ღმერთმა სამყარო და ყოველი ქმნილება ადამიანის განგებულებას დაუმორჩილა, ადამიანმა ცენტრალური პატივი მიიღო
ღმერთმა სამყარო და ყოველი ქმნილება ადამიანის განგებულებას დაუმორჩილა, ადამიანმა ცენტრალური პატივი მიიღო
ანთროპოცენტრიზმი ("ანთროპოს" - ბერძნ. ადამიანი) არის რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება სამყაროში ადამიანის უპირატესი დანიშნულების შესახებ. ღმერთმა სამყარო და მის უკიდეგანო სივრცეში ყოველი ქმნილება ადამიანის განგებულებას დაუმორჩილა, მის მიზნებს ემსახურება, ადამიანმა ცენტრალური პატივი მიიღო. ანთროპოცენტრიზმი ემყარება, ერთი მხრივ, კრეაციონიზმის იდეას, სწავლებას ღმერთის მიერ სამყაროს შექმნის შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, ტელეოლოგიას ("ტელოს" - ბერძნ. მიზანი). აქედან გამომდინარე, ღმერთმა სამყარო შექმნა მიზნობრივად, ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობის შესაბამისი პირობების უზრუნველსაყოფად, უზენაესი მიზნის მისაღწევად.

"ადამიანი მსოფლიოს ერთ-ერთი დიდი საოცრებაა, - ბრძანებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, - საოცარია იგი არა მარტო როგორც სოციალური არსება, არა როგორც ნაწილი ბუნებისა, არამედ როგორც პიროვნება, სულიერი პიროვნება. კაცი, უპირველეს ყოვლისა, ხატია ღვთისა".

ხატება ღვთისა თითოეულ პიროვნებაშია დამკვიდრებული, როგორც ჩამოყალიბებული კანონთა წესი. იგი წარმოადგენს მისი ყოფის აუცილებელ პირობას, რომლის საშუალებითაც უნდა განხორციელდეს მსგავსება უფლისადმი. ეს არის ადამიანის ცხოვრების მიზანი.

ადამიანი მოწოდებულია სულიერი ხედვისა და ღვთის შემეცნებისთვის, აგრეთვე განწმენდის, ფერისცვალებისა და ღმერთთან შეერთებისთვის. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ თუ ადამიანის ნება ემორჩილება ღვთის ნებას, მაშინ სიცოცხლე ღვთიურია.

ანთროპოცენტრიზმის იდეა უხსოვარ დროში იღებს სათავეს. "წმინდა წერილში" თანმიდევრულადაა აღწერილი მსოფლიო მოვლენები სამყაროთმშენებლობის მიზანმიმართული კანონზომიერების შესახებ.

"დასაბამად ჰქმნა ღმერთმა ცაი და ქუეყანაი" (დაბ. 1.1). ეს არის სამყაროს შექმნის - კრეაციის - პირველი აქტი. მანამდე კი "ქუეყანაი იყო უხილავ და განუმზადებელ" (დაბ. 1.2). "განუმზადებელი" იმას ნიშნავს, რომ ქაოსურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. როგორც მომდევნო სტრიქონები გვამცნობს, ღმერთმა დაიწყო ამ ქაოსური მდგომარეობის მოწესრიგება, ადამიანის საცხოვრებელი პირობების შექმნა. ეს პროცესი კი იმით აღინიშნა, რომ "თქუა ღმერთმან: იქმნენ ნათელი და იქმნა ნათელი", ერთმანეთისგან განაცალკევა ბნელი და ნათელი, რითაც გარკვეულობა შეიტანა "უხილავ და განუმზადებელ" სამყაროში.

მეორე დღეს ღმერთმა ერთმანეთისაგან გამიჯნა ცა და ქვეყანა, ხოლო მესამე დღეს - ზღვა და ხმელეთი. ხმელეთზე შექმნა მცენარეები და მსხმოიარე ხეები, რაც აგრეთვე ადამიანისთვის იყო განკუთვნილი. მეოთხე დღეს იქმნება მზე, მთვარე და ვარსკვლავები. "დასხნა იგინი ღმერთმან სამყაროსა ცისასა, რათა ჩნდეს ქუეყანასა ზედა" (დაბ. 1.17). ასე თანდათან ყალიბდება ადამიანისთვის საცხოვრებელი პირობები. მეხუთე დღეს ღმერთმა შექმნა ცხოველები და ფრინველები. ხოლო როდესაც სამყაროს მოწყობა დამთავრდა - ჩამოყალიბდა უაღრესად მოწესრიგებული (ჰარმონიული) "ქუეყანა". მაშინ - მეექვსე დღეს ღმერთმა შექმნა ადამიანი (ადამი), "ხატებისაებრ" და "მსგავსებისაებრ" თვისისა, რომელიც უნდა "მთავრობდეს თევზთა ზღუისასა და მფრინველთა ცისათა და პირუტყვთა და მხეცთა ყოვლისა ქუეყანისა, ყოველთა ქუეწარმავალთა მავალთა ქუეყანასა ზედა" (დაბ. 1.26). მან უნდა მართოს სამყარო. ყველაფერი მის ინტერესს უნდა ემსახურებოდეს. ეს ნიშნავს, რომ ღმერთმა განადიდა ადამიანი. "დიდად როდი დაამცირე იგი ანგელოსთა წინაშე: დიდებითა და პატივით გვირგვინოსან ჰყავ და ყველაფერი ფეხქვეშ დაუმხე მას და რაკი ყველაფერი დაუმორჩილე, დასამორჩილებელი აღარა დარჩა რა" (ებრ. 2.7-8). აქ გვაგონდება დავით წინასწარმეტყველის სიტყვები: "რაი არს კაცი, რამეთუ მოიხსენე მისი ანუ ძე კაცისა, რამეთუ მოხედავ მას?" (ფს. 8.4). დავით წინასწარმეტყველი ეკითხება უფალს: ნუთუ ადამიანი ღირსია იმ პატივისა, რასაც მას მიაგებ? ღმერთმა ადამიანი მტვრისგან შექმნა და "შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაი" (დაბ. 2.7). ეს ნიშნავს, რომ ადამიანის სულს ღვთაებრივი წარმომავლობა აქვს, იდეალურია, უკვდავია, სხეული კი მატერიალური და წარმავალია.

ღმერთმა ადამი არა მარტო "დაადგინა სამოთხესა მას" (დაბ. 2.15), არამედ ისიც გაითვალისწინა, რომ "არა კეთილ არს ყოფად კაცის ამისა მარტოსა; უქმნეთ მაგას შემწე, მსგავსი მაგისი" (დაბ. 2.18). ადამს გვერდიდან ამოუყვანეს ევა - ცოლი მისი.

ღმერთმა ადამს უდიდესი ჯილდო უბოძა - ნების თავისუფლება, მცირეოდენი შეზღუდვით - აეკრძალა ერთადერთი ხის ნაყოფის მიღება, მაგრამ ადამმა ჯეროვნად ვერ დააფასა ღვთის წყალობა. ქვეწარმავალმა შეაცდინა ევა, ევამ კი ადამი; შეჭამეს აკრძალული ხილი. მოხდა ცოდვით დაცემა, რის გამოც მათ დაიმსახურეს ღვთის რისხვა და სამოთხიდან განდევნა. ეს ცოდვა კაცთა მოდგმას ქრისტეს ჯვარცმამდე მოსდევს.

KARIBCHEმიუხედავად ცოდვით დაცემისა და განდევნისა, ღმერთი მაინც არ ივიწყებს ადამს. "და უქმნა უფალმან ღმერთმან ადამსა და ცოლსა მისსა სამოსელნი ტყავისანი და შეჰმოსნა მათ" (დაბ. 3.21).

არც შემდგომში მიუტოვებია ღმერთს ადამის მოდგმა. როდესაც მან განიზრახა მომრავლებული "უშჯულოებანი კაცთანი ქუეყანასა ზედა" (დაბ. 6.5) წარღვნით აღეხოცა, ნოეს მიანდო კიდობნის აგება, რომელშიც მოთავსდა მართალი ნოე თავისი სახლობითურთ და ყოველი ცოცხალი არსების წყვილი, რათა წარღვნის შემდეგ განახლებული სამყარო კვლავ აღორძინებულიყო.

ღმერთის განსაკუთრებული სიყვარული და მზრუნველობა ადამის მოდგმისადმი იესო ქრისტეს, მაცხოვრის განკაცებაში გამოვლინდა. "ესრეთ შეიყვარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თუისი მხოლოდშობილი მისცა მას, რაითა ყოველსა, რომელსა რწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი" (ინ. 3.16). იესო ქრისტე ამქვეყნად მოევლინა კაცთა ცოდვების გამოსასყიდად. მაცხოვრის აღდგომით აღსრულდა დიდი საიდუმლო - გამოსყიდვა კაცთა მოდგმისა.

ამ შემთხვევაშიც ვუახლოვდებით ანთროპოცენტრიზმის იდეას. ამქვეყნად ადამიანი ყველაზე ძვირფასია ქმნილებათა შორის და ყოველივე ჩვენი ცხოვნებისთვის შესრულდა.

ადამიანის სულიერი და ფიზიკური მდგომარეობა დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ საითკენაა მიმართული მისი გონება და გრძნობები.

ადამიანის შემმეცნებელი უნარნი - გონება და გრძნობა - ერთმანეთისგან არა მხოლოდ ფუნქციებითა და შემეცნების სფეროებით, არამედ იერარქიული მდგომარეობითაც განსხვავდებიან. გონებამ, როგორც უფრო მაღალმა საწყისმა, გაბატონებული მდგომაროება უნდა დაიკავოს, ყველა გრძნობისმიერი მოძრაობა გააკონტროლოს და საზღვრებში მოაქციოს, რომელიც მათ ღმერთმა დაუდგინა. თხუთმეტი საუკუნის მანძილზე ქრისტიანული ანთროპოცენტრიზმის საფუძველს II საუკუნის ბერძენი ასტრონომის პტოლემეს გეოცენტრულ სისტემაში ხედავენ. პტოლემე დედამიწას სამყაროს ცენტრად თვლიდა. როდესაც XVI საუკუნის შუა წლებში პოლონელმა ასტრონომმა კოპერნიკმა რადიკალურად შეცვალა წარმოდგენები სამყაროს სტრუქტურის შესახებ, დაამტკიცა, რომ სამყაროს ცნტრშია არა დედამიწა, არამედ მზე, ამაში გაბატონებულმა იდეოლოგიამ არა მარტო ანთროპოცენტრიზმის, არამედ საერთოდ რელიგიური მსოფლმხედველობის უარყოფა დაინახა და მის წინააღმდეგ ბრძოლა გააჩაღა. მაგრამ ყოველივე ეს ანთროპოცენტრიზმის არასწორი გაგების შედეგი იყო. სადაც არ უნდა იყოს ადამიანი - სამყაროს ცენტრში თუ მის კიდეზე - იგი შეიძლება სამყაროს შუაში ჩაითვალოს არა მისი მდებარეობის, არამედ დანიშნულებისა და ღირებულების მიხედვით. საკმარისია გავიხსენოთ, რომ თვითონ კოპერნიკი ანთროპოცენტრიზმის დამცველი იყო. ზოგიერთი ეგზისტენციალისტი აღნიშნავს ადამიანის მარტოობას, "სამყაროში გადაგდებულობას", შიშსა და ძრწოლას. მართალია, ადამიანი მარტოა თავის ხვედრთან, თვითონ არის საკუთარი გზის არჩევანის განმკარგველი და საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებელი, მაგრამ იგი სულაც არ არის მარტო და "გადაგდებული", იგი ყოველთვის გრძნობს ახლო ადამიანების თანადგომას და, რაც მთავარია, ღვთის მზრუნველობას, სიყვარულსა და მოწყალებას.

პროფ. სერგი ავალიანი
არქიმანდრიტი ელისე
(წერეთელი)
ბეჭდვა
1კ1