შენდობა ითხოვე, ნუ მიბაძავ იუდას
შენდობა ითხოვე, ნუ მიბაძავ იუდას
უფალი ყოველი ჩვენგანის გულის კარზე აკაკუნებს, გვიხმობს, არ გვაძალებს მასთან მისვლას, რადგან თავისუფალ არსებებად შეგვქმნა. შემოქმედი მოგვიწოდებს, ხოლო მივალთ თუ არა უფალთან - მხოლოდ ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული.

უფალთან მისასვლელი გზა კი იოლი გასავლელი როდია; ვიწრო და ეკლიანი ბილიკი მიდის სასუფევლის კარამდე. მაგრამ როდესაც ყოვლადმოწყალე ღმერთი ჩვენს მონდომებასა და დაუოკებელ სურვილს ხედავს, სულიწმინდის მადლი არ აყოვნებს, გვეხმარება და გვიმსუბუქებს ტვირთს, ყველაზე ძნელად გასავლელ მონაკვეთში კი პატარა ბავშვივით ხელში აყვანილს გვატარებს.

რატომ არის მარადიულ სიცოცხლემდე მიღწევა ასე ძნელი? იმიტომ, რომ ღმერთთან თანამყოფობა მხოლოდ მისი ხვედრია, ვინც საკუთარი დაცემული ბუნება დაძლია. ეს ყოველწამიერი ხელჩართული ბრძოლაა საკუთარ თავთან, ვნებებთან. უარი თქვა ცდუნებაზე, დაძლიო ეშმაკის მიერ ადამიანთა დასაღუპად ასე თვალისმომჭრელად შეფუთული საცდური - დიდ ძალისხმევას მოითხოვს. წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი ბრძანებს: "თუ შეძლებ საკუთარ მავნე ვნებებთან, სურვილებთან, ნებასთან ბრძოლას და მათ დაძლევას, ეს უფრო სათნო იქნება უფლისთვის, ვიდრე უდაბნოში მოღვაწე ყველა მამაზე მკაცრი მარხვის დაცვა და ხორცის დათრგუნვა. ასობით მონა ქრისტიანიც რომ გამოიხსნა, მაინც ვერ გიხსნის, თუკი საკუთარი ვნებების ტყვეობაში იმყოფები".

მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავისი ამქვეყნიური მოღვაწეობის ჟამს გვასწავლა საცდურთან ბრძოლის ხელოვნება. "ნათესავი ესე მხოლოდ მარხვითა და ლოცვითა განვალს", - ბრძანებს ძე ღვთისა. მარხვა და ლოცვა ის იარაღია, რომლითაც უნდა ვძლიოთ საკუთარ ცოდვილ ბუნებას.

გვახსოვდეს: უფალთან ურთიერთობის მიზანი ჩვენი სრულყოფა უნდა იყოს და არამც და არამც ანგარება, მსგავსად მაცხოვრის ერთ-ერთი მოწაფის იუდა ისკარიოტელისა. რატომ მივიდა ვერცხლისმოყვარეობით სნეული იუდა უფალთან? რათა განკურნებულიყო? - არა, მხოლოდ იმისთვის, რომ დაეკმაყოფილებინა დაუოკებელი ლტოლვა სიმდიდრისკენ. იესო ქრისტეს თორმეტივე მოწაფე, მთელი ებრაელი ერის მსგავსად, მოელოდა მესიას, ოღონდ ის წარმოედგინათ ხელმწიფედ, რომელიც მათ რომაელთაგან გაათავისუფლებდა და მთელ მსოფლიოზე გააბატონებდა. გავიხსენოთ, რა სთხოვა იოანე და იაკობ ზებედეს ძეთა დედამ მაცხოვარს: როდესაც გამეფდები, ჩემი ერთი ვაჟი - მარჯვნივ, მეორე კი მარცხნივ დაიყენეო. ასევე წარმოედგინა იესოს მოღვაწეობის დასასრული იუდა ისკარიოტელს და გამორჩენას ელოდა.

იესო ზრუნავდა თავისი მოწაფეების სულიერ სრულყოფილებაზე. როდესაც იუდას ვერცხლისმოყვარეობის ვნება შეამჩნია, მას მოციქულთა საერთო ყულაბა ჩააბარა და ნება მისცა, საკუთარი შეხედულებისამებრ ეხარჯა ფული - საკუთარ თავს ხომ არ მოჰპარავსო. საუბედუროდ, იუდას სულში არაფერი შეცვლილა, რადგან მისი ერთადერთი მიზანი გამდიდრება იყო. ხედავდა, რომ მაცხოვარი არ აპირებდა ებრაელთა მეფედ გახდომას და მისი გარჯა - იესოს ერთგულება და თავგამოდებული მიმდევრობა - ამაო აღმოჩნდებოდა, არც პატივს მოუტანდა და არც კეთილდღეობას, მეტიც - დევნილობაში მოუწევდა ცხოვრება. ამიტომ გადაწყვიტა, გაეცა მაცხოვარი, რათა ცოტათი მაინც ეხეირა.

მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე კი ბოლო წუთამდე ცდილობდა იუდას გადარჩენას სულიერი დაღუპვისგან. საიდუმლო სერობის დროს იუდას უკვე ჩადენილი ჰქონდა ღალატი - ოცდაათ ვერცხლად ჰყავდა გაყიდული მოძღვარი, თუმცა იესომ სხვა მოციქულების მსგავსად მასაც დაბანა ფეხები და თან ხმამაღლა განაცხადა, რომ ერთ-ერთმა მოწაფემ, "რომელმან შთამოყოს ჩემ თანა ხელი პინაკსა ამას", გასცა. არც ამ დროს გაიღვიძა სინდისმა იუდაში...

არც ერთი მოწაფე არ დარჩენილა ბოლომდე ერთგული მაცხოვრისა. და ეს ფაქტი თვით იესო ქრისტემ წინასწარ აცნობა მოწაფეებს, როდესაც საიდუმლო სერობის შემდეგ ზეთისხილის მთას მიაშურეს: "თქვენ ყოველნი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ამას ღამესა, რამეთუ წერილ არს: დასცე მწყემსი და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოისა მისისანი".

თვით პეტრე მოციქულმაც კი, რომელსაც სარწმუნოების კლდე უწოდა მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ, მამლის ყივილამდე სამჯერ უარყო მოძღვარი, მაგრამ როცა მიხვდა თავის შეცდომას, მწარედ ატირდა. ყოველ დილით, მამლის ყივილისას, ცრემლით ითხოვდა უფლისგან შენდობას. "უფალი ადამიანს მიუტევებს, - წერს ერთ-ერთი მოძღვარი, - თუ ის შენდობას ითხოვს, თუ მტკიცედ მოინდომებს ებრძოლოს თავის წარსულ ცოდვებს და მთელი ძალით შეეცდება, ეს აღარ დაუშვას". წმინდა პეტრე მოციქულმა უდიდესი სინანულით გამოისყიდა შეცოდება, განიწმინდა სული და უფალმა მას მოციქულობის გვირგვინი დაადგა.

იუდაც მიხვდა თავის დანაშაულს, მაგრამ ამპარტავნების ვნებით გონებადაბინდულმა საკუთარ თავს საშინელი განაჩენი გამოუტანა - იმის მაგივრად, რომ სინანულით ეთხოვა შენდობა, სინდისის ქენჯნისგან თავის დასაღწევად უფლის ჯვარცმის ღამესვე თავი ჩამოიხრჩო. ყოვლადმოწყალე ძე ღვთისა, რომელიც ამქვეყნიური მოღვაწეობისას ერთგულად ცდილობდა იუდას სულიერ განწმენდას, ცხადია, აპატიებდა მოწაფეს უდიდეს ცოდვას, თუკი თვითონვე ითხოვდა შენდობას, მაგრამ ამპარტავნებამ ქედი არ მოადრეკინა გამცემს ღვთის წინაშე და სამუდამო განსასვენებელი ჯოჯოხეთში დაიმკვიდრა.
ბეჭდვა
1კ1