"მომიხსენე მე, უფალო", რომელმაც დაგივიწყე შენ
"მომიხსენე მე, უფალო", რომელმაც დაგივიწყე შენ
"მომიხსენე მე, უფალო, სასუფეველსა შენსა, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა" - საოცრება, საგანძური, კადნიერება სიმდაბლისა, სიტყვები, რომლებშიც შედუღებულია რწმენა და სასოება მაცხოვრისადმი , სიმამაცე ჭეშმარიტი სინანულისა და მადლმოსილი ღირსება შეცნობილი უღირსი, ავაზაკური ცხოვრებისა; სამოთხეში შელახული ხატება და ჯოჯოხეთისეული ყოფიდან აღდგენა, დაბრუნება მისი; არათუ თავის მართლება ადამში, არამედ აღსარებით განმართლება ქრისტეში.

"მომიხსენე მე, უფალო", რომელმაც დაგივიწყე, არათუ მხოლოდ ადამში, ჩემი პიროვნული ცხოვრებითაც უარი ვთქვი შენზე. "მომიხსენე მე, უფალო", არა ჩემი ავაზაკური სიცოცხლით, არამედ მასში და მისით მომკვდარი საუკუნოდ მაცხოვნე. "მომიხსენე მე, უფალო", რომელმაც ჯვარს გაცვი, მაგრამ შენთან ერთად ჯვარცმული აღგიარებ შენ. "მომიხსენე მე, უფალო, სასუფეველსა შენსა", რამეთუ შენ ხარ და შენშია სიცოცხლე და უკვდავება, სიმართლით მსაჯულო, შემიწყალე მე არათუ ამ სოფელში, არამედ შენში მაცოცხლე სამარადისოდ.

კაცობრიობა თავისი ცოდვებით, გარყვნილებითა და დაცემულობით "ავაზაკია" უფლის წინაშე და ხშირად არა მონანული, უფლის მარჯვნივ ჯარცმული ავაზაკის მსგავსი, არამედ ბრმა, უსმართლო, უმოწყალო და უგუნური, როგორც ჯვარცმული ღმერთკაცის მარცხნივ მყოფი ავაზაკი, რომელიც სიკვდილის სარეცელზე მიჯაჭვული კვლავ მიწიერსა და წარმავალს მიელტვოდა. უფალი არათუ ახლოა თითოეულ ადამიანთან, არამედ ყოველ მათგანშია. ცხონება, სასუფეველი ყველასთვისაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველას სული და გული არაა მისთვის. ერთი დღეც რომ გრძელდებოდეს ჩვენი სიცოცხლე, ჭუჭყისგან თავისუფალი მაინც ვერ ვიქნებოდით, როგორც ბრძანებს მართალი იობი, მაგრამ ჭეშმარიტი სინანულის, საკუთარი უღირსების წუთიერი განცდაც კი საკმარისია, რომ მთელი განვლილი ცხოვრების ტალახი ჩამოირეცხო. არათუ თავის მართლება, კეთილის ხსოვნა და სიქადული უფლის წინაშე, არამედ მართალი მეზვერის მდაბალი სიტყვებია თავის თავში უკვდავებისა და ცხონების დამტევი.

"ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას და შემიწყალე" - ნუთუ მონანულ ავაზაკსა და მეზვერეს მიწიერი ცხოვრების მანძილზე სიკეთე არ ექნებოდათ აღსრულებული? ნუთუ ამ ძვირფასი სიტყვების სულიდან ამომფრქვევლებს არასოდეს უფიქრიათ ღმერთზე? მაგრამ ერთიც და მეორეც, ღვთის წმინდა სახელის წინაშე წარმდგარნი, ცოდვისა და უსამართლობის გარდა, ვერაფერს გრძნობენ, რითაც შეცნობილი აქვთ ყველაზე მთავარი, რთული და დიადი - საკუთარი თავი, რაც უწყვეტი ჯაჭვივით შედუღებული, შესისხლხორცებულია უფლის ცოდნასა და შემეცნებასთან. "ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას და შემიწყალე" და "მომიხსენე მე, უფალო, სასუფეველსა შენსა, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა" - ლოცვის მაგალითი, სიქადული თითოეული ქრისტიანისა, რასაც საძირკვლად რწმენის სიმდაბლე უძევს, უძლურებაში შეცნობილი ძლიერება ღვთისა, სიკვდილისა და ამაოების გზაზე სინანულით შეგრძნება მარადიული სიკვდილისა.

კაცთა მოდგმა სამოთხეშივე დაეცა არა მხოლოდ ცოდვით, არამედ, რაც მთავარია, მისი დაფარვითა და უნანელობით. ცოდვილი (მონანული) ცხონდება, უნანელი კი ვერასდროს, რადგან მხოლოდ "განცდა თვისთა ცოდვათა" შობს ჭეშმარიტ ნაყოფს სინანულისას, რაც ღმერთთან ერთობისა და სასუფევლის მომასწავებელია.

წმინდა სამებამ ინებოს, ყოველი ადამიანი ღირსი გახდეს ღვთის ტკბილი მზერის ხილვისა, უფლის მისკენ მოხედვისა და მონანული ავაზაკის მსგავსად მაცხოვრის მაცოცხლებელი სიტყვების მოსმენისა: "აღგითქვამ შენ - დღეს ჩემთანა იყო სამოთხეში", - რადგან ერთია ის, რომელშიც და რომლითაც არის სიცოცხლე, სასუფეველი და ნეტარება - მამა, ძე და სულიწმინდა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
ბეჭდვა
1კ1