იუდა პირდაპირ საიდუმლო სერობიდან მიდის მღვდელმთავრებთან, რათა მიიღოს აღთქმული 30 ვერცხლი
იუდა პირდაპირ საიდუმლო სერობიდან მიდის მღვდელმთავრებთან, რათა მიიღოს აღთქმული 30 ვერცხლი
"როგორი იყო? აბა, რა ვიცი...
ასე ამბობენ - ჰქონდა წვერები.
ორი ათასი წელი განვიცდი...
ჩარევა არ ღირს, მაგრამ ვერევი:
როგორ აკოცა უფალს ლოყაზე?! -
ცოტათი მაინც მორიდებოდა...
მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი,
მაგრამ ღალატი არ მინდებოდა...
არადა კოცნის, არადა ჰყიდის...
იცის, მოკლავენ, - განა შტერია.
ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის?!
თავის სიმცირეს ვერ მოერია...
ისტორიაში დარჩა იუდა! -
დღესაც აქ არის, არ გაიგუდა..."
ნიკო გომელაური

წმინდა წერილში მაცხოვარი გვასწავლის: "ცათა სასუფეველი იიძულების და, რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი" (მთ. 11,12), თუმცა იქვე გვანუგეშებს: "ნუ გეშინინ, მე მიძლევიეს სოფელსა" (ინ. 16,33). უფლის მიერ მონიჭებული თავისუფალი ნებით ადამიანი არჩევანს თავად აკეთებს და სვლაც სასუფევლისკენ ან ჯოჯოხეთისკენ ყველასთვის აქედან, წუთისოფლიდან იწყება. იმას, თუ მარადიულობაში სად დავიმკვიდრებთ ადგილს, ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების წესი განსაზღვრავს, მაგრამ პიროვნებას შეუძლია, სიცოცხლის ბოლოსაც კი რადიკალურად შეცვალოს თავისი მდგომარეობა. გავიხსენოთ უფალ იესო ქრისტესთან ერთად ჯვარცმული მონანული ავაზაკი, რომელმაც პირველმა დაიმკვიდრა ზეციური სასუფეველი; გავიხსენოთ იუდა ისკარიოტელიც, რომელიც მოციქულის პატივში იყო ამაღლებული, მაგრამ საკუთარი არჩევანით ჯოჯოხეთის მკვიდრი გახდა. ამ ორი ადამიანის ყოფამ ერთ ეპოქასა და სივრცეში განვლო. ერთი მათგანი მაცხოვრის უახლოესი მოწაფეთაგანი იყო და ღვთის მადლს ეზიარებოდა, მეორე კი ყაჩაღობდა და უღმერთოდ ცხოვრობდა. მათი აღსასრული ურთიერთსაწინააღმდეგო აღმოჩნდა. თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას ისიც, რომ ასეთი მაგალითები ერთეული, გამონაკლისი შემთხვევებია; ისინი, ერთი მხრივ, ნუგეშის მიმცემია ცოდვით დამძიმებული ადამიანისთვის, ხოლო, მეორე მხრივ, გაფრთხილებაა ღვთისსათნოდ მცხოვრებთათვის.

როდესაცMმათე მახარებელი თორმეტი მოციქულის გამორჩევის შესახებ მოგვითხრობს, იუდას, მისი ქალაქის მიხედვით, ისკარიოტელად მოიხსენიებს და იქვე დასძენს: "რომელმანცა გასცა იგი". იუდა დაემოწაფა უფალს ამქვეყნიური ზრახვით - მესიის ქვეყნიური მეფობის იმედის გრძნობით. როცა შენიშნა, მოძღვარი არ ეძებდა ამქვეყნიურ მეფობას, მეფობის ნაცვლად საუბრობდა ჯვარზე, წამებაზე, იუდას დაუმძიმდა უფალთან დამოკიდებულება და გადაწყვიტა მისი მიტოვება. მაგრამ აქ თავი შეახსენა ვერცხლისმოყვარეობისა და ანგარების ვნებამ... აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მაცხოვრის თორმეტ მოწაფეს შორის სრულყოფილი არც ერთი არ ყოფილა. მათ სრულყოფილი ცოდნა მაცხოვრის შესახებ სულიწმინდის მოფენის შემდეგ მიიღეს, მაგრამ მანამდე, იესოს გვერდით ყოფნისას, თავიანთი ნაკლოვანებანი დაძლიეს და ნელ-ნელა გაიზარდნენ, იუდამ კი ეს ვერ მოახერხა, თუმცა მაცხოვარი მისდამიც ისეთივე მზრუნველობას იჩენდა, როგორსაც სხვების მიმართ. უფრო მეტიც - როდესაც იუდას ვერცხლისმოყვარეობის ვნება შეამჩნია, ჩააბარა მოციქულების საერთო ყულაბა და ნება მისცა, საკუთარი შეხედულებისამებრ ეხარჯა ფული - თავის თავს ხომ ვერ მოჰპარავდა; მაგრამ იუდას სულში არაფერი შეცვლილა. იგი ხედავდა, როგორ იმსხვრეოდა მისი ოცნება - მაცხოვარი არ აპირებდა, ებრაელთა მეფე გამხდარიყო. საკუთარი ქოხიც კი არ ჰქონდა, თავი რომ მიედრიკა. ჩვენ ვიცით, რომ იესოს მეუფება არ იყო ამქვეყნიური, მაგრამ იუდას ეს არ ესმოდა. ის მხოლოდ იმის გამო წუხდა, რომ მისი ერთგულება და იესოს თავგამოდებული მიმდევრობა ამაო აღმოჩნდებოდა, არ მოუტანდა არც სიმდიდრეს, არც პატივს და სიღარიბესა და დევნილობაში დალევდა სულს.

...და აი, იუდა დგას იერუსალიმის ტაძრის დახურულ კარებთან და სთხოვს ტაძრის მცველებს, მოახსენონ მღვდელმთავრებს, რომ მათთვის მეტად მნიშვნელოვანი საქმის გამოა მისული. "მაშინ წავიდა ერთი თორმეტთაგანი, რომელსაც ერქვა იუდა ისკარიოტელი მღვდელმთავრებთან და უთხრა: რის მოცემას ინებებთ ჩემთვის, თუ მე თქვენ გადმოქცემთ მას? ხოლო მათ დაუდგინეს მას ოცთაათი ვერცხლი" (მთ. 14-15). "მაშინ..." - მაინც როდის? როცა უცხო ქალი, მეძავი, მიაგებს პატივს მაცხოვარს, მაშინ მოწაფე მიდის, რათა გაყიდოს იგი. მაცხოვარს ჰქონდა ისეთი ძალა, რომ მეძავსაც კი თავისკენ იზიდავდა და სინანულში აგდებდა. რატომ ვერ მიიზიდა მოწაფე? მას ხომ შეეძლო, იუდას გულშიც გაეღვივებინა ღვთის სიყვარული?! მაგრამ არ სურდა, ეიძულებინა სიკეთის კეთება და ძალით სიკეთისკენ მიდრეკა. "მაშინ წავიდა..." - მღვდელმთავრები არ ეძახდნენ იუდას, არც აიძულებდნენ, მან თვითონ, საკუთარი ნებით მოიყვანა მოქმედებაში თავისი გადაწყვეტილება, ისე რომ, ამ უწმინდურ საქმეში ერთი მრჩეველიც კი არ ჰყოლია.

წმინდა ეკლესია დიდი ოთხშაბათის სულისშემძვრელ საგალობლებში ახდენს საკვირველ დაპირისპირებას ცოდვილი ქალისგან უფლისთვის მირონის ცხებასა და იუდას გამცემლობას შორის, რაც ერთსა და იმავე დღეს მოხდა. "მეძავი მოგიხდა, მირონისა ცრემლითურთ დამსხმელი ფერხთა შენთა, მრავალმოწყალე, და ძვირთა სიმყრალისაგან იხსნა ნებითა შენითა, ხოლო სუნნელი მადლითა, მოწაფე იგი უმადლო, ამისგან უცხო იქმნა, და მწვირესა აღერია, ვერცხლისმოყვარებით ჯმნილი შენგან; დიდება, ქრისტე, წყალობათა შენთა!" - "ოდეს ცოდვილი იგი შესწირავდა მირონსა, მაშინ მოწაფე ეზავებოდა უსჯულოთა..."

მღვდელმთავრებთან წარმდგარი იუდა პირდაპირ აცხადებს, რომ სურს ფული და ფულის გამო მზადაა, გასცეს თავისი მოძღვარი. ,,იგი არ ითხოვს რაიმე განსაზღვრულ ფასს, რათა რაც შეიძლება მეტად გაყიდოს უფალი, - ამბობს ნეტარი იერონიმე, - არამედ ფასის დადებას უტოვებს მსყიდველთ, ისე, თითქოს, ყიდდეს მონას საძულველს". დაუყოვნებლივ დგინდება გასაცემი თანხაც - ის ოდენობა, რომელიც მოსეს მიერ იყო დაწესებული უკანასკნელი მონის საფასურად, როცა ადამიანი ვინმეს მიერ მოიკვლებოდა უნებურად, ანუ ოცდაათი ვერცხლი.

საიდუმლო სერობის დროს იუდას უკვე ჩადენილი ჰქონდა ღალატის აქტი. იესომ სხვა მოციქულების მსგავსად მასაც დაბანა ფეხები, მაგრამ არც ამ დროს გაიღვიძა მისმა სინდისმა. იუდა მოძღვართან მივიდა იმისთვის, რომ მიეღო საიდუმლო ზიარება და მხილებული ყოფილიყო თვით ტრაპეზისას. ამიტომაც შენიშნავს მათე მახარებელი, რომ როცა ჭამდნენ, ქრისტე ესაუბრებოდა მათ გაცემაზე, რათა ემხილებინა ბოროტი გამცემელი. "ამინ გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი გამცემს მე" (მთ. 16,21). მაცხოვარი მაინც არ იმეტებს თავის გამცემს, რადგან არ ამბობს: ეს გამცემს მე! არამედ "ერთი თქვენგანი". უფალი ასე იმიტომ იქცევა, რომ სურს, კიდევ მისცეს იუდას საშუალება სინანულისა. დანარჩენი 11 მოციქული მოიცვა აუტანელმა წუხილმა. იოანე ღვთისმეტყველი წმინდა წერილში ბრძანებს, რომ ქრისტეს მოწაფენი საგონებელში იყვნენ ჩავარდნილნი და ყურადღებით აკვირდებოდნენ ერთმანეთს. შემდეგ უფალი იძლევა უფრო მეტ მინიშნებას გამცემელზე: "ერთი თორმეტთაგანი, რომელიც ჩაყოფს ხელს ჩემთან ერთად ჯამში, ის გამცემს მე" (მარკ. 14,20). წმინდა წერილის ამ ადგილის განმარტებისას იოანე ოქროპირი წერს: "ზოგიერთები ამბობდნენ, რომ იუდა იმდენად თავხედი იყო, აღარ ერიდებოდა მოძღვარს და მასთან ერთად აწობდა ხელს ჭურჭელში. ჩემი აზრით კი, ქრისტემ ეს დაუშვა იმის გამო, რომ შეერცხვინა იუდა და გაეღვივებინა მასში კეთილი განწყობილებანი..." მაცხოვარი თავისი დიდი სიკეთით ედავება ცოდვილის ბოროტებას და სიკეთით სურს მასზე გამარჯვება.

ბოლოს მხილებული იუდა სხვა მოციქულების მსგავსად ეკითხება მაცხოვარს: "ნუთუ მე ვარ, რაბი?" (მთ. 22,25). იგი მოციქულების წინაშე თვალთმაქცივით იქცევა. ალბათ, რა მძიმე იქნებოდა იესოსთვის მოსმენა ამ უსირცხვილო კითხვისა, მაგრამ მან მაინც მშვიდად მიუგო იუდას: "შენ თქვი". ანუ შენ თვითონ იცი, რომ თავად ხარ გამცემი... რომ დაინახეს, მაცხოვარს არ სურდა პირდაპირ მიეთითებინა გამცემზე, მოციქულებმა შეწყვიტეს ცნობისმოყვარეობა. მხოლოდ პეტრეს არ ასვენებდა აზრი, რომ გამყიდველი შესაძლოა მის გვერდითაც მჯდარიყო; კიდევ უფრო უარესიც იფიქრა: იქნებ მას გულისხმობდა უფალი... პეტრემ იოანეს, რომელიც ახლოს იჯდა მოძღვართან, ნიშანი მისცა, რომ მას საიდუმლოდ ეკითხა ქრისტესთვის გამცემის ვინაობა. იოანეს კითხვაზე, ვინაა გამცემი, იესო პასუხობს ხმადაბლა: "რომელსა მე დავაწო პური და მივჰცე, იგი არს" (ინ. 13,26). დაასველა ღვინოში პური და მიაწოდა ისკარიოტელს. ეს წმინდა ზიარება დასაღუპავად განწირული მოციქულისთვის იყო უკანასკნელი მოწოდება სინანულისკენ. მაგრამ იუდას სულში მოხდა სრულიად საპირისპირო რამ - პურთან ერთად, იოანეს თქმით, რომელიც ამ დროს აკვირდებოდა იუდას, იმ წამს მასში შევიდა სატანა. მაცხოვარმა მიმართა ისკარიოტელს: "რომელი გეგულების საქმედ, ყავ ადრე" (ინ. 13,27), ამით მისცა კარგი საბაბი სერობის დასატოვებლად, რაც არ აღძრავდა დანარჩენ მოციქულებში ეჭვს. იუდა კი პირდაპირ საიდუმლო სერობიდან მიდის მღვდელმთავრებთან, რათა მიიღოს აღთქმული 30 ვერცხლი.

ბუნებრივად გვიჩნდება კითხვა: შეიძლება ადამიანი, რომელმაც წმინდა ზიარება მიიღო, მოღალატე გახდეს? თურმე შეიძლება. შეიძლება იმიტომ, რომ როცა ადამიანი ვერ გრძნობს იმას, რასაც აკეთებს, როცა ადამიანი არ აფასებს წმინდა ზიარების მიღებას, როცა იგი შორს დგას ღვთისაგან, შეიძლება მოღალატე გახდეს. სწორედ ეს საშინელი ცოდვა დაეუფლა იუდა ისკარიოტელს. წმინდა მამები ამბობენ, - იუდას რომ მადლობა ეთქვა უფლისთვის წმინდა ზიარების მიღების შემდეგ, ეშმაკი ვერ შევიდოდა მასშიო. აი, ასეთი დიდია მადლიერების გრძნობა.

გეთსიმანიის ბაღში იუდა ამბორით გაცემული მაცხოვარი ასე მიმართავს ისკარიოტელს: "იუდა! ამბორის-ყოფითა მისცემა ძესა კაცისასა?" (ლკ. 22,48). უფლის ეს სიტყვები საკმარისი იყო, რათა გამცემისთვის დაენახვებინა საკუთარი თავი. მან მთელი სიშიშვლით წარმოადგინა მისი საშინელი საქციელი. რა შეეძლო ეპასუხა დამნაშავე მოწაფეს თავისი მოძღვრისა და უფლისთვის? იგი დუმდა, უცებ მთელი დაუნდობელი ძალით გაიღვიძა მასში და ალაპარაკდა სინდისი... თვით ანგარების ვნებაც სადღაც გაქრა, როგორც ჯოჯოხეთის აჩრდილი. მასთან დარჩა მხოლოდ მტანჯველი სინდისი! სინდისის ქენჯნამ მიიყვანა იგი უიმედობამდე. როგორც უმადური იუდა, ისე მისი ხვედრი - თვითმკვლელობა სიმბოლური სახეა ყველა იმ ადამიანისა, ვინც, უფლის მადლს ნაზიარები, მაინც განუდგება ჭეშმარიტებას და მას ამქვეყნიურ სიკეთეს ანაცვალებს.

სიმბოლურია ებრაელ მღვდელმთავართა დამოკიდებულებაც ისკარიოტელისა და მისგან დაბრუნებული ვერცხლისადმი. "შევცოდე, მართალი სისხლი, რომ გავეცი", - ამბობს მოციქულყოფილი. "ჩვენ რა, შენ იცი", - იყო გულგრილი პასუხი. იუდას მიერ დაბრუნებული ფულიც, როგორც უწმინდური თანხა, მღვდელმთავრებმა ტაძარში არც კი შეიტანეს და იმით უცხოთათვის სასაფლაო იყიდეს. საბოლოოდ იუდა იმას მოქმედებს, რასაც ეშმაკი ჩააგონებს - სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს.

ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ უფალმა არ იცოდა, ვინ იყო იუდა და რა არჩევანს გააკეთებდა იგი ან ვერ ჭვრეტდა მის მომავალს? მაგრამ ასეთი იყო განგება ღვთისა. ყოველივე ადამიანის თავისუფალ ნებაზე, მის არჩევანზეა დამოკიდებული და ამიტომ უფალი ძალიან ცდილობდა, გადაერჩინა იუდა ამ საშინელი ხვედრისგან - უფლის გამცემლობისგან. იუდას მაგალითი კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს იმაზე, რომ ადამიანს აქვს ღვთისგან ბოძებული უდიდესი საჩუქარი - თავისუფალი ნება და მუდმივად გამოიცდება უფლისგან, ყოველი ადამიანი მუდმივად დგას არჩევანის წინაშე. ამ პროცესში უნდა შედგეს დაახლოება ღვთისა და ადამიანის ნებისა და ძალისხმევისა. და თუ შედგება მათი დაახლოება და მით უმეტეს - შეერთება, - ეს დიდი ბედნიერება იქნება. ბედნიერია ადამიანი, რომელიც თავისი პირადი თავისუფალი არჩევანით მიჰყვება ღვთის ნებას. ის აუცილებლად ცხონდება.
ბეჭდვა
1კ1