ბევრი რამ შესძინე შენ ჩვენს საყვარელ სამშობლოს, მგონია, მეც ჯეროვნად ვემსახურე მას
ბევრი რამ შესძინე შენ ჩვენს საყვარელ სამშობლოს, მგონია, მეც ჯეროვნად ვემსახურე მას
გრიგოლ რობაქიძისა და მიხეილ წერეთლის პირადი მიმოწერა


გრიგოლ რობაქიძემ ცხოვრების უმეტესი ნაწილი ემიგრაციაში გაატარა, ამიტომ მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ყოველი ახალი დოკუმენტის გამოვლენა განუზომელ მნიშვნელობას იძენს. მისი ავტოგრაფიული ნუსხები, (დედნები)ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული. გრიგოლ რობაქიძის წერილებმა შემოგვინახა მწერლის შეხედულებები პოლიტიკაზე, ემიგრაციის მოვალეობასა და მრწამსზე, პირად ცხოვრებაზე...
რაც შეეხება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციას, რომლის საფუძველზედ შეიქმნა გრიგოლ რობაქიძის პირადი საარქივო ფონდი, ეს მასალა სხვადასხვა გზითაა მოპოვებული. 1980-ინ წლებში ნინო და კალისტრატე სალიებმა სამეცნიერო ბიბლიოთეკასთან ერთად ხელნაწერთა ინსტიტუტს გადასცეს გრიგოლ რობაქიძის მათთან და მიხეილ (მიხაკო) წერეთელთან გაგზავნილი ბარათები. მიხეილ წერეთელთან გაგზავნილი წერილები კალისტრატე სალიასთან აღმოჩნდა, როგორც მისი ანდერძის აღმასრულებელთან.

გრიგოლ რობაქიძე, მიხეილ წერეთელს პირად მიმოწერაში გულისტკივილს უზიარებს მეუღლის, ელენე რობაქიძის ჯანმრთელობის მდომარეობის გაუარესების გამო, რაც ქვემოდ მოყვანილი წერილებიდან ნათლად ჩანს.

ძვირფასო და საყვარელო
ძმაო მიხეილ!

გუშინ დილით წვეთი დაეცა ჩემს ცოლსა. წევს კლინიკაში. ვარ მხოლოდღა მწუხარება და ლოცვა, უფრო უკეთ - ვედრება... ვიმეორებ: ვარ მხოლოდ-ღა მწუხარება და ვედრება. ჩემი ცოლი არის - ხელი არ მემორჩილება რომ დავწერო: იყო - ჩემი ბედის-მენახევრე. წარმოიდგენ ჩემს ტანჯვას. ერთსა ვსთხოვ უფალს: ნუ მომაკლოს მან ნათელი ამ ტანჯვაში. მეტს ვერას გწერ-ცრემლებს ვეღარ ვიკავებ. ილოცე დატანჯულისათვის-უფრო მეორე ნახევარისათვის ჩემი ბედისა" !
მარად შენი გრიგოლ რობაქიძე-საცოდავი
(22.2 1950. ჟენევა)

***
ძვირფასო და საყვარელო
ძმაო მიხეილ!

მართალია, ჩემმა ცოლმა მოიკეთა სხეულით-ხოლო ენა ჯერ კიდევ ვერ აიდგა, შეუძლია წარმოსთქვას ის, რაც თავისთავად იშვის სიტყვად-ამავე დროს ენა მისი უარობს, როცა იგივე დასჭირდება ხოლმე სათქმელად. როგორც ხედავ, დაზიანებული აქვს სამოძრაო ცენტრი სიტყვისა. ვაქიმობთ ამ გზით. დავამზადეთ კარტები. ერთზე დახატულია, მაგალითად, მაგიდა, მეორეზე დაწერილია დასახელება: "მაგიდა" და ამ რიგად მრავალი საგანი. კარტებს ავურევთ. მან, ავადმყოფობა, უნდა მონახოს შესატყვისი, ესე იგი, დასახელებული უნდა მიალაგოს დახატულს, აქ იგი არ ცდება. შემდეგ უნდა ეცადოს გამოთქვას სახელი საგნისა. ათს შემთხვევაში ექვსს მაინც აღწევს დაახლოებით. ამ გზით მიდის ენის-ადგმა. ეს მეთოდი, როგორც ხედავ, მარტივია და თანვე თამაშიცაა: გართობა. აქიმი იმედს იძლევა. ვნახოთ! არც მე ვკარგავ იმედს. წარმოვიდგენ, თუ როგორ იტანჯება საცოდავი ჩემი ცოლი. წარმოიდგენ ჩემს თანატანჯვასაც. ეხლა მეორე მხარე. ჩემთვის უცნობი იყო წყევა ადამისა: შრომა. ეხლა ეს "წყევლა" დამატყდა თავს უმძიმესად: უნდა ვამზადო: საუზმე, სადილი, სამხარი, ვახშამი. შემდეგ: დალაგება ბინისა, ხვეტა, წმენდა. შემდეგ: მოვლა ავადმყოფისა-ვასრულებ ფუნქციებს სათნოების დისა; ხანდახან "მზელავიცა" ვარ. ამასთან: უნდა გავართო ავადმყოფი, თანვე უნდა ვანუგეშო. დროდადრო მჭირდება რეცხვაც: და ათასგავრი სხვა რამ წვრილმანი. დაკავებული ვარ დილის 8 საათიდან ღამის 18 საათამე. მხოლოდ ნასადილევს თუ მეძლევა მოსვენება ერთი საათით. მოვიქანცე.
მწერლობისთვის აღარ მაქვს დრო. ბევრი რამ მაქვს სათქმელი კაცობრიობისთვის. მარგუნებს ბედი სათქმელის დაწერას?

KARIBCHEდამავიწყდა მეთქვა: მარჯვენა ხელი თითებს კიდევ ვერ ამოძრავებს ჩემი ცოლი სასურველად. ასე რომ: შრომით არ შეუძლია დამეხმაროს. ჩემს უბედურ ყოფას ემატება ნივთიერი შეიწროებაც. ჩემი ცოლი მუშაობდა ONU-ს აქაურ ფილიალში. ჰქონდა ძალიან კარგი ხელფასი. 845 ფრანკი (შვეიცარული) თვიურად. ეხლა გვეძლევა 330 ფრანკი. რა ვქნათ? უნდა ვიკმაროთ!

ვათავებ ამ უთავბოლო წერილს, სიტყვაც აღარ მემორჩილება, შეამჩნევ ამას, ძველებურად: "ჩემებურად"; შენ და მე - ორივეს დიდი უბედურება დაგვატყდა თავს. რა ვქნათ? ჩვენი, ორთავესი, საყრდენი ეხლა მხოლოდ უფალია. მივენდოთ მას! ვინ უწყის, რა მოგველის? შეიძლება კვლავ გაგვიღიმოს ბედმა- იმედი ერთს წუთსაც არ უნდა დავკარგოთ. ყოველი დღე სასწაულია: "დღე-სასწაული". ყოველ შემთხვევაში პირნათლად გარდავალთ იმ სოფელს: შენცა და მეც. ბევრი რამ შესძინე შენ ჩვენს საყვარელ სამშობლოს, მგონია, მეც ჯეროვნად ვემსახურე მას.
მიხაკო წერეთელი

წუთსა სასოწარკვეთისა გვანუგეშებს "ჯვარი ვაზისა", გაგვამხნევებს ხრმალი დავითის-აღმაშენებელისა, მოგვანათებს შარავანდი თამარის, გაგვამაგრებს წამებული ქეთევან-დაგვლოცავს... ერთი რამ მაღონებს, სხვათა შორის: ვაი თუ, ვეღარ ვნახოთ ერთმანეთი! ესეც მივანდოთ განგებას. დღეს, ღამით, შობის ხეზე სანთლებს ავანთებ. მოგიგონებ შენც ლოცვით. იყავი მხნედ და კარგად!
გლოცავს შორიდან უმცროსი ძმა უფროს ძმას: შენი გრიგოლ რობაქიძე
(22.12.1950.ჟენევა)










ბეჭდვა
1კ1