საფეხური XVII - XVII. უპოვარებისთვის
საფეხური XVII - XVII. უპოვარებისთვის
უპოვარი ბერი ქვეყნიერების მფლობელია
მაცხოვრის მცნება მოუხვეჭელობის შესახებ - "ნუ შეკრებთ თქვენთვის საუნჯეს ქვეყანაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს, და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ. არამედ შეკრიბეთ თქვენთვის საუნჯე ზეცაში, სადაც არც ჩრჩილი, არც ჟანგი სპობს და არც ქურდები თხრიან და იპარავენ" (მთ. 6:19,20) - არა მხოლოდ მდიდრებს შეეხება, არამედ ღარიბებსაც, რადგან ღარიბ-ღატაკიც შეიძლება თავის ერთადერთ მანეთიანზე ისე იყოს მიჯაჭვული, როგორც მდიდარი - ათას მანეთზე. ამიტომ წმინდა მამები თვლიან, რომ უპოვარებაც ერთ-ერთი მოსაპოვებელი სათნოებაა ღვთის მსგავსებისკენ მიმავალ გზაზე.

გასაკვირი არაა, რომ იოანე სინელის სულიერი სრულყოფის კიბის მეჩვიდმეტე საფეხურს სწორედ უპოვარება იკავებს. წმინდა მამა წერს:

1. უპოვარება მიწიერ საზრუნავთაგან განრიდება, უზრუნველობა, მგზავრობა დაუბრკოლებელი და მაცხოვრის მცნებების რწმენაა. მისთვის უცხოა მწუხარება.

2. უპოვარი ბერი ქვეყნიერების მფლობელია. მან საკუთარ თავზე ზრუნვა უფალს მიანდო და თავისი სარწმუნოებით ყველა დაიმონა. ის ადამიანს თავის გასაჭირზე არ დაელაპარაკება, არამედ ყველაფერს, რაც ეძლევა, იღებს როგორც ღმერთის ხელიდან ბოძებულს.

3. უპოვარი მოღვაწე უვნებლობის შვილია, რაც კი აქვს, არარად მიაჩნია და, თუ ვნების მიზეზად ექცევა, ყველაფერს ნაგავად შერაცხავს. თუ მონაზონი ჯერ კიდევ წუხს ხორციელ საზრუნავზე, უპოვარება ჯერაც არ მოუხვეჭავს.

4. უპოვარი კაცი წმინდა გონებით ლოცულობს, ხოლო სახმართმოყვარეს ლოცვის დროს თვალწინ ნივთიერი სახებანი წარმოუდგება.

5. მორჩილებაში მყოფთათვის უცხოა ვერცხლისმოყვარეობა. ვინც საკუთარი თავიც კი გასცა, თავის საკუთრებად რაღას მიიჩნევს?

6. მათთვის მხოლოდ ერთი რამაა სახიფათო: უპოვარი ადვილად იცვლის ადგილსამყოფელს.

7. მინახავს, რომ ქონებამ ზოგიერთ მონაზონში ერთ ადგილას მკვიდრობის მოთმინება დაბადა, მაგრამ უმეტესად ნეტარად ის მიმაჩნია, ვინც უპოვარია და უფლისთვის უცხოობაშია.

8. ვინც ზეციური სიკეთე იგემა, ადვილად უარყოფს მიწიერს, ვისაც პირველი არ უგემია, მეორე ადვილად მოჰგვრის სიხარულს.

9. ვინც უგულისხმობით უპოვარია, ორმაგ სიკეთეს აკლდება: ამქვეყნიურ სიკეთესაც განეშორება და ვერც იმქვეყნიურს მოიპოვებს.

11. დიდია იგი, ვინც ღვთისთვის დატოვა თავისი ქონება, მაგრამ იგია ნეტარი, ვინც საკუთარი ნება მოიკვეთა. პირველი ასწილ ქონებას ან მადლს მიიღებს, მეორე კი საუკუნო ცხოვრებაში უმაღლეს დიდებას მოიპოვებს.

12. ზღვის ტალღები არასოდეს შეწყვეტენ ღელვას, ვერცხლისმოყვარის გულს კი მრისხანება და მწუხარება არასოდეს დატოვებს.

13. ვინც სახმართმოყვარეობას სძლია, თავისმართლებისა და პასუხისგებისგან გათავისუფლდა. სახმართმოყვარე კი მზადაა ნემსისთვისაც კი სიკვდილამდე იბრძოლოს.

14. შეურყეველი სარწმუნოება ამაო საზრუნვას მოიკვეთს, ხოლო სიკვდილის გახსენება ხორცსაც უარყოფს.

15. იობთან ვერცხლისმოყვარეობის კვალსაც კი ვერსად ნახავთ, რადგან ის, ყველაფრის დაკარგვის მიუხედავად, მწუხარებას არ შეუპყრია.

16. ვერცხლისმოყვარეობა ძირია ყველა ბოროტებისა, რადგან სიძულვილს, ტაცებას, შურს, განყოფას, ბრძოლას, მწუხარებას, ავმეხსიერებას, სისასტიკესა და მკვლელობას შობს.

17. მცირე ცეცხლი ბევრ ნივთს დაწვავს, ხოლო ერთი სათნოებით მრავალი ყველა ზემოთ აღწერილ ვნებას გაექცა. ამ სათნოებას უვნებლობა ეწოდება. ის ჩვენში ჭვრეტს გამოცდილებით და ღვთაებრივ გონებასთან ზიარებით. ასევე სულის განსვლის დროს უვნებლობა საშინელ სამსჯავროზე ზრუნვით იშობა.
ბეჭდვა
1კ1