ქრისტიანობა და მსოფლიო რელიგიები
ქრისტიანობა და მსოფლიო რელიგიები
დასაწყისი იხ. #12
5. ღმერთი, რომელსაც იცნობენ ქრისტიანები
ცხოვრების ძირითადი საფუძველი და საბოლოო მიზანი
წინა თავებში შევეხეთ ზოგადად ღმერთის არსებობის საკითხს და ვიმსჯელეთ გარკვეულ თემებზე. ამჯერად მივუახლოვდით კონკრეტულ შეკითხვას: ვინ არის ღმერთი? ამ კითხვაზე ვრცელიPპასუხი შეგვიძლია მოვიძიოთ ღვთისმეტყველებასა და წმინდა მამების წერილებში. პასუხი მრავალმხრივია. მოკლედ და ლაკონიურად კი განმარტებულია ქრისტიანული ლოცვების წიგნის დასაწყისში, მას "სიმბოლო სარწმუნოებისა" – "მრწამსი" ეწოდება და ის ამ სიტყვებით იწყება: "მრწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არახილულთა".

ამრიგად, ჩვენი კითხვის პასუხია: ღმერთი არის ერთი, ყოვლისმპყრობელი და ყოვლის შემქმნელი, ხილულისაც და უხილავისაც. იგი სამყაროს საწყისი და შემოქმედია; ქვეყნიერებისათვის მზრუნველი და პატრონი. უფალი აძლევს ცხოვრებას აზრსა და მიზანს. წმინდა წერილი ამბობს, რომ: "დასაწყისში შექმნა ღმერთმა ცა და მიწა" (დაბ. 1:1) და "ყოველივე, რაც სურდა, უფალმა მოიმოქმედა ცაზე და ქვეყანაზე, ზღვებსა და ყოველ უფსკრულში" (ფსალმ. 134:6)

ღმერთი არა მხოლოდ შემქმნელია ყოველივესი, არამედ მისი შემოქმედიც და დამცველიც. ღმერთმა არ მიატოვა სამყარო და ადამიანი. პირიქით, მან დააწესა გარკვეული წესები იმისათვის, რომ ყველაფერი კანონზომიერად იმართებოდეს. შექმნის შემდეგაც უფალი აქტიურად ერთვება თავის შემოქმედებაში და ყოველთვის, როდესაც აუცილებელია, ცდილობს დაეხმაროს ადამინებს, რათა ისინი იმ მიზნამდე მივიდნენ, რისთვისაც შეიქმნენ. ეს მიზანია ერთიანი სიცოცხლე ღმერთთან და ღმერთში. სხვა სიტყვებით: უფალი არის ცხოვრების ძირითადი საფუძველი, საყრდენი და მიზანი.

სიყვარულის ღმერთი
"ღმერთი სიყვარულია" - წერს მოციქული იოანე (1 იოან. 4:16), ყოველივე შექმნილი არსებობს მისი სიყვარულის მორევში. სიყვარული შემოქმედების შინაგანი ენერგია, მისი მამოძრავებელი ღერძი და შთაგონების წყაროა. სამყაროს შექმნის არსი გონიერი არსებების (ანგელოზებისა და ადამიანების) ბედნიერებასა და ნეტარებაშია.

უსაზღვროა ღვთის სიყვარული ადამიანის მიმართ. ამ სიყვარულზე გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის ის, რომ წმინდა წერილში ღმერთს მამად მოიხსენიებენ: მამის სიყვარული შვილებისადმი უანგარო, კეთილშობილური და მრავალმხრივია. წმინდა წერილი ღვთის სიყვარულის მოწმობით არის აღსავსე. ღმერთის კაცთმოყვარეობა მთელი კაცობრიობის ცხოვრებასა და ისტორიაში შეიგრძნობა, ეს კი პირველ რიგში ნათლად ჩანს ადამიანისა და სამყაროს შექმნაში, ეკლესიის არსებობასა და იმაში, თუ როგორ ეხმარება უფალი ადამიანებს.

ღვთის სიყვარული თითოეულ ადამიანზე, ცოდვილებზეც და მართლებზეც, გადმოდის. ღმერთი ისე იქცევა, როგორც კეთილი და კარგი მამა, რომელიც უვლის თავის სუსტ და ავადმყოფ შვილებს. მას არ სურს ცოდვილის მოკვდინება. პირიქით, ყოველთვის მისგან მონანიებას მოელის და ყველაფერს მოიმოქმედებს მისი სულის გადასარჩენად. სწორედ ამ თემას მოიცავს ორი იგავი: "ძე შეცდომილი" და "დაკარგული ცხვარი" (ლუკ. 15:4-32).

ღმერთმა ადამიანებისადმი სიყვარული ყველაზე აშკარად მაშინ გამოავლინა, როდესაც "მისცა მათ თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე" (იოან. 3:16).

ერთი და სამება
ღმერთი ერთია. არსითა და ბუნებით ის ერთი მთლიანია. ერთიანი ღმერთი თავისი არსით ვლინდება სამ ჰიპოსტასში, სამ სახეში, ეს არის: მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა.

საუბარია ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჭეშმარიტებაზე, რომელიც თავად ღმერთმა წარმოგვიჩინა. ჭეშმარიტება ღმერთის სამების შესახებ შეუძლებელია გამოიკვლიო რაციონალურად. ის წარმოდგენილია წმინდა წერილში, ძველი აღთქმის არაორაზროვან ხატებებში, ხოლო ახალ აღქმაში სამების შესახებ ნათლად და პირდაპირ წერია:

* იესო ქრისტეს ნათლობისას ცა გაიხსნა და სულიწმინდა მტრედის სახით განცხადდა. ამის შემდეგ მამა ღმერთის ხმა მოისმა, ანუ ერთდროულად განცხადდა მამა ღმერთიც, ძე ღმერთიც და სულიწმინდაც.

* გამოსამშვიდობებელი საუბრის დროს იესო ქრისტემ უთხრა თავის მოწაფეებს: "როცა მოვა ნუგეშინისმცემელი, რომელსაც მე მოგივლენთ, მამისაგან - ჭეშმარიტების სული, რომელიც მამისაგან გამოდის ის დაამოწმებს ჩემზე" (იოან. 15:26).

* სულთმოფენობისას იესო ასე მიმართავს თავის მოწაფეებს: "ახლა წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმინდის სახელით" (მათ. 28:19).

სამების თითოეული სახე გამოიხატება სრულყოფილ ღმერთად და არა მის შემადგენელ ნაწილად. ყველა თავისებურება და შესაძლებლობა, რომელსაც ფლობს მამა ღმერთი, აქვს ძე ღმერთსაც და სულიწმინდასაც, ამის მიუხედავად წმინდა სამება არ შეირევა, არ ერწყმის ერთმანეთს. სამივე ჰიპოსტასი ერთმანეთისაგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ მამა ღმერთი ბადებს ძეს და წარმოშობს სულიწმინდას. ძე იბადება და სულიწმინდა გამოდის მამა ღმერთისაგან.

6. ღმერთი და ადამიანი
თავისი არსით მიუწვდომელი
ღმერთი ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელი და შეუცნობელია. მისი არსის შესახებ ჩვენ არ შეგვიძლია შევიქმნათ სრული წარმოდგენა. ასევე არ შეგვიძლია სრულად განვმარტოთ, ავხსნათ და შევიმეცნოთ მცნების "ღმერთი" მნიშვნელობა.

წმინდა იოანე დამსკელი ამის შესახებ ამბობს: "უთქმელია და მიუწვდომელია ღვთაება", ამავე დროს ღმერთი არის: "დაუსაბამო, დაუსრულებელი, საუკუნო, მარადიული, შეუქმნელი, უცვლელი, გარდაუქმნელი, მარტივი, შეუდგენელი, უსხეულო, უხილავი, შეუხებელი, გარეშემოუწერელი, უსასრული, მოუაზრებელი, გარეშემოუცველი, მიუწვდომელი, კეთილი, სამართლიანი, ყველა ქმნილების შემოქმედი, ყოვლადძლიერი, ყოვლისმპყრობელი, ყოვლისმხედველი, ყოველთა წინაგანმგები, მეუფლე და მსაჯული, - ეს ვიცით და ვაღიარებთ". სხვანაირად რომ ვთქვათ, ღმერთი უსაზღვრო და სრულყოფილია. სწორედ ამიტომაც, არ შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს ჩვენთვის: არასრულყოფილთათვის და შეზღუდულთათვის. სრულად ღმერთის შემეცნება ისევეა შეუძლებელი, როგორც მთელი ოკეანის დატევა ერთ ჭიქაში.

ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი იმას, რომ ჩვენ ღვთის შესახებ არაფერი ვიცით? და თუ ეს მართლაც ასეა, შეიძლება კი ვირწმუნოთ და დავუჯეროთ იმ ღმერთს, რომელიც თავისი არსითა და ბუნებით ჩვენთვის უცხო და შეუცნობელია?

განცხადებული თავის ენერგიებში
მოციქული პავლე წერილში კორინთელთა მიმართ წერს: "ახლა ჩვენ ვხედავთ სარკით, ბუნდოვნად" (კორ. 13:12). ანუ ამ ცხოვრებაში სულიერ რეალიებს ვხედავთ გაუგებრად, განუსაზღვრელად და მხოლოდ საიქიოში ვნახავთ და შევიცნობთ მათ ისეთად, როგორიც რეალურად არის. სხვაგან მოციქული ამ თემასთან დაკავშირებით წერს: "თუმცა უმოწმებლად არ დაუტოვებია თავისი კეთილმოქმედება" (საქ. 14:17). ღმერთი, როგორც ზემოთ ვახსენეთ, ჩვენი გონებისა და გრძნობებისათვის არის დაუსაბამო, სრულყოფილი, შეუცნობელი, თუმცა ჩვენს მიმართ მისი უსაზღვრო სიყვარულის წყალობით არ მივუტოვებივართ უკუნ სიბნელესა და გაუგებრობაში. მან მოგვცა საშუალება გვეგრძნო და გარკვეულ დონეზე შეგვემეცნებინა იგი. ყოველივე, რაც კი ჩვენს გარშემოა, რასაც ვხედავთ და ვგრძნობთ, არის სარკე, ანუ გვაძლევს საშუალებას წარმოვიდგინოთ და შევიგრძნოთ ღვთიური სიდიადე.

ცოდნას ღვთის შესახებ, რომელიც ბუნებაზე დაკვირვებით შეიძლება ადამიანმა მიიღოს, ბუნებრივი ღვთისშემეცნება ჰქვია. ამის გარდა შემეცნების კიდევ სხვა გზებიც არსებობს. ბევრად დიდია და სრულყოფილი უნარი, რომელიც ადამიანმა უშუალოდ ღვთისგან მიიღო. ეს არის გზა ზებუნებრივი ან შინაგანი გაბრწყინებისა. ჯერ კიდევ იესო ქრისტეს შობამდე ძველი აღთქმის წიგნები ამ გზით მიღებულ გამოცდილებას აღწერენ. შინაგანმა გაბრწყინებამ თავის სისრულეს იესო ქრისტეში მიაღწია. ქრისტეს მაგალითმა ადამიანს მისცა შესაძლებლობა არა მხოლოდ იცოდეს ღვთის ჭეშმარიტების შესახებ, არამედ თვითონაც მიიღოს მონაწილეობა მის ცხოვრებაში. და მაინც, რა თქმა უნდა, ღვთის არსი ადამიანისათვის ბოლომდე შეუცნობელი და ამოუცნობი რჩება. თუმცა თუ არ შეგვიძლია მთის ადგილიდან დაძვრა, ნებისმიერ შემთხვევაში შეგვიძლია მისი ხელით შეხება, ან თუ არ შეგვიძლია მთელი მდინარის დალევა, ერთი მუჭა წყლით წყურვილის დაოკება შეგვიძლია.

წმინდა მამები ცდილობდნენ ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობის საიდუმლო განემარტათ, რისთვისაც ღვთის ენერგია ანუ მადლი მისი არსისგან გამოაცალკევეს. მათი განმარტებით, ღმერთი თავისი არსით შეუცნობელია, თუმცა ის ადამიანს გადასცემს უდიდეს მადლს, და იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ღმერთს გულით მიენდობა – ღვთის მადლთან ზიარების ღირსი გახდება.

ღმერთთან ამგვარი ზიარება ყველა მორწმუნეს შეუძლია, ღვთიური წყალობის მიღების შემდეგ ადამიანი "განღმრთობის განცდას" შეიგრძნობს, ანუ ღმერთთან მიახლოებას გრძნობს. Eეს არის ღვთის საჩუქარი და სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჩვენი არსით ღმერთს ვუტოლდებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთი ადამიანს ჩუქნის ყოველივეს, რაც მას აქვს და მხოლოდ ჩვენს სულიერ მდგომარეობაზეა დამოკიდებული, როგორ გამოვიყენებთ ამ ღვთიურ საჩუქარს. მაგრამ საჩუქარი ყოველთვის საჩუქრად რჩება, ამიტომაც ვამბობთ, რომ ადამიანს მიზნის მიღწევაში ღვთიური მადლი ეხმარება.

ის, რაც ხელშესახებია ისტორიაში
თუ კაცობრიობის გზას თვალს გავადევნებთ დაკვირვებით, აუცილებლად დავინახავთ შევიგრძნობთ ისტორიაში ღმერთის მუდმივ მონაწილეობას.

ლიტურგიის ერთ-ერთ ლოცვაში იკითხება: "რამეთუ შენ ხარ ღმერთი გამოუთარგმნელი, მოუგონებელი, უხილავი, მიუწვდომელი, მარადის ხარ, ვითარცა იგი ხარ შენ და მხოლოდშობილი ძე შენი და სული შენი წმინდა, რამეთუ შენ არაარსისაგან ყოფად მომიყვანენ ჩვენ და დაცემულნი კვალად აღმადგინენ და არა განეყენე ყოვლისა ქმნად, ვიდრემდის ზეცად აღმიყვანენ ჩვენ და მოგვმადლე ჩვენ სასუფეველი მერმისა".

ლოცვის ამ მონაკვეთში ჩვენ ვხედავთ ღმერთის უმთავრეს თვისებებს: ის გამოუთქმელი, უხილავი, მიუწვდომელი და მუდმივია. ამასთან, აქ ლაპარაკია ღვთის ქმედებაზე, რომელიც ადამიანის გადასარჩენად არის მიმართული. ვგრძნობთ ღმერთის სხვა თვისებებსაც: ყოვლისმპყრობელობას, გონიერებას, ძლიერებას, ყოვლისმომცველობას, სათნოებას, სამართლიანობას. ეს ღვთიური თვისებები დანარჩენ ენერგიებთან ერთად ადამიანს ღვთის სახეს უჩვენებს, რის შესახებაც ქრისტიანულ მოძღვრებაში, აპოკალიფსისში, იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: "რომელიც არის, იყო და იქნება" (გამოცხ. 1:4).

ღმერთი ქვეყნიერების და ადამიანის ისტორიის საწყისია. ის აგრძელებს ადამიანების გვერდით დგომასა და დახმარებას, რათა ადამიანმა იმ მიზნისკენ იაროს, რისათვისაც ამ ქვეყანას მოევლინა. უფალი ქვეყნიერებას ყოფიერების მიწურულს დაუბრუნდება და ყოველი ადამიანი თავისი ცხოვრების შესაბამისად განისჯება. ის ადამიანები, რომლებმაც სწორი არჩევანი გააკეთეს, მას დაუბრუნდებიან, ვისგანაც დასაბამი მიიღეს.
ბეჭდვა
1კ1