ფსევდოსულიერება
ფსევდოსულიერება
საოცარია ის, რომ ეს ყველაფერი ადამიანებს მოსწონდათ და ახალ წინასწარმეტყველებებს ელოდნენ
წმიდა მამები ამბობენ, სჯობს საკუთარ თავში ცოდვა დაინახო, ვიდრე ანგელოზიო. ცოდვის დანახვა და სინანულში თავის დატირება, ღმრთისთვის პატიების თხოვნა - აი, ეს არის სულისთვის ჭეშმარიტი სიკეთე. მიუხედავად ამისა, ყოველგვარი გამოგონილი ამბავი და ლეგენდა ჩვენს დროში სულ უფრო პოპულარული ხდება. პუბლიკაციები, რომლებშიც ცრუსასწაულები და ცრულეგენდებია, არნახული მოთხოვნილებით სარგებლობს. მათ აძლევენ ბოლო ჟამის სულიერ შეფერილობას, რითაც ადამიანები ცდომილებაში ცვივიან. მაგალითად, რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ხმა, ივერიის ღვთისმშობლის ხატმა ცოტა ხნით დატოვა ათონის წმინდა მთაზე ივერიის მონასტერი და ძმებმა ტირილით და ლოცვით დააბრუნესო. მონასტრის საძმოს თქმით კი ხატი არსად წასულა. ბერმა, რომელიც უვლის ხატს, გაკვირვებულმა განაცხადა: "ვინ ავრცელებს ამისთანა სიცრუეს, ვის სჭირდება ეს და ნუთუ ამგვარი ამბები ადამიანებში სულიერებას აღვივებს?" დიახ, აღვივებს. ადამიანები მიდიან ეკლესიებში, აღსარებას აბარებენ, ეზიარებიან, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაფერი ეს კეთდება არა ჭეშმარიტი სულიერების მოტივით, არამედ მომავალი უბედურებების და ქვეყნიერების აღსასრულის შიშით. ეს ყველაფერი დამყარებულია მხოლოდ ემოციაზე, რომლის გასვლისთანავე ეკლესიური ცხოვრება მივიწყებას მიეცემა ხოლმე.

მართლმადიდებელ ქრისტიანებს შორის ბევრი ცრუწინასწარმეტყველება ვრცელდება, რომლებსაც საშინელი ზემოქმედების მოხდენა შეუძლიათ, რასაც ემატება ცრუმოძღვართა ქადაგებანიც. ადამიანები ყიდიან სახლ-კარს, არიგებენ ქონებას, იმარაგებენ პროდუქტებს, ტანსაცმელსა და მედიკამენტებს, მიდიან ქალაქებიდან სოფლებსა და ტყეებში. ამგვარად, ისინი ფსევდოსულიერების მსხვერპლნი და ადვილად მანიპულირებადნი ხდებიან. ეს ხალხი შესაბრალისია, რადგან ისინი ეძებენ არა ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს, რაც იესო ქრისტემ გვიანდერძა, არამედ ცივილიზაციას გაურბიან, ცდილობენ, თავი აარიდონ მოსახლეობის აღწერას, პასპორტების მიღებას, არჩევნებში მონაწილეობას. ასეთი საქციელით ფიქრობენ ამქვეყნიურ ცხოვრებაზე და არა საუკუნო, მარადიულ სასუფეველზე, თავისი თავის იმედი აქვთ და არა ღვთის მოწყალებისა, რომელსაც შეუძლია დაგვიფაროს მომავალი უბედურებებისგან.

რამდენიმე წლის წინ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში მოხდა ისეთი რამ, რაც მანამდე საქართველოში განვიცადეთ. მისი მიზეზი ცრუწინასწარმეტყველება გახლდათ. გავრცელდა ინფორმაცია 2002 წლის 11 აგვისტოს მოსალოდნელი მიწისძვრის შესახებ, რომელიც იწინასწარმეტყველა ათონის მთაზე მოღვაწე რუმინელმა ხუცესმა. ათონზე მართლაც ცხოვრობდა რუმინელი მღვდელი დიონისე, მაგრამ მას ამ "წინასწარმეტყველებასთან" არაფერი საერთო არ ჰქონია. სინამდვილეში ათონის მთას მოსალოცად ეწვია ერთი რუმინელი ბერი, რომელსაც დაესიზმრა, რუსეთსა და უკრაინაში მიწისძვრა მოხდებაო. მან სიზმარი რუს მომლოცველებს უამბო, მათ კი სამშობლოში ჩაიტანეს. ერთი ქალაქი შფოთავდა - რა ვქნათ, როგორ დავაღწიოთ თავი მიწისძვრასო. გავრცელდა ჭორები, თითქოს უხუცესებმა ("სტარცებმა") თქვეს, - გადარჩებით, თუ ღამეს ტაძარში გაათევთო. ნაცნობები თუ ახლობლები ერთმანეთს აფრთხილებდნენ მომავალი მიწისძვრის შესახებ, ურჩევდნენ აღსარებას და ზიარებას, სთხოვდნენ წინამძღვარს, რომ ტაძარში გაეტარებინათ ღამე. მოძღვრის უარმა საშინლად გააბრაზა ხალხი და მისი გაკიცხვა დაიწყეს. დადგა 11 აგვისტოს ღამე, ღამე სიფხიზლისა და მომავალი უბედურების მოლოდინისა. ადამიანები იმალებოდნენ, ვისაც სად შეეძლო: ზოგი - სარდაფში, ზოგი - მანქანაში, ზოგი კი ქალაქგარეთ მიემგზავრებოდა და კარვებში შიშით ელოდა "წინასწარმეტყველების" აღსრულებას. 10 აგვისტოს ხმა გავარდა - მიწისძვრა მოხდება არა 11 აგვისტოს ღამეს, არამედ 11-დან 14 აგვისტომდეო. ამ ხნის განმავლობაში ხალხი ღელავდა. ლაპარაკობდნენ არა მარტო მიწისძვრაზე, არამედ სხვა წინასწარმეტყველებებზეც, რომელთა შესახებ გაგონილი და წაკითხული ჰქონდათ. როგორც იქნა, დადგა 14 აგვისტო - დღე სიხარულისა. ხალხი შინ დაბრუნდა. ეძებდნენ ბედნიერი დასასრულის ლოგიკურ ახსნას: "უფალმა შეგვიწყალა თუ რაღაც სხვა რამემ?" ცდილობდნენ, არ ელაპარაკათ განსაცდელის შესახებ, თითქოს არაფერი მომხდარიყო. სამწუხაროდ, სწორი დასკვნა მაინც ვერ გააკეთეს. ეჩვენებოდათ, რომ ყველაფერი დამთავრდა, შეიძლებოდა თავისუფლად ამოესუნთქათ და გაეგრძელებინათ ნორმალური ქრისტიანული ცხოვრება. მაგრამ გამოჩნდნენ "ბრძენნი" და თქვეს, - 11 აგვისტო ნაგულისხმევი იყო არა ახალი სტილით, არამედ ძველითო. ხალხს კვლავ გაუმეორდა იგივე განცდა. მაგრამ "სასურველი" მიწისძვრა არა და არ მოხდა. ერთ-ერთი საერო პირი იხსენებდა, რომ ყველაფერი, რაც მაშინ ხდებოდა, აგონებდა სამოქალაქო თავდაცვის სწავლებას. შიში და თრთოლა მომავალი უბედურების წინაშე არ აძლევდა მათ ჯანსაღი აზროვნების შესაძლებლობას. საბედნიეროდ, ყველა ადამიანი არ შემცდარა, ბევრმა ამხილა ცრუწინასწარმეტყველება. სამწუხაროდ, მათი შეხედულება არ გაიზიარეს, სამაგიეროდ, მათ სამარცხვინოდ გმობდნენ, როგორც სულიერების უქონელთ. რაც იქ ხდებოდა, სიგიჟე და აბსურდი, ცრუსულიერების ზენიტი იყო. მაგრამ საოცარია ის, რომ ეს ყველაფერი ადამიანებს მოსწონდათ, ეძიებდნენ სხვა მჭვრეტელ ბერებს და ელოდნენ ახალ წინასწარმეტყველებებს.

ფრიად საშიშია ცრუსულიერების გზა, რომელიც ეყრდნობა სხვადასხვაგვარ "სანდო" წყაროს, შთაბეჭდილებებს, ემოციურ განცდებს, მათ ჩვენი სულებისთვის დიდი ზიანის მიყენება შეუძლიათ. ღმერთმა ქნას, რომ ფსევდოსულიერება უარყოფილ იქნეს და რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, სახარებისეულ ფასეულობებზე დაყრდნობით განიცდებოდეს: "საყვარელნო! ნუ ენდობით ყოველ სულს, არამედ გამოსცადეთ სულნი, ღვთისგან არიან თუ არა, რადგან ბევრი ცრუწინასწარმეტყველი გამოვიდა წუთისოფელში" (I იოანე 4,1).

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1