ეკლესიურმა ცხოვრებამ არ უნდა დაგვაკარგვინოს სიყვარული და სიკეთე
ეკლესიურმა ცხოვრებამ არ უნდა დაგვაკარგვინოს სიყვარული და სიკეთე
გულსატკენია, რომ ადამიანები უფრო და უფრო შეუწყნარებელნი და შეუბრალებელნი ხდებიან. ამის მიზეზი მრავალია: უმუშევრობა, უმცირესობის გამდიდრება და უმრავლესობის გაღარიბება, ზნეობის და კულტურის დაბალი დონე, ნაციონალურ ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტები, უიმედობა, უმნიშვნელო მიზეზების გამო წარმოქმნილი დაპირისპირებანი...

სამოძღვრო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარი სულიერი თვისებების სრულფასოვნად შესწავლის გარეშე შეუდგა ეკლესიურ ცხოვრებას, თუნდ ზედმიწევნით ასრულებდეს წმინდა მამათა რჩევა-დარიგებებს, ამპარტავნების და ეგოიზმის ისეთ ყრუ კედელს აშენებს, რომლის დანგრევა ძნელია.

მართლმადიდებლური ცხოვრების 70-წლიანმა წყვეტამ მიგვიყვანა იმ მოვლენებამდე, რომელთა შესახებ ლაპარაკი აუცილებელია. ბევრმა მორწმუნემ თავი წარმოიდგინა არა მარტო ეკლესიურად, მართლმადიდებლად, არამედ ყველაფერში მართლად; თუმცა არ გამხდარა უფრო მოსიყვარულე, მზრუნველი, კეთილი და გულწრფელი. მათი "თავშეკავების" ნაყოფი - ერთ-ერთი მეუღლის "გაეკლესიურებამდე" ასე თუ ისე ნორმალური და ახლა დანგრეული ოჯახია, ხოლო "ღვთისმოსაობის" შედეგი - ახლობლები, რომლებიც მანამდე თუ ნეიტრალურნი იყვნენ რწმენისადმი, ახლა მისი მტრები გახდნენ. მაგრამ რწმენისადმი "გულანთებული ადამიანები", თანაც ყველაფერში "მართლები", რატომღაც მარტივ, ლოგიკურ კითხვას კი არ სვამენ - იქნებ ეს ჩვენი ბრალია და არა "მათიო", - არამედ დაუჟინიათ, - როგორ, ჩვენ ხომ ყველანაირ ეკლესიურ კანონებს ვასრულებთო!

თუკი გულწრფელად ჩავუკვირდებით საკუთარ თავს, სხვანაირად გამოჩნდება სიმართლე. მაგალითად, თუ შენ მორწმუნე გახდი, ქმარი კი გაგილოთდა - ეს რას უნდა ნიშნავდეს?

მე მისთვის (ქმრისთვის) "აღუვსებელი ბარძიმის" დაუჯდომელს ვკითხულობო, - მოგვიგებს ასეთი ადამიანი, მაგრამ კითხულობს მისთვის თუ მის წინააღმდეგ? უყვარს თუ არა ქმარი დაუჯდომელის კითხვის დროს? კონკრეტულად როგორ გამოიხატება მისი სიყვარული? პასუხიც არ ახანებს: - განა შეიძლება ამ ლოთის შეყვარება? ეკლესიაში სიარული არ უნდა, ჯვრისწერა არ უნდა და ა.შ.

მეუღლეობაში, დედობაში, მამობაში სრულფასოვნად გაუხსნელები ვერ ხდებიან მადლიერი შვილები, გულღია, ერთგული, მოსიყვარულე ადამიანები, ისინი ეძებენ სულიერებას, მაგრამ არ ეძლევათ.

საერო ცხოვრებაში დასახული მიზნის მიღწევის მექანიზმებით ზოგიერთი ეკლესიურ ცხოვრებაშიც რაღაც-რაღაცებს (გარეგნულად) აღწევს: ვინ - სამღვდელო ხარისხს, ვინ - საეკლესიო სფეროში სამუშაოს, მესამენი - პრივილეგირებულ ადგილს გამორჩეული სასულიერო პირების გარემოცვაში. მაგრამ მთავარი კითხვა მაინც უპასუხოდ რჩება: რისთვის? სად არის აქ ქრისტეს ადგილი, მოყვასის სიყვარულის გამო ნაქადაგები თავგანწირვა?

ნამდვილი მორწმუნე კი ისეთი უნდა იყოს, როგორც ეკლესიის მამები მოყვასისადმი დამოკიდებულების შესახებ ამბობენ: "იყავით გარშემომყოფთათვის სითბო და სინათლე, ეცადეთ, პირველად თქვენი ოჯახი გაათბოთ, იშრომეთ ამისთვის; შემდეგ ეს შრომა ისე გაგიტაცებთ, რომ თქვენთვის უკვე ვიწრო იქნება ოჯახური წრე და მისი თბილი სხივები დროთა განმავლობაში მოიცავს სულ ახალ და ახალ ადამიანებს და თქვენს მიერ განათებული წრე უფრო და უფრო გაიზრდება".

ასკეტიზმი, სიყვარულის გარეშე, ჰგავს თოვლის დედოფლის სასახლეს - გარეგნულად ლამაზს, მაგრამ ცივს, უკარებას.

გარეგნული ეკლესიურობის, ეკლესიური ტერმინების - "მაპატიეთ", "მაკურთხეთ", "ცდუნება" და სხვა, ეკლესიური პრობლემატიკის (ეკუმენიზმთან, მასონებთან, სექტანტებთან ბრძოლა) მიღმა, ადამიანებს არ სურთ თავის თავთან, აწმყოსთან შეხვედრა. ვერავითარ სარგებლობას ვერ მოუტანენ საკუთარ სულს, სხვებს, თუკი გაეკლესიურების შემდეგ სიყვარულით არ გაბრწყინდებიან. "არავინ დარჩებოდა წარმართად, თუკი ჩვენ ღირსეული ქრისტიანები ვიქნებოდით," - ამბობდა წმინდა იოანე ოქროპირი.

თუ ურწმუნო ოჯახში ერთი მორწმუნე გახდა, დანარჩენთა რწმენამდე მისაყვანად მას ერთადერთი გზა აქვს: არ უნდა გაემიჯნოს და თავისი "სუფთა პიროვნება" არ დაუპირისპიროს "ცოდვილ" ახლობლებს. თუკი იტყვის: - არ მოვალ თქვენს ღრეობაზე, მე ვმარხულობო, საკუთარ ოჯახში სამუდამოდ ერთადერთ მორწმუნედ დარჩება. მარტო დარჩება მაშინაც, თუკი დროულად თუ უდროოდ დაიწყებს "ქადაგებას". უნდა გვახსოვდეს, რომ სიყვარულის სახელით ძალადობა სიყვარულს კლავს. მაგრამ თუკი ოჯახის წევრებმა შეამჩნიეს, რომ შენი რწმენა ეხმარებათ პრობლემების მოგვარებაში, თუ დაინახავენ, რომ ეკლესიიდან უფრო გაბრწყინებული დაბრუნდი, ვიდრე წასვლამდე იყავი, თუ დაინახავენ, რომ შენი სამყარო უფრო ღრმა და მდიდარი გახდა, ვიდრე ყვითელი პრესის მკითხველთა სამყაროა, მაშინ შენს რწმენამდე თანდათან მოვლენ.

ბავშვებს უპირველესად მოძღვრისგან კურთხევის სწორად აღება კი არ უნდა ვასწავლოთ, არამედ ის, რომ ტრანსპორტში მოხუცებულს ადგილი დაუთმონ, ხელი შეაშველონ ავტობუსიდან ჩამომავალ ფეხმძიმე ქალს და ყველაფერი ქრისტესთვის გააკეთონ. ზეციური სამეფოს შესახებ მოყოლამდე ასწავლეთ ბავშვებს მიწიერი სამშობლოს სიყვარული. რელიგიური აღზრდა იწყება არა მაშინ, როცა დედა ასწავლის "მამაო ჩვენოს" კითხვას, არამედ მაშინ, როცა მამა ვაჟს შთაუნერგავს, რომ დედას მადლობა გადაუხადოს გარეცხილი პერანგისთვის, მომზადებული სადილისთვის. ჭეშმარიტი მორწმუნე მაგალითი უნდა იყოს გარშემომყოფთათვის და ეს, პირველ რიგში, ოჯახიდან იწყება.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1