მამაო, დიდ ხუთშაბათს ზეთიანი საჭმელი გვეჭმევა?
მამაო, დიდ ხუთშაბათს ზეთიანი საჭმელი გვეჭმევა?
ეს წერილი მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის მრევლმა მოგვაწოდა:
ყოველ დიდ ხუთშაბათს ერთი ამბავი მახსენდება, რომელიც ეკლესიაში ჯერ კიდევ ახალმოსულს გადამხდა და რომელიც ჩემთვის დღეს ბევრის მთქმელია, თუმცა მაშინ ვერაფერს მივხვდი:
ალბათ გახსოვთ მწერალი, სცენარისტი და მსახიობი მერაბ ელიოზიშვილი, უკეთილშობილესი პიროვნება, რომელიც მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარში სამღვდელო დიაკვნად მსახურებდა. თუ ერთხელ მაინც მოგისმენიათ, წირვა-ლოცვის დროს მისი გულიდან ამოსული საგალობლები, არასოდეს დაგავიწყდებოდათ მამა ელიოზის ხმა.
ყველას მიმართ გულისხმიერი და თბილი იყო.

ერთხელ, დიდი ხუთშაბათის წირვას დავესწარი, დიდმარხვის ბოლო კვირას უზეთოდ ვმარხულობდი, თუმცა ბევრი არაფერი გამეგებოდა არც მარხვის და არც ლოცვის. წირვის შემდეგ ვიღაცისგან მოვისმისნე, რომ დიდ ხუთშაბათს ზეთით ხსნილია მათთვის, ვინც უზეთოდ მარხულობსო. გადავწვიტე მამა ელიოზთან გადამომეწმებინა ეს ამბავი და მოკრძალებით ვკითხე:
- მამაო, დღეს ზეთიანი საკვები გვეჭმევა-მეთქი?
მამა ელიოზმა თბილად გამიღიმა და მითხრა:
- შვილო, შენ განა იმდენი რა ზეთი უნდა შეჭამო, რომ ღმერთს აწყენინოო.

მეტი არაფერი მიპასუხა, ასე დავრჩი გაურკვევლობაში, შემეძლო თუ არა ზეთიანი მეჭამა. იმასაც კი ვფიქრობდი, ეგ რა გამოვიდა, ან ხსნილია, ან არა, პასუხი რატომ არ მითხრა-მეთქი.
გავიდა წლები და ახლა მახსენდება ის ყველაფერი. ახლაღა ვხვდები, მამა ელიოზმა ამით ის მითხრა, რომ მარხვა გაცილებით მეტია, ვიდრე მე მაშინ მეგონა. მარხვა არ ნიშნავს კონკრეტული საკვების შეზღუდვას. ნიშნავს საკუთარი თავის დაცვას ცოდვებისგან. საკვები კი ამის გარეგნული გამოხატულებაა. მამა ელიოზმა ჩემთვის ამის მიხვედრება სცადა, მე კი მაინც ვერაფერს მივხვდი.

მოიხსენოს უფალმა მამა ელიოზის ნათელი სული.

ცოდვილი მხევალი ღვთისა თინა

P.S.: რედაქციისგან
დიდ ხუთშაბათს ტაძრებში სადღესასწაულო წირვა ტარდება და ამიტომ ზეთით ხსნილია. უფალმა შეგვაძლებინოს მარხვა სინანულისა და მოგვმადლოს აღდგომა სიხარულისა, ამინ!





ბეჭდვა
1კ1