ათეიზმი თავისი არსით სიბრმავეა სიბრმავის სურვილით
ათეიზმი თავისი არსით სიბრმავეა სიბრმავის სურვილით
მიწაში ღრმად ჩაფლული განძი უხილავია, რადგან ნიადაგის სქელი, გაუმჭვირი შრითაა დაფარული. რა არის საჭირო ამ ძვირფასეულობის ხილვისა და დაუფლებისთვის? ერთი ის, იცოდე და გჯეროდეს, რომ მიწის სიღრმეში სიმდიდრეა, მეორე - გსურდეს მისი მოპოვება, მესამე კი დაუყოვნებელი ქმედებაა, საჭირო იარაღების მეშვეობითა და დიდი სურვილით მყისიერად უნდა შეუდგე მის ამოთხრას.

თითოეული ადამიანის სულის სიღრმეში უფლისგან ჩადებულია საოცარი, ენით გამოუთქმელი სიმდიდრე - რწმენა ღვთისა, დიდება მამისა და ძისა და სულიწმინდისა. სიღრმეშიო, იმიტომ ვამბობთ, რომ კაცობრიობამ საკუთარი ნებით ჩაფლა და დამარხა იგი ცოდვისმიერი მიწით, უხილავი და მიუწვდომელი გახადა სულისმიერი თვალსაწიერისთვის, რასაც, სამწუხაროდ, დღემდე განაგრძობს უმადლო ქმედებით. ყოველწუთიერად, შეუჩერებლად, კიდევ უფრო მეტად და მეტად აყრის ვნებისა და სიბინძურის მიწას ამ უდიდეს საუნჯეს, რითაც შესაბამისად იზრდება სიღრმე და სიბნელე უმეცრებისა.

ურწმუნოება ცოდვითი სიბრმავეა, შინაგანი კაცის გაუხეშება და უგრძნობლობაა. მაგრამ არსებობს ურწმუნოება რწმენის კვალზე, რასაც შეიძლება კეთილი სიბრმავე ვუწოდოთ, და ათეიზმი.

რა განსხვავებაა ურწმუნოებასა და უღმერთობის მქადაგებელ ათეიზმს შორის? ურწმუნო ამბობს: მე ვერ ვხედავ, ვერ ვიჯერებ, მეეჭვება უფლის არსებობის, ვერ ვაღიარებ მას. ათეისტი კი მეტყველებს: მე არ მინდა, არ მჭირდება ღმერთი. პირველს შეიძლება ვუწოდოთ კეთილი სიბრმავე, რაც ხშირად მომავალი ხედვის საწინდარი ხდება, მეორე კი გაცილებით საშიში და განუკურნებელი სენია, რადგან თავისი არსით სიბრმავეა სიბრმავის სურვილით. თავიდათავი ამ უკანასკნელის დაცემულობისა მდგომარეობს ზემოთ აღნიშნულ სიტყვებში: "მე არ მინდა, არ მჭირდება ღმერთი".

შესაძლოა ადამიანი ვერ ხედავდეს მაღალი გალავნის მიღმა ბუნების მშვენიერებას, მაგრამ სურდეს მისი ხილვა. ეს კი შესაბამის ქმედებას მოითხოვს, რომ ასცდეს დაბრკოლების სიმაღლეს. ამ სურვილისა და მონდომების იარაღად მან შეიძლება ნებისმიერი საგანი აქციოს: კუნძი, ქვა... მაშასადამე, აუცილებელია შესაბამისი მოქმედება, უხილავი ხილული რომ გახდეს.

ღვთის რწმენაც დაფარული და უხილავია, მაგრამ სათნოებები, მცნებები, ღვთივსათნო ქმედებანი რწმენის თვალები და გასაღებია. შეუძლებელია იხილო ნაყოფი თესვის გარეშე, შრომას წინ არ უსწრებს მოსავლის მიღებით გამოწვეული სიხარული. მაგრამ ვისაც არ სურს ნაყოფით დახუნძლული ბაღნარი, ის შრომისა და გარჯისგანაც თავისუფალია. საუბედუროდ, სწორედ ამგვარია ათეიზმის დამღუპველი სწავლება თავისი გამოფიტული შიგთავსით - მას არ სურს მშვენიერების ხილვა და არც ირჯება ამისთვის, უგრძნობლობის სენითაა დაავადებული, გაყინული და გაქვავებულია ღვთისგან სიშორით, გონების გარეშე დარჩენილი აზრია მთელი მისი სწავლება. ან კი როგორ შეიძლება ვუწოდოთ სწავლება იმას, რაშიც არ არის მგრძნობელობა, მხედველობა და სურვილი ღვთისა! ერთია ის, ვინც ყველაშია და სურს, ყველა მასში იყოს; ერთია ის, ვინც ამხელს და კურნავს ყოველ სნეულებას, აცოცხლებს, ათბობს და მგრძნობიარეს ხდის ქვეყნიერებას - მამა, ძე და სულიწმინდა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
ბეჭდვა
1კ1