ამის ჩამდენნი ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ
ამის ჩამდენნი ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ
ლოთობა უაღრესად მძიმე ცოდვაა. მას საშინელი შედეგები მოაქვს უპირველესად თვითონ მსმელისთვის და შემდეგ გარშემომყოფთათვის. ლოთი სასმლის გარეშე ვერ ძლებს და დღედაღამ სულ იმის ფიქრშია, რა და სად დალიოს, ნელ-ნელა უცხო ხდება, ეკარგება რეალიზმის განცდა (შეიძლება ამას შეგნებულადაც აკეთებს - დაბრკოლებების, გამოუვალი მდგომარეობის თუ სხვა მიზეზთა გამო), უკეთეს შემთხვევაში ეთიშება საზოგადოებას და ინერტული ხდება, უარეს შემთხვევაში კი საშიში, შეურაცხადი დამნაშავე.

რა თქმა უნდა, ღვინის მომეტებული დოზებით მიღებას სავალალო შედეგამდე მივყავართ, მაგრამ ქრისტიანობა საკითხის თუ პრობლემის მაქსიმალისტური გადაჭრისგან შორს დგას. ლოთობის აღმოფხვრა არ ნიშნავს ღვინის საერთოდ აკრძალვას, უფრო მეტიც, თუ ერისკაცთაგანი არ სვამს ღვინოს, განსაკუთრებით დღესასწაულის დღეებში, არა თავშეკავების, არამედ ზიზღის გამო, თუ არ გამოსწორდება, უნდა განიდევნოს ეკლესიიდან (მოც. კრ. 51-ე კანონი).

მღვდელს და საერთოდ სასულიერო პირებს სიფხიზლე მართებთ, რათა შეძლონ დაუწყნარებლის დაშოშმინება. საღმრთო წერილი ამბობს: "ძლიერები მწყრომარენი არიან და ღვინოს ნუ დალევენ (დიდი რაოდენობით, ანუ ნუ დათვრებიან), რომ მსმელს არ დაავიწყდეს სიბრძნე და სწორი მსჯელობა შეძლოს". ეს იმიტომ კი არ არის ნათქვამი, რომ სასმელს არ გაეკარონ, არამედ უზომოდ არ მიეტანონ, რადგან სხვაგვარად ეს ღმერთის მიერ შვებისთვის შექმნილის გინება იქნება. საღვთო წერილს არ უთქვამს, - ნუ სვამ ღვინოსო, არამედ: - ნუ სვამთ ღვინოს დასათრობადო (იგავ. 26,9). ეს ეხება ყველას - სასულიერო პირებსაც და მართლმორწმუნე ქრისტიანებსაც, რადგან წმინდა წერილი შეგვაგონებს: "ნუ იქნები ღვინის მსმელებსა და ხორცის მთქვლეფავებს შორის, რადგან ლოთი და მთქვლეფავი გაღარიბდება, ხოლო თვლემა ძონძებით შემოსავს კაცს... ვინ ოხრავს? ვინ კვნესის? ვინ დაობს? ვინ ჩივის? ვისა აქვს უმიზეზოდ ჭრილობები? ვისა აქვს ჩაწითლებული თვალები? ვინც ღვინოს გვიანამდე უზის, ვინც განზავებული ღვინის საძებრად დადის. ნუ დახარბდები ღვინის სიწითლეს, ფიალაში რომ ნაპერწკლებს ისვრის და მორაკრაკებს; ბოლოს გველივით კბენს და ასპიტივით გესლავს. შენს თვალებს უცნაურობანი მოელანდება და შენი გული უკუღმართად ილაპარაკებს. შუაგულ ზღვაში მძინარესავით იქნები, ანძის წვერზე მძინარესავით. იტყვი, მცემდნენ და არ მტკიოდაო, მირტყამდნენ და ვერ ვიგებდიო; გამოვიღვიძებ და ისევ ძებნას დავუწყებო" (იგავ. 23, 20-35).

მაგრამ ყველაზე სავალალო შედეგი ლოთობისა არის არა ის დაცემული და დაგლახაკავებული მდგომარეობა, რომელშიც მსმელი ვარდება, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრების შანსის დაკარგვა: "ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ხარბნი, ვერც ლოთნი (ყურადღება მიაქციეთ, რა კატეგორიის ცოდვებში მოიხსენიება ლოთობა!), ვერც მლანძღველნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს" (I კორ. 6,9-10). პავლე მოციქული ლოთებს მემრუშეთა და მამათმავალთა თანა განიხილავს და აი, რატომ: ქრისტემ ბრძანა: "ვინც უმიზეზოდ განურისხდება თავის ძმას, სასჯელის თანამდები იქნება, ხოლო რომელიც ეტყვის: სულელო, - ცეცხლის გეენის თანამდები იქნება" (მთ. 5,22). თუკი, ერთი შეხედვით, ამ უბრალო ბრალეულობის გამო ძალზე მკაცრად ისჯებიან, ლოთობაზე რაღა უნდა ვთქვათ? თავის დროზე ისრაელელები ხომ მემთვრალეობამ მიიყვანა კერპთაყვანისმცემლობამდე. მეორეც: კორინთელები, რომელთა მიმართ წმინდა პავლეს მიერ მიწერილი ეპისტოლედანაც არის ციტირებული ზემონათქვამი, ღმერთის კაცთმოყვარეობიდან გამომდინარე, არასწორად მიიჩნევდნენ, რომ ამგვარი საქმეები (როგორიცაა ლოთობა, ბილწსიტყვაობა და სხვა) არ დაუხშობენ კაცთ ცათა სასუფეველს; ამიტომაც ეუბნება მათ პავლე მოციქული: ნუ ცდებით, რამეთუ ესე ყოველნი კაცსა სასუფევლისგან განაგდებენ, ხოლო სასჯელი მათი, რა თქმა უნდა, თანასწორი არ იქნება, ყველას თავისი ღირსებისამებრ მიეგება: ლოთს - ლოთისაებრ, მრუშს - მრუშისაებრ და ა.შ. წმინდა პავლე მოციქული ამ ვერდიქტს გალატელთა მიმართ ეპისტოლეშიც იმეორებს: გეუბნებით წინასწარ, როგორც ადრე მითქვამს, რომ ამის ჩამდენნი ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ" (გალ. 5,21).

მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1