გამარჯვებული თაობის ჯვარი
გამარჯვებული თაობის ჯვარი
ამ წერილის ავტორი პოლკოვნიკი შალვა ჩუბინიძეა:

მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლების ბოლოს საქართველოში იმ დროისათვის დაუჯერებელი პროცესები განვითარდა.

ბოროტების იმპერიის ავადმყოფ წიაღში კვლავ გაიღვიძა უკვდავმა, მაგრამ მიძინებულმა ქართულმა ფენომენმა - საკუთარი თავის უფლების წყურვილმა! ერის ყველაზე ძვირფას ნაწილში, ახალგაზრდობაში ელვისებურად იფეთქა ნათელმა და ეს გახლდათ მანამდე მრავალი წლის განმავლობაში ტანჯული და მხოლოდ რწმენის ამარა მეომარი, თითზე ჩამოსათვლელი პიროვნებების დამსახურება.

მერაბ კოსტავა.... ჩვენი მერაბი!
ზვიად გამსახურდია... ჩვენი ზვიადი!

იყვნენ სხვა არანაკლებ ღირსეულნი, მაგრამ ეს ორი შეუდარებელი, კაშკაშა ვარსკვლავი, განსაკუთრებული ხარიზმითა და შინაგანი მუხტით გამორჩეულნი, გახლდნენ ბრძოლისა და ეროვნული აზრის ძირითადი გამწევი ძალა.

აღორძინებულ ეროვნულ მოძრაობას ჰყავდა აღტაცებული და უსაზღვროდ თავდადებული არმია - 17-25 წლის გოგო-ბიჭების ჯარი - ახლადგაღვიძებული გოლიათის ენერგიით სავსე, გმირობას მოწყურებული იდეალისტების ერთობა, რომელმაც მას შემდეგ თავის მხრებზე გადაიტანა სისხლიანი საბჭოთა მრისხანება, ძმათამკვლელი ღალატი და უგუნურება, რუსული სცენარით დადგმული რევანში და მუხლმოყრილის დამცირება, მოძმეთა ღალატი და მოყვრულად მოსულ, ჩვენს სამოთხეში დამკვიდრებულ მუხთალთა გეგმაზომიერი ვერაგობანი, რაც კვლავაც მიმდინარეობს და რასაც ალბათ დასასრული არასოდეს ექნება.

მიუხედავად ყოველი ამისა, სწორედ ამ თაობამ, ჩემმა თაობამ, იგემა გამარჯვების შეუდარებელი სიხარული _ ჩვენ ხომ სახელმწიფოებრიობა მოვიპოვეთ!

ჩვენ ხომ ალალად გვწამდა, თანაც მართებულად გვწამდა, რომ რუსული სამხედრო ჩექმის ქვეშ დაღვრილმა მართალთა სისხლმა, მომწამვლელი აირით დაავადებულთა ტანჯვამ, ქუჩაში, ყინვაში გათეულმა ღამეებმა და პროტესტის უკიდურეს გამოხატულებად მრავალგზის ნაკისრმა შიმშილობებმა მოიტანეს იქამდე წარმოუდგენელი გამარჯვება - ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნა!

წინაპართა მრავალსაუკუნოვანი ოცნება, ჩვენი გამოუცდელი მხრებით, ლელოდ ვაქციეთ!
ერთად, ღვთის შეწევნით!

ჩვენ გამარჯვებულების ერთობა ვიყავით!
მსგავსი სულიერი მუხტი, მომავლის რწმენა და კოლექტიური თავდადება აღარასოდეს ყოფილა მას შემდეგ!

ჭკვიანი მტერი და ბრიყვი მოყვარე არაერთხელ ეცადა და კვლავაც ეცდება გაანელოს ეს დიადი შეგრძნება საკუთარი ღირსებისა, რადგან არაფერია მტრისთვის ისე საშიში, როგორც ღირსებადაბრუნებული ქართველი!

სწორედ ამიტომ, მე როგორც ერთი ადამიანი, საკუთარ არსებაში სათუთად ვინახავ მაშინ განცდილი სიყვარულისა და სიხარულის ნათელს.
ეს ლექსი ეძღვნება ჩემს თაობას, რომლის არსებაშიც ღადარში გახვეული ნაკვერჩხალივით ღვივის გამარჯვებულის თვითრწმენა და ღირსება!

დღეს, ქართველ ერში გამეფებული იმედგაცრუების, სიდუხჭირისა და მავანთა მიერ საგანგებოდ მხარდაჭერილი პოლიტიკური ნიჰილიზმის პირობებში, ალალად მწამს, რომ კვლავ ჩვენმა თაობამ უნდა იტვირთოს მძიმე ჯვარი, გახსნას შეკუმშული გულები და ქვეყანას შეაშველოს მათში შენახული ცეცხლი და რწმენა - გამარჯვებულთა სულისკვეთება!

ჩვენ გამარჯვებული თაობა ვართ!

ამიტომ ლექსს ჰქვია:

ადრეა ჩვენი გამოტირება

ჩვენ გვეძახიან ჩაკლულ თაობას,
ვის ოცნებებსაც დაეჭრა ფრთები....
თვლიან, რომ ვიმკით არარაობას
და ვალად გვაძევს სიცოცხლის წლები!...

ჩვენ დავიბადეთ საბჭოთა ბნელში,
როცა ცრუ კერპთა ქუხდა სამყარო.
სულთა ჩვენთა წვრთნას ლამობდა ლეში
- საყოველთაო სიყალბის წყარო!

იყო უდაბნო... მაინც ჯიქურად
იმედებს ჰქმნიდა სიცოცხლის არსი!
სიყვარულს ვეღარ შეჰყარეს ურვა!
თავისულება ვერ შეაფასეს!

არ გაიყიდა, არ დაიღალა,
სული ქართული არ ჩაკვდა გვამში!
და მრავალათას ყლორტად იყარა
დიახ! - სწორედაც ჩვენს თაობაში!

ჩვენ ის სისხლი ვართ რომ დაიღვარა
ჩვენ ის ოფლი ვართ რომ ვამაყობდით!
რწმენას გავყევით, წყლულით, იარით..
ლაღად გვციოდა და ვშიმშილობდით!

და მე რომ მკითხო, - თვლემს, ცოცხალია,
ჩვენში მძლევარი გოლიათისა!
ხოდა, ვიომოთ - კვლავ გვავალია!
რადგან გვაქვს ნიჭი გამარჯვებისა!

ახლა სხვა დროა, სხვა დემონები
შემოესია ქართულ სამოთხეს....
დახვეწილ ფანდით, ნაქრთამი ნებით
კვლავ გვიპირებენ სულის ამოთხრას!

ჩემო თაობავ, ჩემო ცხოვრებავ,
ვერვინ გვაკადროს, რომ დავძაბუნდით!
ჯვარია ჩვენთვის - გამძვინვარება!
რომც არ გვინდოდეს, - ომში დავბრუნდით!

ასე რომ სული ვანდოთ უფალს და
გული - სამშობლოს! მძორს ნუ დავეძებთ!
გამოიღვიძეთ! წინ გველის გზა და ...
სისხლი და ოფლი... ბევრი!.. სხვა გზებზეც!

ჩვენ მიგვიჩნიეს ჩამქრალ გმირებად,
მაგრამ ვაჩვენოთ, როგორ სცდებიან!
ადრეა ჩვენი გამოტირება!
გამოიღვიძეთ!!!! - ომში გველიან!!!

02.04.2018წ .
შალვა ჩუბინიძე
ბეჭდვა
1კ1