ისინი იცნობდნენ.

რომანტიკოსები ქრისტეში კეთილი ადამიანის იდეალს ხედავდნენ. მათ წარმოსახვაში ის იყო ბუნებასა და ჰარმონიაში მქადაგებელი, მშვიდობის მომტანი ადამიანი. ასეთი წარმოდგენა იესო ქრისტეზე დღესაც ბევრს უჩნდება. ეს არის მწერლების, რეჟისორების, მხატვრებისა და მქადაგებლების ჰუმანისტური იდეალები.

კომუნიზმის მიმდევრები ცდილობდნენ გამოეყვანათ იესო ქრისტე რევოლუციონერად. მათ მოსაზრებაზე დაყრდნობით იესომ გამოიწვია საშინელი გაუგებრობები, მან გამოავლინა თავისი თანამედროვე საზოგადოების უარყოფითი მხარეები და საკუთარი სწავლებით გამოხატა პროტესტი არსებული პრობლემების მიმართ. კომუნისტები ფიქრობენ, რომ იესო ქრისტეს სიკვდილის შემდეგ მისმა მიმდევრებმა შექმნეს მისგან ღმერთი და საკუთარი რელიგიის დამაარსებელი. რეალურად კი ის იყო სოციალური ცვლილებებისათვის მებრძოლი ადამიანი.

მარქსის ზოგიერთმა მიმდევარმა (მაგალითად, კაუტსკიმ) რელიგიასა და საზოგადოებაზე ქრისტიანული სწავლებიდან გამომდინარე შექმნა მათთვის მისაღები იესო ქრისტეს პორტრეტი. ისინი ცდილობდნენ იესო ქრისტე წარმოედგინად თავისი დროის პროლეტარად და კომუნისტად, რომელიც ურთიერთობდა პროლეტარულ მასებთან და ააშკარავებდა მჩაგვრელთა კლასის ნამდვილ სახეს: რომაელ დამპყრობლებს და მათ ხელისშემწყობ იუდეველებს.

განსხვავებულ წარმოდგენას ქმნიან იესო ქრისტეს შესახებ ფსიქოანალიზის კუთხით მომუშავე მკვლევრები, მაგალითად, ფროიდი. მისთვის სიტყვა "თავისუფლება" ნიშნავს ადამიანის გათავისუფლებას ნებისმიერი მოვალეობისაგან. იგი ქრისტეს რწმენას განიხილავდა როგორც ადამიანის "სადისტი მამისაგან" გათავისუფლების მცდელობას ანუ იუდეველთა ღმერთისაგან, რომელიც შიშს ბადებდა ადამიანებში ანუ თავის შვილებში.
ბეჭდვა
1კ1