რამდენი ვნებაც დაამარცხე უფლით საკუთარ სხეულში, იმდენად უკვდავი გახდი მარადიული სიკვდილისთვის
რამდენი ვნებაც დაამარცხე უფლით საკუთარ სხეულში, იმდენად უკვდავი გახდი მარადიული სიკვდილისთვის
წუთისოფლის განაჩენი - სიკვდილი თითოეული ადამიანისთვის ერთია. ეს ბუნებრივია, მაგრამ სამწუხაროა, რომ ყველა არ არის მკვდარი მიწიერებისთვის. მრავალი ნიჭით მოკაზმა და გაამდიდრა ღმერთმა ადამიანი, თუმცა მცირეოდენთ მოუხმარია იგი ღვთის სადიდებლად, რადგან მრავალთათვის სასჯელის მძიმე ტვირთად ქცეულა ეს ენით გამოუთქმელი საიდუმლო. უკეთეს შემთხვევაში მიწაში დაგვიმარხავს, უარესში კი ბოროტების სამსახურში ჩაგვიყენებია და თამამად, უნანელად ცოდვაზე გაგვიცვლია.

ადამიანის ღირსება ღვთის დიდების ძიებასა და უფლის უანგარო ერთგულებაშია. ერთგულება არ ნიშნავს უცოდველ ცხოვრებას, რადგან სამოთხეში ცოდვით დაცემის შემდეგ კაცობრიობისთვის მეორე ბუნებად იქცა იგი. ვერავინ იქნება ჭუჭყისგან თავისუფალი, თუნდაც ერთი დღე გრძელდებოდეს მისი ცხოვრება, - ბრძანებს მართალი იობი. საოცარია მისი უკვდავი სიტყვები.

ერთგულება საკუთარი თავისუფალი ნებით, ცხოვრებით შემეცნება და სწავლაა უფლის დიდებული გზებისა, რაც განღმრთობას, სისრულეს მოიცავს უდიდესი შრომის, ერთგულებისა და გულისხმიერების ფასად. სიტყვა "სწავლა" გულისხმობს უცხოს, სიახლის დაუფლებას, მისკენ სწრაფვასა და მასში შეღწევას. ეს კი შეუძლებელია შეცდომების, წუხილისა და წვალების გარეშე. ღვთის შესახებ სიღრმისეული გამოცდილებითი ცოდნა ხომ ყოველივეზე აღმატებული სწავლა, მეცნიერება და სიბრძნეა, რასაც თავად ღვთაებრივი მოძღვარი გვასწავლის. ნუთუ ჩვენისთანა უძლურებისთვის შესაძლებელია მისი დაუფლება, მასში შეღწევა ცოდვისა და დაცემის გარეშე? აუცილებელი არ არის სცოდო, რომ ისწავლო, არამედ სწავლაში, ღმერთთან მიახლებასა და ერთგულებაში შეიძლება შეგეშალოს და სცოდო. ამ ღვთაებრივ სწავლას დიდ ტკივილთან ერთად ენით გამოუთქმელი სიხარული ახლავს თან, რაც ფარავს და აუფერულებს მის სიმძიმესა და ტვირთს, რადგან დღეს სიკვდილის იმას არ ეშინია, ვისაც სწამს, რომ კვლავ იცოცხლებს, რომ უკვდავი და მარადიულია, მაგრამ ვინც ხვალ სიკვდილს ელის, ყველაზე საბრალოა, თუნდ მთელი ცხოვრება სიცოცხლის ლამაზი, საოცარი სხივებით ტკბებოდეს. აქედან გამომდინარე, ადამიანის ჭეშმარიტი სიხარული ნათელ მომავალშია, უფლის სასოებაში ჩასახულ სიხარულშია. აწმყოთი ტკბობა კეთილი მომავლის იმედითაა განპირობებული, თუმც კი ეს ნეტარი მომავალიც მართებული, ღვთივსათნო აწმყოს შედეგია.

ქრისტეს ჯვარშია დაფარული საიდუმლო სიცოცხლისა, ჯვარცმაა დამთრგუნველი და გამფანტველი სიკვდილისა. უფლისთვის ცხოვრება, მისთვის სიცოცხლე მორწმუნე სულის ცოდვისთვის სიკვდილშია. რამდენი ვნებაც დაამარცხე უფლით საკუთარ სხეულში, იმდენად უკვდავი გახდი მარადიული სიკვდილისთვის.

რატომ არის ასეთი რთული ჩვენთვის მართებული, ქრისტიანული, ღვაწლმოსილი ცხოვრება, რატომ უწოდებს მას უფალი უღელს? როგორ შეიძლება გავიაზროთ ამ ტვირთის სიმძიმე? ტვირთში პირდაპირი გაგებით მოიაზრება ის დამატებითი წონა, რომელიც გარეგანი და უსიამოვნოა ჩვენთვის. სამწუხაროდ, ცოდვის შემოსვლის შემდეგ ღვთის მადლი გარეგან, დამამძიმებელ, არასასურველ ტვირთად ექცა კაცობრიობას, რადგან მისთვის ბუნებრივი და "მსუბუქი" ცოდვა გახდა. ჩვენ უფალზე სამოთხეში ვთქვით უარი, მით უმეტეს უარვყოფთ ცოდვილ მიწაზე. რამდენად ძნელია, საკუთარი ცხოვრებით თანხმობა განაცხადო უფალის ერთგულებასა და სიყვარულზე! მადლობა ღმერთს, რომ კაცობრიობა აღარ არის დაობლებული ბოროტებასთან ბრძოლაში, ჩვენ უარი ვთქვით უფალზე, მაგრამ სახიერ ღმერთს მცირე ჟამითაც არ დავუტოვებივართ თავისი სიყვარულისა და წყალობის მიღმა.

ადამიანი უმდიდრესი და უბედნიერესი ქმნილებაა ქვეყნიერებაზე, რადგან ჰყავს ჭეშმარიტი, მარადიული ზეციური მშობელი, ჭეშმარიტი ღმერთი წმინდა სამება - მამა, ძე და სულიწმინდა, რომლის დიდებასა და სუფევას არ აქვს საწყისი და ბოლო აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
ბეჭდვა
1კ1