სწრაფვა სასწაულთა ხილვისა
სწრაფვა სასწაულთა ხილვისა
ეკლესიური ცხოვრების დაწყებისას აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ სულიერებისადმი ჩვენი სწრაფვა არ გადაიზარდოს ფსევდომისტიკური ცრუ სულიერებისკენ სწრაფვაში. ამის საცდური კი დიდია. კაცობრიობა ყოველთვის ესწრაფოდა სულიერებას, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ჭეშმარიტი ღმერთის აღმსარებელი. ეს არის ადამიანის მოთხოვნილება და იგი ეკლესიური ცხოვრების დასაწყისში, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე, ძლიერ ცხოველდება. მაგრამ მისი სწორად წარმართვა გვმართებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკლესიის შიგნით (მით უფრო) ან მის გარეთ დიდი გამოცდა გველის. სწორედ ფსევდოსულიერების დამკვიდრებას უწყობდა ხელს რამდენიმე წლის წინ გამოსული რ. მოუდის გახმაურებული წიგნი "სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ", რომელმაც მთელი მატერიალური მსოფლიო სენსაციის, ეიფორიის და ცრუ აღმაფრენის წინაშე დააყენა. ავტორს მოჰყავს იმ ადამიანთა მონათხრობი, რომელთაც კლინიკური სიკვდილი განიცადეს. ყველა საკმაოდ ერთფეროვნად ჰყვება განათებულ გვირაბზე, რომელიც გაიარა მათმა სულმა და არაჩვეულებრივი იუმორის მქონე ვინმე კეთილ არსებასთან შეხვედრაზე. მას ყველა უყოყმანოდ მიიჩნევდა ქრისტედ. ამ წიგნმა, როგორც აღვნიშნე, შეძრა მატერიალისტური ურწმუნო სამყარო, მორწმუნეებმა კი დაიწყეს მათი დამოწმება იმქვეყნიური სამყაროს არსებობის დასამტკიცებლად და აზრადაც არ მოსვლიათ, რომ რ. მოუდის წიგნში აღწერილი იმქვეყნიური ცხოვრება მკვეთრად განსხვავდება რეალობისგან, რასაც მართლმადიდებლური სარწმუნოება ქადაგებს. არ არის საზვერეები, გამოცდა, სამაგიეროდ, იმწამსვე ხვდებიან "ქრისტეს", რომელიც ცოდვილებსაც და მართლებსაც ერთნაირად თავაზიანად ადგამს გვირგვინს. შესაძლოა, ამ წიგნის წამკითხველები იმქვეყნიური სამყაროს არსებობაში დარწმუნდნენ კიდეც, მაგრამ მორწმუნე ქრისტიანები ვერ გახდნენ, რადგანაც, მონათხრობით, იქ, ზეცაში, ყველა შემთხვევაში კარგად იქნებიან; ამიტომ რა საჭიროა ეკლესიური ცხოვრება, სინანული, გართობის მოკლება, მარხვა, მცნებებით ცხოვრება. შესაძლოა დავტკბეთ ამქვეყნიური ცხოვრების ყველა სიამით, იესო მაინც ტკბილად მიგვიღებს და იმ ცხოვრებაშიც არ მოგვაკლდება სიამოვნება. თუკი ადამიანს ნიშანს აძლევს მამა სიცრუისა, ის მიგვიყვანს კიდეც ცრუ ცხოვრებასთან.

მაცხოვარი თანაუგრძნობს მათ, ვისაც სასწაული ესაჭიროება: "უკეთუ არა იხილოთ სასწაულები და ნიშები, არა გრწმენეს" (იოან. 4,48) და გვმოძღვრავს: "ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე" (იოან. 20, 29), მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი უძლურებისა გამო, გვიგზავნის რა სასწაულებს, თითქოს გვეუბნება: "მე აქ ვარ, მე თქვენთან ვარ". ამიტომაც ჭეშმარიტი მორწმუნენი სასწაულებს და ნიშნებს სამადლობელი ლოცვით ხვდებიან. გასაგებიცაა მათი სურვილი, ილოცონ სიწმინდის წინაშე, რომლის მეშვეობითაც უფალმა ნიშანი გვიწყალობა; მაგრამ რაოდენ სამწუხაროა, ხედავდე ადამიანთა უმადურობას და არაჯანსაღ სურვილს სასწაულთა საკუთარი თვალით ხილვისა. სწორედ სასწაულისა და არა სიწმინდის, რომლის მეშვეობითაც ის გვებოძა. როგორ უცრუვდებათ იმედი სასწაულთა ხილვის მსურველთ, როდესაც ადგილზე მისვლისას აღმოჩნდება, რომ დაიგვიანეს, ხატის მირონდენა უკვე დასრულდა... ამიტომ, მოკრავენ თუ არა ყურს ამბავს ახალი სასწაულის შესახებ, მირბიან, რომ როგორმე მიუსწრონ, და ავიწყდებათ, ყველაზე მთავარი სასწაული ჩვენთვის ყოველდღე აღესრულება, როდესაც დილით, გაღვიძებისას, მადლიერებით აღმოვაჩენთ, რომ უფალმა კიდევ ერთი დღე გვიწყალობა სინანულისთვის.

რა სამწუხაროა ზოგიერთი მრევლის წევრის სრულიად მიუღებელი რეაქცია ხატების მირონდენის შესახებ ცნობის გაგებისას - სადღაც ხატებს მირონი სდით, ჩვენს მრევლში კი არაფერი ხდებაო... ავიწყდებათ, რომ ამგვარი საქციელით ისინი ემსგავსებიან მათ, ვინც მაცხოვარს უყვიროდა: "ჰყავ სასწაული! გარდამოჰხედინ აწ ჯუარით".

ზოგჯერ გაიგონებ: როგორ მოვიქცეთ, თუკი სასწაული ღვთივგამოგზავნილი იყო, ჩვენ კი სიფრთხილის გამო არ მივიღეთო. ასეთ შემთხვევებში საჭიროა გავიხსენოთ წმინდა გრიგოლ სინელის სიტყვები: "ნურასოდეს მიიღებ, თუკი რაიმეს იხილავ გრძნობადს ან სულიერს, გარეთ თუ შენს შიგნით, თუნდაც ეს ქრისტეს ხატება იყოს, ანდა ანგელოზის ან რომელიმე წმინდანის... მიმღები ხომ ადვილად ვარდება ხიბლში... უფალი კი არ განურისხდება მას, ვინც ყურადღებით უკვირდება საკუთარ თავს და ხიბლისგან თავის დაღწევის მიზნით არ მიიღებს იმას, რაც მისგანაა, არამედ უმეტესად შეაქებს მას, ვითარცა ბრძენს".

უყურადღებოდ არ უნდა იქნეს დატოვებული თანამედროვე საზოგადოებაში არსებული სწრაფვა სასწაულთა ხილვისა და მათი ქმნისკენაც კი. სასწაულთა ქმნისაკენ მისწრაფებას წმინდა მამები კიცხავენ. ამგვარი სწრაფვა სულში ჩაბუდებული და მასზე გაბატონებული ხიბლი აღმოჩნდება ხოლმე, რომელიც საკუთარ თავზე დიდ წარმოდგენასა და დიდებისმოყვარეობას ემყარება... ასეთსავე მდგომარეობაში იმყოფებიან ნიშანთა ხილვის მოსურნენი. სახარების კითხვისას, სადაც მოვლენები სასწაულებითა და ნიშებითაა აღსავსე, შეიძლება გაოცდე, რატომ კიცხავდა ასე მწვავედ მაცხოვარი ფარისევლებს: "ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძებსო" (მთ. 16,4). იმიტომ, რომ ისინი მადლობით კი არ იღებდნენ მის სასწაულებს, არამედ ითხოვდნენ მათ, ხოლო საჭიროების გარეშე ღვთის განცდა - დამღუპველია.

თანამედროვე კაცობრიობა თანდათან უახლოვდება იმ დროს, როცა გადაიშლება სირცხვილი მრავალრიცხოვანი და გამაოგნებელი ცრუ სასწაულებისა, რათა დაღუპოს ის უბედურნი, პირმშონი ხორციელი ბრძნობისა, რომელნიც მოიხიბლნენ და მოტყუვდნენ ამ სასწაულებით. უნდა შევუერთდეთ ღვთის სიტყვას მთელი სულით, შევენივთოთ მას ერთსულ და ანტიქრისტეს ნიშნები და სასწაულები ჩვენს ყურადღებასაც ვერ მიიქცევენ.

მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1