ჩვენი ღირსება ჩვენი დასაცავია, ვერავინ შელახავს მას, თუ უფლის მცნებებით, სიყვარულით იქნება შემოსილი
ჩვენი ღირსება ჩვენი დასაცავია, ვერავინ შელახავს მას, თუ უფლის მცნებებით, სიყვარულით იქნება შემოსილი
ცოდვით სავსე ცხოვრება ჭირთა სიმრავლისა და მწუხარების საწინდარია, რისგან თავის დაღწევაც, განთავისუფლება კვლავ ტკივილის, გაჭირვებისა და სიმწარის დასაწყისია. სენის ტარება მტკივნეულია, მაგრამ გაცილებით მძიმეა, როდესაც ამ სენს ამოსაძირკვად, მოსაშორებლად ეხებიან. რა არის მწუხარების მიზეზი? ერთი - ის, რომ არ იცი ან არ გინდა დაინახო, საიდან, რატომ და რისთვის მოდის იგი; მეორე - ხედავ შენში მიზეზს მწუხარებისას და ყველანაირად ცდილობ მის დაძლევას უფლის შემწეობით; მესამე და ყველაზე დამღუპველი კი ისაა, როდესაც ადამიანისთვის მწუხარების მიზეზი ცოდვის არაღსრულებაა.

ქრისტიანის მთელი ცხოვრება განსაცდელთაგან თავის დაღწევაა. ცოდვას მონანიება მოაქვს, თავისუფლება კი დაუღლელ ბრძოლას მოითხოვს საკუთარ თავთან, მანკიერებებთან, მავნე ჩვევებთან. ბრძოლა ტკივილის, წუხილის, განსაცდელების ქარცეცხლია. წუთისოფელი თავისი დინებით მარადიული ტკივილისკენ მიგვიძღვის, რაზეც უარის თქმა მცირე, დროებითი გაჭირვების დათმენითაა შესაძლებელი. რა არის ისეთი სიკეთე, რომელსაც წუთისოფელი ბოროტებით არ უპასუხებს? სად არის ისეთი სათნოება, რომელსაც სიმწარე და განსაცდელი არ ახლავს თან? მაგრამ ვერსად იპოვი ისეთ ბოროტებას, რომელსაც მხიარულება და ბედნიერება მოჰქონდეს მისით გაჯერებული სულისთვის. სადაც მადლია, იქვეა სიკეთის მშობელი მწუხარება, მაგრამ არის ისეთი მწუხარებაც, რომელიც რწმენის ფესვებზე არაა ამოზრდილი და უიმედობისა და სასოწარკვეთილებისკენ მიუძღვის მისით მოშთობილ სულს.

სრულყოფისკენ მავალი გზა განსაცდელების ქურაა, რომელშიც მორწმუნე იწრთობა და არ იწვება. ჭეშმარიტი რწმენის სული ხომ სიყვარულია, რაც ტკივილში, განსაცდელში, მწუხარებაში შეძენილი, გამოწრთობილი ნიჭია ჩვენი შინაგანი კაცისა, განმაღმრთობელი, განმადიდებელი ღვთის მიერ ბოძებული მარადიული ხატებისა. ვეცადოთ ვიყოთ სულგრძელნი, მომთმენნი მაჭირვებელთა, განსაცდელთა, უსამართლობის მიმართ. რით განვსხვავდებით ცხოველისგან, თუ მხოლოდ მაშინ ვიქნებით მშვიდნი და მომთმენნი, როდესაც არავინ შეგვაწუხებს, არავითარი მიზეზი არ გვექნება გულისწყრომისა? ცხოველს არ მოეთხოვება სიმშვიდე, არც გაგიკვირდება მისგან აგრესია, რადგან ასეთია მისი ბუნება - "ბუნებით აქვს მხეცობაი", მაგრამ რა პასუხს გავცემთ ჩვენ საკუთარ სულსა და მასში ჩადებულ სინდისის ხმას, როდესაც ჩვენი დამოკიდებულება, მიდგომა ცხოვრებისეული წინააღმდეგობებისა და უსამართლობის მიმართ არაფრით განსხვავდება ცხოველისგან? რატომ ვეძებთ სხვის მიერ მონიჭებულ პატივისცემას? ის ხომ ჩვენივე ხელშია, რადგან ვინც თავს თავად სცემს პატივს, მას ვერასდროს ვერავინ მიაყენებს შეურაცხყოფას. ყოველი მწუხარებისა და შეურაცხყოფის მიზეზნი თავად ჩვენ ვართ საკუთარი თავისთვის; მთელმა ქვეყნიერებამ ხოტბა რომ შეგვასხას და ქედი მოგვიხაროს, ამაო იქნება, თუ თავად გავთელავთ ჩვენს ღირსებას უმსგავსო ცხოვრებით.

ადამიანს ვერავინ ავნებს, თუ საკუთარ თავს არ ავნო. მართალი სული, როდესაც ცილს სწამებენ, მოთმინებითა და სიმდაბლით ნეტარი ხდება. ქრისტეს გზაზე შემდგარს გაშმაგებული წუთისოფელიც დღენიადაგ ცილს სწამებს და განსაცდელებით სცემს, მაგრამ მათი დათმენითა და სიმკაცრით იგვემება, იძლევა მტერი ყოველი სიმართლისა. ყველანაირად შევეცადოთ, არ ვიყოთ მიზეზი უსამართლობისა, შფოთისა, მძვინვარებისა და ტკივილისა, ვეცადოთ, უფლის მადლით განვიწმინდოთ გონების თვალი: "ხოლო უკუეთუ სხვანი ბოროტსა გვწამებდნენ, რომელნი ჩვენ არა უწყოდით, ყოვლადვე ნუ ვზრუნავთ ამისთვის, რამეთუ არარაი ევნების კაცსა სახიერსა, უსახურად თუ ვიეთგანმე ევნების" (იოანე ოქროპირი).

ჩვენი ცხოვრება ჩვენს ხელთაა, ჩვენი ღირსება ჩვენი დასაცავია, ვერავინ შელახავს მას, თუ უფლის მცნებებით, სიყვარულით, მასთან ერთობის სურვილითა და მოუწყენელი, დაუღლელი მცდელობით იქნება შემოსილი, დაცული და გამშვენებული. ვევედროთ უფალს, მოგვცეს ძალა ჭირთა დათმენისა, უსამართლობის სასოებით გადატანისა, სიყვარულში ზრდისა და განმტკიცებისა, რადგან ყოველგვარი უსამართლობა, უღმერთობა, ბოროტება და სიკვდილის მომგვრელი მტკივნეული წყლული დაძლეულია, თუ აღხოცილია ჭეშმარიტი ღმერთკაცის იესო ქრისტეს სახელით, რომელსაც აქვს დიდება მამასთან და სულიწმინდასთან ერთად აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
ბეჭდვა
1კ1