ნუ მომაკლებ, ღმერთო, შენს მიუწვდომელ სიმართლეს!
ნუ მომაკლებ, ღმერთო, შენს მიუწვდომელ სიმართლეს!
"მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენთა და მრავლითა მოწყალებითა შენითა" (ფს. 50-3). შემიწყალე მე, ღმერთო, შენი სულგრძელებითა და კაცთმოყვარეობით, რადგან თითოეული მოკვდავის არსებობა, ხსნა და გადარჩენა მხოლოდ შენ ხარ, წმინდაო. დამიფარე მე, ღმერთო, შენი უყუედრელი, მარადმომდინარე მფარველობით, რადგან ყოველი სულიერის ნუგეში შენშია მხოლოდ. ნუ მომაკლებ მე, ღმერთო, შენს მიუწვდომელ სიმართლეს, რადგან ვერავინ შესწვდება მას თავისი ცხოვრებით, თუ არა შენი წყალობა, რომელიც მოახედებს მას ჩვენკენ.

სად და რაშია ადამიანის სიმართლე, ცხოვრება და დიდება? შენ მიერ შეწყნარებასა და წყალობაში, უფალო, რადგან სული, რომელმაც შეიცნო თავისი რაობა, გამუდმებით ღაღადებს: "აღხოცე უსჯულოება ჩემი, უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე" (ფს. 50-4). რაში ვლინდება სულის სიწმინდე? არათუ თავის თავში არსებულ სისუფთავეში, არამედ საკუთარი უღირსების განცდით ჩაღრმავებულ სინანულში.

დამწუხრებული სული ტკივილითა და იმედით აღმოთქვამს: "აღხოცე უსჯულოება ჩემი", ნუგეშითა და ლმობიერებით მოხედე, უფალო, ჩემს უღირსებას, რადგან მხოლოდ შენი წყალობითაა შესაძლებელი განწმენდა ჩემი. შენს კაცთმოყვარეობასა და სიკეთეშია, ღმერთო, დაფარული ჩემი დიდება, რადგან სადაც და როგორც იცხოვრა ჩემმა სულმა, შენს გულმოწყალებას ვერსად დაეფარა, ხშირად მსურველი მიმალვისა ცოდვიანობით. როცა სიკეთით ვცხოვრობ, მოწყალებაა და როცა ცოდვაში ვარ, კვლავ შეწევნაა შენი. მხოლოდ შენს სიყვარულს, წყალობით გამოვლენილს და ასევე დაფარულს, ძალუძს ხსნა ჩემი, რადგან განსაცდელში დანახული, ამოცნობილი ღვთის სიყვარული გონიერი სულისთვის განწმენდისა და განახლების საწინდარია. აღმადგინე, გამათავისუფლე და შემიწყალე მე, უფალო, იმ სიწმინდითა და უბრალოებით, როგორი წმინდაც დამბადე. გულისხმიერი, წრფელი სინანულით შენ წინაშე, უფალო, აღიარებულ "ცოდვათაგან უცხო მყავ მე". ღმერთო, შენ მიერ შევიცანი, შევიცვალე ჩემი ცოდვილი ბუნება. მწუხარებით აღმოვთქვამ შენ წინაშე: "რამეთუ უსჯულოება ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის" (ფ. 50-5). მარად შემცოდეა ჩემი სული შენ წინაშე, სად და ვისთან ვეძებო შეწყალება, თუ არა კვლავ შენს ნუგეშსა და სახიერებაში? ჩემი დამძიმებული, ცოდვილი სულით მიმიღე შენს წიაღში, რადგან ძლიერი განცდა სულის ტკივილებისა კადნიერს მხდის ამ სიტყვების შენ წინაშე წარმოთქმისა. შეგცოდე რა შენ, ღმერთო, შევცოდე ჩემს ბუნებას, რაც ერთი და საერთოა ჩემი მოდგმისთვის, ამისთვის არათუ გამართლებას ვეძებ და ვითხოვ, არამედ შენს გულმოწყალებას ვავედრებ ჩემს სულს, სინანულის ცრემლით სინდისის მიერ გამოტანილი განაჩენი შემიმსუბუქე და მომეცი ძალა, "ვსძლო სჯასა შენსა". ყოველი ცოდვის ბოლო და სამართლიანი განაჩენი სინანულის გარეშე სიკვდილია, ამიტომ, ღმერთო, შემიწყალე მე, "რათა განვმართლდე სიტყვათაგან შენთა და ვსძლო სჯასა შენსა" (ეს. 50-6).

უფალო, რომ შეგცოდებდი, დედის მუცელშივე ჩემი ყოფნისას იცოდი, რადგან კაცთა მოდგმამ სამოთხეში თქვა უარი შენზე და აირჩია ცოდვის მძიმე გზა, მეც ამ ცოდვილი ბუნების შვილი ვარ შობამდე და შობისთანავე, "რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან" (ფს. 50-8). რაც კი სიკეთე და სათნოება მაბადია, შენგანაა, ეს სინანულიც, გულიდან გადმოღვრილი ცრემლის საიდუმლოც, შენია. შემიყვარე მე, როგორც მძებნელი შენი დაფარული, მიუწვდომელი მადლის სიღრმეებისა, ამისთვის ვსასოებ: "მასხურო მე უსუპითა და განვწმიდე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე" (ფს. 50-9). შენი მწამს და შენზე ვსასოებ, ღმერთო, რადგან მხოლოდ შენ, ერთადერთს, ძალგიძს თოვლივით გაასპეტაკო სიბნელითა და ვნების სიშავით დაბურული ჩემი სული, რომელშიც დავანებული ანგელოზნი გალობითა და სიხარულით აღავსებენ მას: "მასმინე მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი" (ფს. 50-10). მაშინ გაიხარებს შენი სიმაღლითა და სიდიადით დამდაბლებული ჩემი ცოდვილი სული, რომელიც, როგორც ძუალი საყრდენი ხორცისა, იმგვარად დაედება საყრდენად შენ მიერ ბოძებულ თითოეულ სიკეთესა და წყლობას.

უფალო, "გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი ახოცენ" (ფს. 50-11). ყოველი არაწმიდების შობის ადგილი გულია და სული წრფელი მანამ ვერ იქნება, სანამ გული არ განთავისუფლდება ვნებისა და ცოდვისაგან, ამიტომ კვლავ შენს მოწყალებას ვავედრებ მათ: "გული წმიდა დაბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა" (ფს. 50-12). შენს მადლმოსილ შემწყნარებელ ხელს ნუ აიღებ ჩემგან, ღმერთო, ნუ განმარიდებ და მომკვეთ, როგორც უნაყოფო ხეს, "ნუ განმაგდებ ჩემგან" (ფს. 50-13). ერთადერთი ნამდვილი სიხარული, რაც კი მაბადია ამქვეყნად, შენ ხარ და შენით არის, ღმერთო, ნუ მომაკლებ, დამიბრუნე შენთან ერთობის მაცოცხლებელი, მასაზრდოებელი, მანუგეშებელი სიხარული. შენი დიდებული სულით აღმბეჭდე და განმამტკიცე.

ჭეშმარიტო მსაჯულო, მწყალობელო ყოველთა შეწყალებულთაო, მომმადლე მე ბაგე მადიდებელი შენი, რომ ჩემი გული ნეტარებდეს იმ სიტყვის ძალით, რომელიც შენს საკურთხებლად წარმოითქმება ჩემ მიერ: "უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა" (ფს. 50-18). საძაგელია შენთვის ყოველი შესაწირი, რასაც "სული შემუსვრილი და გული შემუსვრილი" არ უდევს საფუძვლად. მხოლოდ სიმდაბლით, საკუთარი უღირსების შეგრძნებით, ცოდვის განცდით მის მარწუხებში სინანულით გამოწურულ ცრემლს შეუძლია მსხვერპლად შეეწიროს შენს სახელს, ღმერთო: "მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწუველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი" (ფს. 50-21).

როცა დამდაბლებული გულის საკურთხეველში წმინდათაწმინდა ტრაპეზზე მსხვერპლად დაიდება უფლის სიყვარული, მაშინ იხარებს ჩემი ცოდვილი სული შენში, უფალო, სამარადისოდ.
ბეჭდვა
1კ1