უფლისა და ადამიანური ნების ერთობა არის ის უძლეველი ძალა, რომელიც კრავს და შეამტკიცებს ჭეშმარიტ რწმენას
უფლისა და ადამიანური ნების ერთობა არის ის უძლეველი ძალა, რომელიც კრავს და შეამტკიცებს ჭეშმარიტ რწმენას
"არცრა არს სახელი სხუა ცასა ქუეშე მოცემული კაცთა, რომლითამცა ჯერ-იყო ცხოვრებაი ჩვენდა" (საქ. 4,12); "აღსარებულად დიდ არს ღმრთის მსახურებისა იგი საიდუმლო; ღმერთი გამოჩნდა ხორცითა" (1 ტიმ. 3,16) - მოდრიკნა ცანი და მოვიდა ქუეყანად, რათა ზეცად აგვიყვანოს. გიხაროდეთ, მადლობდეთ და მიჰყევით მას, ღმერთსა და მაცხოვარსა ჩვენსა, რომელი ამაღლდა ზეცად და ღვთისა და მამის მარჯვნივ ზის ჩვენი ადამიანური ბუნების განმადიდებელი.

მაგრამ არ დავივიწყოთ, რომ ეს სულის ხსნის მხოლოდ ერთი პუნქტია, მას თვით უფალმა ღმერთმა მიუმატა სხვა მუხლებიც, რომელთა დაცვაც გადარჩენისთვის ასევე აუცილებელია.

გწამდეს ღმერთი მაცხოვარი - საჭიროა ისე განვჭვრიტოთ და გავითავისოთ გულსა და გონებაში, რომ ეთანხმებოდეს ყოვლადწმინდა სამების საიდუმლოს, თორემ შეიძლება ვუსმენდეთ თუ ვლაპარაკობდეთ ხსნაზე მხოლოდ უფალ იესოში და ამ ჭეშმარიტებას ისეთი ყურადღება მივაქციოთ, რომ მასში სრულიად დაიკარგოს მსჯელობა ყოვლადწმინდა სამებაზე და ყოვლადწმინდა სამება სრულად დაიფაროს ქრისტე მაცხოვრის დიდებით. ეს კი იმას არ ნიშნავს, რომ გადამრჩენელი აზროვნების წყობა გამრუდდება, ანდა, ასე ვთქვათ, ქრისტიანული ცნობიერება დაბნელდება.

ჩვენი სულების ხსნა ხდება ძე ღვთისას მიერ, თითოეული ჩვენგანის გადარჩენა ხორციელდება უფალ იესო ქრისტეში - მამა ღმერთისა და სულიწმინდის მონაწილეობით, მაგრამ, რაც ასევე მთავარი და მნიშვნელოვანია, ჩვენი სულების ნებელობის მასზე დაყრდნობითა და მინდობით ჩვენი სიცოცხლე და ჩვენი ხსნა ცოცხალ კავშირშია ღმერთთან. დაცემის შემდეგ დავკარგეთ ეს კავშირი. მოგვევლინა განკაცებული ღმერთი, ძე ღვთისა მხოლოდშობილი, და შეარიგა დაცემული კაცობრიობა უფალთან, ხოლო ამ შერიგებით მორწმუნენი ერთმანეთთან და თავისთან დააკავშირა, ყველა ერთად კი - ღმერთთან.

ადამიანის სულის გადასარჩენად საჭიროა, სწამდეს და მოიპოვებდეს მადლიან ძალებს წმინდა საიდუმლოებების მეშვეობით. იცხოვრე ღვთის მცნებებით და იმყოფებოდე ცოცხალ კავშირში წმინდა ეკლესიასთან. მგზავრმა რომ უშიშრად და მოხერხებულად იაროს, საჭიროა, იყოს ნათელი და გაკვალული გზა, თვითონ კი - ჯანმრთელი და გამძლე; საჭიროების შემთხვევში, მაგალითად, მოსახვევებში და გზაჯვარედინებზე, ჰყავდეს ვინმე გვერდით, ვინც მიანიშნებდა, რომელი გზით ევლო. ასევეა სულის ხსნის გზაზე სიარულის დროსაც: აუცილებელია ნათელი - ეს არის რწმენა, აუცილებელია გაკვალული გზა - ეს ღმერთის მცნებებია, აუცილებელია ჯანმრთელობა და სიმტკიცე - ეს მადლმოსილი ძალებია, რომელთაც წმინდა საიდუმლოებები გვაწვდის, აუცილებელია გზამკვლევნი და ხელმძღვანელნი - ესენი საეკლესიო მოძღვრები არიან.

რწმენა რომ აუცილებელია სულის ხსნისთვის, ამაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ურწმუნო ადამიანს ფიქრადაც არ მოსდის სულის ხსნაზე ზრუნვა. რწმენით კი, ყველაფერი ის, რაც გაგვიხსნა უფალმა, უნდა ვირწმუნოთ სრულად, როგორც გვასწავლის ამას წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია. უნდა გვწამდეს უფალი და ჩვენი ნებელობა უფლის მაცხოვნებელი ნებელობისკენ წარვმართოთ. მაგრამ ამასთან ერთად უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ მხოლოდ რწმენა და ნებელობა არ კმარა სულის გადარჩენისთვის. საჭიროა იცხოვრო წმინდად უფლის ყველა მცნების მიხედვით. "არა ყოველმან, რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო! შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათასა" (მთ. 7,21). სახარებიდან უპირველესად გამოდის ასეთი დასკვნა: წრფელად და ზუსტად შეასრულე მცნებები და გადარჩები, იხელმძღვანელე სარწმუნოებით და ყველაფერი იქით მიმართე, რომ უფალს ასიამოვნო. გადარჩენისთვის აუცილებელია მცნებების შესრულება. ღვთის სიტყვით, რწმენა და მცნებების შესრულება ერთ სიმაღლეზე დგას, არც ერთს და არც მეორეს უპირატესობა არ ეძლევა. მხოლოდ მათი მჭიდრო კავშირით ხდება ჩვენი სულის ხსნა და ისინი ამით იძენენ თავიანთ ნამდვილ ფასს, ძალასა და დანიშნულებას. უფლისა და ადამიანური ნების ერთობა არის ის უძლეველი ძალა, რომელიც კრავს და შეამტკიცებს ჭეშმარიტ რწმენას ღვთივსათნო საქმეების მეშვეობით. ეს უწყვეტი, მჭიდრო ერთობაა, რაც ქრისტეს წმინდა სისხლით, ტანჯვითა და ჯვარცმითაა მომადლებული კაცობრიობისთვის, მასშია ხსნა, გადარჩენა და სიცოცხლე და მისით ვჭვრეტთ მარადიულ, განმაღმრთობელ სამყოფელს ჩვენი სულებისას, სადაც დაუსრულებლად იდიდება წმინდა სამება - მამა, ძე და სულიწმინდა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
ბეჭდვა
1კ1