სულს მაშინვე გაახსენდება, რამდენჯერ, სად და როდის უღალატა ამ სიყვარულს...
სულს მაშინვე გაახსენდება, რამდენჯერ, სად და როდის უღალატა ამ სიყვარულს...
...პეტრემ უარყო უფალი. მაცხოვარი "მოიქცა და მოხედა პეტრეს". იმის მიუხედავად, რომ პეტრე მეტად აფორიაქებული იყო, მან ეს შენიშნა - უფლის მზერამ გულში გაუარა და თითქოს კვლავ მოესმა საბედისწერო წინასწარმეტყველება: "ვიდრე ქათმისა ხმობადმდე სამ-გზის უვარმყო მე".

ხომ არ არის ეს ყოველივე სახე საშინელი სამსჯავროსი? ჩვენც ასე ხომ არ შემოგვხედავს ქრისტე - ტკივილით, საყვედურით, მშვიდად და... დანანებით?

თბილი, ნათელი, სიყვარულით სავსე მზერა საშინელი იქნება გულისთვის, ამ სიყვარულს რომ უორგულა! სულს მაშინვე ყველაფერი გაახსენდება - რამდენჯერ, სად და როდის უღალატა ამ სიყვარულს... აი, ეს არის "სამსჯავროს წიგნები", გრაგნილები ცოდვათა ჩამონათვალით, მწველი ცეცხლი და ჯოჯოხეთური ყინვა...

"აკი ვამბობ, - ბრძანებს წმინდა ისააკ ასური, - რომ ჯოჯოხეთში სიყვარულის მათრახებით იგვემებიან. რა მწარე და სასტიკია სიყვარულის სასჯელი! ის, ვინც გრძნობს, რომ სიყვარულის წინაშე შესცოდა, იტანჯება - დარდი, რომელსაც გული ამ სიყვარულის გამო განიცდის, ყველა სასჯელზე საშინელია..."

სამგზის მამლის ყივილი... სამგზის უარყოფა... ჯერ არ გათენებულა, ჯერ მხოლოდ ახლოვდება რწმენის გამოცდა - ვნების პარასკევი, ჯერ მხოლოდ მომავალი განკითხვის დღისა და სასტიკი მოვლენების შეხსენებაა, ჯერ ისევ ღამეა...

კაცობრიობას ისევ ელის მეტად მძიმე განსაცდელი - ანტიქრისტეს ცდუნებები. კიდევ რამდენი გამოცდა უნდა გაიაროს მართლმადიდებლობამ!.. ჩვენ ჯერ ცეცხლთან ვთბებით, მაცდუნებელი წუთიერი სითბოს სიმყუდროვეში ვნებივრობთ და სამგზის კი არა, უკვე მრავალგზის უარვყავით ქრისტე და ისევ ვაგრძელებთ უარყოფას...

და აი, ანგელოზის საყვირის ხმაზე, მერვე დღის განთიადზე, ნათელი თვალები უსიტყვოდ, მდაბლად და სევდიანად გვეტყვიან: "შენ მე უარმყავ!" პირს შეგვაქცევს ღვთიური სახე... ამით მორჩება ყველაფერი.

რომელი სამსჯავრო შეიძლება იყოს ამაზე საშინელი და მტკივნეული?!

ო, სულო, სულო! მაშინ კი ყველაფერი გაგახსენდება... ახლობელს რომ ვკარგავთ, მხოლოდ მაშინ გვაგონდება ყველაფერი ცუდი, რაც მისთვის გვითქვამს ან გაგვიკეთებია და როგორ გვწვავს შემდეგ ეს მოგონება... "ეს რატომ ვუთხარი, ასე რატომ მოვექეცი?!" - მსგავსი კითხვები მთელი ცხოვრება გვიღრღნიან გულს...

გახსოვდეს, გახსოვდეს პეტრესადმი მიმართული ეს მზერა! სიკვდილის ან ჯოჯოხეთის კი არა, სწორედ ამ მშვიდი მზერის უნდა გვეშინოდეს...
ბეჭდვა
1კ1