ნუ ილტვით თვითნაკეთი ჯვრისაკენ. თქვენ მის აწევას ვერ შეძლებთ
ნუ ილტვით თვითნაკეთი ჯვრისაკენ. თქვენ მის აწევას ვერ შეძლებთ
იცხოვრეთ ღვთის მცნებებით და მიეცით კეისარს კეისრისა, ხოლო ღვთისა ღმერთს
არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)
(წერილები)

ძვირფასო უფლის მიერ ტ.მ.!
უფალმა დაუშვა, რომ ათასნაირი ტექნიკა გამოეგონა ადამიანს, ესარგებლა მისით და მრავალ კაცს, რომლებიც ეკლესიამ შემდგომში წმინდანად აღიარა, ტექნიკამ ხელი არ შეუშალა, გული განუყოფლად მიეცა ღვთისთვის.

კომპიუტერიც იმავე რიგისაა, ერთნი კომპიუტერით რელიგიურ ლიტერატურას გამოსცემენ, სხვები მისით ათასნაირ უმსგავსობას სჩადიან. ერთი და იგივე ტექნიკის გამოყენებით ერთნი ცხონდებიან, მეორენი კი აქვე, მიწაზე იღუპებიან. ასე რომ, ნუ გეშინია შიშის, სადა არა იყო შიში.

იცხოვრეთ ღვთის მცნებებით და მიეცით კეისარს კეისრისა, ხოლო ღვთისა ღმერთს. და ვცხონდებით.

ძვირფასო ი. და ა.!
თქვენ სარგებლობთ ყველანაირი ტექნიკით, რომელიც ადამიანს ღვთის გარეშე არ გამოუგონებია. რამეთუ უფალმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა: უჩემოდ არაფრის ქმნა არ შეგიძლიათ.

კომპიუტერიც ისეთივე გამოგონებაა, როგორიც სხვა დანარჩენი. წმინდა წერილში ნათქვამია: "ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ჩემზე არაფერი უნდა ბატონობდეს". თუ კაცი კომპიუტერზე საღმრთო საქმეს, ღვთის სადიდებლად აკეთებს, მაგალითად, თუ ღვთისმსახურების წიგნებს ან წმინდა მამათა ნაწერებს კრეფს, მაშინ ის ამით ცხონდება, ხოლო თუ ათასნაირი უკეთურებისთვის ან უწესო თამაშებისთვის იყენებს, მაშინ ის აშკარად იღუპება. ერთი და იგივე ტექნიკა ერთს წარსაწყმედლად ექცევა, მეორეს საცხოვნებლად.

განგაბრძნოთ თქვენ ღმერთმა.

უფლის მიერ ძვირფასო ვ.!
თქვენ მოიქეცით ისე, როგორც იქცევა ადამიანთა უმეტესობა: ჯერ ითვითნებეთ, ხოლო როცა უბედურება კარზე მოგადგათ - გადამარჩინეთ, მამებო! ჩვენ ლოცვის გარდა სხვა რამით დახმარება არ შეგვიძლია, ლოცვას კი გპირდებით და თქვენც გირჩევთ, ილოცოთ, სახლისთვის წმინდა მღვდელმთავარ სპირიდონს შეევედროთ, სამსახურისთვის - წმინდა მოწამე ტრიფონს. რადგანაც ასე მოხდა, იცხოვრეთ იქ, სადაც მიხვედით, ილოცეთ თქვენი ახლობლებისთვის, რომლებთანაც ვერა და ვერ მოაგვარეთ ურთიერთობა. შეგეწიოთ უფალი!

უფლის მიერ ძვირფასო მ.!
მოთმინება არ გაქვთ და საკუთარი სურვილის დაჟინებით ასრულებით ეწინააღმდეგებით ღვთის ნებას. კურთხევა არ არის თქვენზე, სხვისი ბავშვი იშვილოთ, გულმოდგინეთ ილოცეთ, რომ, ღვთის მოწყალებით, საკუთარი გებოძოთ.

კიდევ ერთხელ გიმეორებთ: ნუ ილტვით თვითნაკეთი ჯვრისაკენ. თქვენ მის აწევას ვერ შეძლებთ.

ძვირფასო ნ.!
თქვენი წერილის მეორე ნაწილი სწორედ ის არის, რისაც ასე გეშინია.

ჩვენ სულიერად ორივე ფეხით ვკოჭლობთ: როცა უფლისა მიერ ცხოვრება არ შემიძლია და ხშირად არც მინდა, მაშინ გასაქანს ვაძლევ იმ ბეჭედს, რისაც ასე ეშინიათ. მაგრამ ეს ბეჭედი გარეგნულად კი არა, გონებაში, გულში, სულში ცოდვით იბეჭდება ისე, რომ არაფერი საღმრთო სულში აღარ შედის. პასპორტი, ბარათები - ეს ყველაფერი კეისრისაა.

როგორც თქვა უფალმა: ღვთისა ღმერთს მიეცით, ხოლო კეისარს - კეისრისა.

დაგიფაროს და განგაბრძნოს უფალმა!

ძვირფასო ი.!
აბა, სცადე, შენ თვითონვე იცხოვრო ყურადღებით თუნდაც ერთი დღე და ჩაუღრმავდე საკუთარ თავს. როგორი ხარ ადამიანებთან დამოკიდებულებაში? თავიდან შეიცანი შენი თავი, მერე კი შეეცადე, თუნდაც ერთი დღე შეეწინააღმდეგო ცოდვას. გაიგებ, თუ რა ძნელია ეს, ისწავლი, რომ შემწყნარებელი უნდა იყო ადამიანური უძლურების მიმართ და აღარავის განიკითხავ. ადამიანის ცხონებისათვის ორი ცოდვაა ყველაზე საშიში - განკითხვა და საცდური. ორივე ხომ შენ და სხვებს ცხოვრებას გიფუჭებთ. ღმერთმა როგორი ცოდვები გაპატია, უპატიებელი, მე და შენ კი სხვას მცირედი რომ ვაპატიოთ, არ შეგვიძლია.

განგაბრძნოს ღმერთმა!

უფლის მიერ ძვირფასო მ.!
ანტიქრისტეს ბეჭედი მაშინ გამოჩნდება, როცა ის გამეფდება, ხელმწიფებას მიიღებს და ერთადერთი მმართველი იქნება დედამიწაზე, ახლა კი ყველა სახელმწიფოს თავისი მეთაური ჰყავს.

ამიტომაც დროზე ადრე პანიკას ნუ ატეხთ, გეშინოდეს ახლა ცოდვისა, რომელიც განუღებს და მოუსწორებს გზას მომავალ ანტიქრისტეს. ახლანდელი საბუთები იმავე ხარისხისაა, როგორიც იყო ძველად.

ძვირფასო ე.!
ჯერ კიდევ ვერ მიხვდი, თუ როგორ უფსკრულში ვარდები. მტერი შენი წინამძღოლი გახდა და ასე მალე თავს არ დაგანებებს. ამიტომაც აუცილებელია შეიგრძნო საფრთხე, რომელშიც იმყოფები და ძალისხმევა უნდა გამოიჩინო, რათა ამოძვრე და სწორ გზას დაადგე.

ცოდვის გაღრმავება, ცხოვრების შერყვნა თანდათანობით ხდება: იწყება გონების დაბინდვით (გონება რომ ბრწყინავდეს, ყოველდღიურად უნდა იკითხო წმინდა სახარება და ცხოვრება სახარების შუქზე უნდა ნახო და შეაფასო), მას მოჰყვება შესუსტება ნებისა, და დაგორდა თოვლის გუნდა, რომელიც იზრდება, ვიდრე არ გაგთელავს.

ნების შესუსტებას მოსდევს სინდისის შერყვნა, როცა ყველაფერს შეყვნილ შუქზე ვხედავთ და ბოლოს გახრწნილ სხეულს ვიღებთ.

თქვენ ყველა სტადია გაიარეთ, ახლა კი ბევრი შრომა და ოფლის ღვრა მოგიწევთ, რომ აღადგინოთ თქვენი უძლური, ავადმყოფური ნება.

იშრომეთ! დიდია საფასური - ცხონება ან წარწყმედა სულისა. სიხარული ან მწუხარება მუდმივი არ არის.

ძვირფასო ა.!
სამყაროს აღსასრულზე მიტროპოლიტ ბენიამინზე (ფედჩენკო) უკეთ ვერ ვიტყვი. ბევრს აღელვებს ეს თემა, მაგრამ მათგან, ვინც ასე მგზნებარედ საუბრობს ან ფიქრობს მასზე, ცოტამ თუ იწყო ამ ფიქრების შესაფერისად ცხოვრება, თითის თითზე დაკარება საკუთარი სულის ცხონებისათვის. არადა, ეს საფიქრალი არათუ მოგვიწოდებს, არამედ გვავალდებულებს კიდეც (ახლო არს კარებთან).

იქნებ ხვალ უნდა წარვდგე ღვთის სამსჯავროს წინაშე და პასუხი ვაგო იმაზე, თუ როგორ ვცხოვრობდი, რითი ვცხოვრობდი, ანდა ვცხოვრობდი თუ არა ღვთის სულით? - ვზრუნავთ ფულის დაგროვებისთვის, მშენებლობაზე. დღეს ხომ ძირითადად მხოლოდ ამაზე ფიქრობენ, ღვთის სულით კი თვით ეკლესიაშიც ერთეულები ცხოვრობენ, სამღვდელო პირნი თუ მონაზვნები.

შეხედეთ თქვენს თავს - ღვთის შიში ხელმძღვანელობს თქვენს ფიქრებს, მოქმედებებს?

ღვთისა და ადამიანების სიყვარული თუ უდევს საფუძვლად თქვენს ყოფას?

აი, ჩემო ძვირფასო ა., ის ბეჭედი, რომელსაც ყოველდღიურად გვასვამს ჩვენი ცხოვრების წესი, რომელსაც ვადებთ საკუთარ სულს, გულსა და გონებას, და ამით ვუახლოვდებით ან ვშორდებით ანტიქრისტეს მოსვლის დროს. მისი ბეჭედი მხოლოდ დაამოწმებს იმას, რაც უკვე დავუდგინეთ საკუთარ თავს. ჩვენი თავის გარეშე ვერც წარვწყმდებით და ვერც ვცხონდებით.

ტელევიზორმა და ვიდეომ მონასტრის კედლებში შემოაღწია, აბა, ვინ აღხოცავს ამ ბეჭედს, თუ ის ნებაყოფლობით, სურვილით და სიყვარულით დავადეთ საკუთარ თავს. ანტიქრისტეს მოსვლამდე ვსაზღვრავთ ჩვენს სულიერ ორიენტირებს და ვაკეთებთ არჩევანს. მისი ბეჭედი ბოლო წერტილს დაუსვამს ჩვენს არჩევანს.

წადით მშვიდობით, მოიარეთ მონასტრები, ნახეთ მამები, თუ ეს გამოადგება ცხონების მაძიებელ სულს.

ვილოცებ თქვენი თხოვნისაებრ.

ძვირფასო მამაო, მიხედეთ თქვენს ცხოვრებას: კელიის გამო, სწავლის გამო, ადამიანების მოჩვენებითი დახმარების გამო (სხვათა შორის, უპოვარ მონაზონს მატერიალურ დახმარებას ვერავინ მოსთხოვს, ხოლო სულიერადაც ვერაფერს მივცემთ თვითონვე სულიერად გლახაკნი). არ დავკარგოთ ის, რის გამოც ჩავიცვით პარამონი და მანტია. მაპატიე მოსაწყენი წერილის გამო.

ნუ დაკარგავ უმთავრესს, ნუ დაივიწყებ ღვთისთვის მიცემულ აღთქმებს.
ბეჭდვა
1კ1