აი, მაშინ განგეხვნება ბჭენი სამოთხისანი
აი, მაშინ განგეხვნება ბჭენი სამოთხისანი
"ჯვარი თვისი" და ჯვარი ქრისტესი წმინდა ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი
"მაშინ ჰრქუა იესო მოწაფეთა თვისთა: რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა: უარ-ჰყავნ თავი თვისი, და აღიღენ ჯუარი თვისი, და შემომიდეგინ მე" (მათ. 16,24).

რას გულისხმობს "ჯვარი თვისი"? რატომ არის "ჯვარი თვისი" ჯვარი ცალკეული ადამიანისა და იმავდროულად ჯვარია ქრისტესი?

"ჯვარი თვისი" - ეს ხომ ვაებანია და ტანჯვანი ამა სოფლისანი, რომელთაც პირადად ყოველი ადამიანი განიცდის.

"ჯვარი თვისი" - ეს ხომ მარხვაა, მღვიძარებაა და კიდევ სხვა კეთილგონივრული ღვაწლი, რომელიც აკვდინებს ხორცს და სულს აღორძინებს. თითოეული ეს ღვაწლი ვერ აღემატება მოღვაწე ადამიანის ძალებს და შესაბამისად, ყოველ კაცში სხვადასხვაგვარადაა გამოხატული.

"ჯვარი თვისი" ცოდვით დაცემაა, ანუ ვნებანია, რომელიც ყოველ კაცს თავ-თავისი აქვს. ზოგი ვნება დაბადებიდანვე დაგვყვება, ზოგიერთი წუთისოფლის გზაზე დაგვასნეულებს. "ჯვარი ქრისტესი" მაცხოვრის სწავლებაა: "დაამტკიცე მონისა შენისა თანა სიტყუა შენი, რაითა მეშინოდის მე შენგან" (ფსალმ. 118,38). როგორი მძიმე ჯვარიც არ უნდა იტვირთო, იგი ფუჭია და ამაო, თუკი მაცხოვრის შემდგომ "ქრისტეს ჯვრად" არ გარდაისახა.

"ჯვარი თვისი" მაშინ გარდაისახება ქრისტეს ჯვრად, ოდეს ადამიანი უფალ იესოს დაემოწაფება, ღრმად იწამებს მის მფარველობას, თავს დამტყდარ უბედურებებსაც მაცხოვრისაგან მოვლენილად შერაცხავს, ვითარცა ქრისტიანობის აუცილებელ და გარდაუვალ პირობას, უდრტვინველად აიტანს ყოველგვარ გასაჭირს, რამეთუ სწამს, რომ მწუხარებები შეაერთებს მაცხოვართან, მისი ხვედრის თანამოზიარეს გახდის ამქვეყნად და შემდგომ - ცათა შინა.

"ჯვარი თვისი" ქრისტეს ჯვრად გარდაისახება მათთვის, ვინც ქრისტეს შეუდგა, რამეთუ ცხოვრების მიზნად მცნებების აღსრულება დაუსახავს. ყოვლადწმინდა მცნებების აღსრულება არის ჯვარი იმ ადამიანისა, რომელზეც თავად უნდა გაეკრას, ჯვარს აცვას გადაღრძუებული და ხრწნადი ადამიანური ბუნება "ვნებითურთ და გულისთქმით" (გალატ. 5,24).

აქედან გამომდინარე, ცხადია, ვიდრე ვიტვირთავთ ქრისტეს ჯვარს, საკუთარი თავი უნდა უარვყოთ, რათა არ წარვწყმდეთ. ვიდრე ჯვარს აღვიღებდეთ, სხეული უნდა განვიწმინდოთ ბილწებისაგან და მხოლოდ არსებობისთვის აუცილებლით უნდა დავკმაყოფილდეთ. ჩვენი სიმართლე უმძიმეს დანაშაულად უნდა შევრაცხოთ უფლის წინაშე, ხოლო გონიერება - უგუნურებად, დაბოლოს, მთელი ძალისხმევითა და რწმენით მივდიოთ უფალს და დავეწაფოთ სახარებას პირადი ნების უარმყოფელნი.

ამრიგად, ვინც განუდგა საკუთარ თავს, მას უკვე უტვირთავს "ჯვარი თვისი". ეს ადამიანი შეიგრძნობს თავის უსუსურებას, უფალს ესავს და ევედრება გააძლიეროს, უდრტვინველად და უშფოთველად შესცქერის მოსალოდნელ უბედურებას, ცდილობს დიდსულოვნად აიტანოს ყოველგვარი გასაჭირი და ამ გზით უფალ იესოს ვნებათა თანამონაწილე, თანაზიარქმნილია უფლის საიდუმლო აღმსარებლობასთან მარტოოდენ გონებითა და გულით კი არა, საქმითა და ცხოვრებით.

ჯვარი მძიმეა, ვიდრე იგი არის "თვისი", "ქრისტეს ჯვრად" გარდასახული კი უჩვეულოდ აღმსუბუქდება: თავად უფალიც ხომ ამბობს: "უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტვირთი ჩემი სუბუქ არს" (მათე 11,30).

მოწაფე ქრისტესი ჯვარს აღიღებს, ოდეს შეიცნობს, რომ ღვთაებრივი განგებით ღირს-ქმნილა ჭმუნვა და წუხილი დაითმინოს.

მოწაფე ქრისტესი "თავისი ჯვრის" ტარებას მხოლოდ მაშინ შეძლებს, ოდეს ტანჯვას შერაცხავს ქრისტეს რწმენაში განმტკიცებისა და ცხონების გარდაუვალ პირობად.

ჯვარს ატარებდე მოთმინებით, ეს ნიშნავს, რომ ჭეშმარიტად ხატავდე და აღიქვამდე საკუთარ ცოდვებს. ამ აღიარებაში არ არსებობს თვითცთუნება. ხოლო ვინც საკუთარი ცოდვები შეიცნო, მაგრამ მოთქვამს და გოდებს, მაშინ თვალსაჩინო ხდება, რომ ცოდვა ზერელედ უღიარებია და ფარისეველი და პირმოთნე საკუთარ თავს იტყუებს. ჯვარს ატარებდე მოთმინებით - ეს ჭეშმარიტი სინანულია.

მტვირთველო ჯვრისა! უფლის წინაშე აღიარე მისი განგების მართებულობა. დაადანაშაულე საკუთარი თავი, ღვთის მართლმსაჯულება გაამართლე და მოგეცემა მიტევება ცოდვათა თვისთა.

მტვირთველო ჯვრისა! შეიცან ქრისტე! აი, მაშინ განგეხვნება ბჭენი სამოთხისანი, ადიდე უფალი, გოდება და ჩივილი უარყავ, განაგდე შენგან ყვედრება და გმობა უფლისა. დაე, მადლობდე უფალს საუცხოო საბოძვრისთვის - "ჯვარისა თვისისათვის" და უბედნიერესი ხვედრისთვის - ტანჯვითა შენითა ჰბაძვიდე ქრისტეს. დაე, ღვთისმეტყველებდე, რამეთუ ჯვარი ერთადერთი და ჭეშმარიტი სავანეა მეცნიერებისა, ტახტ-საყდარ-საბრძანებელია ჭეშმარიტად ღვთისმეტყველისთვის. იესო ქრისტეს ვერ შეიმეცნებ ცხოვლად ჯვრის გარეშე.

ნუ დაეძებ ქრისტესმიერ სრულყოფილებას ადამიანურ სათნოებებში, ვერ იპოვი, რამეთუ იდუმალია და ქრისტეს ჯვარშია დაფარული.

"ჯვარი თვისი" "ქრისტეს ჯვრად" გარდაისახება, ოდეს მოწაფე ქრისტესი აღიარებს საქმეებში განცხადებულ საკუთარ ცოდვებს და დამსახურებულ სასჯელს მოელის. თუკი შესწირავს მადლობას უფალს და დიდებისმეტყველებს, მაშინ დიდებითა და მადლობით ჯვარცმულში მკვიდრდება სულიერი ნუგეშისცემა. ვმადლობდეთ უფალს და დიდებისვმეტყველებდეთ - ეს სათავეა მიუწვდომელი, განუხრწნელი სიხარულისა, მადლმოსილ გულში რომ დუღს, იღვრება სულში და თვით სხეულსაც განასპეტაკებს.

იტვირთო და ატარო ჯვარი ქრისტესი ხორციელი თვალისათვის ერთი შეხედვით უმკაცრესი განაჩენია. ქრისტეს მოწაფესა და მიმდევარს კი უმაღლეს სულიერ სიტკბოებას განაცდევინებს. ეს ნეტარება იმდენად დიდია, რომ ჭმუნვა-წუხილს განაქარვებს, ტკივილებს აყუჩებს და უსაშინლესად გვემული ენით უთქმელ შვებას განიცდის.

ყრმა მავრა ჭაბუკი მეუღლის - ტიმოთეს წამების მხილველი მისი ტანჯვის თანამოზიარეც ხდებოდა და ასე მიმართავდა: "ძმაო ჩემო, შიშს მგვრის და მაძრწუნებს გულბოროტი ჯალათის დანახვა, მხნეობა მღალატობს, მუხლები მეკვეთება და ვძაბუნდები სინორჩისა გამო". წამებული ტიმოთე კი ასე პასუხობდა: "ესავდე უფალსა ჩვენსა და იქნება შენთვის ტანჯვა ვითარცა ზეთი სურნელოვანი დაფრქვეული შენს სხეულზე და ვითარცა ცვარი შენს ძვლებში, რომლებიც შეგიმსუბუქებს ყოველგვარ ტკივილს". (თვენი; 3 მაისი).

ჯვარი ძლიერებაა და დიდება საუკუნითგან ყოველთა წმინდანთა. ჯვარი მკურნალია ვნებათა, განმდევნელია დემონთა. ჯვარი ანადგურებს იმ ადამიანებს, რომლებმაც "ჯვარი თვისი" "ქრისტეს ჯვრად" არ გარდააქციეს, მხოლოდ საკუთარი ჯვარი იტვირთეს, შფოთავენ და დრტვინავენ ღვთაებრივი განგებულების მოლოდინში, ყვედრიან უფალს და უიმედობასა და სასოწარკვეთილებაში ვარდებიან. ცოდვილნი, თუკი არ შეიგნებენ და არ მოინანიებენ თავიანთ ცოდვებს, ჯვარზე შემსჭვალულნი მარადიული სიკვდილით კვდებიან. ისინი სულსწრაფობით კარგავენ ჭეშმარიტ ცხონებას, ცხონებას ღმერთში. "თავისი ჯვრიდან" გარდამოიხსნებიან და წარწყმედილი სულებით მარადიულ სამარეში - ჯოჯოხეთში შთაცვივიან.

"ჯვარი ქრისტესი" ჯვარცმული ქრისტეს მოწაფეს დედამიწას წარსტაცებს, საკუთარ ჯვარზე გაკრული, შემმეცნებელი ამაღლებული სიბრძნისა, გონებითა და გულით ზეცად აღიტყორცნება და ჭვრეტს სულის საიდუმლოებებს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა. "რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა: უარ-ჰყავნ თავი თვისი, და აღიღენ ჯუარი თვისი, და შემომიდეგინ მე". ამინ!
ბეჭდვა
1კ1