ეს შობის ვარსკვლავი კი არა, სახეცვლილი გონიერი ძალა - ანგელოზი იყო...
ეს შობის ვარსკვლავი კი არა, სახეცვლილი გონიერი ძალა - ანგელოზი იყო...
"ხოლო იესოს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა, დღეთა ჰეროდე მეფისათა, აჰა, მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალემდ და იტყოდეს: სადა არს, რომელი იგი იშვა მეუფე ჰურიათაი? რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი აღმოსავალით და მოვედით თაყუანისცემად მისა".

შობა ღამეს ბრწყინვალე ვარსკვლავის გამოჩინება მავანთათვის ვარსკვლავთმრიცხველობის ჭეშმარიტების დასტურია, რაც ეშმაკის შთაგონებაა მხოლოდ და მხოლოდ. თუ მხსნელი ვარსკვლავთმრიცხველთა წესის თანახმად იშვა, რატომღა ამხილა ისინი უფალმა წინასწარმეტყველთა პირით და საცთური და სიცრუე უწოდა? "აბა, წარდგნენ ცათა მზომელნი, ვარსკვლავთმჭვრეტელნი, ახალმთვარეთა მცნობელნი და გიხსნან მოწევნადისგან! აჰა, ჩალასავით არიან, ცეცხლმა გადაბუგა ისინი, საკუთარი თავიც ვერ იხსნეს ალისაგან: ნეკერჩხალიც არ დარჩა გასათბობად, არც ცეცხლი მის წინ დასაჯდომად!" (ესაია 47,13-14).

ციურ მნათობთა შემოქმედიც ხომ უფალია, ეს უკანასკნელნი ხომ მისი წყალობით მოძრაობენ და თუ ყველაფერს მნათობნი წყვეტენ, მაშინ ხომ არც მკვლელს მოეკითხება ცოდვა და არც მეძავს?.. თუ ცოდვასაც და სიკეთესაც ციური სხეულნი აპირობებენ, მაშ, რაღას ნიშნავს, რომ ადამიანმა შესაძლოა დღემუდამ სცოდოს და წუთისოფლის მიწურულსღა მიიდრიკოს სათნოებისკენ, ანდა პირიქით - აუარება სიკეთის მოქმედს ბოლოს მოეძალოს ბოროტი? როგორ ხდება, რომ ერთი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ შეიძლება მონარქიც იშვას და უგლახაკესიც?

ის მნათობი კი, მოგვებს ბეთლემამდე რომ უმეგზურა, ჩვეულებრივი სულაც არ იყო. მნათობნი დასავლეთიდან აღმოსავლეთით მოძრაობენ, ის კი ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიიკვლევდა გზას, რადგან სპარსეთიც და პალესტინაც, მოგვთა სამშობლო, ერთურთის მიმართ ასე მდებარეობს.

საკვირველი მნათობი დღისით-მზისით ჩნდებოდა, რაც მნათობისთვის უჩვეულოა. ამასთან, ვარსკვლავი სპარსეთიდან პალესტინამდე სავალ გზაზე ჩანდა, იერუსალიმში შესვლისას კი - აღარ.

როცა საჭირო იყო, ჩნდებოდა, ქრებოდა ან მოძრაობდა... და სწორედ იმ გამოქვაბულს დაადგა თავს, რომელშიც ქრისტე იშვა. ამგვარად, ეს ვარსკვლავი კი არა, სახეცვლილი გონიერი ძალა - ანგელოზი იყო.

ამ საქმისთვის ღმერთმა წარმართთაგან ყველაზე ურჯულონი - მოგვები აირჩია, რითიც ებრაელნი ამხილა, რადგან ჭეშმარიტი სჯულის პატრონთ პირველებს უნდა შეეცნოთ მესია.

ებრაელთა მეფის შობის ამბავმა ჰეროდე შეაშფოთა - უკანონოდ მიტაცებული ტახტის დაკარგვის შეეშინდა. მასთან ერთად შეძრწუნდა იერუსალიმიც.

მაგრამ საკითხავია - ებრაელნი რატომღა შეშფოთდნენ? ისინი ხომ დიდი ხანია ელოდნენ მესიას? ურიებმა უწყოდნენ, რომ ქრისტე მათ ბოროტ საქმეთა მამხილებელი იქნებოდა.

ღვთის განგებულებით, სწორედ მოგვებმა ამცნეს ებრაელებს მაცხოვრის შობა, რითიც აღსრულდა მიქია წინასწარმეტყველის სიტყვები: "და შენ, ბეთლემ, ქვეყანაი ეგე იუდაისი, არა სადა უმრწემეს ხარ მთავართა შორის იუდაისათა, რამეთუ შენგან გამოვიდეს მთავარი, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაელი" (მიქ. 5,2).

ჭეშმარიტი "ისრაელი" მას ეწოდება, ვინც იცნო იესო, რადგან თავად სიტყვა "ისრაელი" ღვთის მხილველ გონებას ნიშნავს.

რა უგნურება და სიშლეგეა ჰეროდესი, რომელმაც მესიის შობა კი დაიჯერა, მაგრამ მისი პოვნა და მოკვდინება მაინც ისურვა!.. ყველასგან ფარულად მოგვთ მოუწოდა, რადგან ურიათაგან ყრმის დაფარვის შიში ჰქონდა, მაგრამ სწორედ ებრაელები დაეხმარნენ...

იერუსალიმიდან გამოსულ მოგვებს კვლავაც ვარსკვლავმა უმეგზურა, რადგან შობის ზუსტი ადგილი არ უწყოდნენ - ქრისტე ხომ კაცთათვის საცნაური დიდებით კი არა, სიმდაბლითა და სიგლახაკით მოვიდა. "და ვითარცა შევიდეს სახლსა მას, იხილეს ყრმაი იგი მარიამისა თანა, დედისა თვისისა, და დავარდეს და თაყვანის-სცეს მას; და აღაღეს საუნჯეთა მათთა და შესწირეს მისსა ძღუენი: ოქროი, გუნდრუკი და მური", ხოლო როდესაც ღვთისგან ეუწყათ, ჰეროდესთან აღარ მიბრუნებულიყვნენ, ასეც მოიქცნენ, რითიც ღვთის მორჩილება გამოამჟღავნეს და იმის მაგალითად იქცნენ, რომ ღვთის მცნებებს კაცი დაუეჭვებლად უნდა აღასრულებდეს.

წმინდა იოანე ოქროპირის მიხედვით მოამზადა
ბეჭდვა
1კ1