ცოდვამ შეაღწია ჩვენს შინაგან კაცში
ცოდვამ შეაღწია ჩვენს შინაგან კაცში
ცოდვა დაცემაა, ტკივილია, მაგრამ ურწმუნოებისა და უწმინდურობის გზაზე სიარული - ცოდვაში ჩაძირვა, წარწყმედა და საუკუნო სიკვდილია. ჭაობში ჩავარდნილს დასაყრდენი ან ხელის მოსაჭიდი თუ არ აქვს, დახრჩობისთვისაა განწირული და რაც მეტს დააყოვნებს, მით მეტად ჩაეფლობა მომაკვდინებელ სიბინძურეში. ბოროტების გზაზე სიარული ცოდვის ჭაობში დაყოვნებაა, რადგან მისით დაბნელებული სული ყოველწუთიერად ეფლობა სიბილწისა და ტანჯვის უძირო, მომაკვდინებელ ლაფში.

"არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს" - არ არსებობს უცოდველი ადამიანი, წმინდანთა რიცხვიც უფლის მორწმუნე, მონანულ ცოდვილთაგან ივსება. ყოველი ადამიანი ცოდვილია, მაგრამ ვინც უფლისკენ მიმავალ ჭეშმარიტ გზას ადგას, თუნდაც უდიდესი ცოდვებით, მაგრამ წრფელი გულითა და უფალთან ერთობის უდიდესი სურვილით, აუცილებლად დაბანაკდება "კარავსა მას უფლისასა".

ცხონების გზაზე მრავალგზის ეცემა სული, სწავლობს, შეიმეცნებს, ცდილობს, წვალობს, სტკივა, ცრემლს ღვრის, მაგრამ მაინც წინ მიიწევს, ნათელს უახლოვდება და უფალს შეხარის. განკურნებას, სასიკვდილო სენის მოკვეთას მუდამ ახლავს ტანჯვითა და სიმწარით გამოწვეული ტკივილი, მაგრამ მას სულიერი ჯანმრთელობისა და სიჯანსაღის უდიდესი სიხარული აქარვებს. უფლის მოყვარული სული, განსაცდელებისა და დაცემის მიუხედავად, არ კარგავს სამიზნეს, კვლავ ღვთისკენაა მიმართული მისი გონიერი მზერა, იმედს მხოლოდ უფალზე ამყარებს, რის გამოც ჟამითი-ჟამად ღვთაებრივი მადლით იმოსება და მიუწვდომელი ხდება ბოროტებისთვის. ყველაზე საშიში ის მდგომარეობაა, როდესაც ცოდვის სიბრმავით გონებადაბინდული სული ეჩვევა სიბნელეს და აღარ სურს, თვალი გაუსწოროს დღის სინათლეს.

პირველქმნილი ადამიანის სამოთხეში დაცემით ჩვენს არსებაში, გონებასა და გულში შესისხლხორცდა და შემტკიცდა ცოდვა. ის ჩვენს ბუნებაში შემოვიდა და მოიცვა იგი. ამიტომაც სიკეთის აღსრულება მიუწვდომელ ნიჭად იქცა ადამიანისთვის. ვნებამ, უწმინდურობამ ჩაანაცვლა სიკეთე და სიწმინდე ჩვენში. ცოდვა ნიაღვარივით მოედინება ჩვენს შინაგანში და ძალზე ხშირად წინააღმდეგობის გაწევის გარეშე მივყვებით მის დინებას, რადგან ეს გაცილებით იოლია, ვიდრე მის საწინააღმდეგოდ სვლა, რისი ძალაც თავად არ შეგვწევს. კაცობრიობა ტყვედ იქცა ვნებებისა და ამაო, ბილწი გულისთქმებისა. ცოდვამ შეაღწია ჩვენს შინაგან კაცში, შემოსაზღვრა იგი და დაისადგურა მის არსებაში. მხოლოდ განკაცებულმა ღმერთმა დაანგრია თავისი ტანჯვითა და წამებით, თავგანწირვით ჩვენს ბუნებაში არსებული ცოდვის გალავანი, გაარღვია ეშმაკისგან შემოვლებული ტანჯვისა და სიკვდილის "ალყა", რომელშიც ბადეში გაბმული თევზივით მოქცეულიყო ადამიანთა მოდგმა, სულითა და წყლით მოგვანიჭა განწმენდა და განახლება, სიწმინდეში დამკვიდრების შესაძლებლობა. მაგრამ განსხვავებით პირველქმნილი, უცოდველი ადამისგან, ჩვენ აღარ შეგვწევს ძალა სათნო ცხოვრებისა, სიკეთის აღსრულებისა. დღეს მეტნი ვართ ქრისტეში, ვიდრე ვიყავით ადამში, მაგრამ არა საკუთარი სისუფთავითა და უცოდველობით, არამედ ისევ და ისევ ქრისტეში და ქრისტეთი. მხოლოდ უფალში სძლია ადამიანურმა ბუნებამ ბოროტებას, მაგრამ თითოეული ჩვენგანი იმდენად მაღლდება ბოროტებაზე, რამდენადაც იმარჯვებს ქრისტესმიერი რწმენა მასში. მხოლოდ ღვთაებრივ ნებაზე სრული მინდობით, მორჩილებით, ერთობით განთავისუფლდა ადამიანური ბუნება, რადგან ერთია ის, ვინც სისხლი დათხია და ჯვარს ეცვა კაცთა მოდგმის ცხონებისათვის - ჭეშმარიტი ღმერთკაცი იესო ქრისტე, რომლის დიდებას, სუფევასა და მეფობას არ აქვს დასასრული თანა მამით და სულიწმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
ბეჭდვა
1კ1