წერილები მამას
წერილები მამას
- დედიკო, წაგვიყვანე რა სადმე, გვაჩვენე ისტორიული ძეგლები, ტაძრები, - ხშირად ყელგამოწეული მეხვეწებიან ჩემი შვილები. სამსახურის გადამკიდეს, დროის გამონახვა ყოველთვის მიჭირს, მაგრამ რაკი არდადეგები დადგა, გადავწყვიტე, ყველაფერი გადამედო და შვილებთან ერთად მემოგზაურა. ამაზე უკეთესი რა უნდა მივცე ბავშვებს: გაიცნობენ ულამაზეს საქართველოს, მოილოცავენ ტაძრებს, შეუყვარდებათ სამშობლო, თავიანთი ქვეყნის ისტორია... ერთი პირობა შევშინდი - ორ ბავშვთან ერთად მარტო მოგზაურობა, მით უმეტეს, როცა საკუთარი მანქანა არ გყავს, საშიში მეჩვენა (ერთხელ და ორჯერ ხომ არ უთქვამთ, ცოტა კრიმინოგენული სიტუაციააო!). მერე შიშს ვძლიე, მივხვდი, უფლის სიყვარულით გავლილი გზა საშიში არ იქნებოდა. გზადაგზა კი გადავწყვიტე, ცოტა "ძველმოდურად" მოვქცეულიყავი და თბილისში დარჩენილი მამაჩემისთვის წერილები მიმეწერა. იმდენი შთაბეჭდილება დამიგროვდა, აუცილებლად უნდა გამეზიარებინა ვინმესთვის...

წერილი პირველი
დილაუთენია გავედით შინიდან და ქართლისკენ ავიღეთ გეზი. როგორი ტკივილია, მამა, აქეთ მგზავრობა... სულ იმას ვამბობთ, მთაში ცუდი გზებიაო და ქართლშიც რომ მოუვლელი და მიტოვებული გზები გვაქვს, გვავიწყდება. არადა, რა ლამაზია ეს დალოცვილი! სამწუხაროა, რომ ტურისტები სულ სხვა მარშრუტებით დაჰყავთ, საქართველოს გულს - ქართლს კი არ აჩვენებენ.

საპატრიარქოს სამომლოცველო სამსახური რომ არა, მარტოს მგზავრობა უფრო გამიჭირდებოდა. ახლა იმედიანად ვარ, თანაც ჩვენი გიდი, მარინე ხოსიტაშვილი, რას არ გვიამბობს. თვალებგაფართოებული უსმენენ ჩემი გოგონები.

...აი ისიც! ატენის სიონი თავისი ცეცხლისფერი კედლებით. ხეობაში სასიამოვნო მოულოდნელობასავით შემოგვეგება წინაპართა აგებული, დახვეწილი, საოცარი გემოვნებით მოპირკეთებული ეკლესია. მიხარია, რომ რესტავრაციას უტარებენ. გახსოვს, ირმების ჩუქურთმა? - ისევ დაგვხვდა. ნამდვილი ქართული, მსუბუქი ჩუქურთმა.

- ატენის სიონზე უთქვამთ, სომხური ტაძარიაო, მართალია? - გაოცებული მეკითხება თამარი.

მარინე ღიმილით უხსნის:

- შეიძლება, სომეხმა ოსტატმა შეაკეთა, ჩვენ ხომ სომხეთსაც ვესაზღვრებით და ხშირად იქაური ხელოსნები ჩამოჰყავდათ სამუშაოდ. ატენის სიონი ნამდვილი ქართული ტაძარია...

უკანა გზობისას ბაღვაშ-ორბელიანთა სასახლეში გამოვიარეთ. აქ ახლა დედათა მონასტერია. ეზო ბაღნარს ჰგავს. კარის ეკლესიაში წირვას ატარებდა მოძღვარი. ტაძარი ისე პატარაა, ყველა ვერც შევიდა, ეზოდან უსმენდნენ წირვას.

წერილი მეორე
დღეს უფლისციხეში ვიყავით. მამა, ეს რა ქალაქი ყოფილა. გიდი მხიარული კაცი გამოდგა, სულ ღიმილითYშემოგვატარა ყველაფერი. უჭირს უფლისციხეს. ყველა ვერც კი შევედით დარბაზში. ერთხელ პოლონელები ყოფილან ექსკურსიაზე, დიდი ქვა მოწყვეტილა და კინაღამ დამთვალიერებლებს დასცემია. მას მერე მასპინძლები ძალიან ფრთხილობენ. ის რომ გვითხრეს, უძველეს ხანაში ახლანდელი კავკასიონი მთლიანად ზღვით იყო დაფარულიო, ბავშვები კინაღამ გაგიჟდნენ. ექსკურსიამძღოლმა ჯიბიდან ზვიგენის კბილები ამოიღო და გვიჩვენა: ეს უძველესი ნაშთებიც უფლისციხეში მაქვს ნაპოვნიო.

უფლისციხე XVI-XV საუკუნეების ძეგლია, მისი გარეუბნები კი, ე.წ. "ყვავილების საყდრის" მიდამოები, ჩვენს წინაპრებს ძველი წელთაღრიცხვის IV ათასწლეულის მიწურულს და III ათასწლეულის დამდეგს აუთვისებიათ. წარმოგიდგენია, ანტიკური ხანის საწნახელები და მარნები ვნახეთ, საკანალიზაციო კომუნიკაციები, მარცვლეულის შესანახი ორმოები, დილეგები, აფთიაქები, თეატრი, ბაზარი - ყველაფერი ყოფილა უფლისციხეში.

უფლისციხეზე თქმულება არსებობს: კლდეში ქალაქის კვეთაზე მონები მუშაობდნენ. მათ აძლევდნენ წერაქვს, რომლის ნაწილი ძვირფასი ლითონისა იყო, ხოლო წვერი - უბრალოსი. მონას ისე უნდა ემუშავა, რომ პირი გაცვეთილიყო და ძვირფას ლითონამდე დასულიყო. ეს ლითონი და სრული თავისუფლება მონას რჩებოდა.

უფლისციხეში სამეკლესიიანი ტაძარია. ვილოცეთ უფლის რწმენით და სიყვარულით დავტოვეთ კლდეში ნაკვეთი თეთრი ქალაქი.

წერილი მესამე
გამარჯობა, მამა. ამ წერილს სამთავისის ეზოდან გწერ. ეს რა ყოფილა! თვალებს არ ვუჯერებ. ამ ტაძარში მგონი მეც პირველად ვარ. იქნებ ვყოფილვართ ერთად და არც მახსოვს? არ ვიცი, მშვენიერებამ კი დამამუნჯა. თურმე ეს ტაძარი ეპისკოპოს ილარიონ ვაჩეს ძე ყანჩელს თავისი ხელით ხელმეორედ აუშენებია (პირველი ტაძარი, რომელიც მტერმა გაანადგურა, სამთავისში ვახტანგ გორგასლის დროს აგებულა). დღესაც მარინე გვახლავს. ბალახზე ვსხედვართ და უხმოდ შევყურებთ სამთავისის ჩუქურთმებს. მზის ამოსვლას ჰგავს ტაძარი.

- რას წერ? - მეკითხება ჩვენი ერთი თანამგზავრი (ისიც საპატრიარქოს სამომლოცველო ჯგუფის წევრია, თვალს მადევნებს გაკვირვებული).

- წერილს ვწერ მამაჩემს.

- მართლა? კარგია, წერილს რომ წერ. ახლა წერილებს ვიღა სწერს ერთმანეთს, მით უმეტეს, მამას...

რა ვიცი, იქნებ მართლაც კარგია წერილის წერა... ახლა შთაბეჭდილებებზე რომ არაფერი გითხრა, გრძნობა დამახრჩობს.

სამთავისის ტაძარში, გუმბათის ყელზე, ნატყვიარი ვნახეთ. რა კაცი უნდა ყოფილიყო, სამთავისს რომ ესროლა! ესო ერთი აქაური სოფლის საბჭოს თავმჯდომარე იყოო, - მიამბეს იქაურმა ქალებმა. ერთხელ მთვრალი შევარდნილა ტაძარში, მაუზერი ამოუღია და ხატებისთვის უსვრია. ღმერთო, მიშველე! როგორ უნდა ავუხსნა შვილებს, რომ ასეთი კაცებიც არსებობენ. ვუყურებ, ვატყობ, თამარსაც და ანასაც თვალები გაუფართოვდათ და აუწყლიანდათ. ვიცი, მათაც არასოდეს დაავიწყდებათ ეს ნატყვიარები...

წერილი მეოთხე
დღეს წუღრუღაშენს ვესტუმრეთ. მეწამულყელიანი, ჩუქურთმებში ჩაფლული ტაძარი სოფლებიდან მოშორებით, გორაკზე დგას. გალავანზე ქართული დროშა ფრიალებს, ირგვლივ კი სოფლებია, სადაც ერთ ქართულ სიტყვასაც ვერ გაიგონებ. როგორ მტკივა გული, რომ ამ კუთხის მშვენიერება თითქოს ყურადღების მიღმა რჩება ჩვენს ხელისუფლებას.

ტაძარში ერთადერთი კაცი ცხოვრობს - ბერი მიქაელი. ან როგორ ძლებს აქ მარტოდმარტო ზამთრის გრძელ ღამეებში?

თავი ზღაპარში მეგონა, მამა! ტაძარში მტრედები ცხოვრობენ. თურმე ადრე აქ ბუც ყოფილა, გაზაფხულზე ბარტყები დაუჩეკავს, მერეღა გამოუყვანიათ ტაძრიდან. გაოცებული ვარ, მამა მიქაელი როგორი სიყვარულით ლაპარაკობდა ამ მტრედებზე, ამ პაწაწინა ბუებზე! ეზოში ორი დიდი კავკასიური ნაგაზი ცხოვრობს. ერთს ბუტია ჰქვია, მეორეს - ჭექა. ძალიან ერთგულები არიან, ერთგულად დარაჯობენ წუღრუღაშენს. ნეტავი მათი ერთგულების ძალა თითოეულ ჩვენგანს ჰქონდეს! მაშინ წუღრუღაშენში ქართული სიტყვა არავის მოენატრებოდა.

მამა მიქაელმა სატრაპეზოდ მიგვიწვია. სხვანაირი ბედნიერება ვიგრძენით. გულღიად გაგვიყო თავისი ლუკმა მასპინძელმა. ჩვენ კი, თბილისში თბილად მოკალათებულებს, არც გვახსოვს, არც ვიცით, არც გვაწუხებს, რომ ჩვენი თანადგომა სჭირდება არა ბერსა და მოძღვარს, არამედ საქართველოს.

ჩვენი თვალით ვნახეთ, ერთმა კაცმა რა შეძლო. ათნი რომ ვყოფილიყავით, რას შევძლებდით!..

მოამზადა
ლელა ჯიყაშვილმა
ბეჭდვა
1კ1