ზეციდან ჩამობრძანებული მეფობის წესი
ზეციდან ჩამობრძანებული მეფობის წესი
შუმერები ამბობდნენ: ისტორია მაშინ დაიწყო, "როდესაც ზეციდან ქვეყანაზე მეფობის წესი ჩამობრძანდა" და მესოპოტამიის სამხრეთით, უძველეს ქალაქ ერიდუში დამკვიდრდაო.

მანამდე კი ბაბილონის გოდოლის მშენებლობა იყო. ადამიანებს მიაჩნდათ, რომ სიდიადისა და სამყაროს მბრძანებლობის უტყუარი ნიშანი ცას აწვდენილი კოშკი იქნებოდა. მოხდა პირიქით: ხალხს საერთო ენის გამონახვის სურვილი გაუქრა, მეფეებს გაუძნელდათ ხალხთან და ერთმანეთთან მოლაპარაკება. ამიტომაც ურწმუნოთა შორის ურთიერთობის უმთავრეს საშუალებად "ძალა" დამკვიდრდა, ხოლო ნებისმიერი სახის გოდოლის მშენებლობა, ანუ ადამიანის უგუნური თვითგანდიდება, უეჭველი გაუგებრობით დასრულდა. გაუგებრობას ძალადობა, ძალადობას კი ქვეყნის დაქუცმაცება და დაშლა მოჰყვება (მსაჯ. 21:25).

ადამიანებმა სამართლიანი თანაცხოვრების წესების ძიება მრავალი ათასწლეულის წინ დაიწყეს. ჭეშმარიტად სამართალიან ადამიანს კანონიცა და ცხოვრების წესიც უფლისკენ უნდა მიუძღოდეს. თუ კანონმდებელი კერპით, დიქტატურით ან რაიმე სხვა "დიდი იდეით" არის შეპყრობილი, მისი შემოქმედება ჭეშმარიტებისკენ ვერ იქნება მიმართული. უფლის სიტყვა წარმართს არ ესმის. უღმერთო მეფე, მისი ჩინოვნიკები, ვეზირები, მსახურები კანონს საკუთარ მიწიერ კეთილდღეობას არგებენ და ყოველთვის უპირატეს მიწიერ მდგომარეობასაც აღწევენ. ასეთ სახელმწიფოში სამართალი "ეგრეთ წოდებული" ხდება და დაწინაურებულებს უსამართლო ქმედების უშრეტი საშუალება ეძლევათ.

წარმართ მეფეს ჭეშმარიტ, ზეციური მმართველობის წესებზე ხელი არ მიუწვდება. ვერც წარმართი ხალხი შეითვისებს ზეციური სამართლის ჭეშმარიტებას. სწორედ ეს არის ყველა დროის წარმართული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი თავისებურება და ამიტომაც მეფობის ჭეშმარიტი ისტორია საზოგადოების წარმართობიდან გამოსვლის შემდეგ იწყება.

ისტორიის დასაწყისი
ბიბლია ისტორიად მხოლოდ იმ ამბავს აღიარებს, რომელშიც მოვლენები უფალთან მიმართებით ვითარდება, რადგან უფლისკენ მიმავალ გზაზე სარგებელი მხოლოდ ამ ამბებს მოაქვს. ბიბლიურ მოთხრობაში გარეგნულად სუსტ ზეციურ სამართალთან წარმართობა ყოველთვის მარცხდება. ამის გამო ზოგიერთი ბიბლიური ამბავი შეიძლება დაუჯერებლადაც მოგვეჩვენოს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოველგვარ სიტყვას თავისი ენა და რწმენა აქვს, გამოვიჩენთ მცირე ძალისხმევას და ბიბლიური აზროვნებისკენ შემოვბრუნდებით, "აუხსნელი" და "დაუჯერებელი" ურყევ სინამდვილედ გადაიქცევა, ხოლო მოვლენები ბუნებრივად და გასაგებად წარმოგვიდგება.

ბიბლია გვასწავლის: თუ ერში წარმართობის ტყვეობიდან გათავისუფლების სურვილმა გაიღვიძა (როგორც წესი, ასეთი ერი საკუთარ ცხოვრებას უფალს ანდობს), ღმერთი ნებისმიერი ძალის მონობიდან დაიხსნის და შემდეგ სულიერი ცხოვრების ასაღორძინებლად ზეციურ კანონებს დაუწესებს. ასეთ, რწმენით აღსავსე ხალხს მიმართავს უფალი, როდესაც ბრძანებს: "...განა თქვენს რჯულში არ გიწერიათ: მე ვთქვი: ღმერთები ხართ?" (იოან. 10:34).

უფალი წარმართობიდან მოქცეულ ადამიანებს პოტენციურ ღმერთებად იხსენიებს. სწორედ საზოგადოების ამ ნაწილს უპირისპირდებიან ისინი, რომლებიც საკუთარი მიწიერი ძალაუფლების გამტკიცების მიზნით ჭეშმარიტი ნათლის სანაცვლოდ სიბნელიდან ამოქექილ "ღმერთებს" სცემენ თაყვანს, განადიდებენ შეთხზულ იდეას, უცხო სახელმწიფოს, გამორჩეულ პიროვნებას და სხვა რაიმე გზით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ხალხში კერპთაყვანისმცემლობის გაძლიერებას ცდილობენ. ამ მდგომარეობაში მყოფი ხალხი, თუ უფლისაკენ არ მიილტვის, განწირულია, მათი პატრონი კი თანდათან საკუთარი პიროვნებით იხიბლება და "ფარაონის" თვისებებს იძენს.

ლოგიკურია - ასეთ კანონმდებელს, ანუ "ფარაონს", ღმერთი აღარ ესაჭიროება. ჭეშმარიტი ღმერთი მისი "გენიალური გეგმების" განხორციელების ხელისშემშლელი ხდება. "ფარაონი" თვითონ ხდება ღმერთიცა და უფრო მეტიც... ხოლო აღზევებული "ფარაონი" საბოლოოდ კარგავს ჭეშმარიტ ღმერთს და მისი ცოდვილი სული ეშმაკეული ძალების ხელში გადადის. ე. წ. პოლიტიკური საჭიროებისათვის მან შეიძლება კიდეც აღიაროს ღმერთი, მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნულად, და რადგან იგი მაცდურის მიერ არის შეპყრობილი, შინაარსს მხოლოდ საკუთარ ქმედებაში ხედავს.

წარმართი "ფარაონი" საკუთარ სულში ყოველთვის იმას პოულობს, რაც უფლისთვის მიუღებელია და ვინაიდან ჭეშმარიტ ცოდნას ღვთაებრიობამდე მივყავართ, წარმართი ფორმას ანიჭებს უპირატესობას. წარმართისთვის ჭეშმარიტების შინაარსი საშიშია და ამიტომაც მიუწვდომელია. ასეთ "ფარაონს" ღვთის მიერ განსაზღვრული გარკვეული, დროით შეზღუდული, დანიშნულება აქვს. უფალი ბრძანებს: "...მხოლოდ იმისთვის დაგარჩენ, რომ... ემცნოს ჩემი სახელი მთელ ქვეყანას" (გამ. 9:16). ე.ი. ძლევამოსილი დიქტატორი ან "ფარაონი" სხვა არაფერია, თუ არა ცოდვებით დატვირთული, ხალხის დასანახად გამზადებული, ზეაღმართული სურათი, რომელიც დასაწყისშივე დასახევად და ცეცხლში ჩასაგდებად არის განწირული.

"ფარაონი" ვერასოდეს ჩაწვდება უფლის კანონების ჭეშმარიტებას. "ფარაონი" არ ეძებს სიმართლეს, რადგან უფალი ერთია და მხოლოდ ის არის ჭეშმარიტი. უფლის გვერდით დიქტატორის ადგილი არ მოიძებნება. ხოლო ის, რაც უფლის გარეშეა - არსით დაცემულია, დროებითია, წარმავალია, ხრწნადია და ფუჭია. "...ის, რაც ძველდება და ბერდება, გაქრობად მიწევნილია" (ებრ. 8:13).

"ფარაონს" მიაჩნია, რომ თუ დააპურებს და ჩააცმევს ერს, ხალხი - ბედნიერი და თვითონ დღეგრძელი იქნება. იმის გამო, რომ "ფარაონს" უფლის გაგება არ ძალუძს, ის ვერ ასხვავებს პირუტყვს, ქვემძრომს და მიწის მხეცებს, ყველაფერ იმას, რაც მიწამ თავისი გვარისდა მიხედვით წარმოშვა კაცისაგან, რომელიც წმინდა სამებამ თავის ხატად და მსგავსად შექმნა (შეადარე, დაბ. 1:24.26).

გამოსვლის წიგნი გვამცნობს, რომ ეგვიპტელთათვის ფარაონი სიცოცხლის ყველანაირი გარანტი იყო. ის იცავდა წესრიგს, ქმნიდა საზოგადოების წევრთა თანაცხოვრების პირობებს, აკმაყოფილებდა მოსახლეობის მატერიალურ მოთხოვნებს, უზრუნველყოფდა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ქმნიდა კანონებს და... ერთპიროვნულად ფლობდა "ჭეშმარიტებას". უდაბნოში ხეტიალისას ებრაელებს არაერთხელ დაუჩივლიათ, რომ ეგვიპტეში ისინი ხორცით სავსე ქვაბებთან ისხდნენ და გაძღომამდე იკვებებოდნენ (გამ. 16:3). ეგვიპტელი ფარაონების მეფობა ბევრ სახელმწიფო მმართველს შეიძლება დღესაც ოცნების საგნად ექცეს.

ერთიცაა... ნუ დაგვავიწყდება, რომ უფალს ჭამისა და ძილისთვის არ შეუქმნია ადამიანი. "ფარაონის" მთავარი და გაუცნობიერებელი პრობლემა სწორედ ის იყო, რომ მან ებრაელი ხალხისთვის შეუძლებელი გახადა უფალთან ურთიერთობა. ამით კი უფლისგან ცხებულ ხალხს ღმერთისკენ მიმავალ გზაზე გადაულახავი წინააღმდეგობები შეუქმნა.

საუფლო წესებების დამრღვევი ცხებული მეფეც კი ისჯება:

უფალმა დამონებული ხალხის თვალწინ სამაგალითოდ დასაჯა უძლიერესი "ფარაონი" და შემდეგ უდაბნოში ღვთაებრივი კანონების დამკვიდრების ეპოქა დაიწყო. გაჩნდა შესაძლებლობა, ადამიანის გულს, გონებასა და სულს ღვთის დიდება დაეტია. იმ დღიდან მოყოლებული დედამიწაზე "...რისხვა ღმრთისა ცხადდება ზეცით ყოველგვარი უღმერთობისა თუ უსამართლობის მოქმედ კაცთა მიმართ, რომელნიც უმართლობით ახშობენ ჭეშმარიტებას" (რომ. 1:18), დამხშობთა აღსრულება კი ხალხისთვის სასარგებლო დროთი განისაზღვრება.

უფლის მაძიებელი კაცი "...გამოხატავს წესრიგს, სიყვარულს, თვითნებობის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებას. სწორედ შესაქმეში ვლინდება ის ღვთიური "ღირსებები", რომელთაც არავითარი კავშირი არ აქვს დაცემული ადამიანის მიერ გამოგონილ, სიყალბით აღსავსე თავისუფლებასთან. თუ ამ სიყალბეს გავარღვევთ და სამყაროს ჯანსაღი თვალით დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ქმნილების ყოფაში თვით უფლის ნება აისახება. ეს უფლის ყოფაა. უფალი ამ ყოფაში ქმნილებას თანამონაწილეობისთვის უხმობს. ის, ვინც უფლისგან ქმნილად შეირაცხება, ამ ღვთიურ გამოძახილს უნდა ეძებდეს, რადგან მხოლოდ ამ გამოძახილზე გაცემული პასუხი შეიძლება იყოს გამართლება მისთვის ღვთისაგან ბოძებული ყოფისა". ცხადია, ამ უდიდეს სიკეთეებზე მახვილის აღმმართველი მახვილითვე განადგურდება (მათ. 26:52). უფლის სამკვიდრებლის ხელმყოფი და ასევე უფლის განცხადებული ნების უარმყოფელი იმ შემთხვევაშიც კი დაისჯება, თუ ის თავად უფლისგან ცხებული მეფეა.

ებრაელთა პირველმა მეფემ საულმა, რომელიც ღვთის ნებით სამუელის მიერ იყო ცხებული, თავისი სიმაღლითა და სილამაზით თავიდანვე მოხიბლა ხალხი: "ჩადგა ხალხში და ერთი თავით ყველაზე მაღალი გამოჩნდა. უთხრა სამუელმა ხალხს: ხომ ხედავთ, ვინ აირჩია უფალმა? რადგან მთელ ხალხში არავინაა მისი მსგავსი. იხუვლა ხალხმა და თქვა: დღეგრძელი იყოს მეფე!" (1 მეფ. 10:23,24).

ამ დროს ებრაელები მეფეს მხოლოდ გარეგნული ნიშნების მიხედვით აფასებდნენ. ისინი არ ფიქრობდნენ მის მორალურ და სულიერ თვისებებზე. უფალმაც ზუსტად ის მეფე მისცა ხალხს, რომლისთვისაც შინაგანად იყვნენ განმზადებულნი.

საულს გვერდით წინასწარმეტყველი და მოსამართლე სამუელი ედგა, ის ყოველთვის მზად იყო განეცხადებინა მეფისთვის, რას მოელოდა მისგან უფალი. მაგრამ დროთა მანძილზე საულმა დაივიწყა თავისი უბრალოება, მიეჩვია სიმდიდრესა და მედიდურობას. ძალაუფლება გახდა მისი სიყვარულისა და რწმენის მთავარი ობიექტი. შედეგად, სამუელი მას საბოლოოდ ჩამოშორდა და მეფე უფლის გარეშე დარჩა. საუბედუროდ, ოდესღაც ცხებული და ხალხის საყვარელი მეფე თავისი ამპარტავნების გამო "ფარაონად" გარდაიქმნება და უფსკრულისკენ ისე მიექანება, რომ დიდი დაცემის შეგრძნებაღა შეუძლია. ასეთი დაცემა საულმა პირველად დავითის გამეფების შესაძლებლობაში დაინახა. "ფარაონი" ვერანაირად ვერ ეგუება ტახტის დაკარგვას. მას გონება უბნელდება და ვეღარ აკონტროლებს თავის ნამოქმედარს. ასე დაემართა საულსაც, იგი თავდავიწყებამდე გაბოროტებული დევნიდა დავითს და სამეფოში ყველას, მათ შორის საკუთარ შვილებსაც, დიდი სისასტიკით ექცეოდა.

ბოლოს მეფემ იგრძნო, რომ უფალმა იგი საბოლოოდ მიატოვა და მის სულში შიშმა დაიმკვიდრა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მაშინ, როდესაც საულის ბრძანებით ქვეყანაში ჯადოქრობა სასტიკად იდევნებოდა, გარდაცვლილი სამუელისაგან რჩევის მისაღებად მეფემ დახმარებისთვის ჯადოქარ ქალს მიმართა. "უთხრა სამუელმა საულს: რისთვის შემაწუხე, რომ ამომიყვანე? უთხრა საულმა: ძალიან მიჭირს. ფილისტიმელები მებრძვიან, ღმერთი კი განმიდგა და პასუხს აღარ მცემს, არც წინასწარმეტყველთა პირით და არც სიზმრებში. შენ ამოგიხმე, რათა მასწავლო, როგორ მოვიქცე. უთხრა სამუელმა: მე რისთვის მეკითხები, როცა უფალი განგიდგა და მტრად გექცა?" (1 მეფ. 28:15,16).

ასე უწინასწარმეტყველა სამუელმა საულს: "...აღასრულებს დღეს უფალი შენზე თავის სიტყვას. ისრაელსაც შენთან ერთად ჩაუგდებს უფალი ხელში ფილისტიმელებს. ხვალვე ჩემთან იქნებით შენ და შენი შვილები" (1 მეფ. 28:18,19).

საუბედუროდ, "ფარაონად" ქცეული მეფეები უკანასკნელ მომენტამდე ვერ გრძნობენ თავს დატრიალებული ტრაგედიის მოახლოებას. მეფისა და ქვეყნის უბედურების დასაწყისი კი ის არის, რომ მეფე ივიწყებს და ხალხი თავიდანვე არ ახსენებს მას წმინდა წერილში (რჯლ. 17) მკაცრად მითითებულ, ერთი შეხედვით, არცთუ რთულად შესასრულებელ, მეფის არჩევასთან დაკავშირებულ წესებს და მეფის მოვალეობებს. ამ გულმავიწყობის შედეგად იღუპება მეფე და დიდი საშიშროების წინაშე დგება მთელი ხალხი და ქვეყანა.

აი, როგორ გამოიყურება ეს წესები და მოვალეობები:

1. მეფე უნდა იყოს ღმრთის მიერ რჩეული ანუ ცხებული;

2. მეფე არ შეიძლება იყოს უცხო კაცი ანუ სხვა ქვეყნის შვილი;

3. მეფემ არ უნდა ამრავლოს მხედრები საკუთარი ძალაუფლების დასაცავად, ანუ ტახტს თავისი ხალხისგან ძალით არ უნდა იცავდეს;

4. მეფეს არ უნდა ჰყავდეს მრავალი ცოლი, ანუ არ უნდა ეწეოდეს გარყვნილ ცხოვრებას, რათა არ შეირყვნას მისი გული;

5. მეფე არ უნდა აგროვებდეს თავისთვის ბევრ ოქრო-ვერცხლს;

6. მეფემ თვითონ, თავისი ხელით უნდა ჩამოწეროს უფლის კანონების სრული სია;

7. მეფე მუდამ თან უნდა ატარებდეს ამ კანონთა კრებულს, მთელი სიცოცხლის მანძილზე უნდა კითხულობდეს და მორჩილებდეს მას;

8. მეფე არ უნდა ქმნიდეს კანონებს საკუთარი ინტერესებისთვის, მან ყველა ახალი კანონი უფლის კანონებს უნდა შეუსაბამოს. მეფის ძირითადი ამოცანაა, იყოს უფლის ნების სამაგალითო შემსრულებელი და ყველა კრიტიკულ შემთხვევაში საკუთარ ხალხს უფლისკენ მიმავალ გზაზე მიუძღვებოდეს.
ბეჭდვა
1კ1