სიყვარულისთვის
სიყვარულისთვის
წუთისოფელი ყველას ჯვარს აცვამს, მაგრამ ძალზე სამწუხაროა, რომ ადამიანთა უმრავლესობა წუთისოფლისთვისაა ჯვარცმული, მისგან ჯვარზე გაკრული კვლავ მას მისტირის, მასში და მისით ეძებს ხსნასა და გადარჩენას. თავის მტანჯველსა და მოწინააღმდეგეს სიკეთესა და წყალობას სთხოვს, მკვლელსა და ჯვარმცმელს - სიცოცხლეს.

ძალზე დიდი და ძლიერია თვალთმაქცობა ამა სოფლისა, რადგან ადამიანთა მოდგმის დიდმა ნაწილმა, მიუხედავად მასზე აღსრულებული აურაცხელი უსამართლობისა, უფალზე მეტად შეიყვარა იგი. ეს ქვეყანა ცოდვითა და უსჯულოებით ბოროტებაზეა დაყრდნობილი, მასზეა დამორჩილებული, მისავ მთავრის - ბოროტის ნების აღმასრულებელია, რომელმაც თავისი მზაკვრული და თვალთმაქცური ხრიკით აამხედრა ადამიანები ადამიანთა წინააღმდეგ, ღვთის შვილები - ღვთის წინააღმდეგ, თავად კი მუდამ ჩრდილშია. პირიქით, პატივითა და მისდამი ცრუ სიყვარულით დღენიადაგ განმსჭვალავს მორჩილ შვილებს.

რაც მეტად უახლოვდება ადამიანი მიწას, მის წესებსა და ჩვეულებებში დამკვიდრებით, მით მეტად შორდება უფლის ნათელს და, აქედან გამომდინარე, მართებულ ხედვასა და მისგან გამომდინარე სიყვარულს.

ქვეყნიერებაზე არაფერია ჭეშმარიტ სიყვარულზე უფრო ფასეული და აღმატებული. არაფერია მასზე პატიოსანი არც ცაში და არც ქვეყანაზე, რადგან ღვთისმიერი სიყვარული ყოველი სიკეთის წყარო და თავია. სიყვარულია მიზეზი თითოეული სათნოებისა, სიყვარულია მარილი ღვთისმსახურებისა, სიყვარულია აღმსრულებელი სჯულისა. ეს დიდი ძალა დაემკვიდრა "პირველად გულსა აბელისსა; მან განაძლიერა მამამთავარნი, მან დაიცვა მოსე და აიძულა შევედრებოდა ღმერთს მისი ერის ცოდვათა მიტევებისთვის: "და უკუეთუ არა, მეცა აღმიხოცე წიგნისა მისგან, რომელ დაგიწერიეს" (გამოსვ. 22,32). დიდი სიყვარული იყო დამკვიდრებული წინასწარმეტყველებში. მან აქცია დავითი სულიწმინდის რჩეულ ჭურჭლად, "ამან განაძლიერა იობ და განამხნო იოსებ". რაც მთავარია, სიყვარულმა გარდამოიყვანა ძე ღმრთისა მხოლოდშობილი ზეციდან ქვეყნად. სიყვარულია მიზეზი ყოველი სიკეთისა, მისითაა დათრგუნული ჯოჯოხეთი და გაღებული სამოთხე, მან განამზადა ცათა სასუფეველი; სიყვარულია მომზიდველი ყოველი სიკეთისა და ნეტარია ის, ვინც მოიპოვა იგი. უდიდესი სათნოებით იყო განმსჭვალული პავლე მოციქული, რომელიც ბრძანებდა: "სიყვარულმან მოყვასსა თვისსა ბოროტი არა უყვის" (რომ. 13,10). ამ უდიდესი ნიჭით იყო დაჯილდოებული პირველმოწამე სტეფანე, რომელიც თავის ქვით ჩამქოლავთათვის ლოცულობდა და ავედრებდა მათ უფალს. ნეტარია სული, რომელიც ყველაფერს ამ უდიდესი ნიჭის მოსაპოვებლად წარმართავს, რადგან უკუნისამდე არ განეშორება უფალი.

მართლმადიდებლობის საიდუმლო ქრისტეს ჯვარშია დაფარული და ეს საიდუმლო, უპირველეს ყოვლისა, სიყვარულია. "ხოლო ჩუენდა ნუ იყოფინ სიქადულ, გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა" (გალ. 6,14). ჯვარი განმწმენდელია ქვეყნიერებისა, განმდევნელია ბნელისა და მომწოდებელია ნათლისა. იგია განმაქარვებელი საცდურისა და დამამტკიცებელი სასოებისა. ჯვარმა გვიჩვენა გზა ზეცად აღმყვანებელი, მან შემოკრიბა წარმართები "აღმოსავლეთით და დასავლეთით, ჩრდილოეთით და ბღუარით მკვიდრ-ყუნა იგინი ეკლესიასა შინა ერთსა ერთითა სარწმუნოებითა და ერთითა ნათლისღებითა და სიყვარულითა ერთითა".

ჯვარი დაურღვეველი ზღუდე და საძირკველია მორწმუნეთათვის. ჯვარი მქადაგებელია ქრისტესი, რომელშიც უნდა ვეძებოთ ხსნა, განმართლება და ცხონება. ჯვარია არსი და ფორმა ჭეშმარიტი სიყვარულისა, ქრისტესთან მიმყვანებელი, იგია ძლევა ცოდვისა, დათრგუნვა სიკვდილისა და მომმადლებელი მარადიული სიცოცხლისა, მადიდებელი წმინდა სამებისა - მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
ბეჭდვა
1კ1