პიროვნება დემოკრატიული პრინციპების მსახურად კი არ უნდა იქცეს, არამედ დემოკრატიული პრინციპები უნდა ჩავაყენოთ პიროვნების სამსახურში
პიროვნება დემოკრატიული პრინციპების მსახურად კი არ უნდა იქცეს, არამედ დემოკრატიული პრინციპები უნდა ჩავაყენოთ პიროვნების სამსახურში
სამართალი
ღმერთისგან შექმნილი კაცობრიობა მრავალსაუკუნოვან ისტორიას მოიცავს. ამ ისტორიის განმავლობაში კაცობრიობამ მრავალი განსხვავებული ეტაპი განვლო - პირველყოფილი თემური წყობილებიდან დემოკრატიის თანამედროვე მოწყობამდე. ამ დიდი პერიოდის განმავლობაში ადამიანმა მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა. ეს ცვლილებები კი ადამიანის მოქმედების ყველა სფეროს შეეხებოდა: სულიერს, ფიზიოლოგიურს, კულტურულს, სამეურნეოს და სხვას.

მიუხედავად ამ ცვლილებებისა, შემოქმედის ჩანაფიქრი ადამიანთან მიმართებით კვლავაც უცვლელი რჩება. ასევე უცვლელი უნდა იყოს ადამიანის ღმერთთან ურთიერთობის მიზანიც. მაგრამ ამ მრავალფეროვან ცვლილებასთან ერთად ადამიანთა მთავარი მამოძრავებელი მისწრაფებებიც იცვლებოდა. სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში, ადამიანი ღმერთის ჩანაფიქრის განხორციელების ნაცვლად ცხოვრების მიზნის განსაზღვრას თავისი მოქმედების სფეროდან იწყებს. წარმომავლობა, სოციალური მდგომარეობა, პიროვნული შესაძლებლობები ყოველ ადამიანს განსხვავებული მიზნებისა და ამოცანების წინაშე აყენებს. ეს მიზნები კი ხშირად ადამიანის თვალსაწიერს ზღუდავს და ღმერთთან მისასვლელი გზა პიროვნების მიერ კონკრეტული მიწიერი ამოცანის რეალიზებით იცვლება.

კაცობრიობამ ამგვარი გზა გამოიარა და ამ დიდი ცვლილებების ფონზე ადამიანი კვლავაც იმავე არჩევანის წინაშე დგას: ან თვითდამკვიდრებისთვის უნდა იბრძოლოს და ამით შემოსაზღვროს თავისი ცხოვრების მიზანი, რათა ამ ცხოვრებაში თავისი არსებობისა და თვითრეალიზაციისთვის მატერიალური დოვლათი შექმნას; ან ამ აუცილებელ და ჯანსაღ საზოგადოებრივ მიდგომასთან ერთად უფრო აღმატებული და ღმერთისგან ადამიანის მოწოდებაზე აგებული ცხოვრების გზა დაისახოს. შემოქმედმა ჩვენი შექმნით ჩვენში თავისი სიკეთისა და სიხარულის დამკვიდრება მოინდომა, რაც პირველი მიზნით შემოსაზღვრულობის პირობებში დავიწყებული და დაკარგული იქნება.

თანამედროვე სამყაროს თუ გადავხედავთ, ადვილად შესამჩნევია, რომ წინა საუკუნეების სახელმწიფოებრივი წყობილებისგან, ადამიანური მოთხოვნილებებისა და პრინციპებისგან ბევრად განსხვავდება. ასევე თვალსაჩინოა, რომ რელიგიური მოთხოვნილებები ნელ-ნელა იჩრდილება და იკარგება. თუკი წინა საუკუნეებში სახელმწიფოები რელიგიურ პრინციპებზე იყო აგებული, დღეს ეს პრინციპები ევროპული ცივილიზაციიდან სრულიად გამოდევნილია.

მე-16 საუკუნეში დასავლეთ ევროპაში პაპიზმის წინააღმდეგ წარმართულმა ბრძოლამ ქრისტიანული დასავლეთი მთლიანად შეცვალა. კათოლიციზმის წიაღიდან წარმოშობილმა პროტესტანტიზმმა ნებსით თუ უნებლიეთ ფილოსოფიურ იდეებზე დაფუძნებულ სახელმწიფოებრივ წყობას დაუდო დასაბამი. რელიგიური და ქრისტიანული ელემენტი, როგორც თითქოსდა სრულიად უსარგებლო, მთლიანად იქნა ამოღებული. პაპიზმის უსამართლობის წინააღმდეგ ამხედრებული დასავლეთი უნებურად ქრისტიანობის დაპირისპირების წინაშეც აღმოჩნდა. რომის ეკლესიისადმი მოვალეობების სიმძიმემ ხალხში ქრისტეს მცნებების აღსრულების სიმძიმეც გამოიწვია. ამიტომ ქრისტიანული ეკლესია თანდათანობით სახელწიფოებრივ მოწყობას მთლიანად ჩამოაშორეს. ღმერთისკენ არსებული ორიენტირი ადამიანისკენ იქნა მიმართული. სახელწიფოს მიზანი მორწმუნე, ღვთისმოყვარე საზოგადოების ჩამოყალიბება კი არა, ადამიანისთვის მაქსიმალური კეთილდღეობის მინიჭება გახდა. თუმცა ერთიც და მეორე წყობილებაც მოწოდებით იყო და არის ორიენტირებული ან ღმერთზე, ან ადამიანზე, მაგრამ ისტორიულად და დღევანდელობაშიც ამ იდეათა ჭეშმარიტი ხორცშესხმის საკმაოდ მცირე შემთხვევა გვხვდება.

დემოკრატია და სულიერება
თავად დემოკრატია სათავეს ჯერ კიდევ ქრისტიანობამდე იღებს, მაგრამ მისი ფართოდ და წარმატებით განხორციელება მხოლოდ უკანასკნელ საუკუნეებში გახდა შესაძლებელი. დემოკრატია ცდილობს, ყოველივეში თანასწორობა დაიცვას, მათ შორის რელიგიური თანასწორობა. ამით კი ხაზი აქვს გადასმული ძველი ქრისტიანული სახელმწიფოების წარსულს და ნებისმიერ სხვა რელიგიას იმავე პატივსა და უფლებას ანიჭებს. ამიტომ დემოკრატია არ არის ანტირელიგიური იდეოლოგია, მაგრამ არც ქრისტიანული რელიგიის სულისჩამდგმელია. იგი პირდაპირ არ ეწინააღმდეგება ქრისტიანობას და თითქოს ცდილობს, ხელი არ შეუშალოს მას. ამიტომ ქრისტიანობის წარმატებით გავრცელება დემოკრატიულ ქვეყანაში შემდეგ ორ ძირითად ფაქტორზეა დამოკიდებული: ტრადიციულ მიმდინარეობასა და ეკლესიის სიძლიერეზე.

თუმცა რომელი ქრისტიანული მიმდინარეობაც არ უნდა იყოს ტრადიციული და რაოდენ ძლიერიც არ უნდა იყოს იგი, დემოკრატია თავისი პრინციპების დამკვიდრებას მაინც იმდენად ცდილობს, რომ რელიგიურად მოუმწიფებელი საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით ახალგაზრდობისთვის გარკვეულ დამაბრკოლებელ ფაქტორად იქცევა. ვინაიდან სახელწიფოს მხრიდან ეფექტურად და აქტიურად მიმდინარეობს დემოკრატიული პრინციპების ქადაგება, კერძოდ: ადამიანთა უფლებების, კანონის უზენაესობის, თავისუფლებისა და თანასწორობის დაცვა, ამგვარ გარემოში გაზრდილი ახალგაზრდობა უკეთეს შემთხვევაში ცხოვრების მიზნად ამ პრინციპთა დაცვას ისახავს, უარეს შემთხვევაში კი, სულიერ ავადმყოფობად ექცევა მარტოოდენ ამ პრინციპებზე აგებული ცხოვრების მიზანი.

დემოკრატია, ისევე როგორც ნებისმიერი სახელმწიფოებრივი წეს-წყობილება, ვერ იქცევა იდეალად. იდეალი ყოველთვის ღმერთი იყო და კვლავაც იგი იქნება. ამის შესახებ ღმერთმა ძველ აღთქმაში ისრაელიანებს გამოუცხადა, როდესაც მათ ერის წინამძღოლად ღმერთის ნაცვლად მეფე ითხოვეს (1მეფ. 8:7). ნებისმიერ სახელწიფოებრივ მოწყობას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეეები აქვს. ვერც ერთი საზოგადოებრივი მოღვაწე და სახელმწიფოებრივი მოხელე ღმერთის ადგილს ვერ დაიკავებს. ვერც რომელიმე იდეოლოგია შეცვლის ქრისტიანულ მოძღვრებას, რადგან მათ სხვადასხვა მიზანი აქვთ. პირველი სახელმწიფოსა და ხალხის ეკონომიკურ და მატერიალურ კეთილდღეობას ემსახურება, მეორე - სახელწიფოსა და ხალხის სულიერ და ზნეობრივ კეთილდღეობას.

დემოკრატია ხალხთა მმართველობას გულისხმობს. ხალხის მასაა განმსაზღვრელი სახელწიფოებრივი ორიენტირისა. მაგრამ თუკი ხალხი სულიერად და ზნეობრივად ჩამოყალიბებული არ იქნება, მაშინ ბრბოა იგი. ამ შემთხვევაში დემოკრატია ქვეყნის საკეთილდღეოდ კი არ იქცევა, არამედ - პირიქით. შესაბამისად, ქვეყნის ორიენტირიც გაურკვეველი და ჩამოუყალიბებელი იქნება. ამიტომ მიზნად დემოკრატიის დამყარება კი არ უნდა ვაქციოთ და ჩვენი წარსული, სიწმინდე და მომავალი მას კი არ უნდა გადავაყლაპვინოთ, არამედ დემოკრატია უნდა გამოვიყენოთ წარსულის შენარჩუნებისა და მომავალი სიკეთისთვის. ანალოგიურად, პიროვნება დემოკრატიული პრინციპების მსახურად კი არ უნდა იქცეს, არამედ დემოკრატიული პრინციპები უნდა ჩავაყენოთ პიროვნების სამსახურში.

აქვე აღსანიშნავია, რომ თავად ქრისტიანობა დემოკრატიის არც ერთ პრინციპს არ ეწინააღმდეგება. მოციქულთა დროინდელმა ეკლესიამ თავის თავში დემოკრატიული პრინციპები: ძმობა, ერთობა და თავისუფლება - განახორციელა, რასაც ვერც ერთი სახელწიფო თუ საზოგადოება ვერ მოახდენს.

საინტერესოა, დღეს რაში ვერ თანხმდებიან დემოკრატია და ქრისტიანობა. სხვისი უფლების შებღალვა კანონის შიშით კი არ იკრძალება, არამედ სიყვარულის კანონით; თანასწორობის დაცვაც ცოტაა ქრისტესთვის, იგი სხვისადმი მსახურებისკენ მოგვიწოდებს; მაგრამ თავისუფლების გაგებამ თითქმის საბოლოოდ დააშორა ერთმანეთს თანამედროვე ადამიანი და ქრისტე. ვაი იმ თავისუფლებას, რომელიც ღმერთის გზას განგვაშორებს. თავისუფლება მხოლოდ ქრისტეშია შესაძლებელი.

ამიტომ ვაი იმ დემოკრატს, რომელიც ქრისტეს დაკარგავს და ვაი იმ ქრისტიანს, რომელიც დემოკრატიაზე ვერ ამაღლდება. მხოლოდ ერთი ტერმინის "თავისუფლების" გაგება შეიძლება ერის დამღუპველად გვექცეს. ამ ტერმინის გამო მრავალგვარი იდეოლოგიისა და მიმდინარეობის აზრთა ჭიდილია დღეს. ამ სიტყვის გაგებამ ჩვენი ერის მომავალი უნდა განაპირობოს. ამიტომ, დაე, ჩვენი პირადი თავისუფლება ყველამ შინაგანად ქრისტეს დავუკავშიროთ და მაშინ მის ნამდვილ არსს გავიგებთ. მაშინ ამ განსაცდელს გადავლახავთ და გავალთ სამშვიდობოს - ქრისტესთან.

ადამიანმა თავისუფლების განცდა არ უნდა დაკარგოს. ამ თავისუფლებით კი აუცილებლად მიზანი სწორად უნდა დაისახოს - რას ემსახუროს. სწორედაც მიზნის სწორად დასახვაა ჩვენი საზოგადოების მთავარი პრობლემა და არა მარტო მთლიანი საზოგადოებისა, არამედ ქრისტეს ეკლესიაში მყოფი საზოგადოებისაც. რის გამოც მრავალგვარ დემოკრატიულ ძალებთან უაზრო და გაუმართლებელი ჭიდილი გვიხდება. უნდა ვეცადოთ, ჯერ საქმით დავამტკიცოთ ჭეშმარიტება, რათა ჩვენს სიტყვას მეტი ძალა ჰქონდეს. ,,მე ვარ გზაი და მე ვარ ჭეშმარიტებაი და ცხოვრებაი" (იოან. 14:6), - გვმოძღვრავს მაცხოვარი. ამ გზაზე შედგომა და ჭეშმარიტი ცხოვრების წარმართვა გვმართებს. ეს კი სულიერი მიზნის სწორად დასახვის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
ბეჭდვა
1კ1